მაისურებზე ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, რადგან არ მოსწონდა ბაზრის მიერ შეთავაზებული პროდუქტი, უნდოდა, განსხვავებული ყოფილიყო. შემდეგ კი მეუღლესთან ერთად შექმნა მაისურების ბრენდი, წყვილს დიდი გეგმები აქვს და ერთმანეთს ახალი იდეებით აოცებენ.
- მაისურზე მუშაობის რა პრინციპი გაქვთ? როგორც ვხვდები, კი არ პრინტავთ,
- დიახ, ვხატავთ. თითოეულ ნახატი მაისურზე ხელით არის შესრულებული, ვფიქრობ, ამიტომაცაა გამორჩეული. ხელნაკეთი ყოველთვის უფრო ფასობს ქარხნულ ნაწარმთან შედარებით. შეგვიძლია, ესკიზი ნებისმიერ თემაზე შევქმნათ და გადავიტანოთ მაისურზე. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა ნახატის რეპროდუქციებს. მომხმარებელს შეუძლია, თავისი შექმნილი მაისური ეცვას. უმრავლესობას სწორედ ეს შეთავაზება ხიბლავს და ჩვენთან ერთად იგონებს მათთვის სასურველ მაისურს. ასლებიც იქმნება, გვაქვს ექსკლუზიური ნამუშევრებიც, თუმცა რადგან ისინი ხელითაა შესრულებული, ორი აბსოლუტურად იდენტური მაისურის შექმნა შეუძლებელია...
- გარდა მაისურებისა, ცივ სეზონზე რას შესთავაზებთ მომხმარებელს? მაგალითად, ნაქსოვზე შესაძლებელია რაიმეს დახატვა?
- თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე ვხატავთ. მომხმარებლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, შემოდგომიდან მოდის ინდუსტრიაში შებიჯებას ვაპირებთ, გვინდა, ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობა მოვსინჯოთ და კოლექცია შევქმნათ, უკვე ვმუშაობთ ესკიზებზეც. თუმცა ვინაიდან ორივე ზედმეტად არაპროგნოზირებადი ვართ, გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვი, ხვალ ისევ გვენდომება თუ არა ეს ყველაფერი (იღიმის).
- ახლა, უშუალოდ მოდის თანამედროვე ტენდენციებზე გვესაუბრეთ. როგორი სილუეტისა და ფორმის სამოსი იქნება აქტუალური შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?
- წლევანდელი მოდა ძალიან მრავალფეროვანია, არ იკვეთება ერთი კონკრეტული სტილი და ხაზი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიზაინერები ერთმანეთის საპირისპირო ვარიაციებს გვთავაზობენ. ისევ აქტუალურია მამაკაცური ფორმები, ვუბრუნდებით 80-იანების მოდას, რომელიც ელეგანტურობით გამოირჩევა. მოდური იქნება ძალიან მკვეთრი ფერების კონტრასტი, რომელიც ცალსახად პოპ-არტსაც მოგვაგონებს, და ჩვენთვის უკვე ნაცნობი პრინტიანი ზედები– დაშტრიხულის ეფექტით.
სტილისა და განწყობის შესაგრძნობად ფერი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამ წლის შემოდგომა-ზამთრის აქტუალური და ძირითადი ფერი ბორდოსფერია, რაც აშკარად დომინირებდა თითქმის ყველა ჩვენებაში. გარდა ამისა, იყო ყვითლის, ოქროსფრის აქცენტიც. ასევე გამოიკვეთა როგორც პასტელური ტონები, ასევე შავისა და თეთრის კონტრასტიც.
- შემოდგომაზე როგორი ფაქტურა იქნება აქტუალური?
- წელს ნაქსოვი ძალიან აქტუალური იქნება, რაც ძირითადად კაბის სილუეტებში გვხვდება. მოდურობას ტყავიც ინარჩუნებს, რომელიც დაწნულ ვარიანტში შემოგვთავაზეს. დიზაინერების ყურადღებას ნახევრად გამჭვირვალე ფაქტურაც იქცევს.
- რაც შეეხება კაბის ფორმას, სიგრძეს, წელს, ამაზე რას გვეტყვით?
- მკვეთრად დეკორირებული, მდიდრული ფერებით გაჯერებული და სხვადასხვა ფაქტურის კაბები - ასეთია წლევანდელი სეზონის კაბა.
- შარვალს როგორი წელი, ტოტი, ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ ის მოდურიც იყოს და კომფორტულიც?
- წლევანდელი შარვლის მოდა ასპარეზს აშკარად კლასიკურ სტილს უთმობს. გვხვდება როგორც ე.წ. საოფისე სადა ტონი, ასევე ფერადი ორნამენტული შარვლები მკვეთრი ფერებით. ასევე აქტუალური იქნება მსუბუქი და გამჭვირვალე, ტყავისა და ველვეტის ფაქტურისგან დამზადებული შარვლები. თუმცა მოდურია როგორც სხეულზე მომჯდარი სილუეტები, ასევე დავარდნილი სტილიც.
- როგორ შევიტანოთ სამოსში მამაკაცური დეტალები?
- მამაკაცური დეტალები თითქმის ყოველთვის მკაცრ ფორმებთან ასოცირდება. ხაზი ესმება კლასიკურ სტილს, შარვლისა და პიჯაკის სადა ხაზს. ყოველგვარი გაფორმებისა და გამოყვანის გარეშე. წლე-ვანდელი მოდის ტენდენციებში მამაკაცური სტილის სამოსი კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''