25 ივნისი, 2013
ვასილ ჩიქოვანი ''მეცხრე არხიდან'' ''პირველ არხზე'' გადავიდა
ცოტა დისკომფორტიცაა მეუღლესთან ერთად მუშაობა. სამსახურშიც და სახლშიც ხვდები, ისეთი დრო არაა, რომ შენთვის მარტო იყო მეორე კვირაა, ''პირველი არხის'' დღის ''მოამბე'' ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს. ვასილი ბოლო დროს ბევრს ''მოგზაურობს'' არხებზე. ''რუსთავი 2'' -იდან ჯერ ''მეცხრე არხზე'' გადავიდა, ახლა კი ''პირველ არხზეა'' . ამის მიზეზებზე თავად ისაუბრებს.
- ვასილ, ''მეცხრე არხზე'' საინფორმაციო გამოშვება მიგყავდა. როგორ აღმოჩნდი ''პირველ არხზე'' ?
- ''პირველი არხი'' ჩემთვის მშობლიურია. ამ არხიდან დავიწყე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობა. შეიძლება ითქვას, რომ ''პირველ არხს'' დავუბრუნდი.
- ''მეცხრე არხზე'' ''რუსთავი 2'' -იდან დიდი გეგმებით გადახვედი. საკუთარი გადაცემა უნდა გქონოდა...
- ''მეცხრე არხთან'' დაკავშირებით მქონდა გარკვეული გეგმები, რომელიც შემდეგ ჩავარდა და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი გავხდი.
- რა გადაცემის გაკეთება იგეგმებოდა?
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს გაკეთებას ვგეგმავდით, რომელიც დილით გავიდოდა ეთერში.
- გინდოდა, მაინცდამაინც ასეთი ტიპის გადაცემა წაგეყვანა და ასე რომ არ მოხდა, პროტესტის ნიშნად დატოვე არხი?
- ''მეცხრე არხზე'' რომ გადავდიოდი, ამ გადაცემის გაკეთება შემომთავაზეს და ამიტომაც დავთანხმდი მათთან თანამშრომლობას. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საინფორმაციოს წამყვანი გავხდი. ''მეცხრე არხზე'' მუშაობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ ''პირველი არხისგან'' მივიღე შემოთავაზება.
- არხის დატოვების სხვა მიზეზიც ხომ არ იყო?
- ''მეცხრე არხის'' ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ნამდვილად არ მომსვლია.
- როგორც მახსოვს, არხზე გადასვლა კახა ბექაურმა შემოგთავაზა. ლუბა ელიაშვილთან საერთო ენა ვერ გამონახე?
- როდესაც ''მეცხრე არხზე'' გადავედი, არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური იყო. ლუბა ელიაშვილთან საერთო ენა გამოვნახე და ხუთი თვე ვიმუშავე მასთან.
- ''მეცხრე არხს'' ბევრი აკრიტიკებს. მისი მფლობელიდან გამომდინარე, დასკვნასაც აკეთებენ, რომ არხისგან მოწოდებული ინფორმაცია მიუკერძოებელი ვერ იქნება. როგორც არხის ყოფილი საინფორმაციოს წამყვანი, რას იტყვი ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
- ''მეცხრე არხი'' ნამდვილად უკავშირდება პრემიერ-მინისტრის სახელს. არხი ოფიციალურად მისი მეუღლის კუთვნილებაა. ექვსი თვე საინფორმაციო სამსახურში გავატარე და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე. პატარა მიზეზიც კი არ მაქვს, რომ ვთქვა, რაიმე მიკერძოებულად შუქდება-მეთქი. საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც ორიენტირებული არიან, რომ მაყურებელს ახალი ამბები ობიექტურად მიაწოდონ. შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ რეალურადაც ასეა. თუმცა, რასაკვირველია, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.
- როდესაც ''რუსთავი 2'' -იდან ''მეცხრე არხზე'' გადახვედი, შენს საქციელს ორი მიზეზით ხსნიდნენ. ერთი ფინანსური დაინტერესება იყო, მეორე - პოლიტიკური შეხედულებები.
- გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტად ვმუშაობ, მაქვს ბევრი ინფორმაცია და ღვთის წყალობით, ანალიზის უნარიც გამაჩნია. რასაკვირველია, პოლიტიკური შეხედულებები მაქვს. მაგრამ ''რუსთავი 2'' -იდან წამოსვლა მაინცდამაინც პოლიტიკას არ უკავშირდება. ''რუსთავი 2'' -ში ''დილა მშვიდობისა საქართველო'' და ''სხვა ამბები'' აბსოლუტურად აპოლიტიკური გადაცემები იყო. ამ არხიდან გადასვლა არ იყო ჩემი პროტესტი. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი მაშინ იღებს, როცა კარგად გააანალიზებს, რა არის მისი კარიერისა და ოჯახისთვის კარგი. რა თქმა უნდა, იყო ფინანსური დაინტერესებაც და ეს ნაბიჯი იმიტომაც გადავდგი, რომ ჩემი პროფესიის მხრივ განვვითარებულიყავი. ''მეცხრე არხზე'' ჩემი დილის გადაცემა იქნებოდა პოლიტიკაზე, მაგრამ პოლიტიკის გარეშე. ეს ჩემთვის ოქროს შუალედი იყო.
- რა მოგცა ''მეცხრე არხმა'' . როგორ ფიქრობ, ახდა ის იმედი, რომ ამ არხზე გადასვლით პროფესიულად გაიზრდებოდი?
- ვერ ვიტყვი, ძალიან მაგარი საინფორმაციოს წამყვანი ვარ-მეთქი. პირველი სერიოზული ნაბიჯი საინფორმაციო სამსახურში სწორედ ამ არხზე გადავდგი. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ საინფორმაციოს წამყვანობა არაა ადვილი. ყველაფერი აწონილ-დაწონილად უნდა თქვა. არც ერთ მხარეს არ უნდა მიემხრო და ობიექტური უნდა იყო. ერთი მძიმე და ერთი წერტილი შეიძლება სერიოზული კამათის საგანი გახდეს. იმედია, ''მეცხრე არხზე'' მიღებულ გამოცდილებას ''პირველ არხზე'' უფრო დავხვეწ და უფრო სრულყოფილი წამყვანი გავხდები.
- ახლა შეგიძლია ზუსტად თქვა, რომ საინფორმაციოს წამყვანობა სწორედ ისაა, რაც გინდა აკეთო ჟურნალისტიკაში?
- შეიძლება ასეც ითქვას. ისევე, როგორც ყველა ადამიანი, მეც უკეთესობისკენ მივისწრაფვი. ვეცდები, ამ საქმეში მაქსიმუმი გავაკეთო, მაგრამ იმაზეც ვერ დავდებ თავს, რომ მაინცდამაინც საინფორმაციოს წამყვანად შევაბერდები რომელიმე ტელევიზიას. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. ჩემი მომავალი პროფესია შეიძლება ჟურნალისტიკისგან განსხვავებული იყოს. ცხოვრება რა შანსს მოგვცემს, არავინ იცის.
- რა პროფესია გაქვს?
- პოლიტოლოგი ვარ. მომავალში რა იქნება, მართლა არ ვიცი. თუ უკეთესი სამსახური გამოჩნდება, უარს ნამდვილად არ ვიტყვი.
- ალბათ გენატრება ''რუსთავი 2'' -ში გატარებული წლები. დილის ეთერში ბევრს ხუმრობდით, ერთხელ თმაც შეიღებე.
- რასაკვირველია, მენატრება ''რუსთავი 2'' -ში გატარებული ოთხი წელი. ძალიან რეიტინგულ გადაცემებში ვმუშაობდი. ერთხელ დროებითი საღებავით თმა უნდა შემეღება და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი საღებავით შემღებეს და ჟღალთმიანი გავხდი. ჩემს ბუნებრივ თმას ძლივს დავუბრუნდი. ''რუსთავი 2'' -ში გატარებული დრო მართლაც დაუვიწყარია. ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. დილით ადრე გაღვიძება არასდროს დამზარებია. პირიქით, ხუთის ნახევარზე უფრო ადვილად ვიღვიძებდი, ვიდრე ცხრაზე ან ათ საათზე.
- ''პირველ არხს'' დავუბრუნდიო, მითხარი. სულ კამათობენ, რატომ ვერ აკრიფა ამ არხმა რეიტინგი, მაშინ, როცა ამ ტელევიზიას ყველა ჩვენგანი აფინანსებს. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობ?
- ყველაფერს სჭირდება დრო, რომ გარდაიქმნას. მართალია, არხზე ყველაფრის დალაგების ეტაპი გაიწელა, მაგრამ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და წესით, მალე უნდა დასრულდეს.
- არის არხზე ისეთი რამ, რაც დისკომფორტს გიქმნის? თუნდაც შენობა. სულ ამბობენ, რომ ასეთი შენობა ''პირველ არხს'' არ უნდა ჰქონდეს.
- ამ შენობას აქვს თავისი სპეციფიკური ხიბლი. მეორე კურსზე ვიყავი, ამ არხზე რომ დავიწყე მუშაობა. მერეც, მეგობრების სანახავად რომ მივდიოდი, ნოსტალგიას ვგრძნობდი. შემიძლია ვთქვა, რომ ''პირველ არხზე'' გავიზარდე. დედაჩემი, დოდო შონავა, ''პირველ რადიოში'' მუშაობდა, მამა - ''საქართველოს ტელეფილმში'' , რომელიც ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' მესამე კორპუსის შენობაში იყო. ბავშვობიდან ამ არხთან ბევრი რამ მაკავშირებს. საუკეთესო წლები ამ ტელევიზიაში მაქვს გატარებული. მიხარია, რომ ამ გარემოში ვარ. დარწმუნებული ვარ, მალე ეს ტელევიზია თავის სიტყვას იტყვის.
- როგორც ვიცი, მეუღლეც ჟურნალისტია.
- ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მაიკო ბოკერიას ჟურნალისტიკაში აქვს დაცული. ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ''მეორე არხზე'' მუშაობს, კორესპონდენტია. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა დისკომფორტიცაა მეუღლესთან ერთად მუშაობა. სამსახურშიც და სახლშიც ხვდები, ისეთი დრო არაა, რომ შენთვის მარტო იყო (იცინის). ვხუმრობ, რასაკვირველია, მაგრამ ამ ხუმრობაში ცოტა სიმართლე მაინც არის (იცინის).
- შენ და მეუღლეს გადაცემის ერთად წაყვანზე არ გიფიქრიათ?
- დაუშვებლად მიმაჩნია, მეუღლესთან ერთად გადაცემა წავიყვანო. გადაცემა უნდა იყოს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის დაჯახების ადგილი. ისე, კარგი იქნება, გადაცემის ფორმატის მიხედვით, ცოლ-ქმარი თუ იჩხუბებს კიდეც. შეიძლება, საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ეთერის შემდეგ კამათი სახლში გაგრძელდეს. ასეთი რამ შეიძლება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გადაცემის წაყვანა შევძლო. ჩვენ ცოტა კრიტიკულად ვუდგებით ერთმანეთის მუშაობის მანერას. სამსახურთან დაკავშირებით ისედაც ხშირად ვკამათობთ, ბევრ რამეზე აბსოლუტურად განსხვავებული აზრი გვაქვს. ხანდახან ეს კამათი ჩხუბშიც გადადის, მაგრამ ეს ჩხუბი ხუთწუთიანია. სამსახურში და სახლში მეუღლესთან ერთად ყოფნა რთული არაა, უბრალოდ, შეიძლება ერთმანეთი მალე ამოვწუროთ.
- ახერხებ ბავშვის გაზრდაში დაეხმარო მეუღლეს?
- დილით ყოველთვის დემეტრე მაღვიძებს. სამსახურიდან რომ მოვდივარ, რამდენიმე საათი მრჩება დრო, რომ ბავშვთან გავატარო. შაბათი და კვირა კი მთლიანად მის განკარგულებაშია. მაიკო ჩემს ნათქვამს რომ ინტერვიუში წაიკითხავს, იტყვის, რომ მოვიტყუე, რომ ყველაფერს ის აკეთებს და ორ საათსაც ვერ ვუთმობ შვილს, მაგრამ მე მართლა ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატარო შვილთან.
Rating
- ''პირველ არხზე'' შენი მომავალი გეგმები მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებას უკავშირდება?
- იმედია, ''მოამბის'' გუნდში დიდხანს დავრჩები.
- როგორც ვიცი, ლევან ჯავახიშვილი ''მეცხრე არხზე'' გადავიდა.
- კი, და ამასთან დაკავშირებით ხუმრობენ კიდეც, როგორც ფეხბურთის გუნდებს შორის ხდება ფეხბურთელების გაცვლა, ასეთივე გაცვლა მოხდა არხებს შორისო. იმედია, ამ შემთხვევაში წაგებული არც ერთი არხი არ დარჩება. ლევანს მთავარი საინფორმაციო გამოშვება თამთა სანიკიძესთან ერთად მიჰყავს.
- გამოდის, ''პირველი არხის'' მთავარი საინფორმაციო გამოშვება მამაკაცი წამყვანის გარეშე დარჩა...
- რვასაათიანი ''მოამბე'' ეკა მიშველაძესა და თამარ ურუშაძეს მიჰყავთ. ჯერჯერობით გენდერული ბალანსი დარღვეულია. მომავალში რა იქნება, არ ვიცი.
- შეიძლება, შენ გიხილოთ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანად?
- არ ვიცი, ჩემს კანდიდატურას რამდენად განიხილავენ რვასაათიან ''მოამბეში'' . ჟურნალისტს ალბათ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ თავისი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყოს. თუ დავაკმაყოფილე ის კრიტერიუმები, რაც ამ შემთხვევაში წამყვანს სჭირდება, არაა გამორიცხული, არხის მთავარი საინფორმაციოს წამყვანად მიხილოთ.
- შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს არხებზე მოგზაურობ...
- ასე გამოვიდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე ტელევიზიაში ვარ. შარშან ამ დროს ''რუსთავი 2'' -ში ვმუშაობდი.
- წლის ბოლომდე კიდევ ბევრი დრო დარჩა...
- წლის ბოლომდე ჟურნალისტიკაში თუ დავრჩი, ''პირველ არხზე'' ვიქნები. თუმცა გამორიცხული არაფერია. შეიძლება, საერთოდ უმუშევარი ვიყო. ლატარიაში მილიონი რომ მოვიგო, დიდი სიამოვნებით წავიდოდი ლეჩხუმში, ჩემს სოფელ უცხერში და ქალაქში საერთოდ აღარ ვიცხოვრებდი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Nატ
რა შEნი საქმეა
18:18 / 04-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
რას დახტის წინ და უკან? :)))))))))))))))))))
21:18 / 26-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS