07 ოქტომბერი, 2014
გიორგი ნაზღაიძე ორი წელია, სამსახურს ეძებს
ნინი ნებიერიძის მიმართ მქონდა სიმპათია 16 წლის იყო გიორგი ნაზღაიძე, როდესაც პირველად პოპულარობის გემო იგრძნო. რეალურმა შოუმ - ''მდიდრები და ღარიბები'' ცხოვრების გზა შეუცვალა და კალათბურთიდან შოუბიზნესში ამოყო თავი. მის კარიერას ყოველთვის თან ახლდა სკანდალები. დაპირისპირება ია ფარულავასთან, რომელსაც ეჭვი შეეპარა მის პოპულარობაში და უამრავი ჭორი, რომელიც მის გარშემო მუდმივად ტრიალებს.

- პირველად პოპულარობა ისეთ დროს შევიგრძენი, სად იყო მაშინ შოუბიზნესი (იცინის), მე რომ ჟურნალების გარეკნებზე ვიყავი გამოჭიმული... 18 წლის ვიყავი, როცა რეალურ შოუ ''მდიდრებსა
და ღარიბებში'' მივიღე მონაწილეობა. მაშინ პოპულარობა სხვანაირად იგრძნობოდა, ხალხიც სხვანაირად აღიქვამდა, დიდი ტალღა იყო ადამიანებისა, რომლებიც ჩემზე გიჟდებოდნენ და საჩუქრებს მიგზავნიდნენ.
- გინდოდა პოპულარობა?
- ასე გამიზნულად არ მნდომებია. ჟურნალისტები არ ინტერესდებიან, რა მიღწევები მქონდა კალათბურთში, უამრავი დიპლომი და თასი მაქვს და არა მხოლოდ საქართველოში მიღებული, რვა წელი დავდიოდი სპორტის ამ სახეობაზე, შემდეგ ტრავმის გამო მომიხდა თავის დანებება, მაგრამ მინდოდა, სპორტს გავყოლოდი და პოპულარობაზე ნაკლებად ვოცნებობდი. წესით, დღეს კალათბურთელი უნდა ვყოფილიყავი. ამ რეალურმა შოუმ, შემდეგ სამოდელო ბიზნესში ჩართვამ სხვა გზით წამიყვანა. გავხდი წლის მამაკაცი, სხვადასხვა მაღაზიის სახე...
- გახდი პოპულარული და მერე სკანდალებით ამას შენც შეუწყვე ხელი.
- მაშინ სულაც არ მახასიათებდა სკანდალური განცხადებები. ზოგადად, ეს ჩემი ხასიათია. მეგობრებთანაც რომ ვზივარ, მათთანაც მომდის მცირე კონფლიქტები ჩემი რომელიმე ნათქვამის გამო. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს. ხანდახან გამიკეთებია ისე, რომ საჭირო ადგილას საჭირო რამ ჩამიგდია. ამას მხოლოდ მე არ ვაკეთებ. ცნობილ სახეებს საზღვარგარეთ ამ ყველაფერს პიარის სპეციალისტები უგეგმავენ.
- ერთ-ერთი ასეთი დაგეგმილი ინციდენტი ია ფარულავასთან შენი დაპირისპირება ხომ არ ყოფილა? როგორ დასრულდა ის დავა?
- სასამართლომდე ვერ მივიდა, მე ჩივილს ვაპირებდი, მაგრამ იას უწყება ვერ ჩავაბარე. თუმცა ეს დაგეგმილი არ ყოფილა. გადაცემის მსვლელობისას მომაყენა შეურაცხყოფა, თითქოს მე ჩემით არაფრისთვის არ მიმიღწევია და დამეხმარნენ, ისევე, როგორც ბევრს შოუბიზნესში. ვინ როგორ აღწევს რაღაცებს, ყოველთვის ჩანს. იქვე გავეცი საკადრისად პასუხი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მაინც ქალია და რაღაცებს გადავაბიჯე, რაც არასწორი იყო, თუმცა მისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვდი სასამართლოს გზით. რადგან უწყება ვერ ჩავაბარე, ამაზე უარი ვთქვი. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამ სფეროში არ ტრიალებენ, მითხრეს, ვიღაცისთვის თავს რატომ იწუხებო. მათთვის მეც ვიღაც ვარ, რადგან შოუბიზნესი საქართველოში არ არსებობს.
- რაც პოპულარული გახდი, უფრო მეტი ფული იშოვე?
- მეათე წელია, ამ სფეროში ვარ, მაგრამ მეორე წელია, სამსახურს ვეძებ. ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა ამ კუთხით ხელს უწყობს ადამიანებს. შესაძლოა, ვიღაც დააგოიმო და ბევრი გადაგიხადოს, მაგრამ მგონია, რომ არსებობს გარკვეული წრე, რომლის წევრებიც ერთმანეთს ქაჩავენ. 29 წლის ასაკში ვერაფრის გამო ვერ დავიწყებ ვერავისთან მეგობრობას, მე ჩემი წრე უკვე მყავს. ამ ორი წლის განმავლობაში, რაც სამსახურის ძებნაში ვარ, ბევრი რამ გამოჩნდა, ვინ როგორ გიდგას გვერდით, ვის ახსენდები და ვინ გიდებს ფეხს.
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მუქთად მიმიღია ფული. ზოგიერთი ცნობილი სახესავით მხოლოდ ჯდომაში არ ამიღია ფული. ძალიან ბევრია ასეთი, რომელთაც სპექტაკლში მონაწილეობისას ან კონცერტზე გამოსვლისას იმაზე მეტი აუღია, ვიდრე ეკუთვნოდა. ეს წინა მთავრობის დროსაც ასე იყო და ახლაც იგივე გრძელდება. წინა ხელისუფლებას თავისი ხალხი ჰყავდა ამოჩემებული, გარკვეული კატეგორია, უფრო ახალგაზრდები, ამ მთავრობას კი - მივიწყებული მომღერლები და მსახიობები. რასაც მე ვუყურებ, წინა მთავრობის დროს ვინც მღეროდა ან სპექტაკლებში თამაშობდა, მათ შორის ნიჭიერი ადამიანებიც ხომ იყვნენ, ყველა გაქრა. მათ მაღალ თანხას უხდიდნენ თუ არა, ამას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა.
დღეს ''მკვდრებს'' აცოცხლებენ ან ვითომ ახალი სახეები, დეიდაშვილ-ბიძაშვილები მოჰყავთ. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. თუნდაც რუსეთში, რომელსაც ვერ ვიტანთ, პუგაჩოვა სულ პუგაჩოვაა. მაგალითად, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას იურმალაზე მთელი ოჯახით გამოეხმაურა და უკრაინის დროშის ფერებში ეცვა. არავის არ მოსვლია თავში აზრად რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ პუგაჩოვასთვის რაიმე დაეშავებინა. ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე მომღერალმა ხუთიანი რომ დაიწეროს და ისე გამოვიდეს კონცერტზე. მეორედ ვეღარსად იმღერებს.
- შენ რატომ ვერ იპოვე სამსახური, მთავრობის მხარდამჭერი რომ არ ხარ?
- არა აქვს ამას მნიშვნელობა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი არხია მათ მფლობელობაში, ''ჯი-დი-ესს'' ვგულისხმობ. ზოგადად, ასე მგონია, რომ საქართველოში ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში თავისით მოვიდნენ. ამ ორი წლის განმავლობაში ეს აგრესია დავინახე. უბრალოდ იმიტომ ვერ მიტანენ, რომ ჩემით მივაღწიე ყველაფერს. პირი რომ მოვაღოთ ყველამ, ჩემზე ვერაფერს იტყვიან ჭორების გარდა.
- პოპულარობას ესეც ახლავს, ჭორები, ზოგჯერ შეურაცხყოფაც, რისი ატანაც უწევთ საჯარო სახეებს.
- ესეც მეტწილად საქართველოში ხდება, ჭორებს არ ვგულისხმობ, შეურაცხყოფაზე ვამბობ. ასეთი აგრესია იმის ბრალია, რომ საზოგადოება ვერ ვითარდება. წესით, განვითარებული საზოგადოება ასე ყველას ვერ უნდა ცნობდეს სახეზე, ვინც ტელევიზიით გამოდის, არ უნდა უყურებდეს ყველა მარაზმულ შოუს, რომელშიც მეც და სხვებიც ვტინგიცობთ.
- რა უსაფუძვლო ჭორები გაგიგია საკუთარ თავზე?
- გამიგია, რომ ვარ ჰომოსექსუალი. ისიც გავიგე, რომ გერმანულ პორნოსაიტებზე ვარ დარეგისტრირებული და ონანიზმით თითოჯერ დაკავებისთვის 60 დოლარს მიხდიან. გამიგია, მილიონერი ბიძა მყოლია, ვინც შოუბიზნესში მომიყვანა. ისე ხომ ძალიან რთულია საქართველოში შოუბიზნესში ჩართვა, თუკი მილიონები არ გაქვს. გამოაჩინე ძუძუ და ეგ არის (იცინის).
- ადვილი გახდა პოპულარობის მოპოვება?
- შიშველი გავიქცევი ქუჩაში და მორჩა, პოპულარული ვარ. მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავ იმას, რომ ათი წელი არ ვმჯდარვარ უსაქმოდ და ეს პოპულარობა შევინარჩუნე, რაც უფრო რთულია, ვიდრე მისი მოპოვება. მე თვითონაც ვფიქრობ, რა გავაკეთო ისეთი, რომ ხალხს თავი შევახსენო. ჩვენთან მხოლოდ ლელა წურწუმია და მამულიჩა აკეთებენ ამ საქმეს სერიოზულად, რაც დასაფასებელია. მათი საქმიანი ურთიერთობა ცოლქმრობით არ დაწყებულა. ეს არის წარმატება და მხოლოდ ეს ფაქტი მახსენდება ქართული შოუბიზნესის ხსენებისას. მე რომ მყავდეს ნიჭიერი შვილი და ფულიც მქონდეს, მამულიჩასა და ლელას მივაბარებდი. იციან, როგორ გახდნენ პოპულარულები და შემდეგ როგორ შეინარჩუნონ.
- გიორგი, პოპულარობისგან სარგებელი თუ გინახავს, ფასდაკლებები, საჩუქრები?
- რაღაც კარი, რომელიც ბევრისთვის დახურულია, შენთვის ღიაა. რესტორანში რომ ხარ, თავისთავად უფრო კარგად გემსახურებიან. შესაძლოა, მე მემსახურებიან უფრო უკეთესად, რად-გან იციან, რომ ხმაურიანი ადამიანი ვარ. მაგრამ პრინციპში, მეც რომ ვიყავი ოფიციანტი და ცნობილი სახე შემოდიოდა, ვცდილობდი, გამორჩეულად მოვმსახურებოდი. რაც შეეხება ფასდაკლებებს, საჩუქრებიც უჩუქებიათ, მაგრამ იშვიათად, ამით ალბათ, უფრო მანდილოსნები არიან განებივრებულნი.
- შენმა პოპულარობამ პირადულში ხელი შეგიშალა თუ შეგიწყო?
- რამდენიმე ურთიერთობა დაინგრა ამის გამო. აქ მარტივად დგას საკითხი - კარგი იქნება, თუკი მეორე ნახევარს შენივე სფეროდან შეარჩევ.
- გქონია სიმპათია შოუბიზნესის წევრი გოგონასადმი?
- ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, ნინი ნებიერიძის მიმართ მქონდა სიმპათია ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პერიოდში. ვუთხარი კიდეც, ყველას ასე ვეუბნები. შემდეგ ეს ჩვენი ურთიერთობა შორს არ წასულა და არ განვითარებულა, არა იმიტომ, რომ ვცადეთ, არც გვიცდია. იქვე დასრულდა. ნინი ჩემზე პატარაა ასაკით. ცოლი დროზე რომ მომეყვანა, მისი ასაკის შვილი უნდა მყოლოდა (იცინის). ქეთა თოფურია დღემდე რჩება ჩემთვის ლიდერ პოზიციაზე... მოკლედ, ან ამ სფეროდან უნდა აარჩიო ან წინასწარ შეამზადო, თუ თავადაც არ არის ცნობილი სახე, მაგრამ ამას იმდენი დრო სჭირდება, რომ ურთიერთობა ინგრევა. ახლა პირადული გვერდზე გადავდე და პაუზა ავიღე. თანაც, სად მცალია ამისთვის, გამწარებული სამსახურის ძიებაში ვარ.
- ახლა გაიგებენ, ჩვენი ინტერვიუდან.
- ''ფეისბუქზე'' გამოვაქვეყნე სტატუსი, სამსახურს ვეძებ-მეთქი და მთელმა თბილისმა დამცინა, შენ რად გინდა სამსახურიო. სერიოზულად არავინ მიიღო, რომ მართლა ვეძებ.
- რას ურჩევ ადამიანებს, რომელთაც სურთ პოპულარობა?
- ვისაც უნდა პოპულარობა, დაისახონ მიზანი და მიაღწიონ მას, თუმცა ერთი რჩევა შემიძლია მივცე - ფრთხილად უნდა იყო, როგორ მოიხვეჭ ამ პოპულარობას. შესაძლოა, რაღაც ნაბიჯი გადადგა და ყველა გცნობდეს სახეზე, მაგრამ შემდეგში ამ ყველაფერს აუცილებლად წამოგაძახე-ბენ. როცა მე ნახევრად შიშველი ფოტოები გადავიღე, უკვე პოპულარული ვიყავი, ამიტომაც ვერავინ ვერაფერს მომაძახებს. პოპულარობის მეცხრე წელს მივეცი ჩემს თავს უფლება, გადამეღო შიშველი ფოტოები.
- დაბოლოს, შენი აზრით, ვინ არის საქართველოში უარყოფითად პოპულარული?
- 2012 წლის არჩევნების შემდეგ რომ გეკითხათ, გიპასუხებდით, რომ მიხეილ სააკაშვილია ასეთი ადამიანი, მაგრამ, მგონი, დღეს სხვა სიტუაციაა (იცინის). შემიძლია დავასახელო ერეკლე დეისაძე, მაგრამ ასე ვერ იტყვი პრინციპში, რადგან ერთი ადამიანი მაინც ხომ იქნება, რომელსაც ის მოსწონს? თუმცა, თუ საზოგადოების უმრავლესობაზე ვისაუბრებთ, მათ მაინც ვერ მოინელეს მისი ის წიგნი. ალბათ, პოპულარობისთვის დაწერა, მაგრამ მგონია, რომ მისი მხრიდან არასწორი სტარტი იყო...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS