15 ნოემბერი, 2014
''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს
4 წლის ვიყავი, პირველად ''ევროვიზიას'' რომ ვუყურე საბავშვო ''ევროვიზია'' წელს 15 ნოემბერს მალტაში ჩატარდება. საქართველოს ამჯერად 10 წლის ულამაზესი გოგონა ლიზი ჯაფარიძე წარადგენს, სიმღერით ''ბედნიერი დღე'', რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძე გახლავთ. ლიზი დღეს ''რეიტინგის'' სტუმარია. ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- ლიზი, სიმღერა როდის დაიწყე?
- სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე. ძალიან მიყვარს მუსიკა. თავიდან ძალიან ცოტა ხანს ვიყავი ''ბასტი ბუბუში''. იქ თითქმის არაფერი გამიკეთებია. უფრო გართობა იყო ჩემთვის, თამაში, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. 6
წლის ასაკში ''ბზიკებში'' მოვედი. თავიდან ისე კარგად არ ვმღეროდი, მაგრამ სმენა მქონდა. ადვილი სიმღერებით დავიწყეთ. კარგი პედაგოგები მყავდა. ნელ-ნელა დავიხვეწე.
- ამასობაში გიგამ ბევრი ბავშვი წაიყვანა ''ევროვიზიაზე''. არ გიჩნდებოდა კითხვა, შენ რომ არ მიჰყავდი?
- 4 წლის ვიყავი, პირველად ''ევროვიზიას'' რომ ვუყურე. მაშინ ''ბზიკები'' გამოდიოდნენ. ემოციური გულშემატკივარი ვიყავი, ფაქტობრივად, გაგიჟებული (იცინის), ისე გამიხარდა, რომ მოვიგეთ. ამის მერე მოვედი ''ბზიკების'' სტუდიაში…. კითხვა, რა თქმა უნდა, არ მიჩნდებოდა. არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული. შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. ჟიურის რომ არ მოვწონებოდი, მეორე გასვლაზე უკვე მოჰბეზრდებოდათ ჩემი მოსმენა. ველოდებოდით შესაფერის მომენტს და აი, დადგა ეს დროც. პირველად გავედი კასტინგზე და პირველივე მცდელობაზე გამიმართლა.
- ახლა მზად ხარ, საქართველოს სახელი გაიტანო ''ევროვიზიაზე''?
- ერთი კვირაა, სკოლაში არ დავდივარ, მასწავლებლებიც ხელს მიწყობენ. აფორიაქებული ვარ. არ მინდა, ამხელა დარბაზში შევრცხვე. ბევრი ჩასაფრებული თვალი მიყურებს. ერთი სული აქვთ, ფეხი გადაგიბრუნდეს, რომ მერე ამაზე დაწერონ. იქექებიან, სულ კრიტიკული თვალით გიყურებენ.
- შენი ვიდეორგოლის გამო გულნატკენი მეჩვენები, უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა?
- კი, ნახევარზე მეტი ცუდი კომენტარი წავიკითხე. ჩემთვის ყველა კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია. გულს მტკენს, როცა ამბობენ, რას ჰგავსო, დაბერებული სახე აქვსო. ეს ადამიანები ამით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, მე ვერაფერს დამაკლებენ, უბრალოდ, გულს მტკენენ. ასე მგონია, არ ვიმსახურებ.
- ლიზი, არაქართული აქცენტი გაქვს, თითქოს უკრაინული…...
- დედაჩემის ბებია იყო უკრაინელი. ნახევრად რუსია ჩემი ბაბუა, მამაჩემის მამა. რამდენიმე თვე საბერძნეთში მომიწია ცხოვრებამ. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა.
- იქაურ სკოლაში როგორ მიგიღეს?
- ვერ მიტანდნენ. ვითომ ''სვეცკები'' რომ არიან, აგრესიას გამოხატავდნენ ჩემ მიმართ, რატომღაც ამითვალწუნეს, ალბათ იმიტომ, იქაური რომ არ ვიყავი. ერთი ბიჭი განსაკუთრებით გადამეკიდა, მასწავლებელს ჩემზე ტყუილებს ეუბნებოდა. ერთხელაც ამომივიდა ყელში და იმ ბიჭს ფიზიკურად გავუსწორდი. მასწავლებლები ძლივს მაკავებდნენ (იცინის). კიდევ კარგი, საქართველოში მალე დავბრუნდით. დიდხანს სწავლა იქ გამიჭირდებოდა.
- და ან ძმა გყავს?
- კი, 14 წლის ძმა მყავს, ალექსანდრე.
- შენი ოჯახის წევრები, ალბათ, ახლა განსაკუთრებით ნერვიულობენ.
- რა თქმა უნდა. თუმცა, დედა მეუბნება, სანერვიულო არაფერია, ეს ახალი ეტაპია შენს ცხოვრებაში. ეს არ არის ბრძოლა პირველი ადგილისთვის, ეს არის უკვე დიდი ნაბიჯი შენს პატარა კარიერაშიო.
- შენ თვითონ ნერვიულობ?
- მჯერა, რომ კარგად გამოვალ, არაფერი შემეშლება. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, ყველა დეტალს ვთვლით.
- გიგა ხომ არ გაბრაზებს, როგორი მასწავლებელია?
- ძალიან სასაცილოა, ბევრჯერ რომ გვიმეორებს ერთსა და იმავეს და მაინც არ გვესმის, ბრაზდება. ამ დროს ცოტა მკაცრია, მაგრამ გაბრაზებულიც სასაცილოა.
- ლიზი, სიმღერის გარდა კიდევ რით ხარ დაინტერესებული?
- ადამიანის უფლებებით, ენების შესწავლით. იურისტობა ან დიპლომატობა მსურს. ჩემი მიზანია, ათი ენა ვისწავლო.
- ადამიანის უფლებებით რატომ დაინტერესდი?
- სკოლაში, მეოთხე კლასში გვასწავლიან საგანს, არის ინფორმაცია ნელსონ მანდელაზე, მარტინ ლუთერ კინგზე. დავინტერესდი, ინფორმაციას ინტერნეტში ვიძიებ.
- ვინ წამოგყვება საგულშემატკივროდ ოჯახიდან?
- დედა, ბებო, ჩემი ძმა. მამამ თქვა, იქ ყოფნას აქ ნერვიულობა მირჩევნიაო. შეიძლება, მანამდე გადაიფიქროს და წამოვიდეს. რუსეთიდანაც ჩამოვლენ ჩემი ნათესავები, ქეთა თოფურიას დედაც მომყვება. ჩვენი ოჯახები მეგობრობენ.
- სხვა კონკურსანტების ვიდეოები ნანახი გაქვს?
- ყველა ნანახი მაქვს. გულახდილი ვიქნები. ბავშვები არიან და დიდებივით გამოიყურებიან, პლატფორმებზე დგანან, ქალებს ჰგვანან. მე ყველაზე პატარა ვარ კონკურსზე. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი. ეჭვი არ მეპარება, რომ კარგი სიმღერა მიგვაქვს, მაგრამ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც აქვთ კარგი ნომრები. ვნახოთ, რა მოხდება. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჯერი ახლა გულშემატკივრებზეა. ერთი მთავარი რამ მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს, ამ კონკურსზე ხმა მიიღება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ. ასე რომ, ჩვენი ნომერი თუ მოგეწონებათ, გაითვალისწინეთ და მიგულშემატკივრეთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS