29 სექტემბერი, 2014
ნათია როსტიაშვილს უკან მოხედვის არ ეშინია
სოფელში წასვლისას დღესაც ზუსტად ისევე მეკუმშება გული, როგორც ბავშვობისას ნათია როსტიაშვილს მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს; ბედი მწერლობაშიც სცადა და ვინაიდან წერა არ ''უჭირს'', ვრცელი შესავლის მაგივრად, ჯობს, სპეციალურად მისთვის შედგენილი ანკეტის პასუხებს მეტი ადგილი დავუთმოთ...

დაბადების თარიღი, პროფესია და სამუშაო გამოცდილება

საერთოდ, ანკეტებს ორ კატეგორიად ვყოფ: უსულოებად და სულიერებად. ანკეტები კითხვით ,,როდის?"" არ სუნთქავენ, ციფრისებია. მე სიტყვისა ვარ, ,,როგორ?"" - ასეთკითხვიანები მირჩევნია, ცოცხლებია, ამბებს იტევენ... როცა მეკითხებიან როდის დავიბადე, ვპასუხობ, რომ ბედობას. დამატებით შეკითხვაზე: ,,უფრო
კონკრეტულად?"" ვაკონკრეტებ, რომ წინა დღეს ახალი წელი იყო... (იღიმის). ჰოდა, ესა ვარ: ნათია როსტიაშვილი, დაბადებული ბედობა დღეს. ჟურნალისტი ბევრწლიანი სამუშაო გამოცდილებით: ,,დვრიტა"" ,,მაესტრო"" ,,ახალი ჟურნალი"" ,,სკოლა" ,,სტერეო"" ,,მშობელთა გაზეთი"" ,,ქალთა გაზეთი"" ,,კვირის პალიტრა"" ,,და ქალი"" ,,ბომონდი""...

ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე...

დედათბილისში, პირველ სამშობიაროში ჩავიდინე დიდი სასწაული – გავჩნდი და დედაჩემი დედად ვაქციე. ბევრი წლის შემდეგ 1 სამშობიაროშივე ჩავიდინე 2 სასწაული: გავაჩინე და დედად ვიქეცი.

ოჯახი...

მყავს მეუღლე – რამაზ ნაცვლიშვილი, დედა – ელმირა ტარტარაშვილი და ორი შვილი: ხუთწლინახევრის გიო და ორწლინახევრის ნინო (ეს ნახევრები რაღაა... ვერა, ვერ ვმეგობრობ ციფრებთან...)

ჩემი პირველი ინტერვიუ...

მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან ჩავწერე. ზოოპარკში აპირებდნენ აქციის მოწყობას, დეპუტატები უნდა ჩავსვათ გალიებში, გამოსცადონ, რას გრძნობენ ცხოველებიო... ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დეპუტატებიდან დაწყებული, ზოოპარკის დარაჯით დამთავრებული (ან _ პირუკუ), ყველამ დარეკა რედაქციაში. რედაქტორი კმაყოფილი დარჩა და საზეიმოდ გადმომცა ჩემი ცხოვრების პირველი ჰონორარი – 5 ლარი (იღიმის).

წერა დავიწყე, როცა...

როცა ფიქრი დავიწყე. ზეპირად ვწერდი, უფრო სწორად – ვთხზავდი ისტორიებს და ნამდვილ ამბებად ვასაღებდი. ფურცელზე გადმოტანა მოგვიანებით დავიწყე, დიდი გოგო რომ გავხდი...

მე და ჩემი ''ჭაღის ანგელოზი''...

,,ჭაღის ანგელოზი" ჩემი პირველი წიგნი და მესამე შვილია. უცნაური განცდა ყოფილა. თან გიხარია, თან სევდა გიპყრობს. თითქოს შვილი სრულწლოვანი გაგიხდა და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, შენგან მიდის... ყოველი ფრაზა, რომელიც ,,ჭაღის ანგელოზის" მისამართით იბეჭდება, გულს ისე მიხარებს, თითქოს შვილის კარგად აღზრდას მიქებდნენ...

ჩემი დილა იწყება...

ნინის ჩურჩულით: ,,დე..."" და ამიტომაც, აღარ არსებობს, ჩემთვის, წვიმიანი, სუსხიანი, უმზეო დილები. ორი ბგერა: ,,დ-ე..." და ისე მთბილა, ისეთი მზეა, ისე ნათდება...

დაასრულეთ ფრაზა ამბით: ''რატომღაც''...

რატომღაც ასე აეწყო ბოლო დროს: მოვიფიქრებ სიუჟეტს მოთხრობისთვის და სანამ დავწერ, რეალურად ხდება ეს ამბავი. ჰოდა, ვფრთხილობ. სიტყვები ხომ დიდი ძალაა...

საკუთარ თავში ვებრძვი…

ზეემოციურობას. მაგალითად, ტრანსპორტში ჩემ წინ მჯდომი უცნობი ადამიანის მობუზული მხრები და თვალებში ჩასხმული უიმედობა იმხელა ნეგატიური ემოციით მმუხტავს, რომ მთელი დღით მიმყვება ფორიაქი და უგუნებობა. დავდივარ მერე ტონიანი გულით, მივახრიგინებ ჩამძიმებულ საგულეს, ვეღარც საწერზე ვფიქრობ, ვეღარც წასაკითხზე...

მჯერა…

სასწაულების.

არ მჯერა…

იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც ამბობენ, სასწაულის არ გვჯერაო.

მეშინია…

მეშინია, ერთხელაც ომის გაღვივებულმა მარცვალმა მიწა არ მოხეთქოს, ფესვის ბადე არ გაშალოს ჩემს ქვეყანაში, ქალაქში, ოჯახში, ჩემში...

არ მეშინია…

უკან მოხედვის.

ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი…

ჩემი ჰერეთი.…ყოველ არდადეგებზე, სოფლად, ბებია-პაპასთან წასული ბავშვებიდან, მხოლოდ მე მჭრდებოდა, ე.წ. საზღვარის გადაკვეთა. მხოლოდ ჩემი თოჯინებჩალაგებული ბარგის ამოქექვის უფლება ჰქონდათ მესაზღვრეებს. გული მეწურებოდა... მახსოვს, რომ არ ამტირებოდა, გონება სხვა რამეზე რომ გადამერთო, ლექსებს ვიმეორებდი გულში. ხან რომელს, ხან – რომელს...

სოფელში წასვლისას დღესაც ზუსტად ისევე მეკუმშება გული, როგორც ბავშვობისას…უკვე სხვა მიზეზით…და ენის წვერზე მხოლოდ რეზო გეთიაშვილის ლექსი მიტრიალებს:
,,სადაც ყვავილები მთავრდებიან /და შენი თითები იწყებიან, / შენი თითებიდან დაწყებული / ჩემი დაკარგული მიწებია..."

დღემდე აუხდენელი ოცნება…

საჰაერო ბურთით ფრენა...

დღეს ვწერ...…

ჯერ ვერა. დილიდან მხოლოდ მის შემორიგებას ვცდილობ, საღამოს კი აუცილებლად განვაგრძობ ამ ადრე დაწყებულ და მიტოვებულ, გაბუტულ მოთხრობას...


ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნესი
დადეთ ქართველი მწერლების და პოეტების ინტერვიუები, ეს თქვენს საიტსაც წაადგება და ქართველ მკითხველსაც. გმადლობთ
17:13 / 04-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ნათია,ძალიან გულთბილი და საყვარელი ადამიანი ხარ.აზრებიც შენსავით სათუთი გაქვს!
08:23 / 02-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
როგორი საინტერესო ხარ ყველგან ნათი ისე საინტერესოდ გადმოსცემხოლმე შენს ცხოვრებას ნოსტალგია შემომაწვებახოლმე :D
12:09 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნათი როგორი ტბილი თბილი და საინტერესო ინტერვიუები გაქვს საყვარელი ძალიან
12:06 / 01-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ნიჭიერი ავტორი და საოცრად ადამიანური ადამიანი...:-*
21:42 / 30-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS