
- ეს ფოტოპროექტი მხოლოდ ფოტოსურათებით არ შემოიფარგლება. პირველ რიგში, პირადად მე მაინტერესებს, როგორ მიაღწიეს ადამიანებმა ამ ასაკამდე. რა პრინციპებით ცხოვრობდნენ, რა წესებს იცავდნენ, როგორი სულიერი და

- პროექტზე მუშაობა როდის დაიწყე?
- შარშან სექტემბერში. პირველი ადამიანი სრულიად შემთხვევით სოფელ გაჩიანში აღმოვაჩინე. ჩემთვის ძალიან დაუჯერებელ მდგომარეობაში 103 წლის ალი აბდულაევი პენსიის ასაღებად იყო მოსული ბანკის მანქანასთან, რომელიც მისი სახლიდან ერთი კილომეტრის დაშორებით გამგეობასთან ჩერდება. ამ ამბავმა იმედი მომცა, რომ ეს პროექტი გამეგრძელებინა. შემდეგ ყველა ჩემს ნათესავს, მეგობარსა და ნაცნობს ვთხოვე, მოეწოდებინათ ინფორმაცია ასეთ ადამიანებზე. თავიდან შედარებით რთული იყო, ვისაც ვეკითხებოდი, ჰყავდათ თუ არა საახლობლოში ან სოფელში 100 წლის ადამიანები, უმრავლესობა ჩემს შეკითხვას ირონიულად ხვდებოდა. უბრალოდ, არ სჯეროდათ და ხუმრობა ეგონათ. შემდეგ ამ პროექტს გამოეხმაურა ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ორი სტუდენტი: ნანიკო და მარიამი, რომლებმაც შემომთავაზეს ამ პროექტის გაპიარება, გავრცელება, რაზეც უსიტყვოდ დავთანხმდი. ამან აშკარად იმუშავა. მალევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაიწყეს რეკვა და მაცნობებდნენ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებზე.

- რა სირთულეები შეგხვდა პროექტის მომზადებისას?
- მთავარი იყო და არის გზის ხარჯები. თერთმეტი რეგიონიდან რამდენიმე დამრჩა, აფხაზეთზე, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამ ფინანსური და არა მარტო ფინანსური სირთულების გადალახვაში, უფლის წყალობით, კეთილი ადამიანები დამეხმარნენ.

- გამოფენა როდის გაიმართება?
- გამოფენას არ ექნება ერთჯერადი სახე. მინდა, საზღვარგარეთაც გავიტანო პროექტი და მსოფლიოს საქართველოს კიდევ ერთი დადებითი მხარე ვაჩვენო.

- ყველაზე ხანდაზმული ადამიანი რა ასაკში გადაიღე?
- 124 წლის საილი სადიხოვას საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს, რომელიც მისმა შვილმა მიამბო, რადგან აზერბაიჯანული არ ვიცი. მითხრა, რომ ახალი გათხოვილი იყო, როცა ქმარი ომში წაიყვანეს. ვაჟი შეეძინა, რომლის გაზრდაც დედას მოუხდა, მამა ომიდან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი მეცხვარეობას ეწეოდა და საილიმ გააგრძელა ქმრის დანატოვარი ცხვრის მოვლა, დროთა განმავლობაში ოჯახი ცხვრის წყალობით იზრდებოდა და ძლიერდებოდა. თავიდან ხის სახლში ცხოვრობდნენ, საილი ფულს აგროვებდა სახლის ასაშენებლად, მაგრამ ხანძარმა მიწასთან გაასწორა მისი სახლი და სკივრი, რომელიც თითქმის სავსე ჰქონია ნაგროვები ფულით. ეს ამბავი ძალიან განუცდია, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ისევ მეცხვარეობით და შრომით შეუგროვებია დიდი ფული და სახლიც აუშენებია, რომელშიც პირადად მე მომიწია მისვლამ მის გადასაღებად. ეს უბრალოდ სახლი არ არის, ეს უზარმაზარი სასახლეა, ოთხსართულიანი. როცა ოჯახი გავიცანი, გავიგე, რომ თითო სართული ოთხი შვილიშვილისთვის უჩუქებია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''