21 ნოემბერი, 2014
კამერუნელი ფეხბურთელი გურიას ვერ ივიწყებს - ''ფერადკანიანზე ბევრისთვის გათხოვება პრობლემაა''
ძმამ მკითხა, მინდოდა თუ არა ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში ქართულ ფეხბურთში საქმე ყოველწლიურად უკან მიდის. ძნელია დაიჯერო, რომ ვინმე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე იოცნებებს, თუმცა ასეთი ფაქტებიც არსებობს. კამერუნელი ფეხბურთელი არნაუდ ჩუენსუმი წლებია, საქართველოში თამაშობს. შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ გადაწყვიტა შორეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს.

- არნაუდ, საიდან ხარ წარმოშობით?
- კამერუნში დავიბადე. ექვსი წელია, საქართველოში ვარ. თქვენს ქვეყანაში ფეხბურთმა ჩამომიყვანა. ჩემი ძმა - ჩასემი, წლების განმავლობაში ზესტაფონში თამაშობდა. მეც მისი
გზა გავიარე. კამერუნში სკოლა რომ დავამთავრე, მას მერე აქ ჩამოვედი.
- როგორი იყო შენი შთაბეჭდილებები, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნახე? ალ ბათ, ძალიან გაგიჭირდა სამშობლოდან შორს ცხოვრება.
- საქართველოში რომ ჩამოვედი, ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ძმამ მკითხა, მინდოდა თუ არა ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და ჩამოვედი. მაინტერესებდა, როგორი ქვეყანა იყო. ენა საერთოდ არ ვიცოდი და შეგუება გამიჭირდა. თავიდან ზესტაფონში ვთამაშობდი, სადაც ინგლისური არავინ იცოდა. ჩემთვის ყველაფერთან შეგუება ძნელი იყო. მერე ნელ-ნელა ენა ვისწავლე.
- ძმა ახლა სად თამაშობს?
- კამერუნში დაბრუნდა და ერთ-ერთ გუნდშია.
- ჩვენს ქვეყანაში თავს კარგად გრძნობ?
- ცუდად რომ ვყოფილიყავი, ექვსი წელი როგორ გავჩერდებოდი?
- ქართული მასწავლებლის დახმარებით ისწავლე?
- რთული ენაა, მაგრამ თანაგუნდელებთან ურთიერთობისას ვასწავლე.
- რას იტყვი ქართულ ფეხბურთზე?
- ჩემი აზრით, საქართველოს ჩემ-პიონატზე ადრე უფრო კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ამ სპორტს ყუ-რადღება არ ექცევა. ფინანსური პრობლემებია. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი გუნდია. უფრო დიდი დაფინანსების პირობებში, რა თქმა უნდა, ფეხბურთის დონეც მაღალი იქნებოდა. თბილისის დინამო, ზესტაფონი, ბათუმის დინამოც კარგი გუნდებია მეტ-ნაკლებად. დანარჩენები ვერ თამაშობენ. იმედია, რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდება.
- რამდენ ხანს აპირებ საქართველოში დარჩენას?
- ფეხბურთი ისეთი რამაა, რომ წინასწარ ვერაფერს გათვლი. შეიძლება, ორი წელი ვითამაშო საქართველოში, შეიძლება, უფრო დიდხანს დავრჩე. ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ჯერ ვერსად წავალ. ახლა ვერ ვვარჯიშობ, რადგან ექვსი თვეა, ფეხი მოტეხილი მაქვს.
- ''ფეისბუქზე'' წერდი, რომ დაიღალე უსაქმურობით და ვარჯიში გინდა. ამ სტატუსიდან ისიც აშკარა გახდა, რომ ქართული გინებაც გისწავლია.
- (იცინის) ძალიან მინდა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარდეს და ძველებურად ვარჯიში დავიწყო. ბათუმის ''დინამო'' მცხეთაში ''ვიტ ჯორჯიას'' ვეთამაშებოდით, ფეხი გადამიბრუნდა და მოვიტეხე. ექიმები ამბობენ, რომ თამაშს ექვს თვეში შევძლებ.
- ფეხბურთის გარდა სხვა პროფესიას ეუფლები?
- მთელი ცხოვრება ფეხბურთს ხომ ვერ ვითამაშებ. კამერუნში რომ დავბრუნდები, სხვა საქმიანობასაც ვისწავლი. ჯერ ვფიქრობ, რა პროფესია ავირჩიო. 23 წლის გავხდი და ფეხბურთისთვის თავის დანებება ჯერ ადრეა.
- ძნელი არაა ოჯახისგან ასე შორს ცხოვრება?
- ძალიან ძნელია.
- რამდენი თვეა, ოჯახი წევრები არ გინახავს?
- ბოლოს მაისში ვიყავი კამერუნში. ძნელია მათგან შორს ცხოვრება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დიდი ბიჭი რომ ხდები, ოჯახისგან შორს უნდა იცხოვრო და ფინანსურად მშობლებზე არ უნდა იყო დამოკიდებული. ჩვენთან ასე ცხოვრობს ძალიან ბევრი. დედა და მამა შენ გვერ-დით რომ არიან, ვერაფერს ვერ აკეთებ და ზარმაცობ. შორს რომ ხარ, დამოუ-კიდებელ ცხოვრებას ეჩვევი.
- წინაპრებიდან ვინმე ფეხბურთს თამაშობდა?
- მხოლოდ ძმა მყავს ფეხბურთელი. სპორტსმენი არავინ გვყოლია.
- მშობლები რას საქმიანობენ?
- მამას ბიზნესი აქვს და დედა მასთან მუშაობს.
- რამდენი დედმამიშვილი გყავს?
- ორ ძმას ოთხი და გვყავს, ოთხივე დაოჯახებულია.
- საქართველოში როდისმე შეგქმნია პრობლემა იმის გამო, რომ კამერუნელი ხარ?
- ექვსი წელია, საქართველოში ვარ და სულ ქართველებთან ერთად ვცხო-ვრობ. ყველანი ჯიგრები არიან. ორი გა-ნუყრელი ძმაკაცი მყავს. ხანდახან ქუჩაში რაღაც სიტყვებს ამბობენ ჩემს გასაგო-ნად, რაც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამ, ყველგან ასეა. ხანდახან ქუჩაში მიჩხუბია. როცა ხედავენ, რომ ფერადკანიანი მოდის, სხვაგვარად ფიქრობენ. ზოგმა არ იცის, რომ ზანგი სალანძღავი სიტყვაა და ამბობს, ზანგი მოდისო. ვუხსნი, რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც მეძახიან. თუმცა შევიძინე მეგობრებიც, რომლებიც სულ ჩემ გვერდით არიან ლხინშიც და ჭირშიც.
- საქართველოდან კამერუნში დაბრუნებულს ყველაზე კარგად რა გაგახსენდება?
- ორი წელი გურიაში ვცხოვრობდი, სადაც ძალიან თბილი ხალხი გავიცანი. შანსი არაა, რომ გურია დამავიწყდეს. დღემდე ყოველდღე მირეკავენ და კითხულობენ, როგორ ვარ. გურიაში რომ ვთამაშობდი, ბევრი ფული არ მქონდა, მაგრამ ხალხი ძალიან მაგარი იყო.
- შენი ქვეყნის საკვებიც ალბათ ძალიან განსხვავებულია.
- რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის საკვები ძალიან განსხვავდება ქართული კერ- ძებისგან. ძალიან მომწონს თქვენი ხაჭაპური, მწვადი და ოსტრი. კიდევ ლობიო მიყვარს, რომელიც გურიაში შემიყვარდა.
- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- ჯერ ოჯახი არ მაქვს, არც შეყვა-რებული ვარ.
- ქართველ გოგონას მოიყვანდი ცოლად?
- თუ მომეწონება და შემიყვარდება, რატომაც არ მოვიყვანდი.
- როგორ ფიქრობ, ოჯახი წინააღმდეგი ხომ არ იქნება?
- ფერადკანიანზე გათხოვება ბევრისთვის პრობლემაა. ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ძნელია.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS