21 სექტემბერი, 2014
მაკა ბარდაველიძე კლუბში შვილზე ადრე იწყებს ცეკვას
მიუხედავად იმისა, რომ ვარ გიჟი, ფანატიკოსი დედა, ძიძად ნამდვილად ვერ გამოვდგები მსახიობ მაკა ბარდაველიძეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს. თეატრის მორიგი სეზონის გახსნამდე თითქმის ერთი თვე გაატარა ზღვისპირეთში. აღმოჩნდა, რომ ბათუმში დასვენებისას მსახიობს ბევრი ცნობდა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' შესრულებული როლის გამო, სადაც ის ლიკუნასა და ირაკლი ხურცილავას შვილის ძიძას, მედიკოს განასახიერებს...

- ერთადერთი პროფესია, რომელზეც ბავშვობიდან ვფიქრობდი, მსახიობობა იყო. ეს გარკვეულწილად ოჯახის დამსახურება და გავლენაა. ამ სფეროში კოტე მარჯანიშვილთან ერთად მოღვაწეობდა ჯერ კიდევ
ჩემი ბაბუა. მიხეილ მგალობლიშვილი მერე კინოსტუდიაში სასცენარო განყოფილების უფროსი გახლდათ. დედას - თინა მგალობლიშვილს, თეატრალური აქვს დამთავრებული, მაგრამ თეატრში არ წასულა, რადიოსა და ტელევიზიის დიქტორი გახდა. მამა, ამირან ბარდაველიძე, თეატრმცოდნე იყო და ტელევიზიაში რეჟისორად მუშაობდა.
დედისერთა ვარ. ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა რუსთაველის თეატრი. მახსოვს, ერთადერთი რამ მაინტერესებდა, რა ხდებოდა მაშინ, როცა მსახიობები კულისებში გადიოდნენ (იღიმის)... იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნიკო წიკლაური, არ ვიცი, სად აღმომაჩინა ამ ადამიანმა, მაგრამ მას პირველი კლასიდან გამოვყავდი სხვადასხვა ღონისძიებაზე. მოკლედ, ზურიკელასავით, არტისტობა რომ უნდოდა, ისე იყო ჩემი საქმე (იღიმის). არ ვიქნები გამორჩეული და ვიტყვი, როგორც ყველა მსახიობს, მეც ძალიან არ მინდოდა, რომ ჩემი შვილიც მსახიობი ყოფილიყო და არც აქვს სურვილი.
- ერთი შვილი გყავთ?
- დიახ. ელენე ჯანელიძე, რომელიც 15 წლისაა. პირველი კლასიდან ყველა სფეროში ერთნაირად ძლიერია, ამიტომ ჯერ ვერ გადაწყვიტა, სად ჩააბარებს. მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. ელენეს ძალიან უყვარს ცეკვა ჰიპ-ჰოპი. ცოტა ხანს დადიოდა კიდეც, თავად მოინდომა. მე სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული, მაგრამ ქართულ ცეკვასთან ერთად, ყველანაირი თანამედროვე ცეკვა მიყვარს. ბათუმში, ელენეს გამო, ძლივს რომ შემიშვებენ ხოლმე რომელიმე კლუბში, სანამ ის ადგება საცეკვაოდ, მე ვასწრებ. ისეთი აქტიური ვარ, რომ ერთხელ ცეკვისას ერთი კლუბის აუზში საათი ჩამივარდა (იღიმის).
- სტუდენტობის წლები როგორ გაიარეთ?
- ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ და თუკი რამეს ვაკეთებ ჩემს პროფესიაში, თუნდაც ზღვაში წვეთს, ეს ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის მუმუშა გაწერელიას დამსახურებაა. სიტყვა ''ნიჭიერი'' არ იცოდა, ჩემზე ამბობდა ''უნარიანიაო''. ერთხელ მითხრა, შენ მსახიობის ბუნება არ გაქვს, მხოლოდ უნარი არაფერში გიშველისო. იმას გულისხმობდა, რომ უნდოდა, უფრო მეტი ინტერესი მქონოდა, ვყოფილიყავი მიზანდასახული, მაგრამ ეს მაკლდა.
ჩემი შვილი საკმაოდ განსხვავებულია ამ საკითხში, მიზანდასახულია. მერწმუნეთ, უფრო ადრე რომ მყოლოდა, შეიძლებოდა, მეტისთვის მიმეღწია. როცა სერიალიდან ''ჩემი ცოლის დაქალები'' დამირეკეს, იმ დროს ჩემს მეგობარს მამა გარდაეცვალა და ის დღეები იქ ვიყავი. როცა ამ მიზეზით უარი უნდა მეთქვა გადასაღებ მოედანზე მისვლაზე, ელენეს სახე წარმოვიდგინე, როგორ გაუხარდებოდა ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ჩემი მიწვევა, მაშინვე გადავიფიქრე და დავთანხმდი.
- თეატრში მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი გაქვთ?
- შალვა გაწერელიამ თავისი ჯგუფი და მათ შორის მეც, ჯერ კიდევ მაშინ მიიყვანა თეატრში, როცა მოზარდ მაყურებელთა თეატრი მელიქ აზარიანცის სახლში ფუნქციონირებდა. სხვათა შორის, არასოდეს მქონია სურვილი, მოზარდის გარდა, სხვა თეატრში ვყოფილიყავი.
მუმუშა გაწერელიამ ბევრი მელია მათამაშა და ერთხელ ბიჭებმა წაიმაიმუნეს, ასე იცის, თუ შეგიჩნდა და ერთი ცხოველის როლი გათამაშა, სულ ასე იქნებაო. ბავშვი ვიყავი და ''ამაგდეს'' (იღიმის). შევედი ბატონ შალვასთან და ვუთხარი, ახალ სპექტაკლში მელიას აღარ ვითამაშებ-მეთქი. კი, მაგრამ მგელი რეზო თავართქილაძეა და შენ ამას როგორ ამბობო, - ძალიან ეწყინა. მერე ის როლი სხვა მსახიობმა შეასრულა და როცა სპექტაკლი ვნახე, ვინანე, როგორ ავყევი იმ სულელებს, მეთამაშა კიდევ ერთი მელაკუდა, რა მოხდებოდა?!
- რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალებს'', ერთი სეზონია, რაც ეკრანზე გამოჩნდით...
- მიხარია, რომ არ გამიჭირდა და ეს პირველივე წუთებში აღნიშნეს. აბსოლუტურად განვსხვავდები იმ ქალისგან, რომელსაც ვთამაშობ. მედიკო ცოტა ფამილიარულია, გულწრფელი, ცოტა სულელიც. ვისაც ჰგონია, რომ ვგავარ ამ პერსონაჟს, ცდება. არ შემი-ძლია, არ ვთქვა, რომ ძალიან კეთილშობილი და სიმპათიური ადამიანია გიორგი ლიფონავა. კარგად მუშაობს და ნიჭიერი კაცია. ამ სერიალში არ ვთამაშობდი, როცა მას დიდი ინტე-რესით ვუყურებდი. ეს რეჟისორის, სცენარისტების, მსახიობების და მთელი ჯგუფის დამსახურებაა.
- სერიალში თქვენი აღსაზრდელი რომელიმე მსახიობის შვილი ხომ არაა?
- უსაყვარლესი ალექსანდრე ოპერატორ ვახო ჩაჩანიძის შვილია. სიმართლე უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ გიჟი, ფანატიკოსი დედა, ძიძად ნამდვილად ვერ გამოვდგები. თავიდან ძალიან ვღელავდი, რომ ეკრანზე უთოობა, საჭმლის მომზადება მომიწევდა, თან ცაცია ვარ და ვფიქრობდი გამიჭირდებოდა. ერთხელ, მორიგი სცენის გადაღებამდე შესვენებისას, გამომხედა გიორგი ლიფონავამ და თქვა, გამოართვით მაკას ბავშვიო. ზუსტად მიხვდა, რომ შეიძლებოდა, ალექსანდრე ხელიდან ჩამცურებოდა, ისე უხერხულად მეკავა. ბავშვის მოვლა არ არის ჩემი საქმე (იღიმის).
- ამ ეტაპზე თეატრში რამდენ სპექტაკლში ხართ დაკავებული?
- ესენია ''კუკარაჩა'', ''კარებს აჯახუნებენ'', ''ემილის თავგადასავალი'' და ''მე ვხედავ მზეს'', მასში აკვირინეს ვთამაშობ. კინოში ეს როლი ერგო სესილია თაყაიშვილს და თეატრში ლენა ყიფშიძეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ პატარა როლია, მაგრამ ისეთ მსახიობებს აქვთ ნათამაშები, რომ... (იღიმის). ეს პერსონაჟი მოხუცია, სმა უყვარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ორ ჯოხზეა ''ამხედრებული''. ისე ვიარე ამ ჯოხებით მოხრილმა, რომ არ ვიცი, მას მერე როგორ დავდივარ გამართული. გეტყვით, რა დამემართა სეზონის დახურვის დღეს: ერთ-ერთ სცენაში აკვირინე გადაკრავს სასმელს, ცოტა შებუჟბუჟდება და წამოდგება. პერსონაჟი ბეჟანა, რომელსაც ჩვენი შალვა ანთელავა თამაშობს, 120 თუ არა, 100 კილო მაინცაა, მტაცებს ხელს და გამაფრენს სცენიდან. შალვას მამა, ზურა ანთელავა, თელავის თეატრის მსახიობია. იმ დღეს ის ესწრებოდა სპექტაკლს. როგორც ჩანს, შალვა ამისათვის განსაკუთრებულად იყო მომზადებული და მამის პატივსაცემად სურდა, სცენაზე ცეცხლი დაენთო. ხელი რომ მტაცა, გულმა მიგრძნო, რომ ჩემი საქმე უკვე არ იყო კარგად. გავარდა კულისების მხარეს, უცებ წამოკრა ფეხი და ჩემიანად წაიქცა. ამას ისეთი აპლოდისმენტები მოჰყვა, ვერ აგიწერთ. ყვიროდნენ ''ბრავოს''. შალვამ მოასწრო და წაქცევის დროს ხელი შეაშველა, რომ მთელი ძალით ზედ არ დამ-ცემოდა. ამიტომ იოლად გადავრჩი. მას შემდეგ თეატრში ''წყევლა'' გავრცელდა, შენ დაგეცეს თავზე შალვა ანთელავაო (იცინის).

ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS