თავისუფალი თეატრის მსახიობი თიკო კორძაძე ორი პატარა შვილის დედაა, ამასთანავე, თეატრში აქტიურად თამაშობს როლებს, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და იმავდროულად „კომედი არხზე“ ახალ სერიალ „კოქტეილში“ მონაწილეობს. მიუხედავად ასეთი გადატვირთული დღის რეჟიმისა, დილას, სახლიდან გასვლის წინ, სამი სახეობის კერძს ამზადებს, შუალედებში, ხან ანტრაქტის დროსაც კი, რამდენიმე წუთით შინ ბრუნდება, რათა ბავშვს აჭამოს, ხან კულისებში უწევს რვა თვის ვატოს გამოკვება. პირად ცხოვრებასა და საქმიანობაზე თიკო გახსნილად გვესაუბრა.
-
თეატრი... უნივერსიტეტი... ტელევიზია...
... შეიძლება ითქვას, რომ ორსულობის ბოლო დღემდე სცენაზე ვიდექი, ჩემს საქმეს არ ჩამოვშორებივარ. ბავშვს ოქტომბრის ბოლოს ველოდებოდი, ჩემი თეატრი კი გასტროლზე სექტემბრის ბოლოს მიდიოდა, ხუმრობით მეუბნებოდნენ, ხომ არ მოიფიქრე ჩვენთან ერთად წამოსვლაო. რასაკვირველია, არსად არ წავსულვარ, გაფრინდნენ თუ არა ჩემი კოლეგები, რამდენიმე დღეში მეც ვიმშობიარე. ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობ, „ვაიმე, არ შემიძლია“ - ეს ფრაზა ჩემთვის არ არსებობს, მაგიჟებს ეს დამოკიდებულება. საბედნიეროდ, ორივეჯერ უპრობლემო ორსულობა მქონდა, მუცლით ვთამაშობდი სპექტაკლებს, სამშობიაროში საკუთარი მანქანით მივედი, საჭესთან თავად ვიჯექი (იღიმის). როგორც პირველი ბავშვის, ასევე მეორის გაჩენის შემდეგ, სცენაზე მშობიარობიდან ორ კვირაში დავბრუნდი, მით უმეტეს, რომ ბატონი ავთო მელოდებოდა. სპექტაკლზე „ვალსი ძილის წინ“ , რომლშიც მეც ვიყავი დაკავებული, მუშაობა ბატონმა ავთომ ჩემი ორსულობის გამო გადადო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეპეტიციები ჩემი მშობიარობის შემდეგ დაგვეწყო.
- ზემოთ თქვით, რომ ორივე შვილს ბუნებრივი კვებით ზრდით, თან მშობიარობიდან ორ კვირაში გახვედით სამუშაოდ, როგორ ახერხებდით ბავშვების ბუნებრივად გამოკვებას?
- მოგეხსენებთ, ბავშვები სამსაათიანი შუალედით ჭამენ. როცა სპექტაკლი მიმდინარეობდა და მირეკავდნენ, ბავშვს შიაო, თეატრის ადმინისტრაციას ვთხოვდი, ანტრაქტი 5 წუთით გაეწელა, ანუ 15-წუთიანი ანტრაქტი 20 წუთი გაგრძელებულიყო. სასცენო კოსტუმითვე მოვახტებოდი მანქანას, მოგეხსენებათ, თავისუფალი თეატრიდან ვორონცოვზე მისვლას 5 წუთი უნდა. მივირბენდი სახლში, ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი, ხან კულისებში ქმარს მოჰყავდა ბავშვი და იქ ვაჭმევდი.
ოჯახის წევრები, დედა, დედამთილი ძალიან მეხმარებიან. ახლა ჩემს ორ სამსახურს მესამე, ტელევიზია დაემატა, ამიტომ ორი თვეა ძიძა ავიყვანე.
... მე მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი შალვა გაწერელია, რომლისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები. სამწუხაროდ, ერთი წელია, ის ჩვენთან აღარ არის. სწორედ მასთან დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა, წლების განმავლობაში მის ასისტენტად ვმუშაობდი, შემდეგ მასთანვე გავიარე მაგისტრატურის კურსი და 2005 წლიდან თეატრალურ უნივერსიტეტში პედაგოგად დავრჩი. წელს მეოთხე კურსს ვუშვებ, შესაბამისად, მისაღებ გამოცდებზე ახალი ჯგუფი უნდა ავიყვანო.
... ტელევიზია ჩემს ცხოვრებაში მცირე დოზით ხან შემოდიოდა, ხან ქრებოდა. რა პროექტზეც ვიწყებდი მუშაობას, რაღაცნაირად ისე ხდებოდა, რომ ყველა ჩერდებოდა. სამი წლის წინ „რუსთავი 2“ -დან დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა, მაშინ ახალ პროექტს აკეთებდა, ერთი თვე ვიმუშავეთ, მაგრამ არ აეწყო. ამის შემდეგ ვმონაწილეობდი „ალუბლების ქუჩა 12“ -ში, ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი. ახლა რომ ვუყურებ, ჩემს თავს ვერ ვცნობ და თუ სხვებმაც ვერ მიცნეს, არ გამიკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალიც შეჩერდა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა შედგა, მივხვდი, რომ ეს ბიჭები თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ. ამის შემდეგ ალეკომ მითხრა, ვიფიქრებ რამე ისეთ პროექტზე, სადაც შენ დაგაკავებო. მართლაც, დაიწყეს ახალ სერიალზე მუშაობა და დამირეკეს კიდეც. „კოქტეილი“ ჰქვია სერიალს, რომელშიც ხუთი ადამიანი: მე, ქეთა ლორთქიფანიძე, პაატა გულიაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე და გუგა კახიანი ვთამაშობთ. „კომედი არხზე“ შეგიძლიათ მისი ხილვა. ჯერ ახალი დაწყებულია და გმირი გამოძერწვის პროცესშია, ჩანს, რომ ჩემი პერსონაჟი ქმარს იბრიყვებს, რომლის როლსაც პაატა გულიაშვილი ასრულებს. მე და პაატას სტუდენტობა ერთად გვაქვს გატარებული, ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ, ამიტომ კარგად შევთამაშდით.
მეუღლე – ანრი პაიჭაძე
... ჩემი მეუღლე მაქსიმალურად მხარში მიდგას. პროფესიით არა, მაგრამ ბუნებით თეატრალია, უყვარს თეატრი და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. ყოველთვის დადიოდა სხვადასხვა თეატრში სპექტაკლების სანახავად, მათ შორის ჩვენთანაც, თურმე წლების განმავლობაში ჩვენი ერთგული მაყურებელი იყო, მაგრამ მე ეს არ შემიმჩნევია. სამწლიანი გულშემატკივრობის შემდეგ გამეცნო, როგორც რიგითი მაყურებელი. მანამდე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. შემდეგ, როგორც ხდება, აება ურთიერთობა და ოჯახი შევქმენით. ჩემთვის უსაყვარლესი სპექტაკლის - „ძმების“ პრემიერა 2006 წლის 14 იანვარს, თეატრის დღეს იყო, თურმე სწორედ ამ წარმოდგენას ესწრებოდა ჩემი მეუღლე, მას შემდეგ „შორით ტრფობა“ დაემართა (იღიმება). ოჯახი კი 2009 წელს შევქმენით, შეიძლება ითქვას, რომ „ძმებმა“ დაგვაკავშირა. ანრი თავად ფართო პროფილის ვეტექიმია და სურსათის ეროვნულ სააგენტოში მუშაობს.

ზრუნვა საკუთარ თავზე
... საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება. აუზზე მინდა სიარული, მაგრამ რომელ შუალედში მოვახერხო, არ ვიცი. ფეხმძიმობისას 13 კილო მოვიმატე, პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, ცხრა კილო სამშობიაროში დავტოვე, დანარჩენი კი თავისით დავიკელი. ცხოვრებაში დიეტაზე არ ვყოფილვარ, რადგან სამზარეულოსთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მეორე ორსულობის შემდეგ კი ზედმეტი კილოგრამები დამრჩა, მინდა ვებრძოლო, მაგრამ ჯერ ფსიქლოგიურად ვემზადები ამისთვის. აქამდე ფეხით ვმოძრაობდი და ეს მშველოდა, ახლა მანქანით დავდივარ და ალბათ ამიტომაც გამიჭირდა ზედმეტი კილოგრამების მოშორება.
საოჯახო საქმეები
... სამზარეულოს საქმეებზე უარს არასოდეს ვამბობ. როცა შვილი და ქმარი გყავს, როგორ შეიძლება, რამე ვერ მოახერხო. ისე უნდა მოახერხო, რომ ოჯახიც გამოკვებო და მოწესრიგებულიც იყო. სახლიდან გასვლის წინ სამ სადილს ვაკეთებ, ორ სხვადასხვა კერძს ბავშვებისთვის ვამზადებ, ოჯახის წევრებისთვის კი მესამე კეთდება. ისე, ამ საკითხში დედამთილი ძალიან მეხმარება, ჩემს არყოფნაში სამზარეულოს ის კურირებს. შაბათ-კვირას დედაც მიწყობს ხელს, ვუტოვებ ორივე შვილს და შემიძლია, მეგობრებთან ერთად გავისეირნო. მხარში მიდგას ყველა, საწუწუნო არაფერი მაქვს. მიუხედავად ამისა, ძირითადი საქმე მაინც ჩემზე, ანუ შვილების დედაზე გადადის, თუმცა დიდი მხარდაჭერისთვის თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობას ვუხდი ყველას და მინდა, ეს დაწეროთ.
ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“