26 ოქტომბერი, 2014
''ბეწვი მოდაშია, მაგრამ ნაკლებად აქტუალურია''
22 წლის მაკა ციცხვაიამ სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით დაამთავრა, ფეხსაცმლის დიზაინერია, მაგრამ ტანსაცმელზეც მუშაობს. 2013 წელს სამხატვრო აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში - Pაპერ Aრტ მონაწილეობდა. დამწყებ დიზაინერთა კონკურსში მონაწილეობასაც გეგმავს. ამჟამად კერძო შეკვეთებზე მუშაობს. მაკას მოდის თანამედროვე ტენდენციებზე ვესაუბრეთ.

- თანამედროვე მოდის ინდუსტრია 60-იანი წლების გავლენას განიცდის. აქცენტი წელზე კეთდება. აქტუალურია როგორც გრძელი, ასევე მინი და მიდი სიგრძის ტანზე მომდგარი ან თავისუფალი კაბები, ''ფენსილ'' ქვედაბოლოები, კლასიკურისა და სპორტული სტილის შეხამება. ფაქტურული თვალსაზრისით
მოდაშია როგორც რბილი, ასევე უხეში ფაქტურა, პრინტი, ნაქსოვი.
- ლაბადა, პიჯაკი, ქურთუკი, პალტო - რას და როგორს მივანიჭოთ უპირატესობა?
- შეგიძლიათ, უპირატესობა უსაყელო, მინიმალისტური სტილის პიჯაკს მიანიჭოთ, ასევე გრძელ, მასიურ, მამაკაცური ტიპის ქურთუკს, ან ტანზე მომდგარ, ასევე გრძელ ქურთუკს. ბეწვი მოდაშია, მაგრამ ნაკლებად აქტუალურია.
- ქუდებისა და შარფების თვალსაზრისით იკვეთება რაიმე კონკრეტული ტენდენცია?
- ძალიან პოპულარულია როგორც ნაქსოვი, ასევე თხელი შარფები, გაფორმებული დიდი და სხვადასხვა ორნამენტით. ქუდების თვალსაზრისით კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ასიმეტრიული, ნაქსოვი, მოცულობითი კეპები ან ბერეტები.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, წელს, სიგრძეს, ამაზე რას გვეტყვით?
- კაბის ფორმას რაც შეეხება, აუცილებელია ვიწრო სილუეტი, წელზე გამოკვეთილი, კაბის სიგრძე კი უნდა იყოს მინი ან პირიქით მუხლს ქვემოთ სიგრძის. თუმცა ასევე იკვეთება სპორტული, მაისურისმაგვარი სტილის კაბები.
- ზედატანი როგორ შევარჩიოთ?
- მოარგეთ საკუთარ აღნაგობას მოდის ტენდენციები და ამის შემდეგ შეარჩიეთ ზედატანი, რომელშიც თავს მოდურად და კომფორტულად იგრძნობთ. შეგიძლიათ, მოირგოთ თავისუფალი ზედები, წელზე აქცენტისთვის კი გაიკეთეთ რაიმე აქსესუარი, ქამარი. ამასთანავე მამაკაცური დეტალების შეტანა ქალის სამოსში ძალიან აქტუალურია. შეგიძლიათ ჩაიცვათ პიჯაკი, პერანგი, მოირგოთ ჰალსტუხი.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს, ჩექმას. ამ მხრივ რა დეტალებია საგულისხმო?
- მოდურია მუხლს ქვემოთ ჩექმები, უხეში, მსხვილი, გამჭვირვალე ქუსლით. ასევე ,,სნიკერსები'', რომელიც არა მხოლოდ სპორტულ, ასევე კლასიკურ სამოსსაც ძალიან უხდება.
- ჩანთებისა და აქსესუარების მხრივ რას გვკარნახობს მსოფლიო მოდა?
- ქლაჩის ტიპის ჩანთები არ კარგავს აქტუალურობას, თუმცა ვფიქრობ, ''ჰერმესის" ტიპის ჩანთები ბევრად უფრო კომფორტულია. აქსესუარებთან დაკავშირებით აქცენტი ფერსა და ფაქტურაზე კეთდება. მასალის მხრივ კი ფართო არჩევანია.

ციცი ომანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS