- გიგა, ჩემი აზრით, შენი რჩეული ძალიან ლამაზი გოგონაა.
-
- რას საქმიანობს?
- განათლებით ექიმია, მაგრამ ამჟამად სხვა საქმიანობით არის დაკავებული. გენერალური მენეჯერია კომპანიაში, რომელსაც მოსკოვში სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს.
- ერთმანეთი როგორ გაიცანით?
- საერთო მეგობრები გვყავს და რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს სხვადასხვა პრეზენტაციაზე.
- დიდი ხანია, იცნობ?
- თითქმის ერთი წელია, რაც ვურთიერთობთ.
- ხომ არ გაგიჭირდა ასეთი ლამაზი გოგონას მოხიბვლა?
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა. მარი ძალიან სწორად არის აღზრდილი და მე რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ პირველ პაემანზე დამეთანხმებინა. მოხიბლული ვარ მისი სილამაზით.
- ასწავლე ქართული?
- ძალიან ვცდილობ და ისიც მონდომებულია, რომ ქართული კარგად ისწავლოს. სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოშია გაზრდილი, თუმცა როცა ჩვენ შევხვდით, ქართული სულ დავიწყებული ჰქონდა. 20 წელია, მოსკოვში ცხოვრობს.
- დედა ქართველი ჰყავს?
- მამა ნახევრად ქართველია, ნახევრად - სომეხი. თუმცა როცა გიყვარს, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.
- რასაკვირველია. პაემანზე დასათანხმებლად სიმღერა ხომ არ მიუძღვენი?
- რა თქმა უნდა. სიმღერა ხომ ჩემი ყველაზე დიდი და უძლეველი იარაღია. მას სხვა შანსი აღარ ჰქონდა (იცინის).
- რა სიმღერა უმღერე?
- სიმღერა სახელწოდებით 'ჩემი სიყვარულის ოკეანე''. ჯერჯერობით მსმენელისთვის უცნობი სიმღერაა. მარის მივუძღვენი. ყველა ჩემი სიმღერა მას ეკუთვნის.
- მარი მღერის?
- არა.
- როდის აპირებთ ურთიერთობის გაოფიციალურებას?
- ძალიან მალე.
- ქორწილი მალე გექნებათ?
- წინასწარ არ გვინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ჩვენ ორივე ძალიან ვავსებთ ერთმანეთს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი იქნება.
- მარის ოჯახი როგორ შეგხვდა? ანუ ქართველი და მომღერალი სასიძო მოეწონათ?
- ჯერჯერობით ოჯახისთვის ოფიციალურად მარის ხელი არ მითხოვია. არა მგონია, გიგა კვენეტაძე დასაწუნი სიძე იყოს. თუმცა გეტყვით, რომ მარის გარემოცვას ძალიან ვუყვარვარ.
- საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
- გვინდა, ახალ წელს ჩამოვიდეთ.
- ხომ არ ეჭვიანობს შენს პროფესიასა და თაყვანისმცემლებზე?
- არ არის ეჭვიანი, მენდობა.
- შენ?
- ასეთი ლამაზი ქალის ხელში ცოტა ეჭვიანობა მაპატიეთ.
- ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უკვე გააცანით?
- მეგობრებს გავაცანი. ოჯახის წევრებს ჯერ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მალე მოხდება.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''