გიორგიმ რამდენიმე ფილმში საინტერესო გმირის როლი მოირგო, თუმცა მასთან ინტერვიუს დროს ყოველთვის პირადი ამბებით ვინტერესდებით ჟურნალისტები. პირად ცხოვრებაზე საუბარს კი გიორგი აღარ აპირებს. არ უნდა, მის ცხოვრებაში ყველამ ხელები აფათუროს.
- გიორგი, სერიალ''ტიფლისში'' მეცხრამეტე საუკუნის ჟურნალისტს თამაშობ. შენს გმირზე რისი თქმა შეგიძლია?
- ახალგაზრდა ჟურნალისტსა და ნიჭიერ მწერალს ვთამაშობ.
- მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრების სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?
- კი, ძალიან მაგარია. გადაღებებიც ძალიან მაგარია.Mმომწონს კოსტიუმები, რომლებიც გვაცვია. ნებისმიერი მსახიობისთვის კარგია, როცა სხვა ეპოქას თამაშობს.''ტიფლისს'' ზოგი აკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივია. ამბობენ, რომ იმ ეპოქაში იმ სიტყვებს არ ხმარობდნენ და ისე არ იგინებოდნენ, როგორც სერიალში. ამ კრიტიკას ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ეს ალტერნატიული თბილისია და არა ზუსტად იმ დროის ასახვა. რომ არ ვმონაწილეობდე, ამ სერიალს ისედაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.
- სხვა რა პროექტებში ხარ დაკავებული?
- ოთარ ეგაძე''ჭირვეულის მორჯულებას'' დგამს. დღე და ღამე რეპეტიციები გვაქვს. პარალელურად სერიალის გადაღებებიც მიმდინარეობს. ცოტა რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ კარგია, ჩემი საქმით რომ ვიღლები. ასევე იგეგმება''პარადოქსის'' გაგრძელება. სერიალის პირველი ნაწილი ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ იყიდა. ერთ-ერთ არხზე გადის და მოითხოვეს მეორე სეზონი. სავარაუდოდ, თებერვლიდან განვაახლებთ გადაღებებს.
- თავისუფალი დრო გრჩება?
- ძალიან ცოტა დრო მაქვს და სულ ვცდილობ, შვილთან უფრო ბევრი დრო გავატარო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ძალიან დაკავებული ვარ და ყოველდღიურად მის ნახვას ვერ ვახერხებ.
- რამდენიმე დღის წინ ყოფილი მეუღლის, მარიამის დაბადების დღე იყო. მიულოცე?
- იმ დღეს ბევრი მეგობრის დაბადების დღეა. რასაკვირველია, მახსოვდა მარიამის დაბადების დღე და მივულოცე.
- ელენე, როგორც ამბობენ, კარგად ცეკვავს.
- ელენეს ბევრი ნიჭი აქვს. კარგად ცეკვავს და მგონია, რომ კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. თვითონვე იგონებს როლებს და თამაშობს. ყველაფერი კარგად გამოსდის. დღეს მგონია, რომ მისი ნიჭი ხელოვნების მხრივ განვითარდება. მშობლები ვურჩევთ, მაგრამ თვითონ რასაც აირჩევს, საბოლოოდ ის გამოვა.
- მარიამი მოგწონდა პროექტ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და გულშემატკივრობდი?
- ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. იმიტომ არა, რომ არ მომწონს მისი ცეკვა. უბრალოდ, არის პირადი თემები, რაზეც აღარ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი. არ მსიამოვნებს, ჩემი ცხოვრება განხილვის თემა რომ ხდება. როგორი ცნობილიც უნდა გავხდე, ყოველთვის ვეცდები, ჩემი პირადი ამბები ყველას განსახილველად არ გამოვიტანო. ზოგს მოსწონს ეს ყველაფერი და ლაპარაკობს, მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. უბრალოდ, ჩემი პირადი გადმოსახედიდან არაა სასიამოვნო, როცა სოციალურ ქსელში მთელი საქართველო განიხილავს, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს.
- თუმცა პოპულარული ადამიანის ცხოვრებას, უნდა თუ არა მას, მაინც განიხილავენ ხოლმე.
- რა თქმა უნდა, მესმის, საერთოდ რომ არაფერი ვთქვა, ვიღაც მაინც იტყვის ჩემს ცხოვრებაზე ცუდს ან კარგს. აზრი ვისაც უნდა, იმან გამოთქვას, არავის აზრების და ფიქრების გაკონტროლებას არ ვაპირებ. უბრალოდ, ჩემი მხრიდან აღარ დავუმატებ საფიქრალს ჩემს ცხოვრებაზე (იცინის). არ მომწონს პოპულარობა და სიმართლე გითხრა, ძალიან პოპულარულადაც არ ვგრძნობ თავს. ბევრად მშვიდად ვცხოვრობ, როცა ჩემზე ბევრს არ ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, კარგია პოპულარობა, იმიტომ რომ უფრო მეტად დაკავებული ხარ და მეტი შემოთავაზება და ანაზღაურება გექნება. მაგრამ რომ გითხრათ, ჩემი მთავარი მიზანი ისაა, ქუჩაში რომ გავივლი, ხალხმა თქვას, აუ, ეს გიორგი მახარაძეაო, არ მიტაცებს. ამისთვის არ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი მსიამოვნებს.
- როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება ხუთი ან ათი წლის შემდეგ?
- არ ვიცი. ცხოვრებას არ ვგეგმავ. ყველაფერს ისე მივყვები, როგორც მიდის და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ღვთის ნებაა. იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. ჯერჯერობით არაფერს ვუჩივი. ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია.
- როგორც ვიცი, მოცეკვავე მშობლები გყავს, მათ მოსწონდათ, როგორც ცეკვავდა მარიამი?
- მთელი ჩემი ოჯახი მოცეკვავეები არიან. დიდი ბაბუაც მოცეკვავე გახლდათ. დედა ახლაც ქორეოგრაფია, ანსამბლი აქვს, მაგრამ როგორ აფასებს მარიამს, არ დავინტერესებულვარ.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება, ორი სიტყვით ვერ გვეტყვი?
- პროფესიულ წვაში ვარ და ვარ კარგად.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''