29 ივნისი, 2013
„მკურნალი კლოუნების“ ღიმილიანი საქმე
უკვე ათი წელია ამ პროფესიას ვემსახურები და როგორც კი ადამიანს თვალს მოვკრავ, მაშინვე ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე, საიდან დავიწყო, როგორ ვაგრძნობინო, რომ მისი გახალისება შემიძლია. ეს პროფესია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წლების წინ გაჩნდა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერო-ბით არ დამკვიდრებულა... არადა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და ავადმყოფების მკურნალობის დროსაც კი დიდი წარმატებით სარგებლობს. „მკურნალი კლუონები“ - ასე ჰქვიათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებსა თუ პაციენტებს ყველაზე საჭირო დროს გვერდში უდგანან. ჩვენი რესპონდენტები ისრაელიდან არიან. ტელ-ავივში დაარსებულ ორგანიზაცია „ოცნების
ექიმებში“ ათი წელია მუშაობენ და მათივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, ადამიანების გაღიმებას ემსახურებიან.
ეს საოცარი ადამიანები საქართველოში ისრაელის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოვიდნენ და თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში პაციენტები მოინახულეს...

რენამა ლოთერ ოფირი:
- სამედიცინო განათლება არ მაქვს, თუმცა ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ შემიძლია ჩემი თავი, ჩემი შინაგანი ბუნება გამოვხატო. ამ დროს გარდავისახები სხვა ადამიანად და ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებაში მიზეზთა გამო არ შემიძლია. ეს არის ჩემთვის შინაგანი ხასიათის გამოვლენის ერთადერთი გზა და ვეხმარები ადამი ნებს, რაც დიდ შვებას მანიჭებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავადმყოფ, დეპრესიაში მყოფ, ან ძალიან დიდი პრობლემების მქონე ადამიანებს ვეხმარებით, მათ თავიანთი პრობლემები ცხოვრების ხალისიანად გაგრძელებაში ხელს უშლით და აშინებთ. მათი დახმარება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ნოამ ინბარი:
- სამედიცინო განათლება არც მე მაქვს, მაგრამ ეს საქმე, როგორც მსახიობს, თვითრეალიზაციაში მეხმარება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ადამიანს ვეხმარები, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის, რა ეროვნებისაა, რა რელიგიური აღმსარებლობის და რა სქესის, ან სად ცხოვრობს, ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირად საინტერესოა. იქ, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარია. ეს არის ძალიან კარგი მიზანი და საშუალება, გავაერთიანოთ სამყარო ღიმილითა და სიყვარულით. ბედნიერი ვარ, რომ გასაჭირში მყოფი ბავშვისა და მშობლისთვის ცოტა რამის გაკეთება შემიძლია, რითაც მათ თავს სხვანაირად ვაგრძნობინებ და არსებულ მდგომარეობას შევუმსუბუქებ. ჩვენ გარშემო თუ სხვებიც გაერთიანდებიან, ამით სტრესული მსოფლიო ცოტათი მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.
- როგორ გაჩნდა მკურნალობის ამ განსაკუთრებული მეთოდის იდეა?
რენამა ლოთერ ოფირი:
- მეც მსახიობი ვარ. ოღონდ იმ თეატრში არ ვმუშაობ, სადაც ნოამი. მეტიც, ჩვენ სხვადასხვა საავადმყოფოში ვმუშაობთ, მაგრამ ერთი საქმე გვაერთიანებს - სიცილი და გართობა, ეს ის აუცილებელი რამ არის, რაც ადამიანებს ასე აკლიათ და სჭირდებათ. ორგანიზაციას, რომელიც ადამიანებს ამ ყველაფერს აძლევს, „ოცნების ექიმები“ ჰქვია და იქ ბევრი მკურნალი კლოუნი მუშაობს. რაც შეეხება მის დაარსებას, ეს საკმაოდ ძველი პროფესიაა. პირველად საფრანგეთში დაახლოებით XIX საუკუნეში შეიქმნა და მას შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკასა და ევროპაში გავრცელდა.
- რით განსხვავდება ისრაელისა და ამერიკის პროექტები ერთმანეთისგან?
- ამ ორი ქვეყნის სამედიცინო კლოუნებს განსხვავებული სამუშაო გამოცდილება აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის სამკუთხედი - კლოუნი, ექიმი და პაციენტი ერთმანეთთან შეკრული არიან და ისინი თავიანთ განწყობას ტალღისებურად გადასცემენ ერთმანეთს. ეს არ არის მხოლოდ გართობისთვის შექმნილი შოუ, სამკურნალო პროცესია, რომელიც კომპლექსურად ხორციელდება.
- იმ ადამიანების ასაკი, რომელთაც თქვენ ეხმარებით, შეზღუდულია?
ნოამ ინბარი:
- არა, ჩვენ ყველას ვეხმარებით, მაგრამ უმეტესად მაინც ბავშვებს... ტელ-ავივის ერთ-ერთი საბავშვო თეატრის მსახიობი ვარ და სპექტაკლებშიც ვმონაწილეობ. რაც შეეხება საავადმყოფოში მუშაობას, იქ ასაკობრივი ზღვარი ჩვილი ბავშვებიდან იწყება და 18 წლამდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსებთან არ ვმუშაობთ. როგორც შეგვიძლია, ყველას ვეხმარებით, რადგან ამ სამყაროში დახმარება და ცოტა სიხარულის გაზიარება ყველას სჭირდება. ის ადამიანები, რომელთაც პრობლემები აქვთ, პატარა ბავშვებივით არიან და განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება, მხიარული განწყობა და რაც მთავარია, სიცილი... უკვე ათი წელია ამ პროფესიას ვემსახურები და როგორც კი ადამიანს თვალს მოვკრავ, მაშინვე ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე, საიდან დავიწყო, როგორ ვაგრძნობინო, რომ მისი გახალისება შემიძლია.
- რაც შეეხება ბავშვებს, ზოგი პატარა ჩაკეტილი და უკარებაა, მით უფრო, თუ მას რაიმე აწუხებს. ეს მუშაობაში ხელს არ გიშლით?
- დიახ, მაგრამ ეს დაბრკოლება ჩვენთვის არ არსებობს. ის ბარიერი, რომელსაც ბავშვის რთული და ჩაკეტილი ხასიათი ჰქვია, მუშაობის დაწყების პროცესში გადავლახე და ეს პრობლემა ჩემთვის აღარ არსებობს... როდესაც ბავშვი გაჯიქებულია, განსაკუთრებულ შემთხვევებს ვგულისხმობ, ჩვენ მშობლებს „ვითრევთ“ ჩვენს კამპანიაში და ამ დროს ბავშვი ვერ უძლებს ცდუნებას. შემდეგ კი ვცდილობთ, რამდენადაც შესაძლებელია, პოზიტიური განწყობა შევუქმნათ. ეს ეხება საავადმყოფოს პაციენტ ბავშვებს და მათთან მყოფ მშობლებს... არასდროს გვავიწყდება სამედიცინო პერსონალი, რომელთაც მუდმივად მათთან ყოფნა უწევთ და არანაკლებ სტრესულ მდგომარეობაში არიან.
- პროგრამა ყველასთვის განსხვავებულია?
- ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა გვაქვს, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ მეორდება არც ბავშვთან და არც მოზარდთან... საქმე ის არის, რომ ჯგუფი, რომელზეც ჩემი კოლეგა გიყვებოდათ, ათი წლის წინ ჩამოყალიბდა და თავდაპირველად სულ სამი კლოუნი მუშაობდა, ახლა 70 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი ტიპაჟითა და მუშაობის მეთოდით განსხვავდება, ისევე, როგორც თავად ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ვის როგორ უნდა მივუდგეთ, ამას თავად კლოუნები ვწყვეტთ, ოღონდ ის აუცილებლად იმ გამოცდილებაზეა დამყარებული, რომელიც ორგანიზაციამ წლების განმავლობაში დააგროვა... ჩვენი და მათი, ასე ვთქვათ, პაციენტების ურთიერთობა, ერთჯერადი არასდროს არ არის, ჩვენ კავშირი არ იწყება ფეიერვერკების მოწყობითა და ხმაურიანი მისალმებით, ერთი შეხედვისთანავე ვხვდები, როგორი ურთიერთობა უნდა შედგეს მკურნალ კლოუნსა და იმ ადამიანს შორის. უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ, კლოუნები, სადღაც შორს ან მასზე მაღლა კი არ ვდგავართ, მასთან ვართ, მის გვერდით, მისიანი ვართ და ისე ველაპარაკებით.
Rating
- ეს როგორ ხდება?
- გამიჭირდება სიტყვებით აგიხსნათ, ჩვენი ურთიერთობა უნდა ნახოთ...
- ტელ-ავივში მომიწევს ჩამოსვლა?
- (იცინის) რატომაც არა, დამიჯერეთ, როდესაც ამ ყველაფერს ნახავთ, მიხვდებით, რომ ღირდა... ყოფილა შემთხვევა, როდესაც დერეფანში შევხვედრივარ ბავშვს და მაშინვე მივმხვდარვარ, როგორ უნდა მივიდე მასთან და რა უნდა ვუთხრა. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური კურსები, სადაც მუდმივად ახალ მეთოდებზე მუშაობენ, ეს ეხება როგორც მუსიკას, თოჯინების თეატრს, ასევე, უბრალოდ, ხუმრობას... როგორც კი პაციენტს გავიცნობთ, ანუ მივხვდებით, ერთმანეთისგან რა გვინდა, „ოცნების ექიმი“ საქმეში რთავს ფანტაზიას, რომელსაც საზღვარი არა აქვს. თუმცა ეს ყველაფერი საავადმყოფოში ისე უნდა ხდებოდეს, რომ სისტემას ხელი არ შევუშალოთ, პირიქით, მშვიდი გარემოს შექმნაში უნდა დავეხმაროთ.
- რამდენ ხანს გრძელდება თქვენი სამუშაო?
- 45 წუთიდან ერთ საათამდე...
- განსაკუთრებული შემთხვევები ალბათ ბევრია...
- დიახ, ჩვენ როგორც პატარა, ასევე ზრდასრულ ადამიანებთან გვიწევს ყოფნა მაშინაც, როდესაც ისინი მძიმე ოპერაციისთვის ემზადებიან და ანესთეზიას უკეთებენ... ასევე მაშინ, როდესაც ბავშვს მძიმე დამწვრობა აქვს და ის ქირურგთან, ან უბრალოდ, დამწვრობის ექიმთან შეჰყავთ. ეს ძალიან ძნელია, რადგან ადამიანს დამწვრობით მიღებული ტკივილის ატანა და მოთმენა ძალიან უჭირს.
- საოცარია... ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხალისისა და გართობისთვის როგორ უნდა განაწყო?..
რენამა ლოთერ ოფირი:
- მოდით და თქვენი თვალით ნახეთ, ამიტომაც გეპატიჟებით ჩვენს ქალაქში. სხვა საინტერესო ადგილებთან ერთად, ჩვენი მუშაობის სპეციფიკასაც გაგაცნობთ. დამიჯერეთ, არ დაითრგუნებით, პირიქით, ნახავთ, რომ ჯანსაღ იუმორს და კარგად მოფიქრებულ, ნიჭიერ სპექტაკლს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის, ადამიანისთვის აუტანელი ტკივილის დავიწყებაც...
ნოამ ინბარი:
- მართალი ხართ, იმისთვის, რომ ადამიანს ტკივილი და პრობლემები დაავიწყო, მართლაც უდიდესი ძალისხმევაა საჭირო. მაგრამ მე ამ დროს ბოლომდე ვიხარჯები, რათა მას დავანახვო, რომ მასთან ერთად მეც მეშინია, რომ ის მარტო არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თამაში, მან ეს ნამდვილად უნდა იგრძნოს... ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, პირადად მე გამიმხიარულებია დედა, რომლის შვილიც ძალიან ცუდად იყო და საოპერაციოში შეჰყავდათ... ამ დროს მას ისე ველაპარაკები, თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა და მე ვიყავი იმ ბავშვის დედა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მსგავს შემთხვევებში მშობლები თავს იდანაშაულებენ, თითქოს უბედურება ბავშვს მათი უყურადღებობით დაემართა. ვცდილობ, მათ სტრესი მოვუხსნა, რადგან ასეც რომ იყოს, ამით ვერაფერს შეცვლიან, პირიქით, ამ დროს ბავშვს უფრო მობილიზებული დედ-მამა სჭირდება.
- ბავშვებთან ურთიერთობას შემდგომშიც აგრძელებთ?
- დიახ, უმეტეს შემთხვევაში ასეა. თუმცა, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ექიმებმა რამდენიმე ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს და ამა თუ იმ სენმა მე ძალიან კარგი პატარა მეგობარი წამართვა...
ერთ შემთხვევას გავიხსნებ, მე მყავდა 14 წლის მეგობარი ბიჭუნა, რომელსაც სერიოზული პრობლემა ჰქონდა და გადაადგილება უჭირდა. როდესაც ის გაიხსნა, მითხრა, რომ ის ვერასდროს შეძლებდა ლამაზი გოგონების მოხიბვლას, რადგან კომპლექსი ექნებოდა. დიდხანს ვეძებდი ინტერნეტში ისეთ ადამიანებს, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდათ, და 5-6 ვიპოვე. მათ პირადი ცხოვრებაც აწყობილი ჰქონდათ და კარიერაც. ჰქონდათ სასიყვარულო თავგადასავლები. გადმოვიწერე მათი მონაცემები და როდესაც ბიჭთან სტუმრად მივედი, ვაჩვენე... ავუხსენი, მთავარია, საკუთარ თავში იპოვო იმედი და მერე ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... მას შემდეგ წლები გავიდა, ის ძალიან კარგი ბიჭია და თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზეც მუდმივად მიყვება.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS