- ამჟამად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, სადაც გამოყენებული იქნება ხელით ნამუშევარი დეტალები, კერძოდ, ბატიკა; ვაკეთებ შიფონთან ბეწვის, ტყავისა და შალის ქსოვილის კომბინაციას, რაც მთლიანობაში ჩემს ნამუშევრებს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს. ფორმები არასტანდარტულია,
- ზოგადად, მოდის თანამედროვე ტენდენციებზე რას გვეტყვი?
- მოდა, პირველ რიგში, ადამიანის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებაა; თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანის ინდივიდუალურობა მხოლოდ ჩაცმის სტილით არ განისაზღვრება. ზოგადად, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემო, კულტურა, ტრადიციები, სადაც მას ცხოვრება უწევს. მაგალითად, ქართველ მამაკაცზე აფრიკულ ნაწნავებს არ მივესალმები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფრიკული ნაწნავები არ მომწონს.
მოდაზე შეგვიძლია, უსასრულოდ ვისაუბროთ. ეს მუდამ კამათის, ძიების, ახალი აღმოჩენების სფეროა. მოდით დაინტერესებული ადამიანი სრულყოფილად ფლობს მსოფლიო მოდის უახლეს ტენდენციებს, ცდილობს, მოერგოს მის რიტმს და მუდამ მოდურად და განსხვავებულად გამოიყურებოდეს. თუმცა, უმჯობესია, ადამიანს ტანსაცმელთან მიმართებით საკუთარი ხედვა ჰქონდეს, ბრმად გადმომღები და მიმბაძველი არ იყოს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ტანსაცმელი, რაოდენ ძვირფასი და მოდურიც უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, ძონძი გახდება და არ შეიძლება, მას დავემონოთ...
- ფერებისა და ფაქტურის თვალსაზრისით რა არის მოდაში?
- ფაქტურა, ქსოვილი, ეს ჩვენს სფეროში უდავოდ მნიშვნელოვანია. ხარისხიანი ტანსაცმელი – კომფორტია; ბუნებრივ სამოსს, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა ენიჭება. ამდენად, ბეწვიც და ტყავიც ყოველთვის აქტუალურია, მნიშვნელობა არ აქვს, ჰოროსკოპის მიხედვით რისი წელია. რაც შეეხება ფერებს, აქტუალურია ყავისფრის ყველა ტონი, კრემისფერი, ჩალისფერი, თეთრი. მისაღებია მკვეთრი ფერების ჩართვაც, თუნდაც აქსესუარების სახით.
- ქუდებისა და შარფების მხრივ რაიმე კონკრეტული ტენდენცია იკვეთება?
- მოდურია კოვბოის სტილის ქუდები, ტყავის ბაფთით. ასევე სქელი ძაფით ნაქსოვი დიდი, ბადისებური შარფები, გაწყობილი ბეწვის პატარა ბურთებით. აქტუალურია დიდი ზომის ჩანთები, გლუვი ან ლაქის ფაქტურით, უმნიშვნელო მეტალის დეტალებით; ასევე ბეწვით გაწყობილი საშუალო ზომის ჩანთები.


- მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში.
- მისასალმებელია მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში. ეს ყოველთვის იყო და იქნება ქალთა საზოგადოების დაკვეთა. აქტუალურია მაღალწელიანი შარვლები, ვიწრო და სწორი სილუეტით, რაზეც შეგვიძლია მოვირგოთ მოკლე ბლუზები და ჩატანებული პერანგები; ასევე მკაცრი სტილის პიჯაკები, მანტოები, რასაც, როგორც წესი, უფრო მამაკაცური, ფართოქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება.
- როგორი ფეხსაცმელი და ჩექმაა აქტუალური?
- აქტუალურია ტყავის ფაქტურისა და გამაშის სტილის მუხლსზევით მომდგარი ნაქსოვი ფეხსაცმელი, თუმცა ამან შეიძლება ოდნავ ვულგარულად წარმოგვაჩინოს, რაზეც სიფრთხილე გვმართებს. საერთოდ, ჩემი აზრით, ადამიანს რაც უფრო სადად და მოკრძალებულად აცვია ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში, მით უფრო მისაღები და პატივსაცემია იგი. უპირველესად უნდა ვიცოდეთ, სად როგორ ჩავიცვათ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''