- ქალბატონო მანანა, ბევრი ჩივის მსახიობების
- ათი წელია, კათედრა აღარ არსებობს. ამან სავალალო შედეგი გამოიღო.
სამწუხაროდ, მსახიობებს შორის არის მეტყველების პრობლემა. ადრე ჩვენ თეატრებშიც დავდიოდით. მაგალითად, მე ბევრგან ვყოფილვარ ორთვიანი ხელშეკრულებით და ამ საკითხში ვუწევდით კონსულტაციებს თეატრებს. ჩემი აზრით, ამ მხრივ ყველაზე პრობლემური კვალიფიციური კადრების დეფიციტია.
მაშინ, როცა შეიცვალა განათლების სისტემა, სახელოვნებო უმაღლესები მოერგო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა კათედრები, შეიქმნა სხვადასხვა მიმართულება. ძალიან რთულია სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ერთ საერთო კონტექსტში მოქცევა. შესაძლებელი იყო შეგვენარჩუნებინა კათედრა, მაგრამ მაშინ ასე არ მოხდა და ახლა ვფიქრობთ, რომ აღდგეს.
- თქვენი, როგორც რეჟისორის პაუზა რამდენ ხანს გაგრძელდა, სანამ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ''ჩვენ გველის დიდებას'' დადგამდით?
- თეატრში ორი წელი, თუმცა უნივერსიტეტში არც ერთი დღე არ შემიწყვეტია მუშაობა. სპექტაკლში მოქმედება სახელოვნებო სკოლაში ვითარდება, მხოლოდ ეს სიუჟეტი დარჩა, დანარჩენი შეცვლილია. ინსცენირება მე გავაკეთე და თუ ვინმეს რამე არ მოეწონება, ქრისტოფერ გორის ნუ დააბრალებენ, რადგან ბევრი რამ ჩემი დაწერილია (იღიმის). ეს სპექტაკლი წლების წინ დავდგი თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთ ჯგუფთან, რამდენჯერმე წარმოვადგინეთ და ამით დამთავრდა. ახლა დიმა ხვთისიაშვილმა გაიხსენა ეს და მისი დადგმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში შემომთავაზა. თემატურად ის საინტერესოა ახალგაზრდებისთვის და ამიტომ დავთანხმდი. მგონი, შედეგი მივიღეთ (იღიმის).
- სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თქვენი შვილი ანო თამაშობს, რომელიც პროფესიით მსახიობი არ არის, ჟურნალისტია, თან მღერის...
- არ ვფიქრობდი, რომ ის ამხელა როლს ითამაშებდა. ანო მუსიკალურ სკოლაში სწავლობს და ვფიქრობთ, რომ შეიძლება, ამ მიმართულებით გააგრძელოს მოღვაწეობა. ერთ-ერთ კონცერტზე, ანუ გამოცდაზე, რომელიც ყოველწლიურად უტარდებათ კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ისე ინერვიულა, რომ, ფაქტობრივად, ვერ შეძლო სიმღერა. ამან დამაფიქრა, რომ რაღაცნაირად უნდა დავხმარებოდი ჩემს შვილს პროფესიული თვალსაზრისით.
სპექტაკლის დადგმისას განზრახული მქონდა, ანოსთვის პატარა ეპიზოდი მიმეცა და შემდეგ მასობრივ სცენებში ყოფილიყო, ერთი სიმღერა შეესრულებინა, მაგრამ იმ მსახიობმა, რომელიც დორის ბინსიქერის როლზე იყო, ვერ შეძლო რეპეტიციებზე სიარული. მაშინ ანოს ვთხოვეთ დახმარება, რაღაც ტექსტის წაკითხვა და მერე თავისთავად მოხდა ეს ამბავი. სრულიად ობიექტურად, როგორც რეჟისორი გეუბნებით, რომ ჩემთვის განსაცვიფრებელი იყო მისი მოქმედება. ნამდვილად არ დამიხარჯავს წუთით ბევრი დრო მასზე, პირიქით. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც ანოს შევთავაზე, იქნებ ვცადოთ და მიხვდე, გხიბლავს თუ არა სცენაზე დგომა-მეთქი. მგონი, ექსპერიმენტმა გაამართლა და ახლა ანომ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას იზამს.
- მეტყველებაში ამეცადინებდით?
- ასე არა, მაგრამ მისი პედაგოგი ვიყავი ერთ-ერთ უნივერსიტეტში და ერთი წელი ჩემთან გადიოდა ამ საგანს. სახლში მოდიოდნენ სტუდენტები, მოსწავლეები და ანო ბავშვობიდან ისმენდა მათთვის ჩატარებულ გაკვეთილებს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ყველა ენის გასატეხი ზეპირად იცოდა (იღიმის).
- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილთან?
- ერთადერთი, რაც ჩემს შვილს ცოტა აბრაზებს, ისაა, როცა ვღელავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არანორმალური ნერვიულობა ვიცი. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ დედა-შვილი კი არ ვართ, არამედ მეგობრები. არაჩვეულებრივად ვცხოვრობთ ერთად და გადასარევად ვგრძნობთ თავს.
- კულტურის სამინისტროში მუშაობთ და სპექტაკლისათვის რეპეტიციებს როგორ გადიოდით?
- ძირითადად, ღამის თენებით, უბრალოდ, მე არ გამოვიყენე ჩემი კუთვნილი ორკვირიანი შვებულება ზაფხულში და ახლა სპექტაკლის გამოშვებამდე, ბოლო დღეები ავიღე.
- ქალბატონო მანანა, შარშან აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე მილიონი დაბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
- არ არის ეს მართალი. ეს ნამდვილად არ იყო კულტურის სამინისტროს მიერ აუთვისებელი თანხა. ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა გასულ წელს და ახლაც. ჩვენ გვყავს 68 საჯარო სამართლის იურიდიული პირი. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ წლის ბოლოს ჩვენმა ''სიპებმა'' ბოლომდე ვერ აითვისეს მათი კუთვნილი თანხა. თითოეულმა 2-3 ათასი რომ ვერ გახარჯოს წლის ბოლომდე, ყველა აუთვისებელი თანხა ჯამში გროვდება. ჩვენ ''სიპებს'' ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ შენობების, ტექნიკური და სხვა მრავალი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემა არ მოგვარდებოდა, მაგრამ წლის ბოლოსთვის განზრახული გვქონდა, მეტ-ნაკლებად დავხმარებოდით მათ პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ შემდგომ ვერ მოხერხდა მათთვის ამ თანხის გადაცემა. თუ არ ვცდები, საუბარი იყო მილიონ-ნახევარზე.
- და რატომ? უამრავ თეატრს აქვს ტექნიკური პრობლემა, თუნდაც მოზარდ მაყურებელთა თეატრს...
- ძალიან ბევრ თეატრს მოვუგვარეთ ეს პრობლემა. ახლაც მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის გამოიყო თანხა, რომ ტექნიკური აღჭურვილობა მოწესრიგდეს. ვერ იტყვიან თეატრები, რომ ჩვენ მათზე არ ვზრუნავთ, რამდენიმე მილიონი ჟღერს, წარმოსადგენად ბევრია, თუმცა ძალიან ცოტაა ასეთ შემთხვევებში.
- დღეს რა ურთიერთობა გაქვთ ბატონ გურამ ოდიშარიასთან?
- მშვენიერი. მე და ბატონ გურამს ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ გვქონია.
- იყო თქვენს ახალ სპექტაკლზე?
- პირველ ორ სპექტაკლზე მაინც თავი შევიკავეთ დაპატიჟებისგან, მინდოდა, ცოტა გათამაშებულიყო და მერე მომეწვია.
- თუმცა დღევანდელი კულტურის მინისტრი პრემიერას დაესწრო...
- კი, მიშა იყო.
- ვიცი, მუსიკისა და დრამის თეატრშიც აპირებთ სპექტაკლის დადგმას...
- მინდა დავიწყო ვაჟა-ფშაველაზე მუშაობა. მე და ნიკოლოზ რაჭველი ვფიქრობთ, გავაკეთოთ ისეთი წარმოდგენა, რომელსაც ქვეყნის გარეთაც გავიტანთ და არანაირი ენობრივი ბარიერი არ არსებობდეს. ჯერჯერობით მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და მუშაობას მომავალი წლის იანვრიდან დავიწყებთ.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''