29 ივნისი, 2013
აქვს თუ არა კავშირი არჩილ გელოვანის დაკავებასთან სოფო ნიჟარაძეს
რატომ დააკავეს იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ მოიპოვება?!. ეს იყო არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა არჩილ გელოვანის წინააღმდეგ. ლილი გელაშვილი დიდი ხანია, ადვოკატის პრაქტიკას ეწევა. წლების წინ ის ეკა ბესელიასთან ერთად მუშაობდა საადვოკატო კომპანიაში და იქიდან მოყოლებული, მასთან ერთობლივი საქმეც ბევრი ჰქონია, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ხმაურიანი საქმე. ლილი გელაშვილი იცავდა ლევან კალაძის საქმეზე ბრალდებულ დავით ასათიანსაც და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საქმედ იხსენებს.
დღეს
ლილი გელაშვილი სხვა ბევრთან ერთად იცავს თამაზ თამაზაშვილისა და არჩილ გელოვანის ინტერესებსაც. ადვოკატს გახმაურებული საქმეების შესახებ ვესაუბრეთ.

ჟურნალისტობა და ადვოკატობა საკმაოდ უმადური საქმეა. რატომ გადაწყვიტეთ, ადვოკატის პროფესიას დაუფლებოდით?
- მხოლოდ ნაწილობრივ გეთანხმებით უმადურობის კუთხით (იღიმის), მით უმეტეს, თუკი გავიხსენებთ ბოლო წლების მასობრივ გამამტყუნებელ განაჩენებს, რომლებიც არ იყო ადვოკატზე დამოკიდებული და შესაძლოა, კლიენტის უმადურობის მიზეზიც გამხდარიყო. მაგრამ სხვა მხრივ თუ ვისაუბრებთ, ადვოკატის საქმიანობა, ჩემი მოსაზრებით, მორალურად ყველაზე მეტად არის გამართლებული, მით უმეტეს, როცა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობ და პატიმართან გაქვს შეხება. ჩემს არჩევანს საქმისადმი სიყვარული განაპირობებს. ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ იურისტის პროფესია ქალისთვის საკმაოდ მძიმეა. მიუხედავად ასეთი არჩევანისა, არ ვნანობ. ბოლო წლებში საჯარო სამსახურში მუშაობაც ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ როცა რეალური გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, ჩემი პროფესია სხვა ვერაფერზე გავცვალე. ადვოკატებმა ძალიან მძიმე ცხრაწლიანი პერიოდი გამოვიარეთ. ამით ბევრი ადვოკატის პოზიციას ვახმოვანებ. ადვოკატების უმრავლესობას არ გაგვჭირვებია არჩევანის გაკეთება უზნეობასა და ზნეობას შორის. უზნეობაზე უარის თქმა ძნელი გადასაწყვეტი არ არის.
- ბოლო ცხრა წელი ახსენეთ. რომელი იყო ყველაზე მძიმე საქმე თქვენთვის?
- ბევრის დასახელება შემიძლია, მაგრამ რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, თანაც იმიტომ, რომ უმძიმეს სამუშაოდ მახსენდება - ლევან კალაძის საქმე. მოგეხსენებათ, საჯარო ინტერესი ძალიან მაღალი იყო. გახსოვთ, ალბათ, როდესაც ამ საქმეში მონაწილეობისთვის სამი ადამიანი დააკავეს, მე და ეკა ბესელია ვიცავდით დავით ასათიანის ინტერესებს. დღემდე მომყვება ეს საქმე, რომელმაც მორალურად ძალიან დამტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და საქმე გახსნილად ითვლება, არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ეყრდნობა. ჩემი მოსაზრებით, ეს საქმე ბოლომდე არ არის გახსნილი. იმდენად საეჭვო ვითარებაში აღმოაჩინეს გვამი და პროცესუალური ლაფსუსებით დამარხეს, როგორც უცნობი მიცვალებული, რომ მივიჩნევ, შეგნებულად არ ჩაუტარდა ექსპერტიზა. საქმეს ბევრი ჩრდილი ახლდა და დღემდე ასეა, რაც ისევ მაწუხებს. თუკი დაგვიანებული არ იქნება, ალბათ, მოვა დრო, რომ ამ საქმის თავიდან გამოძიების საკითხი დადგება დღის წესრიგში. ასევე მახსენდება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც, მას მე და ეკა ბესელია ვიცავდით. ჩვენ 1998 წლიდან ერთად დავაფუძნეთ საადვოკატო კომპანია და წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით.
- თქვენს დღევანდელ საქმეებზე ვისაუბროთ.
- ეს საქმეები ძველი ხელისუფლების დროს დაიწყო და ახლაც გრძელდება. თამაზ თამაზაშვილის ინტერესებს ვიცავ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ის 2012 წელს დააკავეს. ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის პერიოდი გახლდათ და დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ყველანაირ უკანონობაზე მიდიოდნენ, ყველანაირ იგნორირებას უკეთებდნენ ელემენტარულ პროცესუალურ ნორმებს. რატომ გამოვიდა არჩევნების შემდეგ თამაზ თამაზაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე? მას არც ერთ ეტაპზე არ უღიარებია მის მიმართ წარდგენილი ბრალი. ახლა უკვე გაცხადდა ამისი მიზეზი, რასაც მანამდე ვერ ვახმაურებდით. არჩევნების შემდეგ თითქოს ხალხმა ამოისუნთქა, მაგრამ ციხეში ისევ ის ხალხი იყო, რომელთა შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, ადვოკატები ბრალდებულებთან თვალებით ლაპარაკს ვსწავლობდით. წინასაარჩევნოდ ფოთში გახლდით, როდესაც სასწრაფოდ მთხოვეს თბილისში ჩამოსვლა. მაშინ თამაზ თამაზაშვილს ციხეში შევხვდი და იმას, რაც მოგვიანებით გასაჯაროვდა, მაშინ მომიყვა. შეგნებულად არ ვახმაურებდით იმ ადამიანის ვინაობას, ვინც თამაზაშვილს მისი ლიკვიდაციის ბრძანების შესახებ აცნობა. არჩევნების შემდეგ ცოცხალი თამაზაშვილი არავის სჭირდებოდა, უფრო მეტი იყო ალბათობა, რომ მას მოიშორებდნენ, ამიტომაც გახდა საჭირო მისი ციხიდან რაც შეიძლება მალე გამოყვანა. ჩვენ გვინდოდა, შეგვენარჩუნებინა მისი სიცოცხლე...
- რამდენადაც ცნობილია, ბატონი თამაზი აპირებს ჩივილს...
- სარჩელი უკვე მზადდება, თუმცა ორ საქმეში თამაზაშვილი თავად არის დაზარალებულად ცნობილი. ერთი უკვე გახმაურებულია, ექვსი პოლიციელი დაკავებულია, დეტექტივ-გამომძიებლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თამაზაშვილის დაკავებაში, როდესაც მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მეორე საქმე კი ციხის კადრებს ეხება, როდესაც თამაზაშვილს დასდეს ბრალი მათ ინსცენირებაში, აქ ახლა ბრალდებულად ადეიშვილია ცნობილი. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდში თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა, თუმცა ეს ვიდეოკლიპები მხოლოდ გიგა ნასარიძის მოკლე ჭკუის ნაყოფი არ ყოფილა და საჩივარი შევა არა მხოლოდ მის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგაც. არსებობს საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამები თამაზაშვილის შესახებ, სადაც მან არ დაიცვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამიტომაც მის წინააღმდეგაც შევა სარჩელი. ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს. თამაზაშვილის ერთ-ერთი მესაკნე ყოფილ მინისტრს ხელს ადებს და დეტალურად აღწერს, რა შესთავაზა კონკრეტულად თამაზაშვილის წინააღმდეგ, კერძოდ, როგორ უნდა მიეცა თამაზაშვილისთვის აბი. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ კალმახელიძემ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ. ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი და კიდევ რამდენიმე ფაქტი ადასტურებს, რომ კალმახელიძემ არათუ იცოდა, არამედ ზოგიერთ საქმეში თავადაც მონაწილეობდა. თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა, სასჯელი, სავარაუდოდ, მცირე არ იქნება.
Rating
- როგორც არჩილ გელოვანის ადვოკატი, რას იტყვით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის აპირებს, სასამართლოზე სკანდალური ჩვენება მისცეს სოფო ნიჟარაძის წინააღმდეგ?
- ამ საქმესთან დაკავშირებით ზოგი ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. სოფო ნიჟარაძის წინააღმდეგ არანაირი ჩვენება სასამართლოზე არ იქნება, რადგან ამას ბრალთან არანაირი შეხება არ აქვს. გელოვანი წინა რეჟიმისა და პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ადამიანს ბრალს სდებენ ქურდობაში მაშინ, როდესაც არ არის დამტკიცებული, რეალურად არის თუ არა მოპარული წიგნები. ეს წიგნები თვალით არავის უნახავს და არც ექსპერტიზა ჩატარებია. პიროვნება, რომელსაც ქურდობას ედავებიან, არქივის დირექტორი, ეცადაშვილი, საერთოდ არ იცნობს არჩილ გელოვანს და ამას თავად ადასტურებს. ამის მიუხედავად, გელოვანს მაინც წაუყენეს ბრალი და ექვსი თვით ციხეში გამოკეტეს ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ციხესთან. ვიდრე სახელს დაარქმევდა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, თავისი დაკავებით გაოგნებული იყო. რაც შეეხება სოფო ნიჟარაძის ფაქტორს, ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ. დავიტოვებ უფლებას, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით განცხადებები დღეს არ გავაკეთო. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი უკვე ფინალშია გასული. შემიძლია დავაანონსო, რომ ეს საქმე არ დამთავრდება გამოტანილი გადაწყვეტილებით და მას კიდევ ექნება მსვლელობა. სასამართლოს დასრულების შემდეგ არჩილ გელოვანი საჯაროდ, პრესკონფერენციაზე იტყვის, რა და როგორ მოხდა. მანამდე კი საზოგადოებას მივანდოთ დასკვნის გაკეთება, მარშალ გელოვანის შვილიშვილი, ასეთი ოჯახის წარმომადგენელი, „ქართული ფილმის“ დირექტორი, რატომ დააკავეს იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ მოიპოვება?!. ეს იყო არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ერთი ადამიანის, სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნა არჩილ გელოვანის წინააღმდეგ.
- გავრცელდა ჭორი, რომ მას პრეზიდენტმა ფილმში „სიყვარული აქცენტით“ ნიჟარაძის მთავარ როლზე დამტკიცება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
- არჩილ გელოვანი იყო „ქართული ფილმის“ დირექტორი და პროექტი „სიყვარული აქცენტით“ , რომელიც საზოგადოებამ ნახა, მას ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ის იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორც პროდიუსერი, მთავარ თუ მეორეხარისხოვან როლებთან დაკავშირებითაც. ფილმის გადაღებები გაჩერდა არჩილ გელოვანის უსამართლო დაკავების შემდეგ და აღდგა მისი გათავისუფლების შემდეგ. სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებზე, როგორც ზემოთ გითხარით, მოგვიანებით ვისაუბრებთ.
Rating


ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
.
გასაგებია რომ ბევრი ბრალდება უსაფუძვლოა,ბევრი საქმეა გასაკეტებელი მაგრამ გაუგებარია რა შუაშია ვინ ვისი შვილიშვილია და ა.შ. კანონისტვის ყველა ერტი უნდა ვიყოტ და ეს ადვოკატმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.ამისტვის ვიბრძოდიტ და ისევ ისე გრძელდება?
19:10 / 30-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS