29 დეკემბერი, 2014
რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად
ყოველდღიური რუტინა დღითი დღე მომაბეზრებელი ხდებოდა ერთ დღეს ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა, ან ალბომებში ინახავდნენ, ამოძრავდა. ''გაცოცხლებული წამები'' მაყურებელს პირველად ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა წარუდგინეს. პირველი კინოჩვენება მათ 1695 წლის 26 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ''გრანდ კაფეს'' ფეშენებელურ საბილიარდოში გამართეს და სეანსი სულ 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მაყურებელმა ერთი-მეორის მიყოლებით იხილა ძმების ფილმები: ''კედელი'', ''გაწუწული მებაღე'', ''მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან'', ''ბავშვის საუზმე''...

1898 წლის შემოდგომაზე თბილისში, სათავადაზნაურო თეატრში, ''ლუმიერების სინემატოგრაფის''
ჩვენება გაიმართა. 1912 წელს კი უკვე ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვქონდა, რომლის ავტორი გახლდათ ვასილ ამაშუკელი. ''ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელი'' _ ასეთია ფილმის სრული დასახელება...

ვასილ ამაშუკელი 1886 წლის გაზაფხულზე ქუთაისში დაიბადა. დაწყებით განათლებას სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებდა, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დროს ნაცნობ-მეგობრების სახელოსნოებში ატარებდა, სადაც ჭედავდა, კერავდა და ხის მასალაზე მუშაობდა. ბავშვობაში ხატვა იტაცებდა, ამ ხელოვნების დასაუფლებლად ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვში, ერთ-ერთ სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. მოსკოვში მარტოხელა ხელმოკლე სტუდენტის ცხოვრება რთული გამოდგა და უფინანსობის გამო, ვასილ ამაშუკელი იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. და იქვე, საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, მანუფაქტურის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.
ყოველდღიური რუტინა დღითი დღე მომაბეზრებელი ხდებოდა. ვასილ ამაშუკელის ერთადერთი ''გართობა'' ის იყო, როცა საღამოობით ''სუხარევის კოშკთან'' მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენა-სანახაობებს ესწრებოდა. ამ ადგილას მას ყველაზე მეტად ''ჯადოსნური ფარანი'' იტაცებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მოძრავ სურათებს და მათი ამოძრავების გზებსა და საშუალებებზე ფიქრობდა. სულ მალე ვასილ ამაშუკელმა ასეთი სურათები ეკრანზე ''გაცოცხლებული'' იხილა, ეს კინო იყო და მას შემდეგ კინოთეატრ ''კინო-ელექტრიკის'' მუდმივი სტუმარი გახდა.

იმ პერიოდში კინოთეატრში ვინმე ფეოდორ ივანიჩი მუშაობდა. კინოსურათების წარმოება-ჩვენების საქმეში უკეთ რომ გარკვეულიყო, ამაშუკელმა მას სთხოვა, თანაშემწედ აეყვანა და თან უფასო სამსახური შესთავაზა. მოხუცი მექანიკოსი დათანხმდა. 6 საათის შემდეგ, ქარხნიდან მოსული დაღლილი ამაშუკელი ივანიჩს ფარულად შეჰყავდა სეანსებზე და ფილმის ჩვენებას ასწავლიდა. ივანიჩი ხშირად ტოვებდა ვასილს საპროექციო ჯიხურში მარტოს. ამაშუკელი გვიანობამდე ტრიალებდა საპროექციო აპარატთან, მაგრამ ერთ დღესაც ჩაალაგა თავისი მცირე ბარგი, საყვარელი საქმე, სამსახური მიატოვა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

ძმის რჩევითა და დახმარებით, ქუთაისიდან ვასილი ბაქოში გაემგზავრა, სადაც სწავლა ელექტროტექნიკუმში განაგრძო. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ის თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხის, მისი ძმისა და პოლიტიკური არასაიმედოობის გამო საქართველოდან ბაქოში გადასახლებული პედაგოგის, ილია გეპნერის მიერ გახსნილ კინოთეატრ ''ელექტრო-ბიოგრაფში'' მექანიკოსად მიიწვიეს.

საქმეში დახელოვნებულმა ამაშუკელმა საკუთარი კინოსურათების გადაღებაზე დაიწყო ფიქრი. უკვე ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ქართულ კინოთეატრებში არა უცხოური, არამედ ეროვნული ნაწარმიც უნდა გამოჩენილიყო. მათ შორის ''ელექტრო-ბიოგრაფშიც'' იყო საჭირო ადგილობრივი სურათების ჩვენება. 1908 წლის დასაწყისში ამაშუკელი და გეპნერი მოსკოვში გაემგზავრნენ, რათა იქ ფილმების გადასაღებად ახალგამოშვებული ''გომონის'' ხმოვანი აპარატი შეეძინათ. მოსკოვში ყოფნისას ამაშუკელი რუს მექანიკოს დიმიტრი ვოლკოვს დაუახლოვდა და სამთვიანი პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ მისგან ზედმიწევნით შეისწავლა გადამღები აპარატის ყველა ნიუანსი.

ბაქოში დაბრუნებული ვასილ ამაშუკელი ადგილობრივების ყოველდღური ცხოვრების ამსახველი პატარ-პატარა დოკუმენტური სურათების გადაღებას შეუდგა. 1908 წლის ზამთარში აკაკი წერეთლის საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდა კინოოპერატორმა ამაშუკელმა ამ მოვლენის ფირზე დაფიქსირება განიზრახა, მაგრამ ვერ შეძლო. ბაქოს ტექნიკური კანტორა ''ალადინი'', სადაც ვასილ ამაშუკელი ფირებსა და სხვადასხვა კინომოწყობილობას ყიდულობდა, ბელგიელ კომერსანტ პირონეს ეკუთვნოდა. მას სწორედ აკაკის იუბილეს გადაღების დროს არ ''აღმოაჩნდა'' თავისუფალი ფირი და შესაბამისად, ამაშუკელმა ის საღამო ფირზე ვერ ასახა. რეალური მიზეზი კი ასეთი იყო: პირონე, როგორც მაშინდელი კერძო კინომწარმოებელთა უმრავლესობა, გასაქირავებლად იძენდა სექსუალურ-პორნოგრაფიული შინაარსის ფილმებს, რადგან ასეთ სიუჟეტებს მეტი მაყურებელი მოჰყავდა კინოთეატრში და შესაბამისად, მეტი შემოსავალი მოჰქონდა. ამ ჟანრის რამდენიმე ფილმი პირონემ იმ პერიოდში ბაქოში მოღვაწე ქართული თეატრალური დასის რეჟისორ კოტე მესხსაც გაუგზავნა. მესხმა ფილმების ნახვისთანავე ფირით სავსე ყუთს ფეხი გაჰკრა და მათ მომტანს დაუყვირა, წაიღე და შენს პატრონს თვალებში მიაყარე, მე აქ გარყვნილების ბუდე კი არ მაქვს, არამედ თეატრი _ ხალხის განსავითარებლად და აღსაზრდელადო. კოტე მესხზე გაბრაზებულმა პირონემ ვასილ ამაშუკელს ფირი არ მიჰყიდა, შეიძლება იმიტომაც, რომ კონკურენციის შეეშინდა, რადგან იცოდა, თუ ვასილი პორნოგრაფიულ სურათებზე უფრო ღირებულს შექმნიდა, მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა.

Rating

1910 წელს ქუთაისში დაბრუნებული ვასილი ახალი კინოთეატრის, ''რადიუმის'' მთავარი მექანიკოსი ხდება. ვასილ ამაშუკელი წერდა: ''...ისეთ ფილმებს ვუჩვენებდით, რომელთა 80% ჩემს სულიერ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა. უგემურ, უაზრო, უხამს დადგმებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაც მხოლოდ ფულის მოგება იყო''.
ამ მიზეზით, მან დაიწყო ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. 1912 წელს კი რამდენიმეწლიანი ჩანაფიქრის ასრულებაც შეძლო.

დაიგეგმა, რომ აკაკი წერეთელს ეტლით უნდა მოევლო რაჭა-ლეჩხუმი და მოგზაურობა 12 დღეს გასტანდა. ვასილ ამაშუკელი კი ამ ვოიაჟს ფირზე ასახავდა. საამისოდ საჭირო თანხის მოძიება არ იყო მარტივი, ამაშუკელმა კინოთეატრ ''რადიუმის'' მფლობელებს ტიხონ ასათიანსა და პავლე მეფისაშვილს მიმართა. მათ ყოყმანი დაიწყეს, ხარჯი ბევრი იქნება, შემოსავალი კი არაფერიო, მაგრამ ოპერატორმა შეძლო მათი დარწმუნება და ''რადიუმის'' მფლობელები ფილმის დაფინანსებაზე დაითანხმა.

...ქუთაისში, 21 ივლისს, დილის 7 საათზე, სასტუმრო ''გრანდ ოტელთან'' აკაკი წერეთლის ყვავილებით მორთული ეტლი იდგა, რომლის დაქირავება დღეში ათი მანეთი დაჯდა. ეტლს გარს ხალხი ეხვია. სავარძელზე მჯდარი ჭაღარა პოეტი ირგვლივ მყოფებს უღიმოდა და ხელს უქნევდა. უკვე ''გამოცდილი'' კინოოპერატორი აკაკის რაჭა-ლეჩხუმში გაჰყვა.
ფილმის პრემიერა კინოთეატრ ''რადიუმში'' გაიმართა, რომელსაც უამრავი მაყურებელი დაესწრო. დიდი ინტერესის გამო, ყოველდღიურად ოთხ სეანსს უჩვენებდნენ. ''რადიუმის'' მფლობელებს ფილმმა რამდენიმე ათასი მანეთის მოგება მისცა, ამაშუკელს კი ჯილდოდ ექვსი თუმანი ერგო.

მას შემდეგ ამაშუკელი ქუთაისში დარჩა და 92 წლის ასაკში იქვე გარდაიცვალა.
ფირს პირველი რესტავრაცია 1954 წელს ჩაუტარდა, 2009 წელს კი შეიქმნა ახალი ციფრული ვერსია. 2013 წელს ქუთაისში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ''აკაკის მოგზაურობის'' ავტორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კინოთეატრ ''საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ფილმის ''აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში'' პირველი კადრები გადაიღეს.

ანა კალანდაძე
ჟურნალი  ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლილი
ჯერ დაუმალეს და მერე გადაიღო,რა ვერ გაიგო ამ ხალხმა...
16:10 / 08-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ეთილო
"რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად" ... ნეტავი ამ წინადადების დამწერს ქართულ ენაზე წარმოდგენა თუ აქვს , ანდა თუ წაუკითხავს ქართულ ენაზე რაიმე?!.... ამ სათაურიდან გამომდინარე, "ფირი რომელიც აკაკის გადასაღებად იყი განკუთვნილი დამალეს" ე.ი. აღარაფერი არ გადაიღეს?.....
14:52 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS