03 ივლისი, 2013
რაზე ლაპარაკობენ ეკა ჭიჭინაძე და ეკატერინე ხვედელიძე შეხვედრისას
ვიღაც მომღერალი ტიპი, რომელიც ფიქრობს, რომ ელიტაა და ''შანელის'' კაბას ჩაიცვამს, ის ხელოვნურად ელიტა ვერ გახდება. შემდეგ წელს ყველას დაავიწყდება. ეკა ჭიჭინაძეს ძლიერ ქალად თავისი დედამთილი სოფიკო ჭიაურელი მიაჩნდა, მაგრამ თავადაც საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალე დაენგრა. იმ პერიოდის გახსენება არც სურს. სამაგიეროდ, მისი და ნიკუშა შენგელაიას ქორწინებიდან მალე ოცი წელი გახდება. მართალია, მეუღლეს თავის დროზე ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ წლებია ბედნიერად ცხოვრობენ და საერთო შვილი, 15 წლის გიორგი ჰყავთ. ეკა
ბოლო დროს ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე და ბიძინა ივანიშვილის `ფეისბუქის~ ოფიციალურ გვერდზე პრემიერის მეუღლესთან გადაღებული რამდენიმე ფოტოც აღმოვაჩინეთ.

- ბავშვობაში არსად არ მიშვებდნენ, დედა ლამის სკოლაშიც კი დამყვებოდა. შინაგანად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი, მაგრამ ამის გამომჟღავნების საშუალება არ მქონდა. სკოლის ბანკეტზეც კი დედა გამომყვა. უმცროსი და მყავდა, მას რატომღაც ასე არ ზღუდავდნენ. საერთოდ, მკაცრი მშობლები არ მყავდნენ, მაგრამ სახლიდან ჩემს გასვლაზე დიდი ამბავი იყო. ალბათ ამის მიზეზს მე ვაძლევდი, ცოტა ცელქი ვიყავი, უყურადღებო. ჩანთა სკოლაში მრჩებოდა ხოლმე (იცინის).
- პროფესია როგორ შეარჩიეთ?
- მე რომ მიმეღო გადაწყვეტილება, ალბათ, მუსიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენს დროს მეცხრე კლასიდან ლექტორებთან ვემზადებოდით ჩასაბარებლად. ქართულში უნივერსიტეტის პროფესორთან ვემზადებოდი და მან მირჩია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან კარგად ვწერდი. ხათრით ჩავაბარე, სულერთი იყო სად ჩავაბარებდი, თორემ ისე მუსიკოსობა მინდოდა. როგორც ყველა ბავშვი, მუსიკაზე მეც დავდიოდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. ახლა ძალიან მწყდება გული, ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი პროფესია ის იქნებოდა, რომ კარგად დამეკრა.
- პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება რა ასაკში მიიღეთ?
- ამ გადაწყვეტილებას დღემდე ვნანობ, არ უნდა გავთხოვილიყავი. მშობლებს არ დავუჯერე. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. შეიძლება, ეს შეზღუდვებმაც განაპირობა. არასოდეს არსად არ მიმუშავია. ცოტა ხანს ვიმუშავე მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში. ესეც არ შემიძლია. წარმოდგენაც მიჭირს, დილას ადრე ავდგე და სამსახურში წავიდე.
- რა შეცვალა 17 წლის ასაკში დაშვებულმა შეცდომამ თქვენს ცხოვრებაში?
- ეს სულ რაღაც ორი წელი გაგრძელდა და მაშინ მივხვდი, რომ ასეთი სერიოზული ნაბიჯი დაუფიქრებლად არ უნდა გადადგა.
- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?
- მყავდა შვილი, რომელიც ახლა უკვე 33 წლის ხდება. შვილიშვილი ჯერ არ მყავს. ჩემს ოჯახში ვცხოვრობდი და ბავშვს ვზრდიდი. მარტო დარჩენის შემდეგ ჩემ თავს ვუვლიდი. საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო, მაგრამ ბევრს ვმოგზაურობდი. ყველას თავისი ტვირთი აქვს ცხოვრებაში, მეც ჩემი, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემს ძლიერებად ჩავთვალო, ამ ტვირთს არავის ვახვევ თავზე. ხალხთან ურთიერთობისას მუდმივად კარგ ხასიათზე ვარ, დამცინიან კიდეც, სულ ვიცინი. ვცდილობ, ჩემში არსებული სილაღე არ გავაფუჭო. იმ ხნის განმავლობაში, რაც სოფიკოსთან ვიცხოვრე, მისით სულ აღფრთოვანებული ვიყავი. ეს გრძნობა წლების გასვლის შემდეგ უფრო მატულობს. აი, ის იყო ჩემთვის ძლიერების სიმბოლო. მისგან არასოდეს გამიგია წუწუნი, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ჰქონდა თავისი ტვირთი. მძიმე ავადმყოფი იყო და იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს, რომ მოკვდებოდა. შაყირსა და სიცილ-სიცილში დალია სული. აი, ეს არის სიძლიერე. ალბათ ეშინოდა კიდეც, მაგრამ ჩვენ რომ არ გვენერვიულა, ამაზე მაღლა დგებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, ალბათ თვითონ უკეთ იცის და გამოკეთდება-მეთქი.
- მეორედ დაოჯახების გადაწყვეტილება რამდენად მარტივად მიიღეთ?
- ნიკუშას ჩემამდეც ჰქონდა ოჯახი, მეც... რაც იყო, იმის გამეორება აღარ მინდოდა. 32-33 წლის ვიყავი, ნიკუშა რომ გავიცანი. პირველი ქორწინებიდან ბევრი წელი იყო გასული. ორი წელი ერთად ვიცხოვრეთ. ცოლ-ქმარს კი გვეძახდნენ, მაგრამ მაინც იყო შიში. ძალიან კარგია, როცა წყვილი რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრობს და როდესაც ნახავ, რომ მის გარეშე აღარ შეგიძლია ცხოვრება, მერე თავისთავად ხდება ეს ურთიერთობა ოფიციალური.
Rating
- ქორწილი გქონდათ?
- დიახ (იცინის)... ნიკუშას ჩემთვის არასოდეს უთქვამს - გამომყვები ცოლად? ფილმებს რომ ვუყურებთ, ასეთი სცენის დროს სულ ვეუბნები, რომ ეს წუთი მინდა განვიცადო, ძალიან მომწონს. მალე ჩვენი თანაცხოვრებიდან ოცი წელი შესრულდება. ჯვარი რომ დავიწერეთ, მაშინ გვქონდა ქორწილი. ხელი მოწერილი არ გვაქვს და ახლა მეუბნება ნიკუშა, ოცი წლის თავზე ხელი მოვაწეროთ და ცოლობას გთხოვო. ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ნიკუშა ისეთი ადამიანია, რომ საშუალებას მაძლევს, მე ვიყო მე. არაფერს მიშლის.
- გრძნობებს რომელი უფრო გამოხატავთ?
- ორივე... ამდენი წლის შემდეგ ორივეს თვისებად ჩამოგვიყალიბდა. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელიც არის, რომ ურთიერთობები არ გაფუჭდეს. ყოველთვის უნდა შეახსენო, რომ გიყვარს და უყვარხარ.
- ეჭვიანი მეუღლე ხართ?
- ავადმყოფურად ეჭვიანი არ ვარ. ოცი წლის განმავლობაში შემიძლია, თავისუფლად ჩავხედო თვალებში, თამამად ვთქვა, რომ ამის მიზეზი არასოდეს მქონია. ნიკუშას ვენდობი, მიმაჩნია, ადამიანთან რომ ცხოვრობ და ტვინს უბურღავ ეჭვიანობით, სწორედ ეს აფუჭებს ურთიერთობას. თან ჩემი ქმარი არ არის უშნო და ვფიქრობ, რომ მოსწონთ. ეს პირიქით კარგია, უნდა თქვან, რა სიმპათიურია (იღიმება).
- წლების განმავლობაში ნიკუშა წინა მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა. ამაზე არ ნერვიულობდით?
- არა, პირიქით, ვეუბნებოდი - ნიკუშ, იყავი უფრო მძაფრი. უმძიმესი პერიოდი გადავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს არ შეხებიან, ახლა რომ ისევ ისინი იყვნენ, ჩვენი რიგიც დადგებოდა. ეს იყო ამორალური წლები და აღარ მინდა მაგაზე ფიქრი. ახლა უფრო ჩანს და ვხედავთ.
- იმ წლებში პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამო მეგობრებმა ერთმანეთი დაკარგეს, თქვენ ეს პრობლემა არ გქონიათ?
- მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშაზე მეტი ოპოზიციონერი ვიყავი ძველი მთავრობის მიმართ, მეგობრებთან, რომლებიც მათ მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი, ამ თემაზე არ ვლაპარაკობდი. ვეუბნებოდი, არ უნდა ვიჩხუბოთ მათ გამო, ისინი სად იყვნენ, ჩვენ რომ ვმეგობრობდით-მეთქი. სამწუხაროდ, ზოგმა ეს გაიგო, ზოგმა - ვერა. ამ თემაზე არავისთან მიჩხუბია.
- დღეს უფრო ბევრი რაღაც დამტკიცდა თუნდაც ვიდეოებით, რაც ადრე ჭორის სახით გვესმოდა.
- ეს ხომ ადრეც ვიცოდით და იმიტომ დავარქვი ამორალური რეჟიმი. მაგათ ოჯახებშიც ამორალურობა ხდებოდა. ახლა უფრო თბილად ვხვდები მათ მხარდამჭერებს. მინდა დავანახვო, რომ მე სხვანაირი ვარ. ჩემი კეთილგანწყობით ყველას მიმართ გამოვირჩევი და საშუალებას ვაძლევ მიხვდნენ, რომ ადამიანი ხელისუფლებისტი არ უნდა იყოს.
- ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი ხართ და ახლოს იცნობთ პრემიერის ოჯახს.
- ბიძინა ივანიშვილის ოჯახს უდიდეს პატივს ვცემ. მე ისინი ოქტომბერში ცნობილი განცხადების შემდეგ გავიცანი, თუმცა მანამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ამ ადამიანმა გადაარჩინა ხელოვნება და ასაკოვანი მსახიობები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ოთხმოცი პროცენტი, რაც წინა ხელისუფლებამ მიითვისა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია.
- მის მეუღლეს საკმაოდ ახლოს იცნობთ, რამდენიმეჯერ ერთადაც გამოჩნდით.
- ეკა არაჩვეულებრივი გოგოა, ამას მთელი გულით ვამბობ.
- რა თემებზე საუბრობთ შეხვედრისას?
- ყველა ნახვაზე ვიცინით, სასაცილო რაღაცებს ვყვებით. მასაც ძალიან უყვარს სიცილი. კეთილშობილი ადამიანია. ჭკვიანი, განათლებული და ღრმა. საერთოდ, ვერიდები ფოტოების გადაღებას, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ეკასთან ერთად გადაღებული ფოტოები.
Rating
- ერთი ქალბატონია ხშირად თქვენ გვერდით ფოტოებზე.
- ია მაქაცარია ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა. ზურა ჩხაიძის მეუღლეა, ბალერინა ირმა ნიორაძის რძალი.
- ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს ფოტოებს, რომლებიც 26 მაისის საღამოს მიღებაზე ბაზალეთის ცენტრშია გადაღებული. სოციალურ ქსელში ძველი მთავრობის მხარდამჭერები წერდნენ, რომ თქვენი ამ მთავრობის ახალი ელიტა ხართ.
- როგორ შეიძლება, ჩემი ოჯახი ახალი ელიტა იყოს, ეს ვინმემ ამიხსნას. ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, გიორგი შენგელაიას, ნიკოლოზ შენგელაიას, ნატო ვაჩნაძის ოჯახი როგორ შეიძლება იყოს ახალი ელიტა. პირიქით, ახალი ელიტა მათ მოიგონეს და ხელოვნურად შექმნეს. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო ვინ მიიჩნეოდა ელიტად. იქ, იმ ელიტაში ჩვენ ნამდვილად არ ვითვლებოდით. ელიტას ხალხი, საზოგადოება ირჩევს. მათი დამსახურებებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე. სოფიკო ხალხს უყვარდა. აღარ დავასახელებ და ვიღაც მომღერალი ტიპი, რომელიც ფიქრობს, რომ ელიტაა და ''შანელის'' კაბას ჩაიცვამს, ის ხელოვნურად ელიტა ვერ გახდება. შემდეგ წელს ყველას დაავიწყდება.
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პოლიტიკაში მოვლენები?
- ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სიტყვა-სიტყვით შეასრულა ყველაფერი. ახლაც დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებს.
- ჟურნალი რომ გამოვა, საქართველოში არ იქნებით.
- წინასაარჩევნო წელი იმდენად რთული იყო, რომ არც გამხსენებია სადმე წასვლა და დასვენება. ახლა მე, ნიკუშა და ბავშვი ერთი თვით საფრანგეთში და შემდეგ ესპანეთში მივდივართ. რამდენიმე დღე მიუნხენში გავჩერდებით, ისეთ ასაკში ვართ, რომ ანალიზები გვჭირდება (იღიმება). მშვიდად ვტოვებ ქვეყანას, საიმედო ხელში. უდიდეს პატივს ვცემ ივანიშვილის ოჯახს, გადაგვარჩინეს...

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
gela
ულამაზესი ოჯახი მატ სიყვარულს გაუმარჯოს
14:24 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კახო
ფუუუ რას გავეს ეგ ეკა.სად ეგა და სად ია ნინიძე?
17:48 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატუსია
დზალიან ლამაზები არიან ნიკუშაც და ეკაც
18:25 / 24-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკი
ეკა ჭიჭინაძე მაგარი ქალი იყო.ეხლა დავერებულა,იმის მეოთხედიც ა. არის,რაც იკო 15-20 წლის წინ.მახსოვს რომ დავინახე გამოვშტერდი ისე მომეწონა.ნიკიშასთან ერთად იყო,მაშინ შვილო ჯერ არ ყავდათ.
07:47 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ქალი
ხალხო რა ბოღმას აფრქვევთ, გაითვალისწინეთ რომ მაგით საკუთარ თავზე მეტად ვერავის ავნებთ.. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ისე უნდა იცხოვრონ როგორც ეცხოვრებათ, სხვებს თუ არ მიაყენებენ ზიანს. რა დაგიშავათ ამ ქალბატონმა, თქვენი კუთვნილი ხომ არაფერი მიუთვისებია. ვერიკოს და ნატას ხსოვნის პატივისაცემად მაინც ნუ იგესლებით
00:19 / 05-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS