რატომ ეშინოდა ბავშვობაში შაჰ აბასის
- ფოტოზე არიან დედა, დეიდა და ბიძაჩემი. ბიძა 23 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეთქმულებაში მონაწილეობდა. ეს შეთქმულება ვერ შედგა და საქართველოდან წასვლა მოუხდა. თავდაპირველად საფრანგეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბელგიაში გადავიდა, სადაც დაოჯახდა. დიდხანს იცოცხლა. 94 წლის გარდაიცვალა. ძალიან კარგი ხელოვნებათმცოდნე იყო. მისგან ბევრი საინტერესო რამ მომისმენია. თავიდან ბიძასთან კონტაქტი არ ჰქონდათ. მის პატივსაცემად დამარქვეს მერაბი.

- როგორც ვიცი, ლატარია მოაწყვეს ოჯახში, რა სახელს დაგარქმევდნენ.
- მამაჩემმა ფურცლებზე სახელები ჩამოწერა და ქუდში ჩაყარა. მერე გავიგე, რომ ყველა ფურცელზე მერაბი ეწერა. მამა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ბებია გაეხარებინა. ბუნებრივია, ბებიამ გაიხარა. ერთი წლის ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა. სწორედ ამ პერიოდში მამა გადაასახლეს და უმამოდ დავრჩი.
დედა, მარინე ჯორჯაძე, და მამა, არჩილ კოკოჩაშვილი, მუსიკოსები იყვნენ. დედა პიანისტი იყო, მამა - მევიოლინე. მამის ფოტოები ბევრი არ მაქვს. მომდევნო ფოტოზე მამა მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთადაა. ფოტო 1929 წელ ქუთაისშია გადაღებული. მამა არავითარ პოლიტიკურ მოძრაობაში არ იღებდა მონაწილეობას. მუსიკოსი იყო და როგორც ჩანს, რეპრესირებულთა სიაში იმიტომ მოხვდა, რომ ევგენი მიქელაძესთან მეგობრობდა, მის ორკესტრში უკრავდა, მეგობრობდა სანდრო ახმეტელთან. რუსთაველის თეატრის ორკესტრის მუსიკოსიც იყო. დედაც და მამაც რუსთაველის თეატრის ორკესტრში მუშაობდნენ. როდესაც რუსთაველის თეატრიდან გარკვეული ჯგუფი მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წავიდა, დედა და მამა ქუთაისის თეატრთანაც ურთიერთობდნენ. მეგობრობდნენ ცნობილ მსახიობ უშანგი ჩხეიძესთან, მერი დავითაშვილსა და სხვა ბევრ კარგ მსახიობთან. უშანგი ჩხეიძესთან მეგობრობა იმით დასრულდა, რომ უშანგი ჩვენს სახლში ცხოვრობდა. დედამ და მამამ ერთი ოთახი მას დაუთმეს. თავად უშანგის ოთახი არ ჰქონდა. როგორც თვითონ უშანგი მეუბნებოდა, დამოუკიდებლად პირველად მისი დამსახურებით გავიარე. უშანგი თურმე იწვა და ბალს ჭამდა. მე ოთახებში იატაკზე ვფორთხავდი. უშანგიმ ბლის კუნწულას ძაფი გამოაბა და ჩვენს ოთახში გადმოაგდო. როგორც ჩანს, ჩემთან თამაში უნდოდა. ფორთხვით გავყევი თურმე იმ კუნწულას და ბოლოს თურმე ფეხზე დავმდგარვარ.

- როგორც ვიცი, მამათქვენი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა და წლების მერე გაიგეთ, რომ რეპრესირებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა.
- ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა გარდა იმისა, რომ გადასახლებაში იყო. 50-იანი წლების შუა პერიოდში მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ ციმბირში მიჰყავდათ და მატარებელში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ღმერთმა უწყის, მართლა ფილტვების ანთებით იყო გარდაცვლილი თუ - არა. სადაა დაკრძალული, ისიც არ ვიცით. როგორც ჩანს, მატარებლიდან გადმოასვენეს და სადღაც გზაში რკინიგზასთანაა დამარხული.
- დედის ცხოვრება როგორ წარიმართა?
- დედა ბევრ ადგილას მუშაობდა. ომის წლებში ან ბევრგან უნდა გემუშავა, ან რაც ოჯახში გქონდა, ყველაფერი უნდა გაგეყიდა. ყიდდა კიდეც, მაშინ შეიძლებოდა, ერთი ნივთი შავ ბუხანკა პურში გაგეცვალა.
- დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე რამდენი წლის იქნებით?
- დაახლოებით ხუთი წლის. სურათი თბილისში, ერთ-ერთ ატელიეშია გადაღებული.
- სწორედ ამ პერიოდში გადაგიღეს „გიორგი სააკაძეში“ . ვიცი, რომ შეგეშინდათ, როცა გაიგეთ, რომ პაატასთვის თავი უნდა მოეჭრათ.
- მაშინ ექვსი წლის ვიყავი და რა გასაკვირია, რომ შემშინებოდა, როცა გავიგებდი, რომ შაჰ აბასს თავი უნდა მოეჭრა ჩემთვის. მერე მიხეილ ჭიაურელმა მითხრა, პაატას რომ თავი მოჰკვეთეს, ის უკვე დიდი ბიჭი იყოო. მის როლს გაიოზ შარაშენიძე ითამაშებსო. ძალიან გამიხარდა, რომ გაიოზს მოსჭრიდნენ თავს და არა მე. გაიოზი იმ პერიოდში თექვსმეტი წლის იყო. რვა წლის ვიყავი, ფილმი რომ ვნახე. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ფილმში ბრძოლები ახდენდა.

- მას, სავარაუდოდ, არ შეეშინდებოდა თავის მოჭრის სცენის.
- არა, რასაკვირველია. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. შესანიშნავი ფსიქიატრი გახდა. დღეს ცოცხალი აღარაა. ფილმში მონაწილეთაგან ცოცხლები მხოლოდ მე და გუგული მგელაძე ვართ. მე პაატას ვთამაშობდი და გუგული - ავთანდილს, ჩემს უფროს ძმას.
რის წყალობით გაჩნდა ტერმინი ქართული კინოს ფენომენი
- ბავშვობის ფოტო 1945 წელს მაქვს გადაღებული ელდარ, გიორგი შენგელაიებსა და გოგი ანდრონიკაშვილთან. ისინი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მთელი ცხოვრება კინოში გიორგისა და ელდართან ერთად ვმუშაობდი. ზაფხულობით ბავშვები პიონერთა ბანაკებში მიჰყავდათ ხოლმე. სურათი წაღვერის ერთ-ერთ სანატორიუმშია გადაღებული. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. გუნდში ერთად ვიყავით. განსაკუთრებით ელდართან ვმეგობრობდი. ერთ-ერთი პირველი კონსულტანტი იყო, როგორ უნდა ჩამებარებინა მოსკოვის კინოინსტიტუტში. იმ პერიოდში ელდარი უკვე სწავლობდა „ვგიკში“.

- მომდევნო ფოტო სკოლის პერიოდში გაქვთ გადაღებული. სკოლაში როგორ სწავლობდით?
- გარკვეულ პერიოდამდე ზერელედ ვსწავლობდი, როცა მივხვდი, რომ კინოში წასვლა მინდოდა და ამისთვის მოსკოვში სწავლა აუცილებელი იყო, მაშინ დავიწყე სწავლა. ვიცოდი, რომ მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა იყო. პირველი გიმნაზია ოქროს მედალზე დავამთავრე.

- შემდეგ ფოტოს აქვს წარწერა, „ვგიკელი კალათბურთელები“ .
- ძმები შენგელაიები და მე კალათბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდით და თამაში მოსკოვშიც გავაგრძელეთ. „ვგიკის“ ინსტიტუტის გუნდში ერთად ვთამაშობდით.
- აქტიური სპორტული ცხოვრება გქონიათ.
- ჩემთან ერთად ფოტოზე გიორგი შენგელაიაა. ჩვენ მარტო კალათბურთს არ ვთამაშობდით. ძალიან მიყვარდა ალპინიზმი. გადაღებულიც მაქვს ფილმი ქართველ ალპინისტებზე. პიონერთა სასახლეში იყო ჯგუფები, სადაც ქართველ ბავშვებს თავის ქვეყანას აცნობდნენ. ჩვენი პედაგოგები იყვნენ მზია ერისთავი და ალექსანდრა ჯაფარიძე. ის იყო მთამსვლელი ქალი, ალიოშა ჯაფარიძის და. ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქალი იყო, რომელიც უშბაზე ავიდა. თხუთმეტი წლის რომ გავხდი, მთებში პირველად წაგვიყვანეს. მეგობრებთან ერთად პირველი მწვერვალი, ყორო ავიღე. მერე პამირზე ფილმიც გადავიღე. ძალიან დიდ სიმაღლეებზე გვიწევდა ასვლა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა. გულის ტკივილებიც კი დამეწყო, რომ ჩამოვედი. სპორტს ყველა ჩემი კლასელი მივდევდით. საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იყვნენ ჩემთან კლასში. გიორგი შენგელაია ძალიან კარგად თამაშობდა კალათბურთს. მთაშიც დავდიოდი და ტურიზმითაც ვიყავი გატაცებული. ძალიან კარგია, როცა ბავშვობიდან შენი მიწის სიყვარულს ჩაგისახავენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართველმა პედაგოგებმა ეს მოახერხეს. საკუთარ მიწას არ დაგვაშორეს. ეს დამოკიდებულება სამშობლოსადმი მერეც გაგრძელდა. „ვგიკში“ ძალიან ბევრი ქართველი ვსწავლობდით. ერთ ოთახში ვიყავით ელდარ და გიორგი შენგელაიები და ოთარ იოსელიანი. გვერდზე ოთახში იყო ბაადურ წულაძე. ყველა დავბრუნდით საქართველოში და ჩვენი საქმის კეთება გავაგრძელეთ. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი და სომეხი რუსეთში დარჩა და ამით მათ, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დააკლეს ეროვნულ კინოს. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული კინო ივსებოდა ახალი თაობით. ამ ყველაფერმა კი იქამდე მიგვიყვანა, რომ მოგვიანებით გაჩნდა ტერმინი ქართული კინოს ფენომენი.

ლექსი, რომელიც კინოკრიტიკოსებს მიუძღვნა
- შემდეგი ფოტო „დიდი მწვანე ველიდანაა“ . თქვენს შემოქმედებაში ყველაზე კარგ ფილმად „დიდი მწვანე ველია“ დასახელებული. თქვენ ეთანხმებით?
- ვერ გეტყვით. ბუნებრივია, ყველა ჩემი ფილმი მიყვარს, იმიტომ რომ ყველა ფილმზე ვხარჯავ შესაძლებლობებს, რაც მაქვს. ამ ფილმის პირველი შეფასება უარყოფითი იყო.

- უარყოფითი შეფასებების ერთ-ერთი მიზეზი ფილმში ეროტიკული სცენები იყო?
- ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. მოსკოვში ფილმიდან ერთი სცენა ამოჭრეს. ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური სცენა იყო. მოსკოვში კი თქვეს, რომ ამის ჩვენება არ შეიძლებოდა. ცოლ-ქმრის ეპიზოდი იყო, სადაც მამაკაცი ცოლზე იმის გამო ძალადობს, რომ ცოლი მის სიყვარულს უარყოფს. ქმარი ძალადობდა ცოლზე და ტანსაცმელს ახევდა. ჩემთვის ეს მომენტი დღემდე ფსიქოლოგიურია. ამ სცენის გარკვეული ნაწილი ფილმში ამოჭრილია. ვფიქრობ, რომ ამან ძალიან ბევრი დააკლო ფსიქოლოგიურ გადაწყვეტას, რაც მე მქონდა. მაგრამ ეს იყო წვრილმანი იმ წინააღმდეგობისა, რაც ფილმს ჰქონდა. ყველა ჩემი ფილმი ადამიანის დათრგუნვის საწინააღმდეგოდაა. ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს საქმე, რომელიც უყვარს და აქვს რწმენა. მოდის ცივილიზაცია და ამ ყველაფერს უნგრევს. ამ შემთხვევაში ილახება თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება. ეს არის ფილმის ძირითადი ამბავი და რაც დრო გადის, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავე ხდება. ფილმში ძალიან კარგები იყვნენ მსახიობები. მათ მართლა იგრძნეს რასთან ჰქონდათ საქმე და ძალიან ქართულად გადმოსცეს ეს ამბავი. ამიტომ იყო, რომ ქართულ კინოს, მარტო ამ ფილმის გამო კი არა, ოთარ იოსელიანის, ელდერ შენგელაიას, გიორგი შენგელაიას, თენგიზ აბულაძის, მიშა კობახიძის ფილმების გამო ფენომენი შეარქვეს. იდეები, რომლებიც ჩვენ გვაწუხებდა და რაზეც ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ძალიან ეროვნულად იყო გამოხატული. ამიტომ იყო, რომ ფილმი „დიდი მწვანე ველი“ დაბლოკეს და ცხრა წელი არ უშვებდნენ ეკრანზე. კიდევ კარგი, არ გაანადგურეს. პირველად ის ბერლინში აჩვენეს. მერე იტალიაშიც უჩვენეს. მოვიდა დრო და ქართველმა კინემატოგრაფისტებმაც ჩათვალეს, რომ ძალიან კარგი ფილმია. თუ მიაგენი თემას, რომელიც კაცობრიობას ადარდებს, ის ყოველთვის რჩება და არ იკარგება. როგორც ჩანს, ეს მოხდა ამ ფილმთან დაკავშირებით. თორემ მე ყურადღება და შესაძლებლობა არც „ნუცას სკოლისთვის“ დამიკლია და არც „ცხელი ზაფხულის სამი დღისთვის“ . ყველაფერში ბოლომდე ვიხარჯები. ყოველ შემთხვევაში, მე ვცდილობდი და სად როგორ გამოვიდა, ეს სხვა საკითხია.
- მომდევნო ფოტოზე თქვენი მეუღლეა.

- მანანა ძალიან კარგი პოეტია, მაგრამ დღეს უკვე აღარ წერს. რამდენიმე დღის წინ მისი ლექსები გადავიკითხე და კიდევ ერთხელ იმოქმედა ჩემზე. მანანა უშანგი ჩხეიძის დისშვილია. ბავშვობიდან ვხედავდი, მაგრამ ჩემზე ექვსი-შვიდი წლით უმცროსია და ყურადღებას არ ვაქვცევდი. როდესაც მოსკოვიდან გაზრდილი ჩამოვედი, სულ სხვანაირი დამხვდა. უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და დავქორწინდით. 53 წელია, ერთად ვართ. ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი გვყავს. ჩემი შვილები მუსიკოსები არიან. ერთი მათგანი ბელგიაში ცხოვრობს. უფროსი თბილისშია, წინანდალში ჩვენი წინაპრის, ალესანდრე ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორია. დაინტერესებულია ამ საქმით. ამასთან ერთად ელისო ვირსალაძის ფესტივალის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია თელავში ტარდება. ფოტოზე უფროს ქალიშვილსა და მის შვილთან ერთად ვართ მე და ჩემი მეუღლე. მომდევნო ფოტოზე კი ჩემი მეორე ქალიშვილია, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს.

- შვილიშვილები მსახიობობას არ აპირებენ?
- ერთი შვილიშვილი ამბობს, რომ ქირურგი უნდა გამოვიდეო. ძალიან პატარა, თხელი და ნაზი გოგოა და არ ვიცი, როგორი ქირურგი იქნება. მაგრამ გადაწყვეტილებას არ ცვლის და აქედან გამომდინარე, ძირითადად სწავლობს იმ საგნებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით სჭირდება. მეორე შვილიშვილი უფრო პატარაა, ცამეტი წლისაა და ლიტერატურითაა გატაცებული. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში ბელგიაში, ფრანგულენოვან ლიტერატურასთან დაკავშირებით, და წარმოიდგინეთ, ლაურეატი გახდა.
- როგორც ვიცი, დედის მხრიდან თქვენი წინაპრის, ალესანდრე ჭავჭავაძის გენმა არ იმოქმედა და ლექსებს არ წერთ.
- (იცინის) მხოლოდ რამდენიმე ლექსი მაქვს, რომელიც კინომცოდნეებს მივუძღვენი. ადრე, როდესაც კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდნენ ხოლმე დავწერე: „რატომ გგონია ის, რაც მე ვიცი, შენ უფრო იცი, ვიდრე მე ვიცი“ . კინომცოდნეები ძალიან მიყვარს და მათ დიდ პატივს ვცემ. უყურადღებად არის დარჩენილი ქართული კინო ამ თვალსაზრისით. კინოკრიტიკოსებს კი უნდათ წერა, მაგრამ პრესა და ტელევიზია ძირითადად პოლიტიკითაა გატაცებული. არადა, კულტურა ცხოვრების ის ნაწილია, რომლის გარეშეც პოლიტიკაც და ქვეყანაც უკულტურო ხდება.

- ამჯერად რაზე მუშაობთ?
- ქართული კინოსთვის და ზოგადად კულტურისთვის ძალიან რთული პერიოდია. კარგად მესმის, რომ არის პირველი რიგის საკითხები, რაც ქვეყანას სჭირდება. ამ პირობებში, ქართულ კინოზე შეიძლება ითქვას, თითქმის არაფერი არ იხარჯება. ყოველთვის ვცდილობდი, მემუშავა იმ მცირე თანხებით, რაც იყო. მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებდი. თორმეტი წელია, მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ გადამიღია. მინდა, აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით გადავიღო ფილმი, რომელსაც „ტერცომონდო“ ერქმევა. ესაა ფილმი ორი ადამიანის შესახებ. ერთი ემიგრანტია და გერმანიაში ცხოვრობს. მეორე მივლინებაშია. ისინი საქართველოში მეგობრობდნენ და ერთმანეთს შიდა ომის დროს დაუპირისპირდნენ. ძალიან მინდა, რომ ეს ფილმი გადავიღო. ამისთვის კი ფულია საჭირო. ჯერ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ბერლინში ჩავატარო გადაღებები. ვნახოთ, რა გამოვა.
- იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება და კიდევ ერთ ძალიან კარგ ფილმს გადაიღებთ.
- ღმერთმა ქნას, გამოვიდეს. მაგრამ წინასწარ ძნელია თქმა, ფილმი მაგარი იქნება თუ - არა. ეს ძალიან ბევრ რამესთანაა დაკავშირებული და წინასწარ არასდროს არაფერს არ ვლაპარაკობ. თუმცა ჩვენი მედია მიჩვეულია, რომ ჯერ არაფერია გაკეთებული და ყვირიან ხოლმე, რა მაგარია, ახალი სიტყვაა ხელოვნებაშიო და კიდევ სხვა მრავალი სიტყვა აქვთ მოფიქრებული პიარისთვის.
- ალბათ დრო ყველაზე კარგად არკვევს, კარგია თუ არა ფილმი.
- მართალი ბრძანდებით. არასდროს ვღელავ და ველი დროს. დრო რომ გავა, გაირკვევა, კარგია თუ არა ფილმი და საჭირო იყო თუ არა მისი გადაღება. ფილმის შესაბამის თაროზე დამდები ყოველთვის დრო არის.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"




















