ჩვენს მრავალშვილიან რესპონდენტებს ნანუკა ლითანიშვილს, ქეთა ლორთქიფანიძესა და ნათია გოგოჭურს გამოცდილების გასაზიარებლად დავუკავშირდით.
ქეთა ლორთქიფანიძე, მსახიობი, ხუთი შვილის დედა:
- საერთოდ, რაც
- ყოველთვის გინდოდათ გყოლოდათ ბევრი შვილი, თუ ცხოვრებამ მოიტანა ეს?
- სანამ დედა გავხდებოდი, აზრად არ მომსვლია, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, ერთ, მაქსიმუმ ორ შვილზე ვფიქრობდი, მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მართალია. როდესაც პირველი ვაჟი გამიჩნდა, ბედნიერების განცდა ასე მძაფრად პირველად მაშინ დამეუფლა და ვთქვი, რომ ჩემს თავს ამ წუთებს აღარ მოვაკლებდი. მას შემდეგ მომინდა, 7 შვილი მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შემიწყო და ხუთზე შევჩერდი, თუმცა კიდევ ორს სიამოვნებით გავაჩენდი.
- ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევა, როცა კარიერის, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, დედები თავს იკავებენ ბევრი შვილის გაჩენისგან...
- ამ საკითხზე მე ძალიან პირადული და სუბიექტური პასუხი მაქვს, საბედნიეროდ, გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კეთილი ადამიანები შემხვდნენ სამსახურებში. ჩემთვის არასდროს ყოფილა დამრკოლება ორსულობა, ჩვილი შვილი და ა.შ. "ღამის შოუს სტუდია", "თავისუფალი თეატრი" თუ სხვა დამსაქმებლები ყოველთვის ხელს მიწყობდნენ ასეთ სიტუაციებში. როდესაც "შუა ქალაქში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, ძალიან მიჭირდა იმის გამხელა, რომ 6 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ დათო გოგიჩაიშვილთან შევედი და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ღიმილით მიიღო შექმნილი ვითარება და... მას შემდეგ სამი წელი ვითანამშრომლე მათთან. "შუა ქალაქის" პერიოდში გავაჩინე მეოთხე შვილი და "დავიწყე" მეხუთე. 6 თვის ორსული ვიყავი, როცა "იდიოტოკრატიაში" გადამიღო ავთო ვარსიმაშვილმა, "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერიდან სამ კვირაში მეოთხე შვილი გავაჩინე. ფეხმძიმემ, კვირა დღეს სწორედ ეს სპექტაკლი ვითამაშე, ორშაბათს "შუა ქალაქის" რეპეტიციაზე ვიყავი, სამშაბათს "პრაგონი" მქონდა, ოთხშაბათს ჩავწერეთ და ხუთშაბათს ვიმშობიარე. აქედან კარგად ჩანს, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ყველა ქალს ვუსურვებ, შეხვდეს ისეთი ადამიანები კარიერულ ცხოვრებაში, რომ არ დაბრკოლდნენ და ყველას მოვუწოდებ, არასდროს დააბრკოლონ ქალები, რომლებიც შვილს ელოდებიან. შვილი ისეთი რამაა, მისი დარდი მირჩევნია, სრულიად უდარდელობას.
სცენარისტი ნათია გოგოჭური - პროდიუსერი, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, 5 შვილის დედა:

- როგორ ახერხებთ, იყოთ კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი დიასახლისი?
- და ვარ რომ კარგი დედა, კარგი დიასახლისი, კარგი დედა? (იცინის) ჩვეულებრივი დედა ვარ, კარგი დიასახლისობის რა გითხრა, ისეთი დიასახლისი ვარ, რომელიც სავალდებულოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მგონია, რომ კარგი მეგობარი და კარგი ცოლი ვარ, რადგან ჩვენს ოჯახში ყოველთვის პირველი იყო მამა და მერე დანარჩენი ყველაფერი. მამა თუ კარგადაა, ჩვენც კარგად ვიქნებით, - ამ დევიზით გავზარდე შვილები, თუმცა ზაზა ჩემზე აკეთებდა აქცენტს და ამბობდა, მთავარია, დედა იყოს კარგადო. არ ხდებოდა ერთი ადამიანის გაფეტიშება, ბავშვებსაც არ ვაგრძნობინებდით და არ ვეუბნებოდით იმას, რომ ისინი ყველაზე კარგები და ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. ადამიანმა ცხოვრების ყოველი წუთი და წამი უნდა გადაანაწილოს მათთვის, ვინც უყვარს, ოჯახი ხომ სიყვარულია?!. თუ ეს გადანაწილებული გაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ხშირად გვქონია გაჭირვებაც, გაუგებრობაც, კამათიც, მაგრამ დღემდე სიყვარულით მოვედით.
- ყოველთვის გინდოდათ, ბევრი შვილი გყოლოდათ?
- უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ყველა ასაკში მიყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეგობარი მარინა კახიანი მეუბნება ხოლმე, შენ ხშირად იძახდი, რომ 5 შვილი უნდა გყოლოდაო... მერე უკვე ცხოვრებამ მოიტანა შვილები, უფლის ნება იყო და მოგვცა ბევრი შვილი. არ გეგონოთ, რომ ეგოიზმი მხოლოდ ერთი შვილის ყოლაა, ბევრი შვილის ყოლის სურვილიც ეგოიზმია. მართალია, ძნელია ბავშვების გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავინ გეხმარება, მაგრამ არ ვარ მომხრე იმისა, რომ ამბობენ, შვილს სწავლა, ჩაცმა-დახურვა უნდაო და ამის გამო იკავებენ თავს გაჩენისგან. რისი გაკეთების საშუალებასაც გაძლევს უფალი ერთი შვილისთვის, იმას მოგცემს მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ.
- თუმცა, ჩვენს რეალობაში მრავლადაა ასეთი ფაქტები...
- ზოგი შვილს საერთოდ არ აჩენს და მაინც ბედნიერია, ეს ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება, კარიერული თვალსაზრისით უფრო წარმატებული მეც ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს ოჯახში შემდგარი და შემოქმედებითად ჩამოყალიბებული გახლდათ ზაზა, ამიტომ ჩემს თავში მოვძებნე ძალა, რომ მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი კი არ გავმხდარიყავი და ჩემს კარიერაზე კი არ გადამეტანა აქცენტი, არამედ ხელი შემეწყო ზაზასთვის და იმავდრულად მეკეთებინა ჩემი საქმე. მე ვრეალიზდი ოჯახში, ბავშვებში, თუმცა არ დავკარგე ჩემი საქმე, ვწერ სცენარებს, ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას, ჩემს შვილებს ვუდგავარ გვერდში და ამით ვარ ბედნიერი. როცა ოჯახში ერთი ადამიანი უფრო წარმატებულია, თუნდაც იყოს ეს ქალი, მაშინ ქმარმა ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი მეუღლეს და თუ საჭირო გახდება, უკანაც უნდა დაიხიოს გარკვეულ საკითხებში. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ურთიერთგაგებაა ოჯახი.
ხშირად მახსენდება დედაჩემი, რომელიც წარმატებული გახლდათ კარიერული თვალსაზრისით, ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სამი შვილისთვის ყურადღება არ მოუკლია. ასაკში რომ შევიდა, ყოველთვის იმას იძახდა, არაფერი იმაზე დიდი არ შემიქმნია, ვიდრე შვილებიო. ამ ქვეყნიდან არაფერი მიგვაქვს, საკუთარი სისხლისა და გენის დანატოვარი კი ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. მერწმუნეთ, ოჯახი და სიყვარული პირველია და იცოდეთ, რომ ოჯახურ ბედნიერებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ვერსად იპოვით.
მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი - მსახიობ ზურა გეწაძის მეუღლე, ოთხი შვილის დედა:
იხილეთ გაგრძელება