24 ოქტომბერი, 2014
სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!
ამჟამად აქტუალურია მოკლე ვარცხნილობებიც თმასა და ვარცხნილობას ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალის ვიზუალის მარტივად შეცვლა შეუძლია, როგორც დადებითისკენ, ასევე უარყოფითისკენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, პროფესიონალისთვის მიგვემართა და რჩევები გვეკითხა. ჩვენი რესპონდენტი რომა გულედანია, რომელიც 9 წელია, ამ სფეროშია ჩართული, ერთსა და იმავე სალონში უკვე 5 წელია მუშაობს.

ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობა

- დაახლოებით 5 წლის წინ მოდაში შემოვიდა ''კარე'', აიტაცა საზოგადოებამ და ყველა ამ ვარცხნილობას ატარებდა, ბოლოს უკვე აუტანელი გახდა ამის დანახვაც და გაკეთებაც. ამჟამად აქტუალურია მოკლე ვარცხნილობებიც, რომელიც
ასევე კარგად აიტაცეს ქართველმა ქალებმა. რადგან მეკითხებით, ცნობილებიდან რომელს აქვს ყველაზე სწორად მორგებული მოკლე ვარცხნილობა, გიპასუხებთ, რომ ინგა გრიგოლიასა და ნანიკო ხაზარაძეს უხდებათ მოკლე თმა, მათი სტილია, მეტს ვერავის გამოვყოფ.

ზოგადად, ქართველებს სურთ ჰქონდეთ სწრაფი, მარტივი ვარცხნილობა, მაგრამ ჯერჯერობით მოდას ასეთი არ მოუწვდია, შედარებით მარტივია, დაიბანო, გაიშრო, შეიკრა და აიწიო თმა. საერთოდ, კარგად შეჭრილი თმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დალაგდეს სწორად, იმ დონეზე მაინც, რომ ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
ძალიან მოდური იყო ''ცოცხებივით'' გასწორებული თმა, ეს ალბათ იმიტომ, რომ კავკასიელებს სქელი, დაუმორჩილებელი თმა გვაქვს და ბევრს ოცნებად ჰქონდა ქცეული სწორი თმა. ასეთ ადამიანებს შემიძლია ვუთხრა, რომ შემოსულია ქიმიური გასწორება, გასწორება კერატინით, რომელიც გასწორებასთან ერთად კვებავს თმას და რაც მთავარია, არ წვავს.

ჩემი აზრით, ის, რაც მოდიდან არ გადადის, ბუნებრივი ხვეული თმაა, აი, ქიმიით დახვეულს კი დიდად პატივს არ ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ ვუფრთხილდები კლიენტის თმას, რადგან ამ დროს თმა ყველა ვარიანტში იწვება.

სადღესასწაულო - საქორწილო ვარცხნილობები

- ძალიან არასწორია, როცა ასეთ დროს ფოტოებით მიაკითხავ სტილისტს და აჩვენებ, ზუსტად ასეთი მინდაო. საპატარძლოებს ვთხოვ კაბის ჩვენებას, ვკითხულობ, როგორი კანის ფერი ექნებათ იმ დღეს და მას შემდეგ ვურჩევ ვარცხნილობას, რომელიც მოუხდებათ. ჩვენთან რეტრო მუშაობს კარგად, Yთუმცა შეიძლება, სხვადასხვა სტილიდან დეტალების ამოკრება და კარგი ვარცხნილობის გაკეთება.

თმის პრობლემები ''შიგნიდან'' მოდის...

- იმისათვის, რომ გქონდეთ კარგი თმა, არ გცვიოდეთ და არ იდგეთ სხვადასხვა პრობლემის წინაშე, აუცილებელია კარგად დასვენება. ნევროზი, სტრესი, დაღლილობა, მეტიც, მჟავე და მწარე საკვებიც კი თმას საშინლად ვნებს, ძალიან ტკბილი შოკოლადი კი ბოლოჭამიების გაჩენას უწყობს ხელს.

თმის ფერი

- არ შეიცვალოთ თმის ფერი სხვისი მიბაძვით. ფერი უნდა შეირჩეს სახის კანის, თვალისა და წარბის ფერის მიხედვით. ამბობენ, თეთრ ადამიანს მაინცდამაინც შავი თმა უხდება, მუქკანიანს კი – ღია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სწორი არაა. პირადად მე თეთრი პირისახის ადამიანს შევუღებავდი თმას ოდნავ მოოქროსფროდ და გავუკეთებდი ღია ყავისფერ მელირებას, რომელიც ძალიან აქტუალურია. რაც შეეხება მუქკანიან გოგონებს, აუცილებლად მოვარგებდი შავ ფერს, ფანტასტიკური გამოდის.
თუ მოწითალო ფერის თმაზე ვისაუბრებთ, ეს 2013 წლის მოდის ტენდენცია იყო. დოლჩემ და გაბანამ გააკეთეს ჩვენება, სადაც პატარძალი მოწითალო თმით გამოიყვანეს, იქიდან აიტაცეს ეს ტონალობა, მაგრამ რეალურად ეს არ არის ქართველების ფერი, ძალიან პრეტენზიულია, უფრო სლავური გარეგნობის გოგონებს უხდებათ, ვიდრე კავკასიურ სახეს.

ფრანგული მელირება

- ესაა საქართველოში გამოგონილი ტერმინი, არადა, ესაა ჩვეულებრივი შატუში, რომელიც კეთდება მსოფლიოს
ნებისმიერ ქვეყანაში. თმის ფერის ამ სტილზე დაყენება განკუთვნილია გრძელი თმისთვის, ამ დროს უკეთესად ჩანს შედეგი, მოკლე თმაზე ეს მელირება აზრს კარგავს.

თმის მოვლა

- ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ თანხებს უკავშირდება. მაგრამ ქართველ ქალში იმდენნაირი სილამაზე დევს, თავს ცოტა უფრო მეტად რომ მოუარონ, არაფრით არ ჩამოუვარდებიან ევროპელებს.

მათ, ვისაც აქვს თხელი თმა, მაგრამ სქელი თმის ღერი, უნდა შეიძინონ სპეციალური თმის მოვლის საშუალებები, მკვებავები, ზეთები, ლოსიონები ან თუნდაც თმის ფიქსატორი, რომელიც სახლის პირობებში ყველაზე კარგია. დაბანის შემდეგ შეიზილონ და გაშრობისას თმას მისცემენ სასურველ ფორმას.
დაზიანებული ბოლოებიც დიდი პრობლემაა, რომლისთვისაც აუცილებელია ნიღაბი, ოღონდ მანამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს სტილისტთან, იმის დასადგენად, როგორი თმა გაქვთ და რა ტიპის ნიღაბი გჭირდებათ, შესაბამისად, კვირაში სამჯერ სახლში გაიკეთებთ და პრობლემა აღმოიფხვრება.
ცხიმიანი თმით შეწუხებულებს კი ვეტყვი, რომ ახლა შემოვიდა საშუალება, ჩვენთანაც აქვს კოსმეტოლოგს სპეციალური ამპულა, რომელიც კეთდება თავის კანზე და ყველანაირ ცხიმიანობას და ოფლიანობას აქრობს.

ქერტლი – ესაა საკითხი, რომელიც მხოლოდ ხშირი დაბანით გვარდება, ოღონდ ამ პრობლემისთვის განკუთვნილი შამპუნის გამოყენება აუცილებელია. ჯერჯერობით ამის წამალი არ მოუგონიათ.
ხალხურ მეთოდებს მე რეკომენდაციას ვერ გავუწევ, მაიონეზი რომ ყოფილიყო საშველი, თმისთვის გამოუშვებდნენ და არა საჭმელად.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ირინა
ბოდი იმიჯში,ჭავჭავაძეზე :) ძლიერი სპეციალისტია დამიჯერეთ.
06:23 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
რომელ სალონში მუშაობს ეს ადამიანი?
15:19 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS