19 ოქტომბერი, 2014
როგორ უმკლავდება შვილების ახირებებს ნეკა სებისკვერაძე
ჩემს შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ბავშვობიდან პოპულარულია. თუმცა ის ერთ-ერთი გამონაკლისია მისი თაობის ვარსკვლავ ბავშვებს შორის - არც ვარსკვლავური დაავადება შეჰყრია, პოპულარობის შესანარჩუნებლად არც სკანდალებზე წასულა ოდესმე და თავის საქმეს - სცენაზე თუ მის გარეთ, წყნარად ემსახურებოდა. ასევე გაგვიგონია, რომ შეურყვნელი იმიჯის ვარსკვლავი კარგი დედაც გამოდგა. პირველად დედა 24 წლის ასაკში გახდა. ორი შვილი ჰყავს - დავითი და ნიკოლოზი. მიაჩნია, რომ არც ერთი მშობელი ერთ შვილით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დედმამიშვილზე
კარგი საჩუქარი შვილისთვის არაფერია. დანარჩენზე კი თავად ნეკას მოვუსმინოთ.

- თქვენთვის რასთან ასოცირდება ბავშვობა... როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
- ჩემი ბავშვობა მუსიკასთან, სცენასთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბევრ საგასტროლო მოგზაურობასთან ასოცირდება. ყოველთვის, როდესაც იმ პერიოდს ვიხსენებ, მაგონდება ჩემი მშობლების უსაზღვროდ დიდი მონდომება, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოეხდინათ, ბევრი ჩადეს ჩემში და მათი მადლიერი ვარ ასეთი ხელშეწყობისთვის. ჩვენი თაობის ბევრი ცნობილი ადამიანი გაიხსენებს ბორჯომის ფესტივალს "ბროლის ნაძვი", რომელსაც განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისთვის ზამთრსა და ზაფხულში ყოველწლიური შემოქმედებითი ბანაკები მოჰყვებოდა ხოლმე. ეს გასვლები ჩვენთვის დღემდე დაუვიწყარ მოგონებად რჩება და როდესაც ბავშვობაზე ვსაუბრობთ, გამუდმებით ვიხსენებთ ბორჯომში გატარებულ დღეებს.
- როდის მიხვდით, რომ პოპულარული იყავით და ხალხი გცნობდათ?
- პირველი სატელევიზიო დებიუტი 9 წლის ასაკში გადაცემა "ალიონში" მუსიკათმცოდნე ქალბატონ მაია დათუნაშვილის რუბრიკაში შედგა. ცნობადობა საკმაოდ პატარა ასაკში მოვიდა, დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როდესაც პირველი არხის დილის გადაცემა "ალიონის" ეთერში ბატონი ოთარ შაორშაძისა და ნოდარ პალადაშვილის სურვილითა და ხელშეწყობით ხშირად ტრიალებლდა ჩემ მიერ შესრულებული სიმღერების ვიდეორგოლები, ამან ცხადია, გარკვეული პოპულარობა მომიტანა და მაყურებელმაც გამიცნო. პირველივე ღიმილიანი სახე ქუჩაში, ჩემთვის გარკვეულ პასუხისმგებლობას ნიშნავდა, ეს მეტ სტიმულს მაძლევდა იმისათვის, რომ ხარისხიანად გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა.
- რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პოპულარობას პატარა ასაკში?
- ადვილი არ არის, მშობელს და გარემოცვას ამ დროს ძალიან დიდი როლი ენიჭება ბავშვის სწორად განვითარებაში და ამას ჩემები, ვფიქრობ, კარგად ახერხებდნენ. გამუდმებით მახსენებდნენ, თუ რამდენად რთულია ამპარტავან ადამიანთან ურთიერთობა, რომ ქედმაღალ და ზედმეტად საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს უჭირთ განვითარება და ცხადია, ამ ყველაფერს ვითვალისწინებდი.
- ოდესმე გიგრძნიათ, რომ ვარკსვლავურმა "სენმა" შემოგიტიათ?
- ამ კუთხით ყოველთვის კარგად ვაკონტრლებდი საკუთარ თავს და ეს არასდროს მიგრძნია.
- ალბათ, იყო პერიოდი, როცა დიდ პოპულარობას დაღმასვლაც მოჰყვა, ეს ადამიანური თვალსაზრისით მტკივნეული არ იყო?
- ზოგადად, როდესაც ამ სფეროს ემსახურები, ცხადია, არსებობს ბევრი დაბრკოლება, რომელიც არ არის ადვილი სამართავი. როდესაც შემოქმედებითად აქტიური ხარ და უწყვეტად ქმნი ახალ პროდუქტს, ბუნებრივია, მეტად მაღალია რეიტინგიც, მოთხოვნაც. ერთი კონკრეტული გულისტკივილის გახსენება გამიჭირდება, რადგან მალე ვივიწყებ ხოლმე, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ ყოველ აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვება და პირიქით, ამაში არაფერია საგანგაშო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მთავარია, სიყვარულით ემსახურო შენს საქმეს და როდესაც ადამიანების, მსმენელის სიყვარულს მოიპოვებ, ეცადო, რომ მათი იმედები არ გაამტყუნო.
- თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით მეტი... რამდენი წლისანი არიან, რა ინტერესები აქვთ...
- ჩვენ ორი შვილი გვყავს, 5 წლის დავითი და 4 წლის ნიკოლოზი. ძალიან თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე შვილები არიან, განებივრებულნი ვართ მათით. ძალიან ინტერესიანები არიან და ცდილობენ, ყველა სახის სიახლეს გაეცნონ, შეისწავლონ და მერე თავიანთი აზრები დააფიქსირონ (იღიმის). მათთან ერთად ყოფნაზე დიდი სიამოვნება არაფერია.
- რა ასაკში გახდით პირველად დედა? და რა შეცვალეს შვილებმა თქვენს ცხოვრებაში?
- 24 წლის ასაკში მეყოლა დათა, მისი გაჩენისთანავე გავიაზრე, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩემს ცხოვრებას. ბედნიერება უსასრულოა, როდესაც შვილის მოვლის და მათზე ზრუნვის სიხარულს განიჭებს ღმერთი. ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარი შვილებია. ნიკოლოზიც წელიწადსა და სამ თვეში გავაჩინე და დღეს მათ ერთად რომ ვუყურებ, ვხვდები, ბოლო წლებში ამაზე დიდი და კეთილშობილური არაფერი შემიქმნია.
- ხშირად ამბობენ, რომ პირველი და შემდეგი შვილების ამ ქვეყნად მოვლინება განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული... პირველს სხვანაირად ელი, მეორეს - კიდევ უფრო განსხვავებულად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე შვილის გაჩენამ მისი წინამორბედი შეცვალოს და დაჩრდილოს, თუნდაც შეგრძნებების თვალსაზირისთ... თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?
- გამოცდილება გემატება, თითქოს მეორესთან უფრო მეტად გიადვილდება, ნაკლებად შფოთავ და მეტად თავდაჯერებული ხარ. არ ვიცი, ყველა დედა სხვადასხვაგვარად გიპასუხებთ ალბათ. მოლოდინის შეგრძნება ნამდვილად განსხვავებულია, გაინტერესებს შენი თავი გამოსცადო, თუ როგორი იქნები ორი შვილის დედა, ბედნიერებაა ეს მოლოდინიც და ჩემი აზრით, არც ერთი მშობელი ერთ შვილით არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმაზე კარგ საჩუქარს ჩვენს შვილებს ვერ გავუკეთებთ, როგორიც მათთვის და ან ძმაა.
- როგორი დედა ხართ? რაში იჩნეთ სიმკაცრეს? რა მოთხოვნები გაქვთ შვილების მიმართ?
- ჩემს შვილებთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ჩემი მეუღლე ოდნავ უფრო მკაცრია. ვაჩვევ წესრიგს, ზრდილობას, ადამიანების სიყვარულს და ვცდილობ, მათი ხედვა საინტერესო გავხადო, სხვადასხვა ხერხით.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS