- ''იმედის კვირა'' არ არის პოლიტიკური, ის უფრო მეტად სოციალურია, უბრალოდ, ეხმაურება ყველა აქტუალურ
- თავიდან ხუმრობა მეგონა, როცა წამყვანების ვინაობა გაცხადდა.
- თურმე, ჩემს კანდიდატურას დიდხანს ისე განიხილავდნენ, რომ მე არ ვიცოდი. წამყვანებთან დაკავშირებით სრული ეკლექტიკაა და თვითონაც არ გვჯეროდა, რომ ერთად უნდა წაგვეყვანა გადაცემა. ეს იყო ტელეკომპანია ''იმედის'' ხელმძღვანელობის იდეა. ვფიქრობ, ცუდი გადაწყვეტილება არ არის. ერთ სივრცეში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვსხედვართ, რომელთა შეხედულებებიც მაყურებელმა მეტ-ნაკლებად იცის. პირადად მე არასდროს მიმუშავია ისეთ ფორმატში, სადაც საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ თემაზე ვერ გამოვთქვამდი, პირიქით, ამის საშუალება ყოველთვის მქონდა. შესაძლოა, ინგა გრიგოლიასთვის ეს მართლაც პირველია, რადგან მას მიჰყავს პოლიტიკური თოქშოუ, სადაც მას სუბიექტურობის უფლება არ აქვს და არც არასდროს ყოფილა. გადაცემას რომ გეგმავდნენ, საუბრობდნენ, უნდა ვიყოთ თავისუფლად და ის ვთქვათ, რასაც ვფიქრობთო. მე კი გამიმართლა და სულ ისეთ გადაცემებზე და ისეთ პროდიუსერებთან მიწევდა მუშაობა, რომ არასდროს დამიმალავს ჩემი სუბიექტური აზრი არც თემის და არც სტუმრის მიმართ. მქონია ძალიან მწვავე თემები და სტუმრებიც მყოლია ასეთი, ახლა ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ ერთ სტუმარს სარჩელი ჰქონდა გამზადებული და უნდოდა, ჩემთვის ეჩივლა. მე კარგად მახსოვს ეს ამბავი და ბევრ მაყურებელსაც ახსოვს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეთერში სრული თავისუფლება მქონდა. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, უზრდელი ნამდვილად არ ვარ და მიმაჩნია, რომ კულტურული ადამიანი ვარ, მაგრამ ზოგიერთ ეთერში ჩემი აზრი რადიკალურად გამომითქვამს.
- ახლა მაინც უფრო მეტი საშუალებაა, რადგან პოლიტიკური თემები ჭარბობს და მკაფიოდ გიწევს საკუთარი აზრის დაფიქსირება.
- სხვა გადაცემებში მეტ-ნაკლებად იცი, რა უნდა ჰკითხო სტუმარს და რა - არა. აქ კი არავინ ვიცით. ღია ეთერში, ჩვეულებრივი მაყურებლის პოზიციიდან, რა შეკითხვაც გაგიჩნდება, ის უნდა დასვა. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურია თუ არა. ყველანაირ პრობლემაზე ადამიანური ენით ვლაპარაკობთ. მერე რა, რომ პოლიტიკურ თემაზე არასდროს მიმუშავია. როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეც მაქვს კითხვის დასმის უფლება, რატომაც არა, პირიქით, კარგია.
- პოლიტიკაში ერკვევი?
- მეტ-ნაკლებად. რა თემებსაც შევეხეთ, ჩემმა შვილმაც კი იცოდა, ამიტომ არ გამჭირვებია. მაგრამ რაღაც თემებში მართლა ვერ ვერკვევი და მაქვს საშუალება, რომ ადგილზე გავერკვე. გადაცემას, სხვებთან ერთად, ერთი პლუსი აქვს, ერთი ხაზი არ აქვს დაცული, სიყვარულიდან შეიძლება, სიტყვაზე ვამბობ, გადაინაცვლო პლანეტების თემაზე, საიდან სად გადადიხარ, თავად არ იცი. არის სპონტანურობა, არავინ ვიცით, ვინ რა შეკითხვას დასვამს. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.
- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს შეცვლილ ამპლუაში?
- თავიდან ყველა ჩვენგანი ძალიან ნერვიულობდა. მე ძალიან ხშირად მიმუშავია წყვილში, რაც სრულიად ცალკე საკითხია. დუტასთან ერთად ვყოფილვარ ეთერში, დანარჩენი წამყვანები ჩემთვის ძალიან ახალია. მეორე და მესამე გადაცემაზე უკვე აღარ მიღელვია.
- ალბათ, ძალიან საპასუხისმგებლოა.
- ყველა სამუშაო, მათ შორის, ვთქვათ, მეეზოვის, ძალიან საპასუხისმგებლოა. დილას სახლიდან ადრე გამოვდივარ და ვხედავ, როგორ ასუფთავებენ ქუჩებს მეეზოვეები. ისინი რომ არა, ნაგავში დავიხრჩობოდით. ასე რომ, პასუხისმგებლობა ყველა საქმეში საჭიროა.
- ჩვეულებრივი მაყურებლის რეაქცია როგორია?
- მანდ რა გინდაო, ხშირად მეკითხებიან. მეც ვეუბნები - მინდა (იცინის).
- სოციალურ ქსელებში გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ იმასაც, რომ ინგა, შალვა და ეკა მთავრობის პოზიციას იცავენ, ნანიკო და დუტა კი, ''ნაციონალებისასო'', ანუ მთავრობის საწინააღმდეგოს.
- სად დაინახეს?!. მახსოვს, ერთ გადაცემაში ვთქვი, ყველა მთავრობა გვპირდება, რომ აფხაზეთში დაგვაბრუნებს, წლები გადის და ეს დაპირება არ სრულდება-მეთქი. სხვა მეტი არაფერი მახსოვს, აქედან გამოიტანეს ეს დასკვნა? ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით.
- კიდევ წერდნენ, გადაცემა ჭორაობას ეთმობაო, ლელა კუკულიას სტუმრობასთან დაკავშირებით.
- იმიტომაც არ უყურა მთელმა საქართველომ და იმიტომაც არ გაივსო გადაცემის ''ფეისბუქი'' თხოვნებით, იქნებ, ქალბატონმა ლელამ მიგვიღოსო. თუკი არასერიოზული და საქილიკოა, რატომ ითხოვენ მასთან შეხვედრას? ეს გამოხმაურება დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა. მის თითოეულ წინადადებას დიდი ყურადღებით მოუსმინეს.
- ამბობენ, რომ უფრო მეტად ინგა არის ამ გადაცემის წამყვანი და ''რეაქციის'' გაგრძელებასავით გამოვიდაო.
- გადაცემის ფორმატი გულისხმობს იმას, რომ წამყვანთაგან ერთ-ერთი წარადგენს თემას, სტუმარს შემოიყვანს და ა.შ. შესაძლოა, პირველი გადაცემა მართლაც იყო ''რეაქციის'' გაგრძელება, რადგან ძალიან სწრაფად ავაწყვეთ და ცოტა დაბნეულებიც ვიყავით, შემდეგ გადაცემებზე იმავეს ვეღარ ვიტყვი.
- ამ ყველაფრის შემდეგ პოლიტიკურ ჟურნალისტიკაზე რას ფიქრობ?
- პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობა არ მინდა, მაგრამ ვფიქრობ, სამი-ოთხი გადაცემის შემდეგ მეც ზუსტად იმდენივე მეცოდინება ამ სფეროზე, რამდენიც პოლიტიკაში მომუშავე ჩემმა კოლეგებმა იციან.
- ამბობ, რომ გადაცემამ კარგი რეიტინგი დადო. ''რუსთავი 2''-ზე ამ დროს ''პ.ს.'' გადის.
- ზოგადად, მძაგს და მაღიზიანებს, როდესაც ბრძოლა რეიტინგებით მიდის. ვფიქრობ, ეს ტელევიზიების შიდა სამზარეულოა. როცა დაბალი რეიტინგი გაქვს, უნდა იზრუნო მის ამაღლებაზე. თუ გაქვს, თითი არ უნდა უქნიო კოლეგებს და საჯაროდ არ უნდა წარადგინო. მახსოვს, ერთხელ ''იმედის'' და ''რუსთავი 2''-ის თოქშოები ეხანჯლავებოდნენ ერთმანეთს და ''მაესტრომ'' გამოდო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ორივეს თურქულმა სერიალმა მოუგო. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა (იღიმის). მეორე მხრივ, ძალიან გამიხარდა, როდესაც ორშაბათ დილას პროდიუსერმა მომწერა, რომ ტოპათეულის პირველ ადგილს ვიკავებდით, თუმცა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას ვებრძვი. უბრალოდ, გამიხარდა. თვითმიზანი არ გვაქვს, რომ სკანდალი შევქმნათ. თემები თავად ხდება რეზონანსული.
- თავისუფალი დრო გრჩება?
- ყველაფერს ვასწრებ შუა კვირაში, ახლა შაბათ-კვირა არ მაქვს, მაგრამ შვილს არ მოვაკლდი, რადგან შაბათ-კვირას ის ბებიასთან ატარებს. საღამოობით მაქვს თავისუფალი დრო. მთავარია მოგინდეს და დროს ყველაფრისთვის იპოვი.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''