02 ნოემბერი, 2014
"რამდენიმე დღე რომ სახლში ვარ, თითქოს თავსაც ნაკლებად ვუვლი..." - რატომ უჭირთ ქალებს აქტიური ცხოვრების შემდეგ შინ დაჯდომა
ცხოვრების პასიური ეტაპზე გადასვლა ოჯახის შექმნამ განაპირობა ოჯახის შექმნის შემდეგ ხშირია შემთხვევა, როცა ქალი აქტიური ცხოვრების წესს დროებით ან სამუდამოდ შორდება და პასიურ ფაზაში გადადის, ოღონდ ეს პასიურობა ძირითად შემთხვევაში კარიერას ეხება, თორემ ქალი, რომლსაც ჰყავს ოჯახი, შვილი, ბოლომდე მოდუნებას ალბათ ვერასდროს შეძლებს. ცხოვრების რიტმის ცვლილებას ყველა ერთანიარდ ვერ ეგუება, ზოგისთვის ეს დასვენების კარგი საშუალებაა, ზოგისთვის კი - დეპრესიის საფუძველი. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ცნობილ აქტიურ ქალბატონებს - ხატია სიჭინავას, ანა კოშაძეს და ქეთი კეკელიას
ვკითხეთ, რომელთაც გარკვეულ ხანს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, შინ მოუწია დაჯდომა. საბედნიეროდ, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ტემპის შენელებას ჩვენი რესპონდენტების გუნება-განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ხატია სიჭინავა: "მყავს მეუღლე, რომელიც სულ იმისკენ მიბიძგებს, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო, ფორმაში ვიყო და 24 საათის განმავლობაში სახლში არ ვიჯდე"

- ჩემს შემთხვევაში ცხოვრების პასიური ეტაპზე გადასვლა ოჯახის შექმნამ განაპირობა, თუმცა შვილების გაზრდას ნამდვილად ვერ დავარქმევ პასიურ ეტაპს, რადგან ეს გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ სამი წელი ზედიზედ ორსულად ვიყავი, სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, სამი შვილი - ესაა ლომის ხვედრი და საკმაოდ რთული სამუშაო, თან მიყოლებით გავაჩინე, თითქმის ტოლები არიან, უდიდესი დრო და ენერგია სჭირდებათ ბავშვეს, რათა ყოველთვის კარგ ხასიათზე იყვნენ, მეტი ისწავლონ და ა.შ. დედად ყოფნა ალბათ ყველაზე დიდი სამსახურია ქალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მყავს დამხმარე, ძიძა, ჩემი დაც მეხმარება, სამი ბავშვის ყოფნა ერთ ჭერქვეშ უბრალო საქმე არაა, შეიძლება ითქვას, რომ სახლში პატარა საბავშვო ბაღი მაქვს, რომელიც ითხოვს მუდმივ მობილიზებას, სეირნობას და ა.შ. ფეხით ამდენი მაშინ არ მივლია, როცა მარტო ვიყავი, ახლა ბავშვები მაიძულებენ ამის გაკეთებას. რაც შეეხება სამსახურს, ძალიან მინდა ჩავერთო ისევ ძველ სისტემაში და ოჯახი ხელს არანაირად არ შემიშლის ამაში. მყავს მეუღლე, რომელიც სულ იმისკენ მიბიძგებს, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო, ფორმაში ვიყო და 24 საათის განმავლობაში სახლში არ ვიჯდე, ტრადიციული ქართველი მამაკაცისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს ჩემს ქმარს, არ მოსწონს, როცა სახლში ვზივარ, მარტო ბავშვებზე ვარ გადართული და სხვა არაფრისთვის არ მცალია. ჯერ სულ ორი თვეა რაც ვიმშობიარე. ბავშვის გაჩენაზე სამწლიანი პაუზა მაქვს აღებული, რადგან ჩემმა ექიმმა ამიკრძალა, აქ აღარ დაგინახო მოსულიო. იმედია, ამ სამ წელიწადში შევძლებ თავიდან მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება. ისე, სხვათა შორის, არსებობს გამონათქვამი, თუ კარიერაში გიმართლებს, მაშინ პირადი გექნება არეული, ორივე ერთად შემდგარი ვერასდროს ვერ იქნება, ან ერთი უნდა გქონდეს, ან მეორეო, თუ ასეა, მაშინ მე ოჯახის სასარგებლოდ მივიღებ გადაწყვეტილებას.

- თავიდან არ გაგიჭირდა ცხოვრების ნელ რიტმთან შეგუება?
- 2007 წელს მივატოვე ტელევიზია და წამოვედი, რაც ჩემი დიდი შეცდომა იყო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი თავი იმ გადაცემაში ამოვწურე, უფროსიც მეუბნებოდა, რატომ მიდიხარ, როდესაც რეიტინგი აქვს გადაცემას და პოპულარული ხარო, მაგრამ გადაწყვტილება მივიღე და წამოვედი. გამიჩნდა ამბიცია, დრო იყო სხვა ეტაპზე, სხვა ტელევიზიაში გადასულიყავი... ეს არ მაპატია ღმერთმა იმიტომ, რომ ამბიციებს არ პატიობს და იმის შემდეგ ისე დამსაჯა, რომ ტელევიზიებში მხოლოდ სტუმრის რანგში მივდივარ - 2007 წელს კარიერა დავათმავრე და სხვის შოუებში სტუმრიანობაზე გადავინაცვლე. ალბათ ჩემი `დანაშაული~ უნდა გამოვისყიდო. 2007 წლიდან 2010 წლამდე მქონდა პაუზა, სამი წელიწადი ვიყავი უმუშევარი, შემდეგ უკვე გავთხოვდი და დროც არ მქონდა იმისთვის, რომ სამსახურზე მეფიქრა, სავარუდოდ ჩემი "დასჯა" დღემდე მიმდინარეობს.
- ოჯახი, შვილები ადამიანს უცვლის ცხოვრების წესს... თუნდაც გართობის მხრივ, მაგალითად, ისე ხშირად ვეღარ დადიხარ გვიან მეგობრებთან ერთად, შეიძლება ახლა მიეჩვიე უკვე ამას, მაგრამ თავიდან დისკომფორტს არ გიქმინდა?
- ძალიან ადვილად გადავერთე ჩემი ცხოვრების შედარებით პასიურ ეტაპზე. დისკომფორტი იმის გამო არ მქონია, რომ ვერ დავდიოდი გასართობად, ღამით გვიან, ან ვერ ვცხოვრობდი ისე, როგორც გათხოვებამდე, ალბათ იმიტომ, რომ ისეთ ასაკში შევქმენი ოჯახი, როცა გართობა და ღამის კლუბები უკვე მობეზრებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს პრობლემა სახლში გვიან მისვლაზე და ასევე სახლიდან გვიან გასვლაზე, იმიტომ, რომ ბევრი დამხმარე მყავს, სურვილი არ გამაჩნია, ეტყობა, გავიზარდე. ის ეტაპი, როცა ოჯახში გული არ გიჩერდება და სულ გარეთ გასვლა გინდა, 30 წლამდეა, მე კი ამ ასაკის შემდეგ გადავინაცვლე ოჯახურ ცხოვრებაზე, რაც კომფორტულიც კი იყო, კარგად მოვირგე და მოვერგე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, გოგოები შეკრებილან და დაურეკავთ გამოდიო, მაგრამ სურვილი არ მქონდა. სამჯერ რომ განმეორდა იგივე, აღარც მირეკავენ და აზრიც არ აქვს (იცინის). გარეთ რომ გახვალ, ყველა სვამს და შენ ფხიზელი ზიხარ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვებს უქმნი დისკომფორტს. გამომდინარე იქიდან, რომ სამი წელი ზედიზედ ორსულად ვიყავი, ერთი წვეთი არ დამილევია, ორგანიზმიც იმდენად გადაეჩვია სასმელს, რომ მგონი ლიმონათის დალევის შემთხვევაშიც ნასვამი ვარ, ალკოჰოლიც გამოდევნილია ორგანიზმიდან.
- ხატია როგორი დიასახლისია?
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სამზარეულოში ფუსფუსი შემიყვარდებოდა, ისევე როგორც ვერ წარმოვიდგენი, რომ სამი შვილის დედა ვიქნებოდი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ერთი შვილით შემოვიფარგლებოდი და მასზე ვიქნებოდი გადართულ-გადაფოფრილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამი მყავს და მათზე თანაბრადაა გადაწილებული ეს გრძნობები. ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ ძალიან მყვარებია სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემმა დედამთილმა ევროპული კულინარიის წიგნი მაჩუქა და იქიდან ვაკეთებ ხოლმე უცხო კერძებს, თუმცა ასეთ რაღაცებს ბავშვებს არ ვაჭმევ, ვერიდები, ჯერ მაინც პატარები არიან. ვერ ვიტყვი ყოველდღე და ყოველ წუთას სამზარეულოში ვტრიალებ-მეთქი, მაგრამ კვირაში სამჯერ მაინც მიჩნდება სურვილი, რამე უცხო მოვამზადო.
- რა რჩევას მისცემ დიასახლისებს, რომლებისთვისაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება რუტინული ხდება?

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS