- ბატონო გოგი, რა განსხვავებაა ქართველ და ამე-რიკაში
- იქ აბსოლუტურად თავისუფალი ხალხია, ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა, რადგან სახელმწიფო მათ საქმეში არ ერევა და მასზე არ არიან დამოკიდებული. აქ კი ახალგაზრდები დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოზე. დავიწყოთ განათლებით: სამხატვრო აკადემია სახელმწიფო სტრუქტურაა, სადაც პედაგოგების 90% არაფერს ასწავლის. სტუდენტები ჩივიან ამის გამო; ერთმა მითხრა, ლექტორს ვუთხარი, ჩემთვის 5 წუთი დაეთმო და მიპასუხა, თავი დამანებეო. ამას ამერიკაში და საერთოდ, საზღვარგარეთ ვერ გაბედავ. შენ იმისთვის ხარ, რომ ასწავლო და სტუდენტები კი იმისთვის, რომ ცოდნა გამოგწურონ. მათი აზროვნება თავისუფალია, ჩვენთან - შებოჭილი. აქ სტუდენტს რომ სთხოვ, კითხვა დაგისვას, ვერ აქტიურობს იმის გამო, რომ კითხვა არ აქვს, ან რაღაცის ეშინია, ჰგონია, შეიძლება სასაცილოდ გამოჩნდეს და ა.შ. კერძო სამეცნიერო სკოლებში სერიოზული სწავლება მიდის, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში არა. აკადემიაში მიდის ადამიანი, იღებს ჯამაგირს, მაგრამ არ უნდა არაფრის კეთება. იცის, რომ მისი `სამყაროს~ გარეთ რომ გავიდეს, არავის დასჭირდება. კერძო სტრუქტურაში კი ასეთები არ აჰყავთ, არამედ საუკეთესოები. ახლა, თბილისში, როცა ჩემს სტუდენტებს ვუყურებ, ნიჭიერი, აქტიური, ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ვინც სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ელემენტარული რამ არ იცის.
- თქვენი აზრით, რა იწვევს ლექტორების ასეთ დამო-კიდებულებას სტუდენტებისადმი?
- მე რომ აკადემიაში ვსწავლობდი, მასწავლიდნენ პიროვნებები: სერგო ქობულაძე, ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე, ვასილ შუხაევი, უჩა ჯაფარიძე და ბევრი სხვა, რომლებსაც მაშინაც და დღესაც პატივს ვცემ. მე არ ვლაპარაკობ მათი ხელოვნების ხარისხზე, არამედ ადამიანობაზე და მათ დამოკიდებულებაზე ახალგაზრდებისადმი. მახსოვს ჩემი პედაგოგის გვარი პიონერთა სასახლეშიც კი, მესხი იყო, მაგრამ დღევანდელმა სტუდენტებმა თავიანთი პედაგოგების სახელები და გვარები არ იციან. ეს პედაგოგს არ აწუხებს, არადა, სამარცხვინოა, როცა წლები გადის და ადამიანს არ ამახსოვრდება, ვინ იყო მისი ლექტორი.
- ეს მხოლოდ ლექტორების ბრალია თუ სტუდენტებისაც?
- რასაკვირველია, პირველ რიგში, ეს ხელმძღვანელობის ბრალია. უნდა იყოს მკაცრი წესები. პედაგოგს უნდა მოეთხოვოს თავისი მოვალეობის შესრულება. პედაგოგებს კონკურსით უნდა არჩევდნენ, ამიტომ მივიჩნევ, რომ სამხატვრო აკადემიას არაფერი ეშველება. რექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს.
- ახალი რექტორი ჰყავს სამხატვრო აკადემიას - გია გუგუშვილი...
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, სამხატვრო აკადემიაში საბჭოთა სისტემაა, აუცილებელია ძალიან მკაცრი რეფორმა, რომელიც უნდა განახორციელოს კულტურის სამინისტრომ. ამას მხოლოდ რექტორი ვერ შეძლებს, აუცილებელია სამინისტროს მხარდაჭერა, რომლის გარეშეც მას ააწიოკებენ, თბილისი ხომ იცით... აქ კიდევ მეორე საკითხია: უწინ ხალხი ნიკოლაძის სასწავლებელს ამთავრებდა და მერე აბარებდა სამხატვრო აკადემიაში. ეს გზა გაიარეს მირიან შველიძემ, აწ გარდაცვილმა თემურ ნინუამ, რომელიც ძალიან კარგი მხატვარი გახლდათ. ასევე არსებობდა თოიძის სახელობის სასწავლებელი, სადაც მსურველებს ხელობას ასწავლიდნენ. დღეს ორივე სტრუქტურა მოშლილია და ყველა პირდაპირ აკადემიაში მიდის. თავის დროზე მე შემომთავაზეს სამხატვრო აკადემიის რექტორობა, სააკაშვილის დროს ვგულისხმობ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურ და საერთო შეხედულებებს არ ვიზიარებდი, უარი მითხრეს. როგორც ჩანს, პოლიტიკურ მომხრეზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე განათლების ხარისხზე.
- გსურდათ რექტორობა და დათანხმდებოდით ამ შემოთავაზებას?
- დავთანხმდებოდი. მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას, რადგან ამერიკაში ვასწავლი ერთერთ საუკეთესო, უძველეს უნივერსიტეტში, რომელსაც დარმუტის კოლეჯი ჰქვია და სადაც მოხვედრა ძალიან ძნელია - 2018 წლამდე ყველა ადგილი შევსებულია. სწავლობენ მილონერების შვილებიც და ღარიბი სტუდენტებიც, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ განსხვავებას, ეს არ არსებობს! მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა... მაშინ დავთანხმდი ჩამოსვლას იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები მეცოდებიან. ჩემს დროს ქვეყანა იყო ჩაკეტილი, მე იმაში გამიმართლა, რომ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, ჩამოდიოდნენ უცხოელები, ჩვენ მივდიოდით, დიდი წარმატებები გვქონდა და მოვიარე მსოფლიო. დღეს საზღვრები გახსნილია და ახალგაზრდები იმდენად კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები, რომ ეს შანსი გამოიყენონ.
- მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლება აღა-რაა, კიდევ იყო შემოთავაზება რექტორობაზე?
- ჩემნაირი ხალხი აკადემიაში არ სჭირდებათ, არ უნდათ, რომ მათი უვიცობა გამოჩნდეს.
- ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, ბევრს ეწყინება...
- სულ არ მაინტერესებს, ვის ეწყინება და ვის არა. როცა სკოლას ვხსნიდი, გამოვაცხადე, რომ ჩემთან არავითარი პროტექცია და ნაცნობობა არ ჭრის.
- იყო მცდელობები?
- როგორ არ იყო. მე არ მინდა, დაიჩაგროს ის ხალხი, რომელთაც ზურგს უკან არავინ ჰყავს. ადამიანს იმის მიხედვით ვაფასებ, რამდენად ნიჭიერია ის და რამდენად უნდა სწავლა და არა იმის მიხედვით, ვისი შვილი და ნაცნობია. მე თვითონ აკადემიაში სამჯერ მაქვს ჩაბარებული, თავიდან მიღებულთა სიაში ვეწერე, მაგრამ მერე ნელნელა გადამწევდნენ ხოლმე ბოლოსკენ, რადგან ჩემს ადგილს `ცეკას~, მინისტრების ან სხვა `დელეცების~ შვილები იკავებდნენ.
- თქვენი სკოლა გასაგებია, მაგრამ ახლა რომ გქონ-დეთ შემოთავაზება აკადემიიდან, როგორც პედაგოგს, წახვიდოდით?
- არ წავიდოდი და გეტყვით რატომ: პირველი ის, რომ არ მინდა, აკადემიაში, ჩემი სახელოსნოს გარდა, მთელი სტრუქტურა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა. მეორე - რასაც ახლა ვაკეთებ, დიდი დრო, მომზადება და შრომა სჭირდება. ასე რომ, სამხატვრო აკადემიაში წასვლის არავითარი სურვილი არ მაქვს.
- დაბოლოს, ბატონო გოგი, მითხარით, რომ მომავა-ლი წლის გაზაფხულიდან უმეტეს დროს საქართველოში გაატარებთ...
- თანამედროვე თეატრალური მხატვრის სკოლის გახსნა ჩემი ბოლო ხუთი წლის ჩანაფიქრია და ვინაიდან ეს საქმე ცოტა გაიწელა, მე უფრო ადრეც ვგეგმავდი ყველაფრის მიტოვებას ამერიკაში, თუნდაც მაშინ, როცა აკადემიის რექტორობაზე იყო საუბარი. წელს თემურ ჩხეიძემაც გახსნა სახელოსნო, თუ სხვა დარგშიც გაჩნდება მსგავსი სკოლები, ეს ძალიან კარგი იქნება. მაშინ ამერიკაში პედაგოგად დავრჩი, ასევე ორ საინტერესო ადამიანთან სპექტაკლებზე მუშაობას დავთანხმდი და იქ მომავალი წლის იანვარში გავემგზავრები, მაისის ბოლოს ჩამოვალ. დავალებებს დავტოვებ და ამ ხნის განმავლობაში ჩემს სტუდენტებთან სხვა პედაგოგები იმუშავებენ, მათთან მეც მექნება კონტაქტი ინტერნეტის საშუალებით. ასე რომ, ამერიკაში ჩემი მოღვაწეობა დასრულდა, ვაფორმებ საბუთებს, პენსიას და ჩამოვდივარ საქართველოში. მგონი, დროა, ახლა ამათ მივხედო...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''