26 ივნისი, 2013
''ამ ხელისუფლებას ჩვევად ექცა სიმბოლურად უცნაური თუ უცნაურად სიმბოლური ნაბიჯები''
კადრები, რომელმაც მთელი დიპკორპუსის წარმომადგენლები და მედია შოკში ჩააგდო, ნამდვილია და ფაბრიკაცია არ ყოფილა. საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)  დამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს არაერთი კითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხის გაუცემლობა მათ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად დააზიანებს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაგროვილ სკეპტიციზმს მასშტაბურს გახდის. დეპუტატის თქმით, ''ქართული ოცნების'' კურსის გაგრძელება ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. კონკრეტულად რა არის მიუღებელი უმცირესობის წევრისთვის, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.

- რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში იარაღის საკმაოდ დიდი არსენალით სამალავები
აღმოაჩინეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...
- დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის, რაზეც ახლა საუბრობენ, თუ მართალია, ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა, ან შესაძლოა ჰქონოდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოფირებზე აღბეჭდილი კადრები, რომელმაც მთელი დიპკორპუსის წარმომადგენლები და მედია შოკში ჩააგდო, ნამდვილია და ფაბრიკაცია არ ყოფილა. დღევანდელი ტექნიკა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.
- ამ ფაქტთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული...
- უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის, მეც ისე ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს, როგორც დანარჩენები. რადგან ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში და რამდენად მართალია ყველაფერი... არაფერს ვამბობ, არ მინდა ვინმესთან დებატებში შევიდე, მაგრამ კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან. კარგია, რომ ის ვიდეოფირები ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი, რადგან თუ იქ უხამსი კადრებია გადაღებული, ფართო საზოგადოებისთვის ამის ჩვენება მართებული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო Oიმ დანარაჩენი კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება კადრში ჩანდნენ... ისედაც საკმაოდ ბევრი უბედურება და ამაზრზენი კადრები ნახა საზოგადოებამ და დაიღალა. საკმარისია... კარგი იქნება, ამას შესაბამისი უწყებები თავიანთ კაბინეტში თუ გაარკვევენ და თავის სახელს დაარქმევენ. თუ ეს არ მოხდა, ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდება და ეს ლოგიკური იქნება.
- ხელისუფლების მიმართ გაჩნდება კითხვები?
- რასაკვირველია. ისევე, როგორც თალიბების მიერ გავრცელებული ვიდეოების თემაზე გაჩნდა კითხვები. უკვე ითქვა, რომ ე.წ. ''აიპი'' გარკვეულია, ასევე გარკვეულია, რომ ეს მისამართი საქართველოშია დარეგისტრირებული და ასეთ შემთხვევაში, საქმის ბოლომდე მიყვანას რაღა უდგას წინ?.. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ყველაფრის გარკვევას სულ რამდენიმე დღე სჭირდებოდა. საზოგადოება ელოდება, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნება და თუ ასე არ მოხდა, ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება. ამას გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ. უკმაყოფილების მიზეზი გაჩნდება თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი ძალიან შეაძრწუნა იმ მიმართვამ და მათ უნდა იცოდნენ, საფრთხე რეალურად არსებობს, თუ ამის გაკეთება ვიღაცას დასჭირდა... თუ ეს არ გამოიძიეს, მაშინ მართლაც გამძაფრდება ის ეჭვი, რომ სამალავების თემით სხვა თემების გადაფარვა ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და კონკრეტულად შს სამინისტროსთვის ძალიან ცუდი ფაქტი იქნება.
- თალიბების ვიდეომიმართვის გავრცელების რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას?
- არ ვიცი, ამით სპეკულირებას არ ვაპირებ, მაგრამ იქ კონკრეტული თემა იყო წამოწეული, ანუ საუბარი იყო იმაზე, რომ წინა ხელისუფლებას აბრალებდნენ ავღანეთში ჯარების შეყვანას და მსხვერპლს, რომელიც მას მოჰყვა. იმ საკმაოდ უგემოვნო და დაბალი ხარისხით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში იდო ის იდეა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ყველაფერში დამნაშავე... ასე რომ, შსს-მ დააანონსა, რომ საქართველოდან აიტვირთა ''აიპი'' და პასუხი იმასაც უნდა გასცენ, ვინ გააკეთა ეს. ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა, აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.
- ბოლო დროს ვრცელდება მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანას ემსახურება, რაც ნატოსკენ მიმავალ გზას გვიკეტავს. რამდენად აქვს ამ მოსაზრებას არსებობის საფუძველი?
- ამ მიმართვის გამო, ფართო საზოგადოებასა და დასავლელ პარტნიორებშიც კითხვები მართლაც გაჩნდა. ეს გამოწვეულია ხელისუფლების იმ ბოლოდროინდელი ქმედებებითაც, რომელიც ნატოსკენ სწრაფვას არ შეესაბამება. მათ შორის, სხვა თემები, მაგალითად პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასევე, კონკრეტული კრიტიკა შერჩევითი სამართლის განხორციელებისას და არაადეკვატური კრიტიკა... ერთი სიტყვით, ხელისუფლების მხრიდან ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც მათი საგარეო კურსის მიმართ წვეთ-წვეთობით აჩენს ეჭვს. რაც მთავარია, ეს კითხვები ერთ და ორ ადამიანს არ უჩნდება, ჩემს გარემოცვაში, უცხოელებს ვგულისხმობ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო წრე მყავს, ბევრი სვამს კითხვას, რას აპირებს და რა გზით მიდის ჩვენი ხელისუფლება... ამიტომ მათ დიდი შრომა მართებთ, რომ ეს კითხვები გაფანტონ, მათ შორის, ეფექტური პიარკამპანია, ლობისტების სწორად გამოყენება დასჭირდებათ, რათა ყველას აჩვენონ, რომ ევრო-ატლანტიკური გზა შეუქცევადია და არ შეიცვლება. თუმცა ამის გაკეთების სურვილს ხელისუფლებაში ვერ ვხედავ, პირიქით, რაც დრო გადის, მეტი კითხვები ჩნდება. ამაზე გულწრფელად ვწუხვარ, რადგან არ მინდა ის სკეპტიციზმი, რომელიც საზოგადოებაშია, სხვებსაც გადაედოს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების დიდი მონდომების მიუხედავად, რუსეთისგან ვერავითარი პოზიტიური სიგნალი ვერ დავინახე. ადრინდელსა და ახლანდელ განცხადებებსა და რიტორიკაშიც კი არ არის ცვლილება. ძალიან მიამიტი მიდგომაა, როდესაც ვიღაც ფიქრობს, რომ პუტინს გული მოუბრუნდება და ამ ხელისუფლებას ყველაფერს დაუთმობს. იმედია, ამას უკვე დღევანდელი მმართველი გუნდიც მიხვდება.
- პუტინის გინებისთვის დასაჯეს ადამიანები...
- არ ვიცი, ხელისუფლების ამ საქციელს რა დავარქვა. ამ ხელისუფლებას ჩვევად ექცა სიმბოლურად უცნაური თუ უცნაურად სიმბოლური ნაბიჯები, მაგრამ ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმ ეჭვს, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში რაღაც იცვლება. როდესაც კოალიცია ასეთი ჭრელია, მათი მთლიანი პოზიციის განსაზღვრა ძნელია.
- კანონი უმაღლესი განათლების შესახებ დიდი კამათის საგანი გახდა. ერთი ნაწილი აცხადებს, რომ არაფერი შეცვლილა, მეორის თქმით, კი მხოლოდ ფორმალურად შეიცვალა...
- დიახ, ამან ძალიან გამაოცა, - კანონში რა ცვლილებები განხორციელდა, ამის წაკითხვა ყველას შეუძლია, საუბარი იმაზე, რომ არაფერი იცვლება, უკაცრავად, მაგრამ სისულელეა. კონკრეტული წინადადებები შეიტანეს და როგორ არ იცვლება?.. ძალიან მიხარია, რომ ამის განხილვა გადაიდო, მაგრამ თუ ეს ცვლილებები დამტკიცდა, ერთი დიდი, უკან გადადგმული ნაბიჯია, როგორც უნდა მალონ და ფუთონ ეს ყველაფერი, კანონში არის რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ძალიან შემაშფოთებელია. პირველი: უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ. კურიოზულია, როდესაც ამას ერთი ნაწილი საერთოდ უარყოფს და კიდევ უფრო კურიოზულია, როდესაც ამბობენ, კანონში წერია, მაგრამ არ ვიზამთო... მაშინ საერთოდ არ ჩაეწერათ. მეორე, - თურმე დეკანი არჩეული უნდა იყოს მხოლოდ მოქმედი პროფესურის მიერ, რა ლოგიკაში ჯდება ეს? უკაცრავად, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტდამთავრებულმა დოქტორმა თელავის უნივერსიტეტის დეკანობა რომ მოითხოვოს, არ უნდა აირჩიონ, იმიტომ, რომ ადგილობრივი პროფესურის წარმომადგენელი არ არის?.. მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის სასწავლებელში ფაკულტეტების დეკანებს დიდი კონკურსის შედეგად ირჩევენ და ჩვენ უკან, წარსულში ვბრუნდებით... მესამე - ასისტენტ-პროფესურის პრობლემა. ჩემი აზრით, ამ კანონპროექტების ავტორებმა არ იცოდნენ, რა ფუნქციას ასრულებენ ასისტენტ-პროფესორები უმთავრეს განათლების დაწესებულებებში, თორემ ამას არ ჩაწერდნენ. ასისტენტ-პროფესორები არიან სასწავლო პროცესის წამყვანი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვა რანგის პროფესორები არიან, მაგრამ ძალიან მალე გახდებიან პროფესორები. იმის მაგივრად, რომ უცხოეთში განათლებამიღებულმა ადამიანებს სტიმული მივცეთ და უნივერსიტეტში მოვიზიდოთ, გზას ვუგრძელებთ და პრობლემებს ვუქმნით. იმის ფონზე, რომ უნივერსიტეტში პროფესორის ანაზღაურება ძალიან დაბალია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მუშაობის მოტივაცია შევუქმნათ და პირიქით იქცევიან? ამიხსნას ვინმემ ეს ლოგიკა. ჩვენს გუნდზე ამბობდნენ, ყველაფერს ''აპრავებენო~, მაგრამ ამ ''გენიალურ'' ცვლილებებს ისე ოსტატურად აბიაბურებენ, სიმწრით მეცინება.
- ამ კანონის მიხედვით, ლექტორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასები უნდა გათანაბრდეს...
- ეს არის კვაზისოციალისტური იდეა. დამიჯერეთ, თუ ეს მოხდება, ყველა სასწავლებელში გაჩნდება კორუფცია, ადამიანს, რომელსაც მინიმალური ანაზღაურება აქვს და რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი ედება წინ, აუცილებლად წასცდება ხელი. ეს სოციალური ცხოვრების ანა-ბანაა. ძალიან ცუდია, თუ ეს ხელისუფლებას არ ესმის.
- ამ კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის კოალიციაშიც...
- დიახ, ვაფასებ ლევან ბერძენიშვილის ნაბიჯს. ამის შესახებ ''ფეისბუქზე'' მქონდა მიმოწერა დავით ზურაბიშვილთან და ისიც აღიარებს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტში ბევრი რამ არასწორად წერია... თუ კოალიციის შიგნით უმეტესობა ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს ყველაზე ჯანსაღი ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან. ხელისუფლებაში მოსვლიდან რვა თვეში ასეთი აბსურდული კანონის დამკვიდრებას ცდილობენ და ამის შემდეგ ვიღაც ჩვენ დაგვაბრალებს არაეროვნული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არასდროს აგვირიდებია თავი ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარებისთვის.
- როგორც გაირკვა, ბაგრატის ტაძარი, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იქნა რესტავრირებული, იუნესკოს სიიდან უნდა ამოიღონ. რას იტყვით ამაზე?
- დიახ, ეს ცნობილი თემაა. დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ეს ტაძარი წლების განმავლობაში არ ამოუღიათ იუნესკოს სიიდან და ისიც არ ვიცი, ნამდვილად ამოიღეს თუ არა ახლა. თუ ამოიღეს, ეს უკვე ახლა, ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა და არა ადრე. ამიტომ ამ საკითხს თავდაუზოგავი და მაღალკვილიფიციური მუშაობა სჭირდება.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ლალი პაპასკირი
ბატონი სერგი, ნამდვილად არ ველოდი თქვენგან ასეთ არადიპლოიმატიურ მიმართვას... ეს კომენტარი რომ წავიკითხე, თქვენთან დარეკვა გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ აქ პასუხი ჯობდა... საბედნიეროდ, დიქტაფონი მაქვს, გმადლობთ რჩევისთვის, თქვენი ჩანაწერიც მაქვს და შემიძლია მიგასმენინოთ :)
14:49 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
........
ბატონო სერგი, კარგი ქენით რომ ეს კომენტარი დატოვეთ. მეც გამიკვირდა რამოდენიმე ზემოაღნიშნული ფრაზა. სერიოზული პრობლემებია ქართული ჟურნალისტიკაში
11:19 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სერგი კაპანაძე
როგორც ჩანს აქ დასრულდება ჩემს მიერ პალიტრასთვის, რეიტინგისთვის, ამბები.გე-სთვის მიცემული ინტერვიუები შემდეგი მიზეზების გამო: 1. ინტერვიუს არ იწერენ. აქ ისეთი ფრაზები წერია, რომლებიც ჩემი ნათქვამი არ არის. დიდი ფანტაზია ჰქონია ავტორს. 2. ფრაზა "კონკრეტულად რა არის მიუღებელი უმცირესობის წევრისთვის" - მეტყველებს, რომ ავტორი ელემენტარულ პოლიტიკაში ვერ ერკვევა. მე აწი მისთვის ინტერვიუს მიცემაზე დროს აღარ დავკარკავ. 3. "ისედაც საკმაოდ ბევრი უბედურება და ამაზრზენი კადრები ნახა საზოგადოებამ და დაიღალა. საკმარისია... კარგი იქნება, ამას შესაბამისი უწყებები თავიანთ კაბინეტში თუ გაარკვევენ და თავის სახელს დაარქმევენ." - ეს ფრაზა უბრალოდ არ მეკუთვნის. :) 4. "ეს გამოწვეულია ხელისუფლების იმ ბოლოდროინდელი ქმედებებითაც, რომელიც ნატოსკენ სწრაფვას არ შეესაბამება" - არც ეს... 5. "ასისტენტ-პროფესორები არიან სასწავლო პროცესის წამყვანი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვა რანგის პროფესორები არიან, მაგრამ ძალიან მალე გახდებიან პროფესორები" - ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგო რა ვუთხარი. დაახლოებით დაუჭერია აზრი. . . 6. "ჩვენს გუნდზე ამბობდნენ, ყველაფერს ''აპრავებენო~, მაგრამ ამ ''გენიალურ'' ცვლილებებს ისე ოსტატურად აბიაბურებენ, სიმწრით მეცინება" - ეს უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია. :))) მართლა სიმწრით გამეცინა... 7. "ხელისუფლებაში მოსვლიდან რვა თვეში ასეთი აბსურდული კანონის დამკვიდრებას ცდილობენ და ამის შემდეგ ვიღაც ჩვენ დაგვაბრალებს არაეროვნული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არასდროს აგვირიდებია თავი ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარებისთვის" - ესეც ფანტაზიის ნაყოფია, თუმცა პათოსს ვეთანხმები... მოკლედ, მომავალში, როდესაც ამ გამოცემას ჩემთან ინტერვიუ მოუნდება, შეუძლია თავისით დაწეროს, რაც მოაფიქრდება. სამწუხაროდ, შევცდი, რომ ინტერვიუ მივეცი, რადგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ განვითარებას. და ბოლო რჩევა - დიქტოფონი რომ იყიდოთ და ზუსტად ჩაწეროთ, გაცილებით უკეთესი იქნება. . .
02:46 / 28-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
საქმესთან დაკავშირებით ვერა გაქვთ ვერაფერი სათქმელი?
22:06 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნისანო
თავი დაგვანებეთ
11:39 / 27-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS