26 წლის თათია ყოფილი ტანმოვარჯიშე და საქართველოს სამგზის ჩემპიონია. 2011 წელს პროექტ ''ნიჭიერში'' ორიგინალური გამოსვლით მთელი საქართველო აღფრთოვანებული დატოვა.
ახლა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, განათლებით ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრია. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროფესია აირჩია, ხანდახან, როგორც თავად უწოდებს – ჰობის უბრუნდება და ჩვენებებშიც მონაწილეობს.
-
- სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყე?
- ჯერ კიდევ აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული, როდესაც 2008 წელს ''მის საქართველოში'' მივიღე მონაწილეობა და ოც კონკურსანტს შორის მოვხვდი. იმ წელს ხათუნა სხირტლაძემ გაიმარჯვა. თავს მოდელად არ მივიჩნევ, მაგრამ მას შემდეგ ჩვენებებზეც გამოვდიოდი.
- ბოდრუმში კონკურსზე როგორ მოხვდი?
- საქართველოში ამ კონკურსის წარმომადგენელი – ია სირანაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ წინაშესარჩევ ტურში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ჩემზე შეაჩერა არჩევანი. 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე ვიყავი ბოდრუმში. საკმაოდ გრძელი წინაშესარჩევი პერიოდი გვქონდა. ქართულმა ნაციონალურმა სამოსმა საუკეთესოს ტიტული მოიპოვა, მე კი სამეულში შევედი და პირველი ვიცე-მისი გავხდი. ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობდი, რაც მთავარია, ჩემთვის წარმატებით დასრულდა. - ხშირად ამბობენ, რომ კონკურსებზე, ძირითადად, ჩაწყობებია.- მეც ასეთი შემართებით წავედი, ტოპსამეულში მოხვედრაზე არც მიოცნებია, მაგრამ ძალიან სამართლიანად ჩატარდა. გამარჯვებული რუსი გოგონა გახდა, მეორე ვიცე-მისი - იტალიელი, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ წარმატებული მოდელია.
- რა პრიზები მიიღე?
- ორკვირიანი საგზური ბოდრუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, გვირგვინი, საღამოს კაბა და პარფიუმერიის კუთხით ბევრი საჩუქარი. აქამდეც ყოველთვის ვცდილობდი, რომ მოდელობისთვის დრო გამომენახა. მე ვარ ერთ-ერთი ბანკის ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომლის ჰობიც მოდელობაა.
- კონკურსანტებს შორის რამდენად ღია კონკურენცია იყო?
- კონკურსამდე ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ კონკურსის საღამოს, დაჯილდოების შემდეგ, სანამ გამარჯვებულები სცენიდან გავედით, რუს გოგონას, რომელმაც კონკურსი მოიგო, ფორთოხლის წვენით დაუსველეს ჩანთა და მთლიანად ტანსაცმელი. ისე, რომ ვერასოდეს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, ეს კონკურსანტებმა ჩაიდინეს. ეჭვი რამდენიმე გოგონაზე ჰქონდათ და გვითხრეს, რომ აუცილებლად გაარკვევდნენ, რადგან საგრიმიოროში კამერები იყო დამონტაჟებული. ალბათ, გაარკვიეს კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გაგვაგებინეს.
- როგორ პირობებში ცხოვრობდით, მაღალი დონის კონკურსი იყო?
- ძალიან კარგად ვიყავი, სასტუმრო ნახევარკუნძულზეა აშენებული, გარშემო არაფერი არ იყო, მთებისა და ზღვის გარდა. ბევრი ექსკურსია გვქონდა, ფოტოსესიებში ვმონაწილეობდით. ჩასვლიდან მეორე დღეს ადგილობრივ პრესას შევხვდით, ხშირად შუქდებოდა კონკურსი.
კონკურსის გაფორმებაში მეც ვმონაწილეობდი, ტალანტ-შოუსთვის ცეკვა მოვამზადე ტანვარჯიშის ელემენტებით. რატომღაც მეგონა, რომ მის ტალანტიც გავხდებოდი, ჩემ ირგვლივაც ყველას ეგონა, მაგრამ ბოლოს ალბათ გადაწყვიტეს, რომ ტოპ-3 და ნომინაცია ჩემთვის საკმარისი იქნებოდა (იღიმის).
- თათია, პირადი ცხოვრებისთვის რამდენად გრჩება დრო?
- ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც მომწონს. სერიოზული არაფერია, უახლოეს მომავალში არ ვგეგმავ გათხოვებას, მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის დრო ნამდვილად მრჩება. ხშირია, როდესაც წარმატებას მიაღწევენ, მაშინვე თხოვდებიან, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის კარიერა იყო. ახლა სხვა ასაკი მაქვს და ისე აღარ ვიზამ, რომ პირადი ცხოვრება უკანა პლანზე გადავწიო. ვარსკვლავი არ ვარ და ალბათ, ვერ გავხდები. მინდა, მეტს მივაღწიო, მაგრამ პოპულარობაზე ორიენტირებული ნაკლებად ვარ.
- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი, რომელიც შენს გულს მოიგებს?
- ჩემი გამოცდილებიდან, მთავარია, ადამიანს ხასიათით ვეწყობოდე და თავი ბედნიერად ვიგრძნო. შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და ამას შენთვის ბედნიერება არ მოჰქონდეს. დისკომფორტი არ უნდა შემიქმნას, არ უნდა შემბოჭოს, შემკრას. მეც ანალოგიურად უნდა მოვიქცე, რომ ჩემთან ისიც ბედნიერი იყოს.
- თაყვანისმცემლები ხშირად გაწუხებენ?
- ბევრი ორიგინალური რამ მოუძღვნიათ, ეს პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ტყუილია ის მოსაზრება, რომ 25 წლის ზევით გოგონებს ნაკლები თაყვანისმცემელი ჰყავს. უხეშად არავის ველაპარაკები, ყოველთვის ვცდილობ, ტკბილი სიტყვებით მოვიგერიო, ძირითადად, მაინც ვეუბნები ხოლმე, რომ საქმრო მყავს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''