ნატუკა გულისაშვილი:
- საახალწლო სუფრას მოუხდება შემწვარი ქათმის ფილე ფორთოხლით. ერთ კილოგრამ ქათმის ფილეს დაბეგვავთ და ჩადებთ მარინადში, რომელიც მზადდება ერთი დიდი ფორთოხლის წვენით, მარილითა და პაპრიკით. ეს უკანასკნელი სუნელია, ასე ვთქვათ, არამწარე წიწაკა. მარინადში ნახევარი საათი გავაჩერებთ და ტაფაზე ორივე მხრიდან
- რაიმე ტკბილიც გვასწავლე...
- ყველაზე მარტივ ტკბილეულს გასწავლით. ვიღებთ ხუთ დიდი ზომის ვაშლს (სასურველია იყოს ბანანი ან ანტონოვკა), ვჭრით შუაზე და ვუღებთ გულს. არ ვთლით. ამოღრუტნულ გულებში ვათავსებთ ერთმანეთში არეულ ნიგოზს, ქიშმიშსა და შაქარს და ზეთმოსხმულ ტაფაზე ვწვავთ. თეფშზე გადმოვიღებთ და მოვასხამთ კრემს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ნახევარ ქილა ''სგუშონში'' ვურევთ ერთ ქილა წყალს, დაბალ ცეცხლზე წამოვადუღებთ, ვუმატებთ ერთ სუფრის კოვზ ფქვილს და კარგად რომ მოიხარშება, მივიღებთ მოხარშულ კრემს. შეგიძლიათ, კრემს მოახეხოთ ცედრა, ანუ ლიმონის გახეხილი კანი. საოცარ არომატს აძლევს. ცხელ-ცხელ კრემს მოასხამთ შემწვარ ვაშლებს. უნდა მიირთვათ მაშინ, როცა კრემი გაცივდება... გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მგონი, თქვენი მკითხველისთვის კარგი საჩუქარი გამომივიდა.
მედეა ლორთქიფანიძე:
- მოგეხსენებათ, ახლა მარხვაა და საახალწლო სუფრაზე აქტუალურია სამარხვო კერძი. აიღეთ თევზის ფილე და ორივე მხრიდან შეწვით. თევზს ზოგი პურის, ზოგი მჭადის ფქვილში, ზოგიც ორცხობილას ფხვნილში ავლებს. მე არაფერში არ ვავლებ. მხოლოდ მარილით ვანელებ და ზეთიან ტაფაზე ვწვავ. შემდეგ სხვა, სუფთა ტაფაში ჩაასხით ცოტა სამარხვო მაიონეზი, ჩაალაგეთ შემწვარი თევზის ფილე, ზემოდანაც მოასხით მაიონეზი და შედგით ღუმელში. 2 წუთში მზად არის.
- რა დავარქვათ კერძს?
- ''რეიტინგი'' დავარქვათ, მართლაც რომ რეიტინგული კერძია. რომ მოამზადებთ, ამაში თავად დარწმუნდებით. მე ქართული საჭმელები მიყვარს. მწვანე ფოთოლს რომ ამოუფარებენ ყველაფერს ქვემოდან და იმავეს ყრიან კერძშიც, ეს რა უბედურებაა?! აღარავინ აკეთებს საცივს, ჩიხირთმას, ჩახოხბილს. უცნაური საჭმელები შემოვიდა, უცბად რომ კეთდება ისეთი, თორემ ჩიხირთმას რა სჯობს, მთავარია, არ აგეჭრას.
- ამის საიდუმლო რა არის?
- მოხარშეთ ქათამი. ამოიღეთ ქვაბიდან მოხარშული ქათამი და წვენი გააგრილეთ. ცალკე ჯამში სამი კვერცხი კარგად ათქვიფეთ ძმართან ერთად. ეს არის მთავარი საიდუმლო. კვერცხი ძმართან ერთად უნდა ათქვიფოთ ისე, ჯამიდან ჩანგალს რომ ამოიღებ, ცილა არ უნდა ჩამოეკიდოს. შემდეგ ამ მასაში ჩაასხით სამი ჩაის ჭიქა გაგრილებული წვენი და ჩაუმატეთ 4 სუფრის კოვზი პურის ფქვილი. ერთმანეთში კარგად აურიეთ და ქათმის წვენში ნელ-ნელა ჩაასხით. შემდეგ მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებამდე ურიეთ. 10-15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ნიორი და ხახვი ამ წვენში მთელ-მთელი უნდა მოხარშოთ და შემდეგ ამოიღოთ. ჩიხირთმის წვენს დაჭრილი ხახვი არ უხდება. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, დაჭრილი ქათამი და გადმოდგით გაზქურიდან.
- რაიმე ტკბილეულის რეცეპტიც გვასწავლეთ.
- ეგ არ მითხრა, ცომის არაფერი გამეგება!
- გოზინაყი?
- მე მიყვარს წითელი და კრაჭუნა გოზინაყი, ზოგს თეთრი და რბილი უყვარს. მე ჩემებურს გასწავლით. თაფლს კარგად ადუღებთ ტაფაზე, ცოტა ქაფსაც მოხდით და დაუმატებთ ცოტა შაქარს. შემდეგ - წვრილად დაჭრილ მოხალულ ნიგოზს და ერთად გააგრძელებთ თუშვას. ფერს რომ შეიცვლის, მოწითალო-მოყავისფრო რომ გახდება, გადმოიღებთ სველ ხის დაფაზე და გააბრტყელებთ. ოთხ წუთს აცლით გაგრილებას და ჭრით. დაჭრა კი არ ვიცი. რომბებად ჩემი გოგო მიჭრის ხოლმე.
- ზოგიერთი დიასახლისი თაფლს დუღების პროცესში რამდენჯერმე აგრილებს, თქვენც ასე იქცევით?
- გაჩერდი, თუ ქალი ხარ, ფასონია ეგ ყველაფერი. მოდი ახალ წელს ჩემთან, გაჭმევ ჩემს გაკეთებულ გოზინაყს და თუ არ მოგეწონება, ნახავ... დასასრულ, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს თქვენც და თქვენს მკითხველსაც. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი, ყოველთვის ვკითხულობ და უფრო მეტ მკითხველს გისურვებთ.
ვახტანგ რჩეულიშვილი:
- თუ სტუმარს ელოდებით და სახლში არაფერი გაქვთ (ასე იწყებოდა რევოლუციამდე რუსეთში იმპერატორის დროს გამოშვებული წიგნი), სარდაფიდან ამოიტანეთ: 12 კვერცხი, ''ვიჩინა'', ტომატი (იცინის). თუ სარდაფიც ცარიელი გაქვთ, წადით სუპერმარკეტში და შეიძინეთ წითელი ორაგული. საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და გემრიელია. ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია მისი მომზადება. ცხელ ზეთმოსხმულ ტაფაზე აწყობთ წითელ დაჭრილ ორაგულს და ორივე მხრიდან წვავთ. სოიის სოუსთან ერთად უნდა მიირთვათ. უგემრიელესია.
- თავადვე აღნიშნეთ, რომ ამ კერძის მომზადება ძვირი სიამოვნებაა. უფრო იაფიანი და გემრიელი კერძის რეცეპტსაც ხომ არ გაგვიმხელთ?
- ღორის ხორცი შედარებით იაფი ჯდება. შეწვამდე აჯიკაში უნდა ამოავლოთ და ისე შეწვათ ზეთიან ტაფაზე. ბოლოს დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მიირთვით გემრიელად.
- რა დავარქვათ ამ კერძებს?
- ვახტანგ პირველი და ვახტანგ მეორე (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''