06 ნოემბერი, 2014
რატომ დაეძაბა რუსული ''ვოისის'' მონაწილე დათუნა მგელაძეს ურთიერთობა დიმა ბილანთან
წინასწარ გეტყვი, რომ არა მგონია, იქ ოდესმე ქართველმა გაიმარჯვოს დათუნა მგელაძე წელიწად-ნახევარია, მოსკოვში ცხოვრობს და იქ მუშაობს. ''ჯეოსტარის'' წარმატებულმა მონაწილემ, როგორც მომღერალმა, საქართველოში საკმაო წარმატებას მიაღწია, მაგრამ თავის პროფესიაში უფრო მეტის გაკეთების სურვილით რუსეთის დედაქალაქს მიაშურა, წელს კი რუსული ''ვოისის'' კონკურსანტიც გახდა.

- მოსკოვში იმიტომ გავემგზავრე, რომ ჩემთვის და კარიერისთვის უფრო მეტი რამ შემეძინა. წელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ, ჩემს სიმღერას რომ ვუსმენ, პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან გავიზარდე. ბევრ კლუბში, კაფესა თუ რესტორანში მომიწია მუშაობამ. მყავს სუპერპროფესიონალთა
ბენდი, თუმცა არ მკითხო, როგორ მოვახერხე მათი შეკრება. ძალიან გამიმართლა და ყველაფერი რეკორდულ დროში შევძელი. გულახდილად გეუბნები, რატომ მოსწონდათ და რა ჩემს ნამღერში აქამდე, ვერ გამიგია. მინდა ყველაფრის გადამღერება, ვატყობ, რომ ბევრად მუსიკალური გავხდი.
- მოსკოვური ცხოვრების რიტმს როგორ მოერგე?
- დედას გეფიცები, აქ უფრო სიგიჟეა, ვიდრე იქ. მოსკოვში შეიძლება ისე გავიდეს კვირა, რომ ვერავინ ნახო და სულ შენს საქმეში იყო ჩართული. თბილისში კი სულ ვიღაცას ხვდები. ხალხი ძალიან მიყვარს და მათთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მომიწია ურთიერთობამ იმ პერიოდში, რაც თბილისში ვარ. არ მინდა, ამას მივეჩვიო, რადგან მოსკოვში და-ბრუნებულს ისევ ნოსტალგია მომკლავს. თავიდან რომ ჩავედი, 5-6 თვე ძალიან გამიჭირდა და სულ ''სკაიპით'' ველაპარაკებოდი ოჯახის წევრებს, ძმაკაცებს, თუკი სადმე ქეიფობდნენ, განსაკუთრებულად მინდოდა მათი ყურება. მამაჩემიც ემიგრანტია, გერმანიაში იყო დიდი ხანი, ახლა უკვე დაბრუნდა, მაგრამ მასაც რომ იგივე მოთხოვნები ჰქონდა, ძალიან მიკვირდა, ახლა გავუგე მას (იღიმის).
მე ისიც დამეხმარა, რომ ჩემი საქმიანობა ყველაფერს მავიწყებს. როგორც კი დავიწყე მუშაობა, სიმღერა, თანდათან შევეგუე.
- დათუნა, ვინმე თუ დაგეხმარა მოსკოვში გზის გაკვალვაში?
- კარიერაში ნაკლებად, მაგრამ ზოგადად, იქაური ქართველები ძალიან დამიდგნენ გვერდში. აქედან რომ ჩავედი, თურმე წითელა მქონია და ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი. თავიდან ვერ მიხვდნენ, რა მჭირდა, ბოლოს საავადმყოფოში აღმოვჩნდი. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ დროს ძალიან დიდი პატივი მცეს.
- როცა კარიერისთვის ქართველი მომღერალი რუსეთში ჩადის, სულ ეკითხებიან ხოლმე, ქეთა თუ გეხმარებაო.
- ქეთას უამრავი საქმე აქვს და შესაძლოა, მოსკოვში თვეში სულ სამჯერ იყოს. ვინ უნდა გაამტყუნოს ქეთა? არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა გააკეთონ და ვიღაცას ხელებში უყურებენ. მოსკოვში, თუკი არ გეზარება, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, ამაში თავად დავრწმუნდი.
- ამას წინათ მოსკოვურ თბილისობაზე კონცერტის ჩასატარებლად გამგზავრებულ მომღერლებს აქ დიდი კრიტიკა შეხვდათ. ამაზე რას ფიქრობ?
- რატომ, რას ერჩოდნენ? ქართველები იყვნენ იმ კონცერტზე, უხაროდათ ჩვენი მომღერლების მოსმენა, მათთან ფოტოებს იღებდნენ. სხვათა შორის, წინა თბილისობაზე მეც ვიყავი, ოღონდ არა თვის დასაწყისში, არამედ იმ დროს, როცა აქაც აღინიშნება ხოლმე. მოკლედ, მე ვიყავი მოსკოვში ნამდვილ თბილისობაზე. რასაც სკანდალი მოჰყვა, ის მოგონილი თბილისობა იყო. ნამდვილ თბილისობაზე შარშან გამოვდიოდი სოსო პავლიაშვილთან, აჩი ფურცელაძესთან, მანანა თოდაძესთან, ზურა დოიჯაშვილსა და მამუკა ონაშვილთან ერთად. იცი, რა კარგად იყო ორგანიზებული? დიდ პარკში სახლები ჰქონდათ გაკე-თებული, ქართული კერძები მზადდებოდა. სხვათა შორის, იქ გამოსვლა ძალიან დამეხმარა, რომ ხალხს გაეგო, იქ ვარ.
- დათუნა, რუსულ ''ვოისზეც'' უნდა ვისაუბროთ. წინა წელს, მახსოვს, ვერ გახვედი.
- მაშინ ''პირველ არხზე'' მზადდებოდა ახალი მუსიკალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობა შემომთავაზეს. შესაბამისად, ''ვოისის'' კასტინგზე აღარც გავსულვარ, მაგრამ შემდეგ ის პროექტი აღარ გაკეთდა. ახლა ვფიქრობ, რომ იმ წელს ასეთი კონკურსისთვის ძალიან მოუმზადებელი ვიქნებოდი, ამიტომაც კარგია, რომ ასე მოხდა. წელს კიდევ ერთხელ სცადეს სხვა მუსიკალური პროექტის გაკეთება, მაგრამ ისიც საბოლოოდ ჩავარდა.
ერთ დღეს ''პირველი არხიდან'' დამირეკეს, ''ვოისის'' ანკეტაში რაღაცები არასწორად გაქვთ შევსებულიო. აღმოჩნდა, რომ ჩემი მონაცემები ჩემმა მეგობარმა გაგზავნა. თავდაპირველ კასტინგზე არც კი ვიცოდი, რა მემღერა. რუსეთში სიმღერისადმი ცოტა არასწორი დამოკიდებულება აქვთ, ვინც მეტად ყვირის, მისი მოსმენა უფრო აინტერესებთ. ეტა ჯეიმსის At Last შევარჩიე, ოღონდ ჩემი ინტერპრეტაციით შევასრულე. მეორე სიმღერად კი ''აჩეროვანა'' შევთავაზე. პროდიუსერები გაგიჟდნენ, აქამდე ვერავინ მოიფიქრა ამ სიმღერის შესრულებაო. ამ კასტინგის შემდეგ კიდევ სამჯერ გადაგვამოწმეს ვოკალურად, ბოლოს ჰოლანდიელებმა გვნახეს.
- ვიცი, რომ ბრმა კასტინგზე ჯორჯ ბენსონის სიმღერის შესრულება არ გინდოდა.
- ჟიურის წევრებმა თქვეს, რომ ეს სიმღერა თავადაც არ მოსწონთ, მაგრამ ვუპასუხე, რომ ის ჩემი შერჩეული არ იყო. ლეონიდ აგუტინმა მითხრა, მადლობა, რომ ასეთი ვერსია შემოგვთავაზე, რადგან მანამდე კიდევ ოთხმა კონკურსანტმა შეასრულა და შენი ყველაზე გამორჩეული იყოო. დიმა ნაგიევმაც მითხრა, არ მომწონს ეს სიმღერაო და ვუპასუხე, არც მე მომწონს-მეთქი. ეს საუბრები სულ ამოჭრეს.
- დიმა ბილანთან მოხვედრა გაგიხარდა? როგორი მენტორი აღმოჩნდა?
- თავიდან ძალიან ვერ გავუგეთ ერთმანეთს (იღიმის) და ცოტა ნაწყენიც ვიყავი მასზე. ეს ნაწყენობა ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. რასაც ვთხოვდი, ყველაფერს პირიქით მიკეთებდა. შესაძლოა, ჩემი ბრალიც არის, რადგან რეპეტიციები რომ დაიწყო, ისეთ შენიშვნებს მაძლევდა, რასაც ვერ მივიღებდი. შეიძლება, ეს არასწორი სულაც არ იყო, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ასე იმღერე და ისე იმღერეო, რომ მეუბნებოდნენ. მერე, თანდათან, როცა გამიცნო, საკმაოდ დავახლოვდით, იყო მესიჯები, სატელეფონო საუბრები, ასე სჯობს და ისე სჯობსო. თუმცა ყველაზე ახლო ურთიერთობა ლეონიდ აგუტინთან ჩამომიყალიბდა. ის ქართველებზე გიჟდება, ძალიან უყვარს. ბევრჯერ უთქვამს, ძალიან კარგად გავუგებდით ერთმანეთსო.
- ამ პროექტიდან რას ელოდები?
- ამ ერთი გამოსვლით ის მოხდა, რომ 18 ნოემბრიდან უკვე ყველა დღე დაჯავშნილი მაქვს კონცერტებით. ''პირველი არხი'' რუსეთში სასწაულებს ახდენს. უკვე ორი მუსიკალური დირექტორი მყავს, რომლებიც საქმეებს მიგვარებენ.
- ხალხი გცნობს ქუჩაში?
- მცნობენ (იღიმის). უბედნიერესი ვიყავი, ეს რომ შევამჩნიე. რთულია ამხელა ქალაქში თავის დამკვიდრება. როცა არაფრისგან რაღაცას აკეთებ, მერე თავდაჯერება გემატება. ''ვოისში'' გავლითაც რომ იყო და არავინ აგიყვანოს, მაინც დიდი რამეა იქ გამოჩენა.
- როგორ ფიქრობ, ოდესმე ქართველს ექნება ''ვოისში'' გამარჯვების შანსი?
- გელა გურალიას ჰქონდა ყველაზე საუკეთესო შედეგი. წინასწარ გეტყვი, რომ არა მგონია, იქ ოდესმე ქართველმა გაიმარჯვოს (იღიმის). იმასაც აღვნიშნავ, რომ იქ მოგება არავის უნდა, რადგან საშინელი კონტრაქტები ფორმდება გამარჯვებულთან.
- კარგი. სხვა თემასაც გადავწვდეთ. სასურველ სასიძოებს შორის დაგასახელა არხმა ''მარაომ''. არ არის რაიმე ცვლილება შენს პირადულში?
- (იღიმის) საერთოდ არაფერი. იმ დონეზე ვაფასებ გრძნობა სიყვარულს, რომ არც ერთ ვარიანტში არ დავმალავდი და სახალხოდ ვიტყოდი, იმდენად ველოდები. სამწუხაროდ, არ ვარ შეყვარებული.
- რუსი გოგონები მოგწონს?
- ძალიან, მაგრამ ცოტა დამღლელები არიან. მეგონა, ეს ქართული პრობლემა იყო, მაგრამ თურმე მითი ყოფილა, რომ ამბობდნენ, რუსი ქალები ყურადღებით არ დაგღლიანო (იცინის). ძალიან ეჭვიანები არიან.
- შენ გვერდით ამ გადასახედიდან როგორი გოგონა წარმოგიდგენია?
- ძალიან უნდა ვუყვარდე, რადგან ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს. მიყვარს სითბო და ამის გარეშე არ შემიძლია. შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო და პატარა ბავშვივით ერთმა კარგმა სიტყვამ კარგი განწყობა შემძინოს. ამ ჩემს სითბოს ცოტა სხვანაირად იგებდნენ (იღიმის), ახლა დისტანციას ვიცავ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნატა
წარმატებებს გისურვებ!
16:56 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
რუსულ ვოისეში რა ჯანდაბა უნდა.
16:55 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS