ფილმის სცენარის ავტორი სიკო ფაშალიშვილი გახლდათ, მუსიკის ავტორები - ვიქტორ დოლიძე და არჩილ კერესელიძე. ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი იმ დროს უკვე ცნობილი კინემატოგრაფისტი გახლდათ და მუშაობისას გააკეთა
ფილმის რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი უმთავრესად თეატრალური დადგმებით იყო ცნობილი. მოღვაწეობდა მარჯანიშვილისა და ოპერის თეატრებში. ფილმზე ''ქეთო და კოტე'' მასთან ერთად დამდგმელ რეჟისორად შალვა გედევანიშვილმა იმუშავა, რის შედეგადაც შეიქმნა მშვენიერი სანახაობა, ასეთივე მუსიკალური ნაწილით. იმ დროისთვის ცნობილი მსახიობების მო-ნაწილეობის გარდა, ფილმის წარმატება განაპირობა იმანაც, რომ გადამღებ ჯგუფს მთავრობა მაქსიმალურად უწყობდა ხელს. ფილმის ''გასალამაზებლად'' ავეჯი და სხვა ძვირფასი ნივთები გადაღებისთვის სახლებიდან, მუზეუმიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან გამოჰქონდათ.
სხვა არაერთ მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, ფარნაოზ ლაპიაშვილის ნამუშევარი ფილმში ''ქეთო და კოტე'' შეიძლება, დღევანდელ ენაზე შეფასდეს, როგორც მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დეფილე, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ინერგებოდა ახალი ტენდენციები ნაციონალურ თუ ქალაქურ სამოსში.
1945 წელს კინოსტუდიამ ვახტანგ ტაბლიაშვილს მხატვრული ფილმის "ნიკოლოზ ბარათაშვილის" ეკრანიზება შესთავაზა. მას ისტორიული პიესები არაერთხელ განუხორციელებია სცენაზე და ამჯერადაც, ამ ჟანრით მოხიბლულმა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად ფილმი წარმოებიდან ამოიღეს. ეს რეჟისორისთვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა, სახლში ჩაიკეტა, არც სტუდიას ეკარებოდა და არც თეატრს, ერთი თვის შემდეგ სტუდიის დირექტორმა დაიბარა. კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ვლადიმერ მაჭავარიანმა აცნობა, რომ "ქეთო და კოტეს'' ოპერის ეკრანიზებას ითხოვდნენ. რეჟისორისგან მაშინვე უარი მიიღო, მაგრამ დირექტორმა მაგიდის უჯრა გამოსწია და დიდფორმატიან ქაღალდზე მიუთითა – წაიკითხე! ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დამტკიცებული ფილმების სია, რომლებზეც რესპუბლიკების სტუდიებს უახლოეს ხანში უნდა დაეწყოთ მუშაობა. მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო "ქეთო და კოტე". ხელს სტალინი აწერდა. მოგეხსენებათ, რა მოჰყვებოდა ამგვარ წინადადებაზე უარის თქმას, ფილმი აუცილებლად უნდა გადაღებულიყო...
ასე რომ, ნებით თუ უნებლიეთ, ტაბლიაშვილმა დაივიწყა ძველი ჩანაფიქრი და ახალ თემაზე გადაერთო. სცენარის შექმნა სიკო ფაშალიშვილს ანდო.
ახალი ამბის გაგებისთანავე, რეჟისორი მეორე დღესვე წავიდა მარჯანიშვილის თეატრში და ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს შევთავაზა. იმავე თეატრის სხვა მსახიობებიც მოარგო როლების ნაწილს. სხვათა შორის, ფილმში ქეთოს ერთ-ერთი მეგობრის როლი რეჟისორის მაშინდელმა მეუღლემ ეკატერინე მახათელმა შეასრულა, რამდენიმე წამით ეკრანზე ჩანს ტაბლიაშვილის 5 წლის ვაჟიც - ირაკლი...
თითქოს არაფერი იყო რთული, ყველაფერი ''ზევით'' გადაწყდა, თუმცა ფილმს არაერთი წინააღმდეგობა ხვდა წილად. რეჟისორს გადაღებების პროცესში დიდმა ნერვიულობამ მოუწია, სწორედ ამის გამო, სინანულით ამბობდა, რომ მისი მხრიდან დროდადრო ''უნებლიე უტაქტობანი'' იჩენდა თავს. ამის დასტურად ერთ ეპიზოდს იხსენებდა - ერთხელ პიონერთა სასახლის ეზოში, ქეთოსა და მისი მეგობრების ეპიზოდის გადაღებისას, სასახლის პერსონალმა კაცი გამომიგზავნა თხოვნით – მედეას ნუ უყვირითო.
რაც შეეხება თავადი ლევანის როლს, საცდელ გადაღებებში მონაწილეობა მიიღეს ლადო კავსაძემ, სანდრო ინაშვილმა, სპარტაკ ბაღაშვილმა და ბათუ კრავეიშვილმა. გადაღების შემდეგ კრავეიშვილმა რეჟისორს უთხრა: მოხარული ვიქნები, თუ ლევანს შევასრულებ, მაგრამ უფრო მეტად გამიხარდება, თუ კოტეს მანდობო... რეჟისორს ეს აზრი მოეწონა. სპარტაკ ბაღაშვილმა მონდომებით იმუშავა, იმღერა კიდეც, მაგრამ რეჟისორს არ მოეწონა, რადგან მიიჩნევდა, რომ სითამამე აკლდა, თუმცა ეს ხმამაღლა არ აღუნიშნავს. ამ დროს იქვე დაინახა პეტრე ამი-რანაშვილი, რომელსაც თავადი ლევანის ჩაცმულობა და გრიმი მოერგო. მეც გადამიღეთ, ვი-ვარგებ – კარგი, არ ვივარგებ და კარგად იყავითო. მცირე ხანში, როცა სპარტაკი წავიდა, ტაბლიაშვილმა ამირანაშვილისთვისაც მოიცალა და ისიც გაისინჯა. მოეწონა და გადაწყვიტა, კოტეს როლი ბათუ კრავეიშვილს შეესრულებინა, ლევანის - პეტრე ამირანაშვილს.
სიკოს და ნიკოს კუპლეტების ჩაწერა რომ დაინიშნა, ოპერის მომღერლები მიიწვიეს, თუმცა ერთიმეორის მიყოლებით, რეჟისორმა ისინი ერთფეროვნების გამო დაიწუნა. იქვე იყვნენ ვასო გოძიაშვილი და ჟორა შავგულიძე, როცა მათ ორკესტრის თანხლებით ცალკეული კუპლეტები წაიმღერეს, ტაბლიაშვილმა მათში სიკო და ნიკო ''ამოიცნო''...
რასაკვირველია, ამაზე ოპერის მომღერლები განაწყენდნენ. ტაბლიაშვილი მეორე დღესვე დაიბარა ვლადიმერ მაჭავარიანმა და უსაყვედურა: ოპერას ვიღებთ და ოპერის მომღერლებს ახლო არ ვიკარებთო. თუმცა რეჟისორმა დაარწმუნა, რომ მთელ ვოკალურ მასალას ოპერის მსახიობთა შესრულებით წერდნენ, მთავარ როლებსაც ისინი ასრულებდნენ: ამირანაშვილი - ლევანს და კრავეიშვილი – კოტეს. მაჭავარიანმა ამაზე ვეღარაფერი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი რეჟისორული სიახლეები სტუდიის თავკაცების გულისწყრომას იწვევდა. მიხეილ ჭიაურელი ფილმში ორი მომღერლის მონაწილეობას საკმარისად არ მიიჩნევდა, ქეთოს როლზე მერი ნაკაშიძის გასინჯვას მოითხოვდა. სხვა გზა არ იყო, საცდელი გადაღება დაინიშნა, რომელიც ჭიაურელმა თავად აწარმოა. გადაღებულ მასალას ეკრანზე ერთად უყურეს ჭიაურელმა და ტაბლიაშვილმა. ამ უკანასკნელმა მტკიცედ თქვა, რომ ქეთოს როლში მხოლოდ მედეა ჯაფარიძეს ხედავდა. კეთილი, ასე იყოს, – უპასუხა ჭიაურელმა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა...
კოლეგების მხრიდან რეჟისორზე სხვადასხვა ტიპის შემოტევები არ ცხრებოდა. მუშაობა გაძნელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტაბლიაშვილმა მაჭავარიანს განუცხადა – ან თქვენი რეჟისორები გააჩერეთ, ან ჩემი მუშაობაო. მოგვიანებით ვახტანგ ტაბლიაშვილი წერდა: ''იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი გაგრაში ისვენებდა. გადაწყდა ჩემი წასვლა. გაგრაში დილას ჩავედი... 12 საათზე კანდიდ ჩარკვიანის სამუშაო ოთახში გახლდით. შემომთავაზეს ოპერა "ქეთო და კოტეს" ეკრანიზება. მე გთავაზობთ მუსიკალურ ფილმს. მჯერა, რომ კარგ ფილმს გავაკეთებ, მაგრამ სტუდიის რეჟისურა წინააღმდეგობას მიწევს-მეთქი. რას მოითხოვენ? ოპერის ეკრანიზებას ყოველგვარი სიახლის გარეშე. მათ სურთ, თავადი ლევანი და მისი წრე მეტისმეტად ღატაკნი იყვნენ, კატეგორიულად მოითხოვენ ყარაჩოხელთა ეპიზოდის გაუქმებას, მიაჩნიათ, რომ ეს არის ბანალური გემოვნების ნაყოფი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ლამაზი სცენა. სცენარი წამოიღეთ? წამოვიღე. წავიკითხოთ. სცენარი ხალისით წავიკითხე, იმედით გავხედე, ღიმილით მიყურებდა. სცენარი მომეწონა, მომწონს თქვენი ჩანაფიქრი. ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათო... ''
ჩარკვიანის ვერდიქტს უკვე ვეღარავინ შეცვლიდა და ვერც შეეკამათებოდნენ, შესაბამისად, ტა-ბლიაშვილმა მუშაობა განაგრძო. გადაღებების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაბლიაშვილს ნატო ვაჩნაძემ მიმართა, სურდა, ''ქეთო და კოტეს'' მონაწილე ისიც ყოფილიყო. ტაბლიაშვილს ეუხერხულა, თქვენ ქართული კინოს დიდება ხართ, თქვენ ან პირველი როლი უნდა შეასრულოთ, ან არაფერიო, მაგრამ ვაჩნაძე არ დანებდა, საფინალო ცეკვებში მივიღებ მონაწილეობასო და რეჟისორიც სიამოვნებით დათანხმდა...
ფილმში ასახული იყო ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის კადრები, თუმცა ამოჭრეს - საბჭოთა ხელისუფლება ამაზე თვალს ნამდვილად ვერ დახუჭავდა. ფილმის ის ვერსია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ძალიან ბევრჯერ აქვს ნანახი, საკავშირო მასშტაბით პირველად 1953 წელს უჩვენეს...
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''