01 იანვარი, 2015
ახალი წელი ზაფხულში და თოვლის მაგივრად დაყრილი მარილი - ''ნეილონის ნაძვის ხე...''
ბროლია სამხედროების ძაღლი იყო, რომელიც ნარკოტიკების მოძებნაში ჰყავდათ დაგეშილი საბჭოთა კავშირის დროს და არა მხოლოდ, ახალი წელი წარმოუდგენელი იყო ფილმის ''ბედის ირონია, ანუ გაამოთ'' გარეშე. რეჟისორ ელდარ რიაზანოვის ნამუშევარი საახალწლო სასწაულების რწმენითა და ოპტიმიზმით განაწყობს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთი რუსული და ევროპული პროდუქცია შეიქმნა ამ თემაზე, ''ბედის ირონია'' მაინც ლიდერია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

რაც შეეხება საქართველოს, უპირველესად საახალწლო თემაზე შექმნილი ორი ფილმი გვახსენდება, ესაა: რეზო ესაძის ''ნეილონის ნაძვის ხე'' და
გურამ პატარაიას ''კუჩხი ბედინერი''...

''ნეილონის ნაძვის ხის'' სიუჟეტი ასეთია: ახალი წლის დადგომამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, ავტობუსის სადგურში კი პრობლემებში ჩაძირული და ნერვებმოშლილი ათასი ჯურის ადამიანი ირევა. მგზავრებს ერთი მიზანი ამოძრავებთ - დროზე ჩააღწიონ დანიშნულების ადგილზე.

სცენარზე რეჟისორმა ამირან დოლიძესთან ერთად იმუშავა, ხოლო ფილმის ოპერატორი ლევან პაატაშვილი გახლდათ. სცენარს საქართველოში ბევრი პრობლემა არ შეჰქმნია, სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, მაგრამ ''ოფიციოზი'' მოსკოვში მას კარგად არ შეხვდა. რეზო ჩხეიძემ, რომელიც მაშინ კინოსტუდიას ხელმძღვანელობდა, როგორღაც შეძლო და სცენარი მოსკოვსაც მიაღებინა.

გადაღებები 1984 წლის ზაფხულში დაიწყო, ავტობუსში დაახლოებით 20 პერსონაჟი იჯდა, მათ შორის მსახიობი იური ვასაძე. ის ფილმის გადაღებას ასე იხსენებდა: ''სიუჟეტით ამბავი 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს ხდება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ამბავს (დეკემბერს) ვიღებთ მაისის თვეში. 6 მაისს ცხელა, ვიხოცებით სიცხით. ნისლი იყო საჭირო და დაიქირავეს რუსების სამხედრო ''გრუზავიკი'', ბოლი – ნისლისთვის. რუსი რა ხეირს დაგაყრიდა, გაუშვეს ეს ბოლი და ოთხჯერ გამოიძახეს გადაღების დროს სასწრაფო. მე კინაღამ წერილი წავიღე, ასთმა მქონდა. ედიშერ მაღალაშვილი კი ამ ბოლით მოიწამლა და ორი თვე იწვა''...

ზურა ყიფშიძე: ''.. მგონი, ეს საერთო წვალება-წამება ღირდა. ცხელოდა და ჩვენ კი ვითომ გვციოდა. ზოგჯერ ''ვძვრებოდით'' იმით, რომ ღამის გადაღებებზე გვირაბებში შევდიოდით და იქ შედარებით გრილოდა, მაგრამ ნისლის იმიტაციისთვის ''ბოლს'' ვუშვებდით. წარმოიდგინეთ, ფილტვებში რა ხდებოდა. მახსოვს, რამდენიმე კაცს გულიც კი წაუვიდა...''

''...ფილმში ''ნეილონის ნაძვის ხე'' არის ერთი ფრიად საყურადღებო პერსონაჟი, რომლის როლს მსახიობი არ თამაშობს. ეს გახლავთ სიცივე. ოპერატორი ლევან პაატაშვილი და რეჟისორი რეზო ესაძე სიცივის ატმოსფეროს, მის აშკარად გამოკვეთილ სახეს, მარტო იმიტომ არ ქმნიან, რომ ფილმში აღწერილი ამბავი ზამთარში ხდება. დეკემბრის ბოლო დღეს ეს სიცივე უფრო ვრცელი, ალეგორიული შინაარსისაა. იგია უსიყვარულობის სიცივე'', - წერდა აკაკი ბაქრაძე ჟურნალში ''საბჭოთა ხელოვნება''.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, საბოლოოდ, ფილმი მაინც გამოჩნდა ეკრანზე. თითქმის 30 წლის წინ შექმნილ ''ნეილონის ნაძვის ხეს'', რომელიც რამდენიმე პრიზის მფლობელია, დღესაც ეთმობა ეთერი.

რაც შეეხება ''კუჩხი ბედინერს'', 36 წლის წინ გადაღებული კომედიური ჟანრის ფილმს საფუძვლად უდევს ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია, რომელიც დღემდე ''ცოცხალია''. მასპინძლები მეკვლეს საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ, როცა ოჯახის უნებლიე მეკვლე ძაღლი ხდება, ხომ წარმოგიდგენიათ, იმ დროს რა ხდება?! ამის გამო, ქოჩიასა და ცუცას ოჯახში ''ტრაგედია'' დატრიალდება, თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ მათ და მის შვილებს იღბლიანი წელი დაუდგათ, ამიტომ მათი ძაღლი ყველაზე სასურველი ''სტუმარი'' ხდება მთელ სოფელში.

გურამ პატარაიამ ფილმის სცენარიც თავად შექმნა და ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად გადაწყვიტა, მასზე ემუშავა. მიუხედავად იმისა, რომ გურამ პატარაია თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ძალიან უყვარდა თავისი მშობლიური კუთხე სამეგრელო და კარგად იცოდა ამ კუთხის ადათ-წესები. ფილმი ძალიან მცირე დროში გადაიღეს. გადაღებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობდა, რაღაც ნაწილი - მანგლისში. თოვლი არ იყო და მანგლისში მარილი აიტანეს, ზოგან ბამბა დააფინეს და გარეკადრები ასეა გადაღებული.

ბროლია სამხედროების ძაღლი იყო, რომელიც ნარკოტიკების მოძებნაში ჰყავდათ დაგეშილი. ისეთი ჭკვიანი ყოფილა, რომ მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა და პრობლემა არავისთვის შეუქმნია.

როგორც ცნობილია, ფილმში სამი თუ ოთხი მსახიობი მონაწილეობს, დანარჩენები არაპროფესიონალები არიან, რადგან გურამ პატარაიას უყვარდა არაპროფესიონალების შეკრება. გოვენ ჭეიშვილმა (კოჩია) და ციალა გურგენიძემ (ცუცა) მეგრული არ იცოდნენ. ''სარეპეტიციოდ'' ორივენი მეგრელებთან დადიოდნენ და მათ საუბარს ისმენდნენ. ტექსტი იმდენად კარგად აითვისეს, მათ მეგრელობაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

რაც შეეხება ერთ-ერთი მთავარი გმირის შემსრულებელს, ჯუნა (დიმიტრი) მიქატაძეს, ის არ იყო მსახიობი, რეჟისორთან მეგობრობდა და პატარაიამ ძლივს დაითანხმა ფილმში მონაწილეობაზე. იმ პერიოდში ჯუნას მატერიალურად უჭირდა. რეჟისორს კინოსტუდიის დირექტორისთვის უთხოვა, ჯუნასთვის ორმაგი ჰონორარი გამოეწერა.

როგორც რეჟისორის შვილი სოფო პატარაია იხსენებს, დირექტორს მამამისისთვის რომ უკითხავს, რატომ მთხოვ მისთვის ორმაგ ჰონორარსო, მიუგია, მხეცთან უწევს მუშაობა და იმიტომო. ზოგადად, ფილმის გადაღების დროს ვისაც მხეცთან უწევდა მუშაობა, ორმაგ ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ ამ მხეცში იგულისხმებოდა ლომი, დათვი და სხვა მტაცებლები და არა – ძაღლი, მაგრამ რეჟისორის თხოვნა მაინც დაკმაყოფილდა.

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS