გასულ კვირას მარჯანიშვილის თეატრში იტალიის საელჩოს ინიციატივით დაიდგა წარმოდგენა ''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები''. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც სცენიდან გაგვაცნეს ქმრის, საქმროს, საყვარლისა თუ ყოფილი მეგობარი მამაკაცის ხელით მოკლული ქალების ნამდვილი ამბები.
''სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები'' ედგარ ლი მასტერსის სახელგანთქმული ''სფუნ რივერის ანთოლოგიის'' მაგალითზე
თბილისში გამართულ სპექტაკლზე მონოლოგები ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე წაიკითხეს: ანუკა არეშიძემ, მაია ასათიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, მანანა კობახიძემ, ერიკა კრაპილოვამ, ეკა მიშველაძემ, ტურკ პირიომ, ნინო სუხიშვილმა, ეკა ტყეშელაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ, ნათია ფანჯიკიძემ, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, მაკა ჩიჩუამ, თეა წულუკიანმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ფედერიკა ფავიმ.
ძალადობის თემაზე სასაუბროდ ერთ სცენაზე შეიკრიბა პოზიციაც და ოპოზიციაც. შავ კაბებსა და წითელ ფეხსაცმელში გამოწყობილები თვალცრემლიანები ჰყვებოდნენ უმძიმეს ამბებს, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნის ქალებს ცხოვრება მოუსწრაფეს.
შეუძლებელია, ემოციების გარეშე უსმინო ცხრა წლის ინდოელი გოგონას მონათხრობს, ის ფულის გამო მშობლებმა ასაკით ბევრად დიდ კაცს გააყოლეს ცოლად და მშობიარობას გადაჰყვა... იტალიელ ქალს ქმარმა ბენზინი გადაასხა და დაწვა, რადგან გაიგო, რომ ის მესამე შვილს ელოდებოდა…. ერთ-ერთი გარდაცვლილი ინდოელი გოგონას მონოლოგიდან ვიგებთ, რომ მას კამეჩად დაბადება უნატრია, რადგან მის ქვეყანაში ცხოველს უფრო მეტი ფასი აქვს. ამ ქვეყანაში ამბობენ, რომ კამეჩის სიკვდილი ოჯახის დაქცევას ნიშნავს, ქალისა კი - მამაკაცისთვის ახალი მზითვის მიღების შანსს. ინდოეთში მამაკაცები ქალებს უმოწყალოდ უსწორდებიან, ყოველ წელს რვა ათასი ქალი ასრულებს ცხოვრების გზას…, მართლმსაჯულება კი მამაკაცების მხარესაა და ისინი არ ისჯებიან, საქმე იხურება. ყოველწლიურად ათასობით გოგონას ჯერ კიდევ დაბადებამდე კლავენ, სქესის გამო.
სპექტაკლიდან მიღებული უმძიმესი შთაბეჭდილებების შემდეგ ვესაუბრეთ ღონისძიების პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელ ფრანჩესკა პარიზინის:
- სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები, რომელთა ტრაგედიებსაც ჰყვებიან მონაწილეები, სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ ფენას ეკუთვნოდნენ. ამრიგად, ქალებზე ძალადობა საზოგადოების მხოლოდ ერთი რომელიმე ფენის პრობლემა არ გახლავთ.
ჩვენი ტური შარშან ნოემბერში დაიწყო და ეს სპექტაკლი ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით დაიდგა. ამბების შეგროვება დავიწყეთ იტალიიდან, სადაც რეალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ვიცით, რომ არცთუ იშვიათად ძალადობენ ქალებზე. სამწუხაროდ, საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე 24 შემთხვევა გამოვლინდა, ვიცით, რომ ერთი წარმოდგენა ამ ფენომენს ვერ აღმოფხვრის.
პროექტის დაწყება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა იტალიამ ხელი მოაწერა სტამბოლის კონვენციას. მის თანახმად, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანენ. სპექტაკლის დადგმით იტალიაში მივაღწიეთ იმას, რომ ქალთა უფლებების დაცვამ კანონის სახე მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება.
დარბაზში მაყურებელთა შორის ეკა ბესელია დავინახეთ და მოსაზრების გაზიარება ვთხოვეთ:
- ძალადობა ქალებზე არის მოვლენა, რომელსაც ჩვენ არ ვიღებთ, არ მოგვწონს, არ თანავუგრძნობთ, არ ვამართლებთ. ეს არის სახიფათო გამოვლინება, რომელსაც ყველა ვებრძვით. მგონი, ეს არის პირველი თანხმობა სახელმწიფოსა და ხალხს შორის. აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოვხატავთ ამას - კანონის ენით, იმპროვიზებული ფორმით, გაბრაზებული სანახაობით თუ პირდაპირი ჩარევით. მთავარია, შევთანხმდეთ, რომ ძალადობას არანაირი ფორმით არ ვიღებთ, რომ დაცვა სჭირდება ნებისმიერ მსხვერპლს და ქალს სჭირდება სოლიდარობა.
მაკა ჩიჩუა:
- როგორია თქვენი ემოციები წარმოდგენის შემდეგ?
- სპექტაკლს ძალიან საქმიანად მივუდექი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ქალებზე ძალადობის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. აღმოვაჩინე, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. სპექტაკლმა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო მოიარა და ეს პროექტი აქტუალურია სხვა ქვეყნებშიც. აშკარაა, ქალებზე ყველგან, ტოტალურად ძალადობენ.
ემოციაზე კი რა გითხრათ... მინდა, რომ ყველა საქმიანად ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველა ნორმალურ ადამიანს აწუხებს. რაღაცნაირად უნდა მოვძებნოთ გზა პრობლემის დასაძლევად.
ნათია ფანჯიკიძე:
- ქალებზე გახშირებული ძალადობის ფონზე წარმოდგენაში მონაწილეობაზე უარი რომ მეთქვა, არც მიფიქრია. პირიქით, დიდი პატივი იყო, რომ შემომთავაზეს. მგონია, სპექტაკლში ბევრნაირი მესიჯია და საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი მაყურებელზე.
ნინო სუხიშვილი:
- ამ წარმოდგენაზე მუშაობა საქართველოში ექვსი თვის წინ დაიწყო, სანამ ეს პრობლემა ასე მწვავედ დადგებოდა. ამ აქციაში სხვა ქვეყნებში მგონი, მხოლოდ მსახიობები მონაწილეობენ და წარმოდგენა უფრო თეატრალიზებულია.
- გაგიჭირდათ მძიმე ისტორიის წაკითხვა?
- ძალიან ემოციურია, როდესაც გრძნობ და განიცდი, რასაც კითხულობ, ცოტა რთული იყო. აღმოვაჩინე, რომ სხვა ქვეყნებში ასე ხშირად ხდება მსგავსი შემზარავი ფაქტები. ევროპის სხვა ქვეყნებსა და საქართველოს შორის განსხვავება ისაა, რომ მეუღლე ჩადენილ დანაშაულს არ ამხელს. გვამს მალავს და მკვლელობას საკუთარ თავზე არ იღებს. ჩვენთან პირიქით ხდება. თითქოს საამაყოა მომხდარი და მოძალადე თითით საჩვენებელი ხდება. აი, როგორ ვაჟკაცურად მოიქცა და თავისი ღირსება შეულახავი დატოვა. თუმცა მგონია, რომ ევროპისა და აზიის გასაყარზე მცხოვრები ქვეყანა ევროპისკენ უფრო უნდა მიილტვოდეს, ვიდრე აზიისკენ. იმედი მა-ქვს, ამ მხრივ ყველაფერი გამოსწორდება. ამაზე ფიქრი აუცილებელია. ალბათ ქალების მენტალიტეტიც უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება გაჩერდე იმ ადამიანთან, რომელიც ყოველდღე გირტყამს.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ შეკრებილი საზოგადოება კიდევ დიდხანს მსჯელობდა ნანახისა და მოსმენილის შესახებ. ამ პროექტს გამოხმაურება მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც მოჰყვა. გააკრიტიკეს ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე, დიზაინერი ანუკა არეშიძე იმის გამო, რომ მან მონოლოგი იტალიურად წაიკითხა.
''რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში, რომ ყველას ასიამოვნო? ახლა იმაზე მაკრიტიკებენ, იტალიურად რატომ გამოვიდაო. ის არავის უთქვამს, სასიამოვნო საღამო იყო, მნიშვნელოვანი მესიჯებითო. იმას წერენ, ანუკამ ტექსტი იტალიურად რატომ წაიკითხა, რა მატრაკვეცობააო. სპექტაკლი იტალიის ელჩის მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთმა ქალბატონმა ინგლისურად წაიკითხა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა. უამრავი უცხოელი სტუმარი იყო დარბაზში. დიდი მადლობა, რომ საშუალება მომეცა, ჩემი პატარა წვლილი შემეტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში'', - დაწერა ანუკამ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე.
და მართლაც, ალბათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე წაიკითხეს მონოლოგები. მთავარი აქ ამ შემზარავი ამბების შინაარსია და ის, რომ მთელმა მსოფლიომ, მათ შორის, საქართველომაც, ერთხელ და სამუდამოდ უნდა უთხრას ძალადობას - არა!..
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''