ნიკა მახვილაძე:
- ეს ჩვენი გუნდის პირველი გასვლა იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თაობას აქვს რუსული ენის პრობლემა, ბიჭები რუსულენოვანი მაყურებლის წინაშე კარგად წარდგნენ. შე-ჯიბრების რედაქტორს, კორჩინს, ძალიან მოეწონა ჩვენი გუნდი, დიდი პერსპექტივა გაქვთო. ასეთ შედეგს, მართალი გითხრათ, მეც არ ველოდი. შეგვაქო მასლიაკოვმაც. ამ ორი ადამიანის შეფასება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე თასი, რომელიც აქ 50 ლარი ღირს. აზერბაიჯანში, ძირითადად, თავიანთი გუნდები გამოჰყავთ და სწორედ მათზე ანაწილებენ საპრიზო ადგილებს. ამას ალბათ თავისივე გუნდების სტიმულისთვის აკეთებენ, თუმცა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. ამ ჩემპიონატის ჩასატარებლად დიდი ფული იხარჯება. ეს თანხები ჩვენ რომ გვქონდეს ''კა-ვე-ენის'' ჩასატარებლად, ფეიერვერკებს მოვაწყობთ, გრანდიოზულ სანახაობას ვაჩვენებთ და ხურდაც დაგვრჩება.
- კიდევ რომელი გუნდები მონაწილეობდნენ?
- იყვნენ გუნდები დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, რუსეთიდან…
- თქვენ რომელი მოგეწონათ?
კოკო:
- ჩვენი გუნდი მომეწონა ყველაზე მეტად. არ ვხუმრობ, კარგად გამოვედით. მომეწონა მოსკოვის გუნდიც, მაგრამ ის უმაღლესი ლიგის გუნდია და შესაბამისად, გამოცდილებაც დიდი აქვთ. ჩვენ პირველად ვიყავით საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებაზე და მათ კონკურენციას ვერ გავუწევდით. თუმცა მათზე ნაკლებადაც არ გამოვსულვართ. მათაც მოვეწონეთ. სიახლე გვქონდა ის, რომ კრიტიკულები არ ვიყავით ქართველობის მიმართ. ხაზს ვუსვამდით ჩვენს დადებით მხარეებს და ამას იუმორით ვახერხებდით.
ნიკა მახვილაძე:
- მასლიაკოვმა ასე შეგვაფასა, ევროპულ გუნდს ჰგავხართო.
- ენის ბარიერის გამო კურიოზები არ გქონდათ?
გურამი:
- ''ეტა ნი პრაბლემა'' (იცინიან). მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცით, ძალიან კარგი აქცენტი გვაქვს. ჯგუფში სულ ორმა იცის რუსული ენა. ეს სხვა გუნდელებს რომ ვუთხარით, გაუკვირდათ, იმდენად დამაჯერებლები ვიყავით სცენაზე.
ნიკა ქოჩიაშვილი:
- ძირითადად, გოგონებთან ურთიერთობა გვიჭირდა, დანარჩენებს ვაგებინებდით, ჭიქა გვეჭირა და ყველა ხვდებოდა, რა გვინდოდა. ზოგადად, ''კავეენშიკებს'' ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. სხვა თამაშებიც ხომ არის, მაგალითად, ფეხბურთი, ჭიდაობა. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ზუსტად ვიცი, რომ ისე არ უყვართ ფეხბურთელებს ფეხბურთი, როგორც ''მანსანკანელებს'' ''მანსანკანი''. საერთოდ სხვა პოლუსზე ვართ.
კოკო:
- არც იყვნენ იქ გოგონები, სამი რუსი გოგო მოგვეწონა მარტო და იმათთანაც ვერ მოვახერხეთ ვერაფერი. ''კაკ დელა'' ვიცით მარტო და მერე ვეღარ ვაგრძელებთ. თვალებით გვჭამდნენ ის გოგონები, ''კრასავჩიკებს'' გვეძახდნენ. თავიდან ვიძაბებოდით, არ ვიცოდით, რას გვეუბნებოდნენ, ვის უთხარი და გამო გვერდზეო, ვეუბნებოდით (იცინის). იქ ვიმღერეთ ჯგუფ ''ყველას'' სიმღერა ''სამშობლო''. ამ გოგონებმა გვთხოვეს, ამ სიმღერის ქართული ვერსია მოგვასმენინეთო. მოვასმენინეთ და მერე სულ ამას მღეროდნენ რუსული აქცენტით. შემდეგ წასვლამდე სხვა ფრაზებსაც ვისწავლით და იმედია, ის გოგონები ისევ იქ დაგვხვდებიან.
რაც შეეხება უხერხულ სიტუაციებს, გენერალურ რეპეტიციაზე ავიჭერით მაგრად. მერე ნიკა მასწავლე-ბელმა დააპირა, ჩვენთვის ეგინებინა.
ნიკა მახვილაძე:
- დააპირა არა...… (იცინის).
კოკო:
- ამის მერე ჩვენც მაქსიმალურად მოვინდომეთ და მეორე დღეს დავდეთ შედეგი. ერთი შემთხვევა იყო, მიკროფონი გაითიშა და ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ იყო. ამიტომ თუ მიგიწვდებათ ხელი, იქნებ, გააგებინოთ ყველას, რომ ჩვენ არ მოგვაწერონ (იცინიან).
- რამდენი წევრი გყავთ გუნდში?
გურამი:
- ათნი ვართ, ყველანი იმერლები. მე გვარით ვარ იმერელი, თორემ დევიბადე და გევიზარდე თბილისში (იცინის).
- გოგონები გყავთ?
კოკო:
- გუნდში თუ პირადში (იცინიან). არ გვყავს, პირადში გვიჭირს ძალიან და თუ მიგიწვდებათ ხელი, ან რუსული მაინც თუ იცით, იქნებ, იმ რუს გოგონებს მისწეროთ (იცინიან). გოგონები გუნდშიც არ გვყავს.
- რატომ?
ნიკა ქოჩიაშვილი:
- ქართველ გოგონებს იუმორი არ აქვთო, ხომ არ ვიტყვი? ასე კია, მაგრამ როგორ ვიტყვი!
- მომავალი ექიმები ხართ, რა პროფილს ირჩევთ თითოეული?
გურამი:
- მე ქირურგია მაქვს არჩეული.
კოკო:
- მე ჯანდაცვის მინისტრობა მინდა პირდაპირ.
ნიკა ქოჩიაშვილი:
- იმედია, მერე მიხედავ ქართულ ''კა-ვე-ენ-ს''.
- ოჯახში როგორ უყურებენ თქვენს ამ საქმიანობას?
გურამი:
- ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ და იმდენად არიან შეყვარებული ამ თამაშზე, კონცერტები რომ გვაქვს, ჩამოდიან, ესწრებიან და უკან ბრუნდებიან მერე. არ ვხუმრობ, მართლა ჩამოდიან იტალიიდან ჩემს საგულშემატკივროდ. საერთოდაც, იმიტომ წავიდნენ იტალიაში, რომ იქაურებისთვის ჩვენ შესახებ ეამბათ.
კოკო:
- მამაჩემის ყველა თანამშრომელს უყვარს ეს თამაში და არც ერთ შეჯიბრებას არ ტოვებენ. მთავარი ის არის, რომ მე მომწონს, ჩემებიც ამ კუთხიდან აფასებენ. დედაჩემიც დადის ხოლმე თამაშებზე. ჯერ-ჯერობით ჩემი ცხოვრების 90% ეს თამაშია და მერე, მინისტრი რომ გავხდები, შევხედავ რაა… (იცინის), ამ დარბაზში რომ შემოვდივარ, სხვანაირი გრძნობა მეუფლება. აზერბაიჯანში მივხვდით ერთ რამეს, რომ ყველასთვის ერთია ეს თამაში, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა, რა გვარია და რომელი ქვეყნის გუნდია. ყველასთან დავმეგობრდით, ერთად დავლიეთ კიდეც. ზუსტად იგივე შეგრძნებები აქვთ მათაც ამ თამაშზე.
- როგორი შეგრძნებები გაქვთ?
- ამის ახსნა რთულია, თუ არ ითამაშებ, ვერ გაიგებ.
- ბატონო ნიკა, თქვენ ვინ გაფინანსებთ?
- სოროსი (იცინიან).
კოკო:
- აი, მაგაზე მინდოდა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. არ გვაქცევენ ყურადღებას და თუ მიგიწვდებათ ხელი, იქნებ, უთხრათ ვინმეს, დაგვასპონსოროს, თანხები გადმოგვირიცხოს (იცინიან).
ნიკა ქოჩიაშვილი:
- სპონსორი მართლა გვინდა, ოღონდ ქართველი, საქართველოში მცხოვრები, ქართული ინტერესებით.
ნიკა მახვილაძე:
- ჩვენი აზერბაიჯანში გამგზავრება სამედიცინო უნივერსიტეტმა უზრუნველყო. ზოგადად, ეს უნივერსიტეტი ყოველთვის გვერდით ედგა ''კა-ვე-ენს''. აქ ტარდებოდა საქართველოს ჩემპიონატებიც. ოქტომბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატს ვიწყებთ.
- ამ ჩემპიონატის სატელევიზიო ვერსიას თუ ნახავს მაყურებელი?
- არა, რადგან ტელევიზიონშიკებს არ უყვართ გამოსვლა ტელევიზიიდან, ადგილზე მოსვლა და გადაღება ეზარებათ. სტუდიურად ურჩევნიათ გადაიღონ. თან ამ თამაშს სხვანაირი გადაღება სჭირდება, ვიდრე ამას ''იმედი'' აკეთებდა. სამი საათით ადრე მოდიოდნენ, რაღაცებს წერდნენ, გონზე არ იყვნენ, რა მოხდებოდა სცენაზე, მერე ამ უცოდინარობის გამო მონტაჟს ვეღარ ახერხებდნენ. მოკლედ, საშინელება ხდებოდა.
კოკო:
- ბატონი ნიკა არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სულს უდგამს ამ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშმა ბევრი პრობლემა შეუქმნა, არ მიგვატოვა და ყოველთვის ბოლომდე აკეთებს თავის საქმეს. ამისთვის მადლობა მას.
ნიკა მახვილაძე:
- ცხვირსახოცი არ წამომიღია.
- ბატონო ნიკა, საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვებულ გუნდს რა პერსპექტივა აქვს?
- გამარჯვებულის სახელი და სიმბოლური პრიზი.
- საქართველოს ნაკრების გამოსვლა თუ ნახეთ მოსკოვში, უმაღლეს ლიგაში გადავიდნენ, როგორ შეაფასებთ?
ნიკა ქოჩიაშვილი:
- ჩვენი მეგობრები არიან, ასეთი წარმატება ჯერ ქართულ გუნდს არ ჰქონია, ასე რომ, ვულოცავთ. იყო რაღაცები, რაც არ მოგვეწონა, მაგრამ, ალბათ, ჩვენც გვაქვს ისეთი ხუმრობები, რაც მათ არ მოსწონთ.
ნიკა მახვილაძე:
- რაც არ მოგვეწონა, მაგას ერთმანეთთან სალაპარაკოდ დავტოვებთ. მეგობრებს ვერ ვაწყენინებთ. მთავარია, მიზანს მიაღწიეს და პრემიერლიგა მოიგეს. გამარჯვებულებს არ აკრიტიკებენ.
- გეგმებზე რას გვეტყვით?
- 11 ნოემბერს ბაქოში იგეგმება აზერბაიჯანის ღია ლიგის ფინალი, სადაც მივემგზავრებით. იანვარში სოჭის ფესტივალი გაიმართება, რომლისთვისაც მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ასე რომ, წინ დიდი სამუშაო გველის.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''