20 სექტემბერი, 2014
რომელი ხუმრობის გამო აკრიტიკებენ ქართველ ''კავეენშიკებს'', რომლებმაც პრემიერლიგა მოიგეს
ერს, რომელმაც 11 საათის შემდეგ თავად დაიწესა აკრძალვა ალკოჰოლზე, არაფრის არ ეშინიაო... 5 სექტემბერს საქართველოს მან-სან-კანის გუნდი მოსკოვს ესტუმრა. ბიჭებს 24 გუნდთან მოუხდათ პაექრობა. საქართველოს ნაკრები საუკეთესო აღმოჩნდა. ბიჭებმა პრემიერლიგა მოიგეს და შესაბამისად, მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.
რუსეთ-საქართველოს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, გამარჯვებული ''კავეენშიკები'' საზოგადოების ნაწილმა ერთ-ერთი ხუმრობისთვის გააკრიტიკა, რომელიც სოსო პავლიაშვილის მონაწილეობით ნახა მაყურებელმა. ქართული გუნდის ერთ-ერთი წევრის შეკითხვა იყო, - ეშინია თუ არა რუსეთს სანქციების. სოსო კი პასუხობდა, - ერს, რომელმაც 11
საათის შემდეგ თავად დაიწესა აკრძალვა ალკოჰოლზე, არაფრის არ ეშინიაო.
ჩვენს ცნობილ იუმორისტებს, ყოფილ ''კავეეშნიკებს'', საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ.

ნიკა ქავთარაძე:

- მათი გამოსვლა არ მინახავს, ვიცი, რომ მოიგეს პრემიერლიგა და შემდეგში უმაღლესში ითამაშებენ.
- თუ დრო გაქვს, ლინკს გამოგიგზავნი, რომ ნახო, საინტერესო იქნება შენი შეფასება.
- არ მინდა ნახვა, არ მაინტერესებს, ვულოცავ გამარჯვებას. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ალბათ.
- შენთვის არ იყო მნიშვნელოვანი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის?
- არა. სხვა შემთხვევაში მეც იმავეს გავაკეთებდი. ჩემთვის ახლა კავეენის თამაში, თან მოსკოვში, არანაირად არაა მნიშვნელოვანი.
- უცნაურია, რომ არ გაინტერებს, ეს ხომ შენი სფეროა.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროგრამა ჰქონდათ და რატომ მაძალებთ (იცინის).
- სულაც არა, უბრალოდ, ასე კონკრეტული გამოსვლების შეფასებას შეძლებდი. შენი ნებაა. მადლობა.

ვახტანგ ბიჭიკაშვილი:

- ვნახე ბიჭების გამოსვლა და ძალიან მომეწონა. უმეტესობასთან ვმეგობრობ და ძალიან გამიხარდა მათი გამარჯვება. წარმატებას ვუსურვებ უმაღლეს ლიგაში ბიჭებს. დაკარგულ ტერიტორიებსაც თუ დაიბრუნებენ, უფრო მაგრად გამიხარდება.
- როგორი პირი უჩანს, დაიბრუნებენ?
- არ ვიცი, ეს მათ ჰკითხეთ. მე მხოლოდ თამაში ვნახე.

ზაალ წულუკიძე (ვინი):

- რომელ გუნდზე მეკითხებით, მოსკოვში რომ იყვნენ? არ მინდა მაგ გუნდზე კომენტარის გაკეთება.
- თამაში მაინც თუ ნახე?
- თამაში მთლიანად არ მინახავს, პატარა მონაკვეთები ვნახე. მთლიანად ჩემპიონატის განმავლობაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბოლოში იყო ერთი ხუმრობა, რომელიც მე პირადად არ მომეწონა. ამაზე დავწერე კიდეც და ალბათ, ეწყინათ კიდეც ბიჭებს, მაგრამ, რომ არ დამეწერა, არ შემეძლო.
- რომელ ხუმრობას გულისხმობ?
- ეს იყო ხუმრობა სოსო პავლიაშვილთან ერთად, სადაც საუბარი იყო იმაზე, ეშინიათ თუ არა რუსებს სანქციის. სოსო პავლიაშვილის პასუხი ამ ხუმრობაზე იყო ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მიუღებელი და არც ერთი იუმორის ჩარჩოში არ ჯდებოდა. არ მგონია, ეს ხუმრობა თავმოყვარე და სამშობლოს მოყვარული ქართველის დაწერილი ყოფილიყო, უფრო რუსი სცენარისტის ხელს ჰგავდა.
- რა უპასუხა სოსომ?
- ერს, რომელმაც საკუთარ თავს თავად აუკრძალა ღამის 11 საათის შემდეგ ალკოჰოლის მიღება, არაფრის ეშინიაო. პასუხიც არის და პასუხიც. ეს უნდა ნახოთ, რომ მიხვდეთ, რამ გამოიწვია ჩემი უკმაყოფილება. აი, ეს იყო, რაც არ მომეწონა და მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთლიანად გუნდმა კარგი, კავკასიური, ქართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონატის განმავლობაში, სოჭის ფესტივალიდან მოყოლებული!
- სხვა გუნდებზე რა შეგიძლია თქვა?
- სიმართლე რომ გითხრა, ასე არ განმიხილავს მოსკოვის წლევანდელი ლიგა. მაგრამ მგონია, რომ ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში თავის სიტყვას იტყვის.

მიშა ანდღულაძე:

- ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველისთვის, ყველა ქართველის გამარჯვება სასიხარულოა. არ აქვს მნიშვნელობა, სად ჩატარდება ტურნირი თუ შეჯიბრი და რომელ ქვეყანაში მოიგებენ ჩვენები. მით უმეტეს, როცა საქმე ''კავეენსა'' და იუმორს ეხება. ''კავეენი-დან'' მოვდივარ მეც. მაშინაც მტერი იყოჩვენთვის რუსეთი, ჩვენ რომ ვთამაშობდით და ვიმარჯვებდით. მთავარი პრობლემა ის კი არაა, ვინ რას იტყვის ამა თუ იმ რუსულ სცენაზე, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, არამედ ის, რომ ჩვენ თვითონ ვერ გადაგვიწყვეტია, ვინ არის ჩვენი მტერი, რუსეთი, ამერიკა თუ ევროპა. როცა ამას გადავწყვეტთ, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ჯერ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ვინ გვყავს მტერი და ვინ მოყვარე და მერე მოვკითხოთ ''კავეენშიკებს'', სად როგორ იხუმრეს.
- ზოგადად მათ გამოსვლას როგორ შეაფასებ?
- ამიკო კარგი ''კავეენშნიკია''. სადაც ის თამაშობს, ის გუნდი წამატებული ყოველთვის იქნება. დანარჩენებსაც არა უშავთ. მთლიანობაში კარგი გუნდია.

ნიკა გრიგოლია:
- სათითაოდ ყველა ხუმრობას ვერ განვიხილავ. ვიცი, რა არის ''კავეენი'' და რა განცდაა პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ მე პრემიერლიგის მოგება არ განმიცდია. ჰოდა, ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას.

მიშა მშვილდაძე:
- მოკლედ, მართალია, რუსეთის ''კავეენის'' ის ლიგა, რომელიც მოიგეს ქართველებმა, არ არის უმაღლესი ლიგა, მაგრამ მაინც ძალიან რთულია მისი მოგება, შესაბამისად, დიდი ძალისხმევისა და მონდომების გარეშე ამის გაკეთება არ გამოვიდოდა. ამიტომაც მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებიც ძალიან დიდი აზარტით მონაწილეობენ ამ თამაშში და დიდად არ დაგიდევენ იმ გამოხმაურებას, რაც მერე აქ მოჰყვება ხოლმე მსგავს ამბებს. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მორალისტობის და ადამიანებისთვის ღია ტექსტებით ჭკუის დარიგების. ყველა ცხოვრობს და აკეთებს იმას, რისი კეთებაც უნდა, სიამოვნებს და მუღამი აქვს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც არ დავიწყებ პატრიოტული მოტივით მორალისტობას, ყველას თავისი მუღამი აქვს და ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

თუ ვინმესთვის საინტერესოა პირადად ჩემი დამოკიდებულება, ამაზეც მარტივად გავცემდი პასუხს, - მე არ მინდა ახლა იქ ''კავეენის'' თამაში და ამიტომაც არ ვთამაშობ. რაც შეეხება იმას, რომ ადრე თამაშობდა ჩვენი გუნდი, მაშინ ეს აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქმებოდა. სიმართლე გითხრათ, არათუ ჩვენ, ძველ ''კავეენშიკებს'' არ გვქონდა იმის შეგრძ-ნებაც კი, რომ ოკუპანტის მიმართ კულტურულ კოლაბორაციონიზმში ვმონაწილეობდით, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში არავის ჰქონია ასეთი განცდა და ამ მიმართულების აბსოლუტურად არც ერთი დამუნათება არ გაჟღერებულა.

თუმცა ჩვენი იქ თამაშის პერიოდში ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ ''კავეენს'' რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის გატარების პროპაგანდისტულ იარაღად იყენებდნენ, აქტიურად ლობირებდნენ აფხაზურ გუნდს, რომელიც მერე ჩემპიონიც გახადეს და მარტივად რომ ვთქვათ, მთლად სუფთა თამაში არ მიდიოდა. როგორც კი ამას მივხვდით, მას შემდეგ ჩვენ იქ აღარ ჩავსულვართ. თუმცა ეს ჩვენი არჩევანი იყო და თუ ვინმეს სხვა რამ ურჩევნია, ამაშიც, ბუნებრივია, ჩემი მხრიდან სრულ მორალურ თავისუფლებას ვანიჭებ. გავიმეორებ, რომ ასეთი აზარტული და მუღამიანი თამაში, როგორიც ''კავეენია'', მე არ მითამაშია და კარგად მესმის ადამიანების, რომლებიც ამ დამოკიდებულებით მიდიან იქ.

რაც შეეხება პერსპექტივას, სიმართლე გითხრათ, საქართველოში ''კავეენის'' დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ. არ თამაშობენ ამ თამაშს აქ სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, არ უყურებენ თვალებანთებული ახალგაზრდები ''ოერტეზე'' ''კავეენებს'' და შესაბამისად, ეს პროცესი ცოტა ხელოვნურია. ვიღაცას სანამ ფულის ხარჯვა არ მოჰბეზრდება ამ მყიფე და ნაძალადევი კულტურული ფსევდომეგობრობის საქმეში, მანამდე გაგრძელდება და მერე მორჩება. ჰოდა, წარმატებას ვუსურვებ ქართველ ''კავეენშიკებს'', სანამ ეს ანომალიური ვითარება გაგრძელდება. მაქსიმალურად ბევრი პრიზი მოეგოთ და მაქსიმალურად ბევრი მიეღოთ ის, რის საძიებლადაც დაწანწალებს ხოლმე რუსულ ტრამალებზე ახალგაზრდა კავკასიელი მამრი აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია.

სოფო ბანძავა (''კავეენის'' ქართული ნაკრების პრეზიდენტი):

- სოფო, პირველ რიგში, გამარჯვება მინდა მოგილოცოთ, გვიამბეთ ამ წარმატების შესახებ.
- საქართველოს ნაკრები გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. მსგავსი ფაქტი ''კავეენის'' ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ეს პრეცედენტი ისტორიაში ჩაიწერება, ამდენად ორმაგად სასიხარულოა ეს გამარჯვება. 24 გუნდი მონაწილეობდა და ჩვენ საუკეთესონი აღმოვჩნდით.
- სოფო, ჩვენ გუნდის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ იუმორისტებს, ყოფილ ''კავეენშიკებს''. არაერთგვაროვანია კომენტარები. გამარჯვებას ყველა ულოცავს ბიჭებს, მაგრამ ნაწილს არ მოეწონა ხუმრობა, რომელიც რუსეთის სანქციებს უკავშირდებოდა. ისიც კი თქვეს, რომ ეს ხუმრობა რუსი სცენარისტის დაწერილს ჰგავდა. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
- ვერ გაიგეს ხუმრობა თუ რატომ?
- პოლიტიკურ ჭრილში განიხილეს.
- ჩვენ არც ერთ ხუმრობას ასე არ განვიხილავთ. ესეც ჩვეულებრივი იუმორი იყო. ჩვენ არ ვხუმრობთ არავის პოლიტიკაზე. არც ჩვენსაზე და არც სხვისაზე. ჩვენი თემები აბსოლუტურად აპოლიტიკურია.
- მაშ, როგორ გგონიათ, რის საფუძველზე გაღიზიანდა იუმორისტთა ნაწილი?
- ვინ გაღიზიანდა, კონკრეტული გვარ-სახელები მითხარით.
- ჟურნალში გაეცნობით მათ შეფასებებს. ამბობენ იმასაც, რომ არ იყო საჭირო მოსკოვში ''კავეენზე'' გამგზავრება.
- საქართველოს რაგბის ნაკრები რომ ეთამაშება რუსეთის ნაკრებს, არც ეს არის სწორი?! არც მოჭიდავეები უნდა გავუშვათ რუსეთში მოსაგებად?! მაშ, რატომ გვიხარია მათი წარმატება? ჩემი აზრია, ყველგან მივიღოთ მონაწილეობა და მოვიგოთ, სადაც შევძლებთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სტატუს ქუო
ამათი ვითომ პატრიოტობა შევარცხვინე... გამიხდა ქავთარაძე,დაგვაჯული ვინი და ჭამისტი მშვილდაძე იუმორისტები,ესენი ტიპიური უსაქმურები და შურიანები არიან,თავიანთ საქმეში რომ არ გაუმართლათ...
14:12 / 20-09-2014
გამოხმაურება / 0 /
3ეხრფ
რაგბი და ჭიდაობა ? ეს ხომ ინტერნაციონალირი შერჯიბრებებია. კვნ-ი კი რუსი ხალხის და მისი დერჟავის მადიდებელი კლოუნადა. წტ თქვენი
13:58 / 20-09-2014
გამოხმაურება / 0 /
gio
კაი რა რუსების ჯამბაზებიიიიიიიიიიიიი
12:04 / 20-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS