- ერთი ფილოსოფოსი ბრძანებს, კუჭის უპირატესობა ტვინთან შედარებით ისაა, რომ თუ კუჭს რამე არ მოეწონება, უკან იღებს, ტვინი კი ნებისმიერ მიწვდილ ინფორმაციას ინახავს. ჩვენი ტრადიციები ყველაფერს ინახავს, მაგრამ რომელს გამოიყენებ და როგორ,
- რომელი ტრადიციაა, თქვენი აზრით, დრომოჭმული?
- ცალსახად შემიძლია, დავასახელო ქელეხი. მე პანაშვიდებზე დავდივარ, დაკრძალვა თუ სამუშაო დღეს უწევს, არ მცალია, უამრავი პაციენტი მელოდება კლინიკაში, ზოგს გადაუდებლად სჭირდება დახმარება და ამიტომ ვერ ვახერხებ წასვლას. სამძიმრის თქმა, მატერიალური დახმარება, სულიერი, სიტყვიერი შეწევნა, ეკლესიაში ლოცვა, სანთლის დანთება მისაღებია, მაგრამ სუფრა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – არა, გავაუკუღმართეთ ეს ტრადიცია და ამაში დამნაშავენი ჩვენ ვართ.
მე ტრადიციაში კი არ ვხედავ დანაშაულს, არასწორ მიდგომაშია საქმე, მემკვიდრეებმა ვერ ვივარგეთ. ვყოფილვარ მეგობრის, ახლობლის ჭირის მაგიდის თამადა, ჩემზე უბედური კაცი არაა იმ ადამიანის გასტუმრების გამო და თან, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში თითოეულ სიტყვას დიდი სიფრთხილით წარმოთქმა სჭირდება. მაგრამ ამ დროს რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის აღარ რჩება ამ სიტყვის გამგონი. სწორედ ამიტომ, სადაც მიმიწვდება ხმა, ყველგან ვამბობ, ქელეხში ნუ წავალთ-მეთქი, მე რომ არ წავალ, შენ რომ არ წახვალ, ჭირისუფალიც აღარ გააკეთებს. საკურთხი ძალიან ვიწრო წრისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, ან კიდევ ეკლესიაში უნდა ურიგდებოდეს უპოვრებს. ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ მიყვარს ეს ტრადიცია, თორემ, მაგალითად, ჯვრისწერა ძალიან მომწონს.
- ქორწილის ტრადიციაზე რას ფიქრობთ?
- მე და ჩემს მეუღლეს ქორწილი არ გადაგვიხდია, პატივი ვეცით უფროსი თაობის ძაძებში ყოფნას. სახლში, საახლობლო წრეში აღვნიშნეთ ოჯახის შექმნა. ძალიან მიყვარს ნიშნობის ცერემონია, ჯვრისწერა, ქორწილის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ აქაც პომპეზურობაა გამაღიზიანებელი, ''ჩანგალზე კაცი''ქორწილში არ უნდა მოდიოდეს. გარდა ამისა, მიყვარს რელიგიური დღე-სასწაულები, შობა, აღდგომა, ესაა ბმა ცასა და მიწას შორის.
- ბატონო ლადო, დღეს აქტიურად ლაპარაკობენ გენდერულ თანასწორობაზე...
- ''გენდერული ბალანსი''- უფრო მისაღებია, კაცი და ქალი თანასწორი ვერასდროს იქნებიან, ქალი ყველაფრით უფრო მაღლა დგას. ქალი არის სიყვარულის პირველწყარო, ემბრიონის, სიცოცხლის საბუდარი, ტკივილის მონელების, მსახურების ეტალონი. ასეთი მწვერვალების დამპყრობი ქალი, რო-გორ გინდა, დაბლა ჩამოიყვანო და კაცს გაუთანაბრო? ქალი კი არის აღმატებული, მაგრამ არ შეიძლება, კაცის საქმეს აკეთებდეს, ქალი არ უნდა იყოს მოიერიშე თვითმფრინავის პილოტი ან სამხედრო. თუ ქალს წვიმაში გარეთ არ დააყენებ, მოუფრთხილდები, საშიშროების ქვეშ არ მოუწევს ყოფნა, მაშინ აკეთოს ნებისმიერი საქმე, რაც მოსწონს.
- მართალია, ჩვენი რელიგია კრძალავს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებას, მაგრამ რეალურად ხშირია მსგავსი ფაქტი.
- ამაზე პასუხს გაგცემთ, როგორც მამა და როგორც ბაბუა, თან, ამ საკითხს ჩემი მშობლებისა და ბებია-ბაბუის პრიზმის ქვეშ გავატარებ. ადამიანის თავისუფლება შეუზღუდავია, თავისუფლება თავადვე გვიწესებს ჩარჩოებს. თავისუფალ ადამიანს შეუძლია დაიცვას ან არ დაიცვას ტრადიციები. თუ ჩვენ ტრადიციებს პატივს ვცემთ და ოდნავ მაინც გვაქვს მოკრძალება ცად ახედვისა, მაშინ მეტი დაფიქრებითა და მორიდებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. თუ ქორწინებამდე თანაცხოვრება, მხოლოდ ლიბიდოს დონეზე, მხოლოდ ვნებით არ წყდება, მაშინ მისაღებია. თქვენ გგონიათ, ქორწინების რეგისტრაცია წყვეტს რამეს? ეს კი არაა მთავარი, არამედ იმ გრძნობის გაფრთხილება, ნდობა და ღვთისთვის შეთქმა, რომ წყვილი სი
ცოცხლის ბოლომდე და მას შემდეგაც ერთად იქნება, ესაა მთავარი, ამიტომ ეს ტრადიცია უნდა დავიცვათ, ჯვრის აყრა კი ძალიან დიდი ცოდვაა, ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო.
- XXI საუკუნეში ქალისა და მამაკაცის სიყვარული განსხვავებული და შეცვლილია?
- მე ზუსტად ისე მიყვარს ჩემი მეუღლე, როგორც მიყვარდა და შვიდი წელი მოვანდომე იმის თქმას, რომ მიყვარდა. დღეს ყველაფერი გამარტივებული იმიტომაა, რომ დამშვიდობებაც ადვილია, ჩემთვის ოჯახის დანგრევა, დაშორება დიდ ტრაგედიასთან ასოცირდება, შენ თუ ამას ტვინის გარეშე, მხოლოდ ლიბიდოს დონეზე აკეთებ, მაშინ მარტივად დაშორდები. მგელი არასდროს მოიყვანს მეორე ცოლს, მაშინ როცა ხარს ორას ძროხას გაანაყოფიერებინებ, ეს ბუნების კანონია, მაგრამ რით ვართ ჩვენ მგლებზე ნაკლებნი?..
- ქალწულობა ოჯახის სიმტკიცეს განსაზღვრავს?
- არსებობდა ''ჩულქის''ამოსაყვანი, რომლითაც ისე შეიძლებოდა გაფუჭებული ''ჩულქის''ამოყვანა, რომ ამას ვერავინ გაიგებდა, თუ თავად არ იტყოდი, რომ გაფუჭებული გეცვა. უბიწობა ადამიანშია, თორემ საქალწულე აპკი ისეთიცაა, რომელსაც შეუძლია 3500 გრამი ნაყოფი გამოატაროს და არ დაზიანდეს. უარესის თქმაც შემიძლია, ისეთი ტექნიკა არსებობს, შესაძლებელია, აპკის წელვადობა ისე გაზარდო და აბორტი ისე გააკეთო, რომ არაფერი დაირღვეს. ეს ყველაფერი სინდისზეა დამოკიდებული. დაწერილი მაქვს, საქალწულე აპკი სინდისს ჰგავს, პირველი გაწყვეტაა ძნელი, შუბლის ძარღვი თუ გაიწყვიტე, დამთავრდა. სხვათა შორის, პოლიტიკოსებს მივმართავ ამ ჭრილში და ახლა უკვე საბანკო სფეროსაც, ბანკმაც ძალიან შელახა ადამიანის ღირსება.
- არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ? თქვენი აზრით, არის თუ არა ეს პათოლოგია...
- ადამიანი შედგება იმუნური, ნერვული და ჰორმონალური სისტემისაგან. ქალში არის სამი რევოლუცია: ქალად გახდომის, შვილოსნობის და უკუქცევის, კლიმაქტერული ეტაპი. კაცში კი – კაცად გახდომის და კლიმაქტერული პერიოდი, რომელიც ნელა, მდორედ მიმდინარეობს. ადამიანის სქესობრივი აგებულების ოქტავაში ნოტი თუ ჩავარდა, მაშინ ვხვდებით დარღვევებს. ქალის გადაქცევა კაცად თავისუფლად შეიძლება, ბოლოს გარეგან სასქესო ორგანოსაც მიაბამ და მორჩება, ასევე შესაძლებელია კაცის გადაქცევა ქალად, მოაჭრი სასქესო ორგანოს და შექმნი ვაგინას, მაგრამ ამის მზაობა ტვინიდან უნდა მოდიოდეს. თუ ჩვენ არ ჩავეძიეთ ''დაავადების''წინამორბედ სტადიას, ვერ დავეხმარებით არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, რომელთა სრულად გამოსწორება შესაძლებელია. მსმენია, ნარკომანები ნარკოტიკს თავს ვერ ანებებენო, რაც ტყუილია, სიგარეტის გადაგდება თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ პირადად მე ვარ ამის თვალსაჩინო მაგალითი, დღეში 100 ღერს ვეწეოდი, თითო პაციენტზე - თითო ღერს, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, აღარ ვეწევი, გამიჭირდა, მაგრამ გადავლახე. მუდმივი ზრუნვით, თანადგომით უნდა მივეხმაროთ იმ ადამიანებს პრობლემის გადაჭრაში და არა ცხვირის აწევით, ხელით შეხებით, აგრესიით. თუ შენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეაღწევ საუბრით, ნდობით ყველა ადამიანის გამოსწორება, დაბრუნება შეიძლება. Aარატრადიციული ორიენტაცია ცოდვად მიიჩნევა, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც ჩვენს ცოდვას, ვისაც შეეძლო ამის გამოსწორება და არ გამოასწორა.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''