- ეს არის ისტორიული, ეპოქალური მოთხოვნებით დაწყებული შიმშილობა, რომლის მსგავსიც ჯერ საქართველოში არ მომხდარა. შიმშილობის ადრესატები არიან: პირველი - დემოკრატიული მსოფლიო, ამერიკის, ბრიტანეთის, დიდი შვიდეულის, ნატოსა, ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, მეორე - როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება და მესამე - ქართველი ერი. უცხოეთისგან ვითხოვთ, რუსეთი ოფიციალურად გამოაცხადონ აგრესორ სახელმწიფოდ, დააკისრონ პასუხისმგებლობა და სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ. მოსალოდნელი საფრთხეების ასაცილებად, საქართველოში სასწრაფოდ შემოიყვანონ ამერიკული ჯარი.
- ადრე ნატოს ჯარების შემოსვლას ითხოვდით...
- არა, ნატოში 28 სახელმწიფოა და ვერ დაველოდები, ისინი ჩვენთვის როდის მოიცლიან. ნატოში გაწევრება ჩვენ მოთხოვნად რჩება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ იდეის ავტორი მე ვარ და ვიცი, ნატო რასაც ნიშნავს ჩვენისთანა ქვეყნისთვის.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შექმნილი ვითარება. ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მორალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეთნოპრობლემებს. ცხადად ვხედავ, რომ ქართველი ერის მიერ დაუღალავი ბრძოლებითა და სისხლით მოპოვებულ და საუკუნეების შემდგომ დაბრუნებული ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან თანდათან რუსეთის სივრცეში ვბრუნდებით და ამერიკასა და დასავლეთს ვშორდებით. ამის რეალური საშიშროება არსებობს. ჩემთვის მიუღებელია ამ მშიშარა ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა, მათი აგენტურული მმართველობის სტილი... ქართული სახელმწიფოს სრული დაცემისა და განადგურების საშიშროებსაც ვხედავ და რაღა დროს ჩემი ჯანმრთელობაა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი, თუკი სისხლით მოპოვებული ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებს. ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ სამშობლო თავგანწირვას ითხოვს!
- დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებიდან რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- ყველაფერი. ქვეყანაში მოვიდნენ პრორუსული ძალები და ხელი თუ არ გავანძრიეთ, დავიღუპებით. ამიტომაც, როგორც პრეზიდენტისგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან მოვითხოვ ჩემ მიერ ჩამოთვლილი მოთხოვნების საფუძველზე შექმნან დოკუმენტები და საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინონ. ქართველი ერისგან მოვითხოვ, შეუერთდნენ ჩემს მოთხოვნას, რადგან არ მყავს მრავალრიცხოვანი და აქტიური პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძლიერ ოპოზიციას შექმნიდა. არც იმ რაოდენობის მხარდამჭერები მყავს, რომ ქმედუნარიანი და კონკურენტული ძალა შევქმნა. ოპოზიციონერობა დღეს ყველას უნდა, მაგრამ ძირითადად პრორუსული ძალები აქტიურობენ. გაერთიანდეს ერი ჩემ გარშემო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვიქნები აქტიური ოპიზიციონერი. მერე ვაჩვენებ, როგორი იქნება გრანდიოზული და შედეგის მომტანი, საჯარო, მასობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვაწარმოებ... ჩემთვის დახურულია პრესა და მასმედია, ამასთან ერთად, განვიცდი ფინანსურ ხელმოკლეობას. დამითმონ ერთი ტელევიზია ერთი წლის განმავლობაში და ნახონ, რასაც ვიზამ...
- ახალი ხელისუფლება ცდილობს ,რუსეთთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და დაალაგოს.
- არანაირი შედეგი მათ მცდელობასა და ფაფხურს არ მოჰყვება. ეს ხელისუფლება არის რუსეთის მარიონეტი, რომელიც უსინდისოდ ატყუებს ხალხს, თითქოს ნატოში გაწევრება უნდათ. ის ხელისუფლებაც უსინდისოდ იტყუებოდა. ვიღაც უნდა გამოჩნდეს, რომ საზოგადოება გამოაფხიზლოს, ჩემი თავგანწირვის მიზეზიც ეს არის.
- საპრეზიდენტო არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობის მიღებას?
- არა, რადგან 1921 წლის კონსტიტუცია, რომელსაც მე ვემორჩილები, პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ცნობს. თუმცა, თუ შიმშილობა ისე აგორდა, რომ მთელი ერი მომაწყდა და ისეთივე პოპურალური გავხდი, როგორიც ადრე ვიყავი, კი ბატონო, შევცვლი გეგმებს, მაგრამ არჩევნებში კი არ მივიღებ მონაწილეობას, რევოლუციას მოვახდენ. ნახევარი მილიონი ქართველი თუ დამიდგა გვერდში, ბიძინას მთავრობას სიამოვნებით მოვაშორებ საქართველოს. მერე რა, რომ ივანიშვილი ხალხმა აირჩია, სწორედ ამიტომ ვწირავ თავს და პერსონალურ შიმშილობას ვაცხადებ. თუ ჩემს სწორუპოვარ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რევოლუციას არ მოვახდენ, შარზე კი არ ვარ... მაგრამ ვატყობ, არ შეასრულებენ, რასაც ორი ახსნა აქვს: ან მშიშარაა, ან რუსეთის აგენტი. არც ერთი ხელისუფლება არ არის ჩემთვის მისაღები, სხვებთან შედარებით, ღირსეულად ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გამოიყურებოდა.
- ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიით იყავით განწყობილი...
- რაც ასაკში შევედი, ვიღაცის მიმართ რადიკალურ სიძულვილს ვერიდები. თავის დროზე ჩემსა და ზვიად გამსახურდიას შორის მომხდარი უკიდურესი დაპირისპირება ძალიან განვიცადე. მერე კი შევრიგდით, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი. მას შემდეგ ვცდილობ, ხელისუფლებასთან ცუდ დამოკიდებულებაში არ ვიყო. მიხეილ სააკაშვილს მხარში კი დავუდექი, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიოდა, მაგრამ მერე დაიწყო მკვლელობები, გაუჩნდა აგდებული ტონი საზოგადოების მიმართ და ეს ვერ ვაპატიე. მიშას ასაგდები და დასამცირებელი ვინ არის, ირაკლი წერეთელს ცალ ტვინში უდევს მისი წონა ცოდნა და ნაკითხობა... მიშაზე ამბობდნენ, პოლიტიკა კარგად იცისო, არადა, ამ ცხრა წლის განმავლობაში ხალხის უმეტესობას თავი შეაძულა და რა გამოდის, მთელი ერი ცდება მასთან? ის ეროვნულობისა და სახელმწიფოებრიობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს... კარგი პოლიტიკოსი იყო ჰიტლერიც, რომელმაც მთელი გერმანია, ეს მართლაც განსხვავებული ტიპის ხალხი, ერთი დროშის ქვეშ გააერთიანა. მის დროს რომ იყო გერმანიის ეკონომიკური მშენებლობის პოლიტიკა აწყობილი, იმ ინერციით მიდის დღემდე, მაგრამ ჰიტლერი ფაშისტი იყო, ამიტომ არ ვეთანხმები, როდესაც მიშაზე ამბობენ, ძლიერი პოლიტიკოსიაო. თუ რამე იცი და შეგიძლია, ქართულ საქმეს უნდა მოახმარო.
იმავეს ვიტყოდი ივანიშვილზე, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება, მაგრამ ამ რვა თვის განმავლობაში არც ერთი დაპირებული სიტყვა არ შეასრულა, მუდმივად გვატყუებს. რევანშსა და შურისძიებაზეა გადასული, იმ გამწარებული ხალხის გულისტკივილს არის აყოლილი. ისიც იმიტომ, რომ დეოკუპაციისა და სხვა სახელმწიფო საკითხებში ვერაფერს აკეთებს და ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობს. ქართველებსაც ურჩევნიათ, ყველა ძალა, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვა, წინა ხელისუფლების დედის ტირებაზე იყოს ორიენტირებული. ასეთი რაღაცები ხდება ჩემს ქვეყანაში და შიმშილობაც არ დავიწყო?!. ისე კი, როცა მიშა და ბიძინა ჩახუტებულები იყვნენ, სააკაშვილს ვლანძღავდი, მაგრამ ახლა მართლა გულწრფელად რომ შერიგდნენ, მივესალმები. ოღონდ ეს ჩვენი თვალის ასახვევად კი არ უნდა გააკეთონ, გარეწარი კაცები ქალს რომ სიყვარულს უხსნიან და თვალს უხვევენ, რათა ლოგინში შეიტყუონ და თავიანთ ვნებას რომ მოიკლავენ, მიატოვონ. ისე კი, ხალხის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ვერც ერთ მხარეს ვერ ვატყობ... მიშას მხარდამჭერები ბოლო დროს ისე გათავხედდნენ, რომ მთელ საქართველოს „ქოცებად“ მოიხსენიებენ. ამ ძიძგილაობაში კი საქართველო ორივე მხარეს დაავიწყდა. ჩემი შიმშილობა ყველაფერს ახდის ფარდას, თუ მართლა უნდათ იმ პრობლემების მოგვარება, მე რომ ჩამოვთვალე, კეთილი ინებონ და მოაგვარონ.
- როგორ ფიქრობთ, ისინი ვერ ამჩნევენ იმ პრობლემებს, რომლებიც თქვენ წამოაყენეთ?
- იცი, რა არის ჩემო კარგო, სუფრაზე კარგი სიმღერა და სადღეგრძელოს თქმა ყველას არ შეუძლია. ზოგი ისეთია, პირს რომ დააღებს, ფანჯრიდან გადახტომა მოგინდება... შეიძლება ამჩნევენ, მაგრამ ის ნება, შემართება და ბრძოლისუნარიანობა არ აქვთ. თქვენ გგონიათ, შიმშილობის დაწყებას გამბედაობა არ უნდა?.. მერე რა, რომ უვადო შიმშილობა არ გამომიცხადებია. მთავარი პუნქტები, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით, უნდა მოაგვარონ. მე არც ერთი ერი არ მძულს, მით უფრო, რუსი ხალხი, როგორ უნდა მძულდეს, ისეთი მშვენიერი ქალები ჰყავთ, მე მშვენიერების მოტრფიალე კაცი ვარ, მაგრამ ჯერ ის უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი აგრესორია და ურთიერთობის მოგვარებასა და ხვევნა-კოცნაზე შემდეგ ვიფიქროთ. ხელისუფლებასაც მივმართე ჩემი მოთხოვნებით და უსუფაშვილისგან მომივიდა პასუხი, მადლობა რჩევებისთვის, თქვენი მიმართვა მიღებულია ცნობადო, დამაცადონ, ვის რა ცნობა მიუვა, მაგასაც ვნახავ.
- პუტინმა განაცხადა, რომ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ნამდვილი ქართველია...
- იმიტომ, რომ პატრიარქს რბილი და ლოიალური ხასიათი აქვს. ეს არ არის რუსეთის მიმართ ღირსეული სულიერი მამის ღირსეული დამოკიდებულება. ურთიერთობის მოგვარება ყველასთან აუცილებელია, მაგრამ არა ღირსების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, ტერიტორიებისა და თავისუფლების დათმობის ხარჯზე. რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს. ის არის დამპალი იმპერია, რომელიც უნდა დაინგრეს.
- ავღანეთში მომხდარ ტრაგედიას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვარონი შეფასება მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, იქ მყოფი ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტები არიან და არა სამშვიდობო ჯარისკაცები...
- მე ვიყავი იმ ბიჭების პანაშვიდზე და ჩემი დიდი გულისტკივილიც გამოვთქვი... ვინც მათ ოკუპანტი უწოდა, ყველა იდიოტი და უნამუსოა. მაინც რომელმა ჭკუათმყოფელმა უწოდა მათ ოკუპანტი?
- არაერთმა, მათ შორისაა პუბლიცისტი ირაკლი კაბაბაძე...
- ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტია. ის ძალიან საეჭვო ადამიანია, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკის მოქალაქეობა აქვს. ეს ჩემთვის სულაც არ არის პლუსი... ზუსტად ასე დაწერეთ, ყველა, ვინც იქ მყოფ ბიჭებს ოკუპანტს უწოდებს, რუსეთის აგენტია. ძალიან დიდი ნაკითხობითა და ნიჭიერებით რომ მოაქვს თავი, უნდა იცოდეს, რომ ოკუპანტი ჰქვია ისეთ ჯარისკაცს, რომელიც ამა თუ იმ მიწაზე მოსახლეობის ნების წინააღმდეგ იმყოფება. ქართველი ბიჭები იქ ნატოს ჯარებთან ერთად ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ არიან მიწვეულები.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“




















