- სერიალის რეჟისორს, ლევან დაბრუნდაშვილს, დიდი ხანია ვიცნობ. თავიდან პროფესიიდან გამომდინარე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ ყველაფერი მეგობრობაში გადაიზარდა და დღემდე ტკბილად და კარგად ვართ. მისი პროექტის შესახებ ზაფხულში შევიტყვე, გადაღებები 12 აგვისტოს დავიწყეთ. გარდა იმისა,
- ეს არ უნდა გიკვირდეთ, ''ჯიდიესი'' დღეს ყველაზე მდიდარ ტელევიზიად მიიჩნევა ჩვენს ქვეყანაში...
- შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფილმის ბიუჯეტი არის წარმოუდგენლად მცირე და ვაკეთებთ ხარისხიან პროდუქტს, ძალიან იაფად.
- გიო, თქვენს გმირზე მესაუბრეთ...
- ერთ-ერთ გავარდნილს ვთამაშობ, ასე გვეძახიან ფილმში და არა ყაჩაღს. ქიარიმა ჰქვია. ისლამური სახელია, მუჰამედს ჰყავდა 99 წმინდანი, რომლებიც მის სიტყვას ავრცელებდნენ და მათგან ერთ-ერთი ქიარიმი იყო. ნიშნავს ბრძენს, ხელგაშლილს და კიდევ რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს. ჩემს პერსონაჟს სახელი ლევანმა შეურჩია, მაგრამ ვდავობთ და ვერ ჩამოვყალიბდით, ვინ არის (იღიმის). ხან ქართლელი ვარ, ხან კახელი, ვერ ''მოვუძებნეთ'' ადგილმდებარეობა, ანუ საიდანაა წარმოშობით. ქიარიმა ცივსისხლიანი მკვლელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დრამატული და სევდიანი გმირი.
- ერთ-ერთი სევდიანი ეპიზოდი იყო, როცა თქვენი გმირი ჰყვება, რომ საცოლე ოთხმა კაცმა გაუუპატიურა, რის შემდეგაც ქალმა თავი მოიკლა...
- ''ოთხმა მუტრუკმა გამიუპატიურა საცოლე''. ამის გამო ჩემს გმირს სამი გარეწარი თავადი მოკლული ჰყავს, მეოთხეს ტრაქტირში შემთხვევით შეეფეთება და იქვე გამოასალმებს სიცოცხლეს.
- მომავალ მსახიობებს თეატრალურში არ აქვთ კამერასთან მუშაობის გამოცდილება, ცხენზე ჯირითი არ იციან და სხვა უამრავი დეტალია პრობლემური...
- დიახ, სამწუხაროდ, თეატრალურში არ არის ამის საშუალება. პირადად ჩემზე რომ ვილაპარაკოთ, გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვიყავი სპორტით დაკავებული. საბრძოლო ხელოვნებას ''კიო კუშინ კაი კარატეს'' 9 წელი ვეუფლებოდი. ძალიან დამეხმარა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე სიბრძნეც მასწავლა. ეს საერთოდ ცალკე სკოლა და კულტურაა. ჯირითსაც ბავშვობიდანვე შევეჩვიე და საამისოდ იპოდრომზე დავდიოდი. პატარაობაში მიყვარდა სპექტაკლების დადგმა, ხან რობინ ჰუდს ვასახიერებდი და ხან მუშკეტერებს.
- კამერასთან მუშაობაც უჭირს ბევრს, ზედმეტად ხელოვნურები არიან...
- კამერასთან მუშაობას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და გამოცდილება სჭირდება. ლევანიც ამბობს, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც თეატრში მუშაობს, კინოში თამაში უჭირს. მე ნაკლები დრო მაქვს თეატრში გატარებული. ინსტიტუტის მერე რამდენიმე წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი, მაქსიმუმ, 10 საბავშვო სპექტაკლში მექნება მონაწილეობა მიღებული. მას შემდეგ 18 წელია კინოში ვარ, ალბათ, ეს ფაქტორიც მოქმედებს იმაზე, რომ ნაკლებად თეატრალური ვარ კამერის წინ. თუმცა ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. არ მახსოვს, უარი მეთქვას რამეზე, თუნდაც ეს მესამეხარისხოვანი როლი ყოფილიყო. თუ მსახიობი ხარ, ყველა როლს უნდა დათანხმდე, ამით იღებ გამოცდილებას და იხვეწები.
- ამ სერიალში რა შენიშვნები გაქვთ საკუთარი თავის მიმართ?
- სიმართლე გითხრა (იღიმის)?!
- რასაკვირველია...
- რაღაც-რაღაცები შეიძლება გამოვასწორო, რაც მე არ მომწონს, მაგრამ საერთო ჯამში მკაცრი არ ვიქნები, მგონი, მოერგო ფილმს ეს გმირი და ვართმევ თავს.
- ჩოხაში თავს კომფორტულად გრძნობთ?
- რა თქმა უნდა, ეს უკვე სისხლია (იღიმის). სხვათა შორის, ჩემმა გმირმა ჩემს ცხოვრებაზეც იქონია გავლენა და ეს მომწონს. მინდა გითხრათ, ცხოვრებაში უფრო დინჯი გავხდი, წინდახედული, კონკრეტული და ბევრს ვფიქრობ, სანამ რამე ნაბიჯს გადავდგამ.
- თქვენ საქართველოს გარეთაც გიმუშავიათ ფილმებზე...
- დიახ, ახლაც, ზაფხულში, ''ტიფლისის'' გადაღების პარალელურად, აზერბაიჯანელებთან ვიმუშავე ფილმზე ''შეწყვეტილი მოგონებები''. დრამაა ყარაბახის ომზე, სადაც სომეხ საველე მეთაურს ვთამაშობ.
- ''ტიფლისში'' ბევრი კოსტიუმია, რეკვიზიტი...
- იარაღი კინოსტუდიას ეკუთვნის. სამწუხაროდ, ალბათ 10%-იც არ არის დარჩენილი იმისგან, რაც ადრე იყო. რაც შეეხება კოსტიუმებს, ცალკე სამკერვალო გვაქვს, ძირითადად, ჩვენი მხატვრები მუშაობენ და ვერ წარმოიდგენთ, რა დატვირთვით. არის მომენტები, როცა სამი დღე-ღამე არ გვძინავს, მაგრამ უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა მთელი ჯგუფის სახელით ჩვენს მხატვრებსა და დეკორატორებს, ასევე ნიაზ დიასამიძეს, მისი მუსიკა ფილმს ძალიან მოუხდა. კომპოზიცია ''ნამი ველს'' ხომ საერთოდ ფანტასტიკურია.
- სერიალს ეთერში გასვლის პირველი დღიდან მოჰყვა კრიტიკა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. ზოგიერთი შეიძლება არა, მაგრამ რამდენიმე მსახიობი დღევანდელი საბურთალოელი და ვაკელი ბიჭის დიალექტზე მეტყველებს...
- ჯანსაღი კრიტიკა გასაგებია, ისიც მესმის, როცა თანამედროვე ენით მეტყველებას აკრიტიკებენ, მაგრამ ეს თავიდანვე იყო დაანონსებული და ითქვა, რომ ამგვარად მეტყველება და ეს ფორმა ადვილად გასაგები იქნებოდა ახალგაზრდებისათვის და ზოგადად, მაყურებლისათვის. მგონია, არ ვაჭარბებთ და ძალიან არ ვათანამედროვებთ. სხვათა შორის ყველაზე მეტი კრიტიკა ამ თემაზეა, ამაზე ვმუშაობთ და ალბათ, გამოვსწორდებით.
- როცა ფილმი სხვა ეპოქაზეა, შესაბამის ინფორმაციას უნდა ფლობდე. თქვენი გმირი ყაჩაღია, თუ გაეცანით მათი ცხოვრების სტილს?
- რა თქმა უნდა, ''გავიარე'' ეს თემები. ჩერქეზი მეგობარი მყავს ყაბარდო-ბალყარეთიდან. ჟურნალისტი და ისტორიკოსია, ძალიან უყვარს საქართველო და ხშირად ჩამოდის ჩვენთან. ის ბევრ რამეში დამეხმარა. მაგალითებს გეტყვით: ჩემს ცხენს თავზე თეთრი ნიშანი აქვს და მითხრა, იწვებიო, ანუ ყაჩაღი არ გადაადგილდებოდა ასეთი ცხენით, დაუშვებელი იყო, მაშინვე ამოიცნობდნენ. კაცს ქალაქში გადაადგილებისას მათრახი იღლიაში უნდა ჰქონდეს ამოდებული, ადამიანს სალაპარაკოდ რომ მიუახლოვდები, ეს ნიშნავს, რომ საუბარი გსურს, სამოყვროდ ხარ მისული და არა სამტროდ, თორემ გესვრის. კიდევ ერთ ნიუანსსაც გეტყვით, თუ ვინმეს ნახვა გსურს და ის ცხენს მიაჭენებს, უნდა დაეწიო, გაუსწორდე, მიესალმო და დაელაპარაკო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუწყო უკნიდან ძახილი.
- ბერა იყო გადასაღებ მოედანზე. სერიალზე მისი აზრი როგორია?
- ბერა ფილმის მთავარი პროდიუსერია. გადაღების პროცესს დაესწრო, ბოსი გვგულშემატკივრობს და კმაყოფილია (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''