05 იანვარი, 2015
''ოჯახის დანგრევა ვისთვისაა მარტივი, ეს ნინისთვისაც არ იყო იოლი..''
ჩემს ახალგაზრდობაში 2-3 წელი უნდა გევლო ბიჭთან და მერე გაჰყოლოდი ''ჩვენ ბევრი ისეთი ტრადიცია გვაქვს, რომელიც ევროპისთვის სამაგალითოა. თამარ მეფეს თავისი მეფობის ხანაშივე ჰქონდა პარლამენტი, რომელიც ინსტიტუტად შემდეგ ჩამოყალიბდა. ასე რომ, XII საუკუნეში მოვახერხეთ ის, რასაც სხვა ქვეყნებმა XX საუკუნეში ძლივს მიაღწიეს'', - აღნიშნა ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენთან ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე საუბრისას.

- მეც და ჩემი თაობის ადამიანებიც ძალიან ტრადიციულები ვართ. მიყვარს ქართული ტრადიციები, მაგრამ არ მომწონს, როცა მათ ამახინჯებენ. არაჩვეულებრივია ქართული სუფრა, სადაც ბევრი
რამის დემონსტრირება ხდება, მაგრამ ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, გადამთვრალი კაცები ძნელი ასატანია, ასეთ შემთხვევაში სუფრა თავის ღირებულებას კარგავს. მე ცხოვრებამ არაჩვეულებრივ ხალხთან შემახვედრა, ესენი იყვნენ გოგლა ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი, ირაკლი აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე და კიდევ ბევრი და ბევრი. ერთიმეორესთან დავდიოდით სტუმრად, ერთად ვუსხდებოდით სუფრას და მათთან ერთად დროის გატარება მართლა დიდი სიამოვნება იყო.
ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ქალმა რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე, ერთი მაგიდა დავიკავეთ, ისეთი ხმაური იყო, ერთმანეთს ვერ დაველაპარაკეთ, საათ-ნახევარში ავდექით და წამოვედით. იქ მისი ქალიშვილი იყო, ამხანაგებითურთ, ახალგაზრდები ცეკვავდნენ, ერთობოდნენ. ამ თანამედროვე ცეკვას მე როკვას ვეძახი, ერთი თავისთვის იკლაკნება, მეორე - თავისთვის. ერთმანეთს რას აგებინებენ, არ ვიცი. ჩემს პერიოდში უფრო მშვიდი მუსიკა იყო, ერთმანეთს ვესაუბრებოდით, ვიღაც რომ კომპლიმენტს მეუბნებოდა, ვიგებდი, ან ვპასუხობდი, ან გავუქარწყლებდი, ეს თქვენს თაობაში როგორ ხდება, ვერ ვხვდები, ან სად ასწრებთ გოგო-ბიჭი დაახლოებას? ქუჩაში ტელეფონით დარბიხართ, სუფრასთან და რესტორნებში საშინელება ხდება, მიდის როკვა...
- ოჯახის შექმნამდე თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?
- ძალიან რთული კითხვაა, ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. ჩემს ახალგაზრდობაში 2-3 წელი უნდა გევლო ბიჭთან და მერე გაჰყოლოდი. იმ პერიოდში ჩვენი სასეირნო ადგილი იყო რუსთაველი. ჩემზე უფროსი ბიძაშვილები მყავდნენ და მეუბნებოდნენ, ერთხელ რომ აივლი ამ ქუჩაზე, მეორედ აღარ ჩამოიარო, რომ არ თქვან, ბევრს სეირნობსო. ეს, ჩემი აზრით, გადამეტებული იყო, გარკვეული ჩარჩოები, რომელშიც ჩემი თაობა იჯდა, მოიხსნა, მაგრამ თუ ჩვენ ეკლესიურები და მართლმადიდებლები ვართ, უნდა მივყვეთ იმ გზას, რასაც ეკლესია გვასწავლის, წინასწარ თანაცხოვრებას კი ეკლესია კრძალავს. თუმცა, ისიც ხშირად ხდება, როცა ბიჭი და გოგო 2-3 წელი დადიან ერთად, თანაცხოვრების შემდეგ კი ურთიერთობას ვერ აწყობენ, ერთი ჭერი სხვა რამეა. წყვილი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ დათმობა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებენ. როცა მათ ცხოვრებაში ბავშვიცაა, დაშორების შემთხვევაში პატარა იჩაგრება, ამის გათვალისწინებით შეიძლება ვთქვათ, რომ გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტი უფრო ამართლებს, მაგრამ ეკლესია სხვას გვეუბნება. ამიტომაც ვამბობ, ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემია.
არ შეიძლება, ქალი მუდმივად კაცს ეჯიბრებოდეს. ბრძნული გამონათქვამია - კაცი ოჯახის თავია, ქალი კისერი, რომელიც ამ თავს საითაც უნდა, იქით მიატრიალებსო. ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოძებნის გასაღებს კაცთან ურთიერთობაში, თუ ნორმალურ კაცთან აქვს საქმე. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში გოგონამ მეტი უნდა დათმოს. თუ კაცი მოძალადე და უხეშია, მაშინ მასთან ერთი საათით გაჩერებაც კი არ ღირს, მაგრამ ბიჭები თუ წავლენ საქეიფოდ, ქმარი შეიძლება ზედმეტად ნასვამიც კი დაბრუნდეს შინ, გასაგებია, რომ დატუქსო და უთხრა საყვედური, მაგრამ დაადო თავი და გოგონებთან ერთად შენც დილამდე იქეიფო შარდენზე და ზუსტად ისე მოიქცე, როგორც კაცი, ეს არ მესმის.
- ამბობენ, რომ მამაკაცები დასუსტდნენ, ქალები კი გაძლიერდნენ.
- მამაკაცის შესუსტება დროებით მოვლენაა, რომელიც ყოფამ მოიტანა. აფხაზეთის ომი იყო თუ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ქართველ ბიჭებს უკან არ დაუხევიათ. როგორც კი ბიჭებს ეძლევათ საშუალება, საკუთარი თავი გამოვლინონ, ამას აკეთებენ, მაგრამ დრომ მოიტანა, რომ უმუშევრები არიან, ქალი უფრო მოთხოვნადი გახდა, ამის ფონზე კი ბიჭები დაითრგუნნენ. რატომ გიჟდებოდა მთელი რუსეთი ქართველ კაცებზე, იმიტომ რომ ჯენტლმენები იყვნენ, დღეს კი გოგონას დასაპატიჟებლად ფული არ აქვთ. იქნებ, ეშველოთ ამ ბიჭებს და დასაქმდნენ. ძლიერი და წარმატებული ქმარი ვის არ უნდა? ეს ყველა ქალის სურვილია.
- ერთხელ ღალატის გამო ოჯახი უნდა დაინგრეს?
- არავითარ შემთხვევაში, თუმცა გააჩნია ღალატსაც. ბიოლოგიურად გოგო სხვაა, ბიჭი – სხვა. ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში, ამ თემაზე საუბრისას ნატო ვაჩნაძის ძმისშვილს, გოგი ანდრონიკაშვილს, რომელიც ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, ვკითხე, კაცებს ყველაფერი გეპატიებათ და ქალმაც რომ იგივე გააკეთოს, მოგეწონებათ-მეთქი? არ მავიწყდება მისი პასუხი, ლალიკო, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მამალი ერთია და დედალი ბევრი, რაც მამლის ბუნებას ახასიათებს, დედალმა არ უნდა გააკეთოსო. თუ კაცს რომანი აქვს გაჩაღებული სხვა ქალთან, ძილი აღარ აქვს და ვეღარ ჩერდება, სხვა თემაა, მაგრამ თუ ვიღაც ქალს ''წაებოდიალა'', მთვრალმა გადაუხვია სადმე, ვიღაცამ ენა მოგიტანა და ზუსტადაც არ იცი, ასე იყო თუ არა, თან შენთან აქვს კარგი, გულთბილი დამოკიდებულება, მაშინ ასეთი რაღაცის გამო ოჯახის არევა არ ღირს. კი, ყოფილა შემთხვევები, ასეთი მიზეზით ოჯახები დაუნგრევიათ, მაგრამ ქალი ასე ადვილად ვერ იღებს ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილებას, მას კაცის მიმართ აუცილებლად უნდა ჰქონდეს გრძნობა, კაცის შემთხვევაში კი ასე არ არის, მას სიყვარულის გარეშეც შეუძლია ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება და შეიძლება, მეორე-მესამე დღეს არც კი ახსოვდეს ის ქალი.

Rating

- რადგან ოჯახის თემაზე ვსაუბრობთ, გკითხავთ, ნინის ოჯახის დანგრევა, როგორც ბებიისთვის, რთულად გადასატანი იყო?
- ოჯახის დანგრევა ვისთვისაა მარტივი, ეს ნინისთვისაც არ იყო იოლი. ირაკლი ძალიან კარგი ბიჭია, გარეგნობითაც შესანიშნავია, ორმეტრიანი ვაჟკაცია და ოჯახიც კარგი აქვს. გადაყოლილები არიან ბავშვზე, ძალიან უყართ ელენე, რაც შეუძლიათ, ყველაფერს უკეთებენ. ირაკლის ვერაფერს დავუწუნებ, კარგი ბიჭია, მაგრამ ეტყობა, ის და ნინი სხვადასხვა ადამიანები არიან, რადგან საერთო ვერ იპოვეს. ნინი ყველაფერს ძალიან გაგებით ეკიდება, ბავშვი ირაკლის ოჯახისთვის ძალიან მტკივნეული თემაა, იმიტომ, რომ სულ ენატრებათ, ნინი კი, როცა ირაკლი და მისი ოჯახი სთხოვენ, ყოველთვის ატანს, ცოტა ხნის წინ ბავშვი ძიძიანად გაატანეს, ყველანაირად გაუწიეს ანგარიში და ასეც უნდა იყოს. თუ ოჯახი არ შედგება, ერთმანეთთან ჯანსაღი დამოკიდებულება მაინც უნდა ჰქონდეთ.
- დასასრულ, არატრადიციული ორი­ე­ნტაციის ადამიანების თემას შევეხები. მათ მიმართ აგრესია სწორად მიგაჩნიათ?
- ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან. ჩემს ბავშვობაში შემოქმედებით ინტელიგენციაში არატრადიციული ორიენტაციის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც საზოგადოება ეთაყვანებოდა მათი შემოქმედების გამო. ალბათ, ყველას ჰყავს ასეთი ორიენტაციის ერთი-ორი ადამიანი ირგვლივ, როგორ შეიძლება ძალადობა, აგრესია მათზე?.. მაგრამ როდესაც მაიძულებ, შენს ორიენტაციას გაუთავებლად რეკლამა ვუკეთო და მახვევ ამას თავზე, არ გავჩუმდები, არ მინდა ეს და იმიტომ. თუ აღლუმის ჩატარება უნდათ, კი ბატონო, ჩაატარონ, მაგრამ რატომ მაინცდამაინც რუსთაველზე ქაშუეთის წინ? რატომ უნდათ, რომ ეს ეკლესიამ აიტანოს? მერე იტყვიან, რატომ ტაბურეტებიო? უმცირესობის წევრები არ უნდა დაიჩაგრონ, არ უნდა გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ისინიც ნუ ძალადობენ ჩვენზე.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ანა
ქალბატონო ლალი, ძალიან დიდ პატივს გცემთ, ყველა თქვენს აზრს ვეთანხმები,ქალის ეტალონი ხართ, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ.
14:04 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
q-n badurashvils
Intervius mitsemamde ikneb Jer qartulshi gevarjishat? Sitkva"rokva"genaxat grigol robaqidzèstan?
09:32 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
redaktsias
Kali dailia saqartveloshi tanats saintereso mosaubre? Sul erti DA I give amovida kelshi,mimoixedet garshemo modzebnet vinme sxva,nu dagvgalet dials shvili,shuadgeze shvilishivili,sagamos bebia....kargit ra!
09:15 / 07-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS