- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მიყვარდა სურათების გადაღება, მაგრამ ფოტოგრაფიით სკოლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც ვხედავდი, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობარი

- საკუთარი ფოტოაპარატი რა ასაკში შეიძინე?
- ბაბუამ მაჩუქა. ყიდვას რომ ვაპირებდი, მოულოდნელად მითხრა, რომ თავადაც ჰქონდა და ძველი აპარატი გამომიტანა. მალე იმდენად დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რომ ჟურნალისტობაზე აღარ მიფიქრია და მუშაობა პირველად თინეიჯერულ ჟურნალ ''ოსკარში'' დავიწყე, სადაც ძირითადად ცნობილი სახეების გადაღება მიწევდა. შემდეგ იყო ''ბომონდი'', სადაც უფრო მეტად გლამურული ფოტოები სჭირდებოდათ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რთული იყო ვარსკვლავებთან მუშაობაც, ყველა თავისებურად პრეტენზიული იყო, მაგრამ ალღო მალე ავუღე და დღეს, როგორც ქუჩის ფოტოგრაფია, გლამურიც ჩემი საყვარელი ჟანრია.

- განსაკუთრებულად რომელი გადაღება გახსენდება?
- რამდენიმე წლის წინ საქართველოში რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გადაწყვიტეს შეხვედრა. ტურისტულმა სააგენტომ მთხოვა, ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები გადამეღო და მეც სიამოვნებით წავედი, რადგან მანამდე პოლიტიკოსის გადაღების გამოცდილება არ მქონია. როდესაც შეხვედრაზე მივედით, თავიდან ცოტა დაძაბული ვიყავი, რადგან მერაბიშვილი ძალიან მკაცრი მეგონა. საბოლოოდ, საოცარი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და გადაღებებმა კარგად ჩაიარა. საერთო ფონი ისეთი იყო, რომ დამავიწყდა, მინისტრთან ერთად რომ ვიყავი. ძალიან უშუალო აღმოჩნდა ურთიერთობაში, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
- დღეს ძირითადად რისი გადაღება გიწევს?
- საღამოებზე ვმუშაობ, ასევე ჟურნალებისთვის ცნობილ ადამიანებს ვიღებ. სხვათა შორის, წლებთან ერთად, ვარსკვლავებიც შეიცვალნენ, რადგან ადრე ფოტოობიექტივის წინ უფრო დაძაბულები იყვნენ. ახლა ნაკლებად, კარგად პოზირებენ და კამერის წინ ხანდახან გახდასაც არ ერიდებიან.
- სამსახურის გარეთ თუ ახერხებ შენთვის გადაღებას, ან რაიმე პროექტზე თუ ოცნებობ?
- სამუშაო დღეებში ნაკლებად, მაგრამ დასვენებისას ვცდილობ, ისეთი სურათები გადავიღო, რომელიც ჩემი, როგორც ფოტოგრაფის არქივს გაალამაზებს. რაც შეეხება პროექტს, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს ისეთი კუთხეები გადავიღო, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ და ჩვენი ქვეყნის სილამაზე ჩემებურად აღვწერო. ამისთვის მთაში მოგზაურობასაც არ მოვერიდები.


- თაკო, რომელი სურათი გიყვარს შენი ფოტოარქივიდან გამორჩეულად?
- როდესაც ფილმ ''აგვისტოს 5 დღის'' პრემიერას დავესწარი და საქართველოში სტუმრად მყოფი ჰოლივუდის ვარსკვლავები გადავიღე, ჩემს ფოტოობიექტივში მოხვდნენ ისეთი სახეები, როგორებიც არიან შერონ სტოუნი, ენდი გარსია, ველ კილმერი და სხვები... არაჩვეულებრივად პოზირებდნენ კამერის წინ. თან ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე და სერიალ ''სუპერმენის'' მთავარი როლის შემსრულებელი დინ კეინი პირადად ვნახე (იღიმის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''