- ოთარ, საქართველოდან გამგზავრების გადაწყვეტილება რთული არ იყო?
- შენი ქვეყნიდან გამგზავრება ყოველთვის რთულია და რისკს უკავშირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პროფესიაში გარკვეული წარმატება მიღწეული გაქვს. საერთოდ, საქართველოშიც წარმატებამდე ბევრი სირთულე მაქვს გადალახული. მახსოვს, ერთ-ერთი სირთულე იყო საქართველოს მასშტაბით ერთადერთ საბალეტო თეატრში
- მეუღლეც ბალერინაა, გვანცა გავაშელიშვილი. ალბათ, ერთმანეთი თბილისში გაიცანით...
- მე და გვანცამ ერთმანეთი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავიცანით. ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 20 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი და 9 წელი თეატრში ერთად ვიმუშავეთ. გვყავს 3 წლის შვილი ლუკა, რომელიც, ფაქტობრივად, დარბაზში იზრდება, არ აკლდება არც ერთ ჩვენს რეპეტიციასა და სპექტაკლს.
- ამჟამად სად გადიხართ რეპეტიციებს და როგორი რეჟიმი გაქვთ?
- ბრუკლინში გაიხსნა ახალი საბალეტო სკოლა, რომელიც დააარსეს დიდი თეატრის ყოფილმა ბალეტის მსახიობებმა, რომლებიც ამერიკაში, ნიუ-ჯერსის ბალეტის წამყვანი მოცეკვავეები იყვნენ. მე მიმიწვიეს პედაგოგ-რეპეტიტორად და წამყვან მოცეკვავედ, ვინაიდან ისინი ასევე დგამენ ბალეტებს, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა საბალეტო დასიდან მოწვეული მოცეკვავეები. ასევე მიწევს მუშაობა კონექტიკუტისა და ნიუ-ჯერსის ბალეტთან. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს.
- გაქვთ თუ არა კვების განსაკუთრებული რეჟიმი ფორმის შესანარჩუნებლად?
- ვცდილობ, მაქსიმალურად სწორად ვიკვებო, მივიღო სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, რადგან ორგანიზმმა დიდ დატვირთვას გაუძლოს.
- წარსულს გადავხედოთ, როგორ და როდის დაინტერესდით ბალეტით? როგორც ვიცი, მშო-ბლებიც მოცეკვავეები გყავთ...
- დიახ, ჩემი მშობლებიც ბალეტის მსახიობები იყვნენ და მეც შესაბამისად დროის უმეტეს ნაწილს თეატრში ვატარებდი, ამიტომაც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება ბალეტს.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში...
- ათი წლის ასაკში შემიყვანეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. პირველი წარმატება ის იყო, როდესაც შიდა კონკურსის ლაურეატობა მხვდა წილად. მახსოვს, ამ წარმატებამ დიდი სტიმული შემმატა, ხოლო მეორე წარმატება იყო თეატრში მოღვაწეობის დროს, როდესაც გადმომცეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის მედალი და საპატიო სიგელი, რომელიც საბალეტო ხელოვნებაში გამორჩეული წარმატებისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში წვლილის შეტანისთვის გაიცემა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო ასევე გადასცეს ვახტანგ ჭაბუკიანის პარტნიორს, დიდ ბალერინა ვერა წიგნაძეს.
ჩემს პირველ ნაბიჯებთან ერთად, გამოვყოფდი მნიშვნელოვან ეტაპებსაც. ჩემთვის დაუვიწყარი და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარტნიორობა გავუწიე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბალერინას, მსოფლიო ბალეტის სამყაროში ცნობილ და აღიარებულ ფიგურას, ქალბატონ ნინო ანანიაშვილს. მასთან ცეკვა დიდი წარმატებაა და ბედნიერი ვარ, რომ ეს პატივი საკმაოდ ახალგაზრდას მხვდა წილად. ქალბატონ ნინოსთან ერთად ვიცეკვე ბალეტი ''შოპენიანა'' და პრემიერა თანამედროვე ბალეტში ''ტამპომპო''.
- ვიცი, არაერთ ცნობილ საბალეტო დასში გიწვევენ. უახლოეს მომავალში რა პერსპექტივა გაქვთ თქვენს პროფესიაში?
- წელს ასევე მიმიწვიეს საბალეტო კონკურსში ჟიურის წევრად, რომელიც გაიმართა ლონგ-აილენდში, რამაც დიდი გამოცდილება შემმატა. ახლა კი ვემზადები ბალეტ ''მაკნატუნასთვის'', რომელიც დეკემბერში იგეგმება. უახლოეს მომავალში ასევე ველოდები მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერას, რომლის პროდიუსერი გახლავთ ჯეფ ელ ეინი. მან შემომთავაზა ამ ფილმში მონაწილეობა. მაშინვე დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ეს იყო ახალი გამოწვევა და ძალიან საინტერესო პროექტია. იმედი მაქვს, მომავალშიც მექნება ამდაგვარი შემოთავაზებები.
- არსებობს თუ არა თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო ბალეტი და პარტია?
- ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მუშაობა ბალეტზე ''ჟიზელი''. ალბათ იმიტომ, რომ როგორც ტექნიკურად, ასევე ემოციურადაც ძალიან რთული შესას რულებელი პარტიაა. რეპეტიციებს გავდიოდი დიდი თეატრის ყოფილ წამყვან სოლისტთან, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის პარტნიორთან, დღეს უკვე ცნობილ ქორეოგრაფ ალექსეი ფადეიჩევთან. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გამოვარჩევ ამ ბალეტს.
- დაბოლოს, რა არის ის მიზანი, რისთვისაც იღვწით?
- ალბათ ის, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი და ბალეტი შევმატო ჩემს პროფესიას.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''