სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ორივე წამყვანი დასაოჯახებელი გახლავთ და თანაც, ასტროლოგმა უთხრა, რომ მათი ჰოროსკოპის ნიშნებიც თავსებადია...
ეთოს საკმაოდ დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, სანამ ცნობილ ადამიანებთან მის მსგავსებაზე გეტყვით ორიოდ სიტყვას, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ ის ბრეკეტებს ატარებს, თუმცა, როგორც გვითხრა, ორ თვეში მათ მოხსნას აპირებს. ეთოს რუსკა მაყაშვილსა და პენელოპა კრუსსაც ამსგავსებენ. თავად რას ფიქრობს ამ მსგავსებაზე? ''სანამ რუსკა პოპულარული გახდებოდა, მანამდე მეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც იცნობდნენ, რომ მას ვგავდი. ასევე ძალიან ხშირად მამსგავსებენ პენელოპა კრუსსაც...'', თუმცა ვინაიდან ჩვენი რესპონდენტი ტელევიზიაში ახალი სახეა, საკუთარი თავის დამკვიდრება სწორედ თავისი სახელითა და გვარით სურს.
- ეთო, შენი გრძელი ფეხებით ''პალიტრა მედიაში'', ვიცი, რომ ახლა არ შემოგიბიჯებია.
- (იცინის) ჩემი გრძელი ფეხებით და მაშინ 15 კილოთი მეტი წონით ''პალიტრაში'' შემოვაბიჯე მას შემდეგ, რაც ''ამბები ჯი''-ზე გამოცხადებული ვაკანსიისთვის სივი გამოვაგზავნე და დამიძახეს. მედია-ჰოლდინგში უკვე ერთი წელია, არსებობდა ''პალიტრა თV'', რომლის შესახებაც მაშინ არაფერი ვიცოდი. გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტად ''პალიტრა TV''-ში ვჭირდებოდი ადმინისტრატორად. ზუსტად სამ თვეში გადამიყვანეს საიტის რედაქტორის პოსტზე. ამ გრძელი ფეხე-ბით, მინიმუმ, კიდევ ოთხი ნაბიჯი გადავდგი (იცინის). რედაქტორობიდან ამ დრომდე უკვე ორი წელი გავიდა. საიტის რედაქტორი ახლაც გახლავართ. ჩემს პირველად შვილად მიმაჩნია ''პალიტრა თV'', დღეში 50 000 მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან ბევრია. მიხარია, რომ დაგვემატა ტელევიზია და მაუწყებლობა დავიწყეთ, შეგვიძლია, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ უფრო მეტ მაყურებელს იმ დროსთან შედარებით, როდესაც მხოლოდ ინტერნეტით ვმაუწყებლობდით.
რაც შეეხება დილის გადაცემას, ტელე-რადიოჟურნალისტი ვარ და ეს შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, იმედია, მასაც დავძლევ და წარმატებით გავივლი.
ირაკლი:
- ''პალიტრა TV''-სთან ეს ჩემი პირველი შეხება არ არის. ''განოსა და კოტეს'' შოუში, როგორც მეზობელი, ისე ვერთვებოდი ხოლმე. რეკლამას ვუწევდი გარკვეულ პროდუქციას, კვირაში ორჯერ. პროფესიით მსახიობი ვარ. ტელევიზიასთან მანამდეც მითანამშრომლია, რამდენიმე სერიალშიც მიმიღია მონაწილეობა, მქონდა შეხება გახმოვანებასთანაც, თუმცა არა ინტენსიურად. როდესაც დილის გადაცემის წაყვანაზე მივიღე შემოთავაზება, პირველად დროის ფაქტორზე დავფიქრდი. დილას ადრე ადგომას ვგულისხმობ.
ჯერჯერობით ახლაც შეგუების პროცესში ვარ, რადგან ჩემი სამსახური, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაოდ გვიან მთავრდება ხოლმე, ხან რეპეტიციაა, ხან - გადაღება. დღესდღეობით მაქვს მცირე პაუზა, მაგრამ ეს ალბათ, მხოლოდ ორ კვირას თუ გასტანს. თეატრში ახლახან გაიხსნა სეზონი და ისეთი დატვირთვა არ არის, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ მოზარდებს ვზრდით.
- ბევრი მგელი გითამაშია ალბათ...
- მგელი არა, ძირითადად, დევებს განვასახიერებ, ჯუჯაც მითამაშია. ისევ გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, დილის ექვსზე ვდგები, მაგრამ ალბათ, გადავწევ ამ დროს და შვიდზე ავდგები ხოლმე. შუადღეს უკვე მიჭირს თავის კონტროლი, მეძინება (იღიმის). უნდა მოვახერხო ყველაფერი ერთად, სხვა რა გზაა.
ეთო:
- მგონი, მეც უძილობა დამეწყო ამ პასუხისმგებლობის გამო, რასაც ღია ეთერი ჰქვია. დილის 5 საათზე მეღვიძება. ეთერში რომ ჩანხარ, უნდა ისაუბრო, ეს ამ ეტაპზე ცოტა მაბნევს. ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ნერვიულობის გამო ღამით გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. მაღვიძარას გარეშე 5-ზე უკვე მღვიძავს. სულ მგონია, რომ რაღაც გამომრჩება, მაკიაჟის ან ვარ-ცხნილობის გაკეთებას ვერ მოვასწრებ...
- პირველმა ეთერმა როგორ ჩაიარა?
ირაკლი:
- სპექტაკლის წინა ნერვიულობას ამას ვერ შევადარებ. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ უშუალოდ ეთერის წინ არ მინერვიულია. შესაძლოა, ასაკის ბრალია, დავბერდი და აღარ ვღელავ.
- თქვენს წყვილზე რას იტყვი?
- ორი კვირაა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენ რაღაცებზე წინასწარ შევთანხმდით. მაგალითად, მისთვის ცუდად კი არა, კარგად რაღაც რომ მეკადრებინა, ვკითხე, რა რეაქცია ექნებოდა.
ეთო:
- გადაწყვიტა, რომ ღია ეთერში აუცილებლად უნდა მეძახოს ეთერი, რადგან ეთერს უხდება. მკითხა, ხომ არ გეწყინება, ასე რომ დაგიძახოო. მე ვუპასუხე, არ მეწყინება, რადგან მამაჩემმა უკვე მიწოდა ეს სახელი-მეთქი (იცინის). 26 წლის წინ მამაჩემმა იწინასწარმეტყველა, რომ ვიღაც ეთერს მაინც დამიძახებდა.
- როგორ იგრძენით თავი დილის გადაცემის წამყვანებად?
- ახალ სტუდიაში ვართ, ახალი ფორმატით გავდივართ. ''პალიტრა თV''-ს დიდი გეგმები აქვს და გვინდა, რომ ამ გეგმებში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. დილის რვა საათზე ყველა არ დგება, მაგრამ ვინც დგება, გვინდა, მათ მხიარულება შევთავაზოთ. ან თუნდაც ჩვენ გამო გაიღვიძონ. სტუდიაში გვყავდა სტუმრად ასტროლოგი და გვითხრა, რომ თურმე ჩვენი, ანუ მორიელისა და თხის რქის ტანდემი ძალიან კარგია (იღიმის). თხის რქა უშხამო მორიელი ყოფილა.
- აი, გადავინაცვლეთ პირად ცხოვრებაზე.
ირაკლი:
- ცოლი არ მყავს.
ეთო:
- ისევ ზოდიაქოებზე უნდა გადავიდე. თურმე, თხის რქები ოჯახისკენ მიდრეკილნი არ არიან და არიან კარიერისტები. ოჯახისთვის ძალიან გვიან მოიცლიანო.
- ირაკლი, როგორ გოგონას ეძებ?
- საერთოდ არ ვეძებ. უფრო ის განწყობა მაქვს, რომ თვითონ მიპოვის. რატომ მაქვს ასეთი განწყობა, ეს აღარ ვიცი (იცინის). ტიპური მსახიობი ვარ, ბოჰემური ცხოვრების მოყვარული. მიყვარს ყველაფერი, სმაც, ჭამაც, რისგანაც სიამოვნება შეიძლება მიიღო.
ეთო:
- ახლა მისი სმის გრაფიკის გაკონტროლება მე გადავწყვიტე. ამას წინათ დავურეკე, საღამოს შვიდ საათზე და მისაყვედურა, რატომ გამაღვიძეო.
- ირაკლი, გვითხარი რამე შენზე, როგორ ერთობი, ქალებს როგორ აბამ?
- არ გვინდა ახლა ეგეთები. ქალებს არ ვაბამ, არც იქით არ მაბამენ... დავდივარ, ვერთობი, უბრალოდ, ახლა ამ გრაფიკმა მიმახვედრა, რომ ბევრი რამ შემეზღუდება. ამას წინათ, ''პალიტრაში'' რომ მოვდიოდი, დილას პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ხალხს რატომ სძინავს-მეთქი (იცინის). ისე, კარგი იქნება, რომ ხალხი ადრე გაღვიძებას მიეჩვიოს. რასაკვირველია, ღამეს თავისი ხიბლი აქვს და დილას ადრე გაღვიძებით ეს იკარგება, მაგრამ პარასკევსა და შაბათს გადავიტან გართობის ამბებს.
- ეთო, შენ გყავს მეუღლე?
- არა. ირაკლის მსგავსად, არც მე ვეძებ არავის. სხვათა შორის, ღია ფერის ბიჭები არასდროს მომწონებია.
- რადგან ორივე დასაოჯახებელი ხართ, ჭორებიც იქნება.
- ილაპარაკონ (იღიმის). მე ზუსტად ის ტიპაჟი ვარ, რომელიც არ ეძებს და ელოდება დიდ სიყვარულს. მაგრამ არა თეთრ რაშზე ამხედრებულ ადამიანს, არამედ მას, ვინც ყველაფერში გამიგებს. ცუდი ხასიათი არ მაქვს, მაგრამ ხასიათიანი ვარ (იღიმის). ორი საათის წინ ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი და ახლა აღარ ვარ. ასეთი რაღაცები მჭირს.
ირაკლი:
- ეს ადვილი ასატანი არ არის. ორი საათი ერთად რომ ვსხედვართ, ნახევარი საათი კარგ ხასიათზეა და შემდეგი ნახევარი საათი - ცუდზე (იცინის). ასეთ გოგოს ვინ გაუძლებს, ეთო, მე შენ ვერ გაგიძლებ. აქამდეც მივხვდი. რაღაცას იტყუება ასტროლოგი (იცინიან).
ეთო:
- სინჯებზევე მივხვდით, რომ ერთმანეთს ვერ შევეწყობოდით, ოღონდ ეს ირაკლიმ დაასკვნა. თავიდანვე გავარკვიეთ, რომ მას წვიმიანი ამინდი უყვარს, მე კი – მზიანი.
- ეს თქვენი კინკლაობა ეთერშიც ჩანს. რით იქნება განსხვავებული ''დილის პალიტრა'' სხვა გადაცემებისგან?
ირაკლი:
- თუ ჩვენმა კინკლაობამ, მაგალითად, იმან, რომ მე ეთოს ეთერს ვეძახი, გამოიღო გარკვეული შედეგი და გადაცემა უფრო საინტერესო სანახავი გახადა, მცირე-მცირე კინკლაობები იქნება. უბრალოდ, ამ ურთიერთობას სად წავიყვანთ, ეს დაგეგმილად არც ვიცით და ჯერ ისიც არ არის ჩამოყალიბებული, ზოგადად, ამ მიმართულებით წავალთ თუ არა. ამას შემდგომი ეთერი გვაჩვენებს.
- ირაკლი, დღევანდელ ეთერში რობერტ სტურუაზე თქვი, სტურუამ ახალი რა უნდა თქვასო და რას გულისხმობდი?
- არაფერი განსაკუთრებული არ მიგულისხმია. ეს ბოლო პერიოდია ხშირად წერენ მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე. ერთხელ გავიგე მიზეზი და მეორედ ამაზე ინფორმაციის მოსმენა აღარ მაინტერესებს, თორემ თავად რობერტ სტურუას როგორ არ უნდა მოვუსმინოთ.
ეთო:
- ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ ჩვენს შეხედულებებს, რამდენადაც ამის საშუალებას ეთერი მოგვცემს, მაგრამ ჩარჩოებს არ გავცდებით და მაყურებელსა და მსმენელს თავს არ მოვახვევთ.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''