24 ნოემბერი, 2014
''ნებისმიერი ქალის სილუეტს სჭირდება პატარა ქუსლი მაინც...''
24 წლის დიზაინერი ნიკოლას ქანთარია წარმოშობით სამეგრელოდანაა, როგორც ამბობს, აქტიური ბავშვი იყო, სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდა, სადაც არაერთხელ აიღო პირველი ადგილი. ამჟამად კიევის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაუსწრებლად მამის თხოვნით სწავლობს. ''მე შემიძლია ვიყო დიზაინერი, მაგრამ, იმავდროულად ვიმუშაო საკონდიტროში, ან ვიყო მიმტანი, ეს არ ''მიტყდება'', - აღნიშნა ნიკოლასმა.
შვედეთში დიზაინერის პროფესიას დაეუფლა, გარდა სამოსისა, მის კომპეტენციაში არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინიც შედის, მაგრამ ბოლოს მაინც მოდაზე შეაჩერა არჩევანი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ შექმნა ბრენდი ''ნიკოლასი'', მომავალ მოდის კვირეულზე მონაწილეობას
გეგმავს.

- არ ვიცი, რამდენად ქველმოქმედები არიან სხვები, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მე აქტიურად ვეხმარები ადამიანებს. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სოლიდარობა გამოვუცხადე და თავი გადავიპარსე, მაშინ, როცა ჩემთვის თმა ბევრს ნიშნავს, მაგრამ იმდენად კმაყოფილი ვიყავი ჩემი ამ საქციელით, რომ დღესაც გავიმეორებდი.
- ალბათ, თმის გადაპარსვა შენი მხრიდან მართლაც დიდი მსხვერპლი იყო, მაშინ როცა მეტროსექსუალი ხარ...
- ეს ცოტა გაზვიადებულია, მაგრამ მოვლილი ნამდვილად ვარ. თუ საქართველოში კარგად დაბანილი, სუფთად ჩაცმული ხარ, მიიჩნევენ, რომ მეტროსექსუალი ხარ და ეს მისაღებია ჩემთვის.
- ნიკოლას, მოდის ტენდენციებზე გვესაუბრე.
- მაინტერესებს, მაგრამ არასდროს არ ვითვალისწინებ და არ ვეყრდნობი მოდის ტენდენციებს, რადგან სხვისგან აღებულ სილუეტსაც კი არ გავაკეთებ არასდროს, რასაც ვქმნი, მინდა იყოს ჩემი. არ მიყვარს აღრევა, მამაკაცი უნდა იყოს მამაკაცი და ქალი – ქალი.
- მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში აქტუალობას არ კარგავს.
- მე შევიტანე განსხვავებული დეტალი კაცების ჩაცმულობაში და ბიჭები ქუსლებზე დავაყენე, მაგრამ ეს მხოლოდ პიარი იყო. რაც შეეხება კაცებს, მომწონს მყარი სილუეტები, ვერ ვიტან, როცა ერთმანეთზე რამდენიმე რაღაც აცვიათ, მაგალითად, მაისური, პერანგი, ჟაკეტი, ქურთუკი და ა.შ.
ქალების შემთხვევაში ძალიან მომწონს ტყავებით გაფორმებული სამოსი, მთელი ჩემი კოლექცია კონსტრუქციებით – სამკუთხედებით, რომბებით და ა.შ. მაქვს გაკეთებული. არ მიყვარს მთლიანი სილუეტები და მთლიანი კაბები, ვფიქრობ, უფრო ლამაზია თუნდაც ქვედაბოლოს, ზედის, მოსაცმელის ერთმანეთთან შეხამება. გარდა ამისა, ქალმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
რაც შეეხება ქვედაბოლოებს, რეკომენდაციას გავუწევ წელზე დაფიქსირებულ, გაშლილ, ''კლოშ'' სტილს, არ მომწონს მომდგარი კაბები. საქართველოში არ გვყავს ბევრი ისეთი ქალი, ტანზე მომდგარი კაბა რომ უხდებოდეს. ვფიქრობ, დიზაინერმა მხოლოდ მოდელებისთვის არ უნდა შექმნან კოლექციები. მოდურად ჩაცმა უნდა შეეძლოთ არამხოლოდ გამხდარ მაღალ გოგონებს, არამედ ნებისმიერი სიმაღლისა და სიგანის მქონე ქალსა თუ მამაკაცს.
- ჩანთები და აქსესუარები.
- ჩანთა ლუქის ერთგვარი დასრულებაა. ჩემი პროექტისთვის ძალიან ნიჭიერ გოგოს – მაკა მუჯირიშვილს გავაკეთებინე ბევრი რამ და მადლობა მას ამისთვის. ვერ ვიტან, როცა ქალებს ერთი ფერის ტანსაცმელი აცვიათ და თან იმავე ფერის ჩანთა უჭირავთ. მე ადამიანს არ შევუკერავ კაბას იმ შემთხვევაში, თუ არ მეცოდინება, რომ ის იმ კაბის შესაბამის ვარცხნილობას გაიკეთებს და ისე წარადგენს კაბას, როგორც საჭიროა.
რაც შეეხება აქსესუარებს, არ მომწონს ამ თვალსაზრისით გადატვირთვა, დახურული სილუეტის შემთხვევაში მისაღებია ზევიდან რაიმე თვალში საცემი აქსესუარი, ვერ ვიტან ამოღებული ზედების სამკაულებით გადატვირთვას, დიდ საყურეებს. ოქრო დიდად არ მიყვარს, ლამაზი ბიჟუტერია ან ვერცხლი მირჩევნია.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS