- ''ქაღალდის წვიმის'' დადგმა მესამედ მომიხდა, ამჯერად მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან. პირველად ეს სპექტაკლი ჩემთან ''ახალ თეატრში'' დავდგი,
- შედეგით ყმაყოფილი ხარ?
- კარგი მსახიობები არიან, კარგად იმპროვიზირებენ და კმაყოფილი ვარ. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანა სანაია, ზურა ავსაჯანიშვილი, ვახო ნოზაძე, ნიკა ნანიტაშვილი და მეხუთე პერსონაჟს, რეჟისორის როლს, პატარა ირაკლი ხვთისიაშვილი განასახიერებს.
- სპექტაკლის აფიშას აწერია ''16+'', მიზეზი ახსენი...
- დიახ, ასეა. ახალ ვერსიაზე მუშაობისას ჩავსვით ისეთი სცენები, რომლებიც ამგვარ წარწერას მოითხოვს. მაგალითად, სპექტაკლშია აბაზანის სცენა, რა თქმა უნდა, კლოუნადაში გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც ასე ვიფიქრეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრშია, მაყურებლის მხრიდან პრეტენზია რომ არ გაჩენილიყო, ამიტომაც დავაწერეთ აფიშას.
- წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრი პირველად მონაწილეობდა ედინბურგის ფესტივალში. რა ნიშნით შეირჩა შენი სპექტაკლი?
- ალბათ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ არსებობს ენობრივი ბარიერი. კლოუნადაა, მხოლოდ რამდენიმე მსახიობია, არ აქვს დეკორაცია, მინიმალური რეკვიზიტი ადვილად ''გადაადგილდება''. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორ მიიღებდა მას ევროპელი მაყურებელი. თეატრის კრიტიკოსები დაესწრნენ და პრესაში გამოეხმაურენ. იყო შენიშვნებიც, მაგრამ საერთო ჯამში უფრო მეტი დადებითი დაიწერა. მოიწონეს მსახიობები და მე მომიწონეს ფანტაზია (იღიმის).
- ედინბურგში თუმანიშვილის თეატრიც იყო...
- ჩვენ ფესტივალზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვიმყოფებოდით. იქ დაგვხვდა ქეთი დოლიძე, რომელმაც ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. თუმანიშვილის თეატრი ერთი თვე გახლდათ ფესტივალზე ''ცხოველების ფერმით'', ბევრი მაყურებელი ჰყავდათ და წარმატებები ხვდა წილად.
- სხვა ქვეყნის დასების ნამუშევრები თუ ნახე?
- ვეცადე, მაქსიმალურად ბევრი სპექტაკლი მენახა და ურთიერთობა მქონოდა არა მარტო ადგილობრივ ხელოვანებთან, არამედ ფესტივალის ჩამოსულ მონაწილეებთანაც. ახალი ნაცნობები გავიჩინე, რომლებთანაც ახლაც მაქვს კონტაქტი. შეიძლება, სამომავლოდ საინტერესო წინადადებები წამოვიდეს, ვნახოთ (იღიმის).
- ნიკა, ვიცი, რამდენიმე თეატრში ერთდროულად მუშაობდი, რა გეგმები გაქვს?
- რეგიონულ თეატრებში მაქვს ნამუშევარი, ახალციხის, გორის თეატრებშიც დამიდგამს სპექტაკლები. სამი დადგმა საგარეჯოს თეატრში განვახორციელე. რაც შეეხება თბილისს, აქ თოჯინების, მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის თეატრებში ვიმუშავე.
ახლა პრემიერების ციკლი მეწყება: სექტემბრის დასაწყისში თოჯინების თეატრში ''იავნანამ რა ჰქმნას?!'' გამოვუშვებთ. ამ სპექტაკლის დახურული ჩვენება უკვე გვქონდა, მაგრამ, ბუნებრივია, ზაფხულში წარმოდგენები შევწყვიტეთ. თბილისის პრემიერამდე ამ სპექტაკლს წარმოვადგენთ სომხეთში, ქალაქ ვანაძორში, ''უნიმას'' საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე. ასევე სექტემბერში პრემიერა მექნება საგარეჯოს თეატრში, რომელსაც ვხელმძღვანელობ. ეს სახალხო თეატრი გახლავთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება ბევრ სახელმწიფო თეატრს. დიდი ამბიციები გვაქვს და ამას ხმამაღლა ვამბობ. იმედის ვიტოვებ, რომ საგარეჯოს სახალხო თეატრი ევროპაში ფესტივალზე გაემგზავრება, ყოველ შემთხვევაში, გასტროლზე მაინც და სავარაუდოდ, ეს იქნება პოლონეთი.
ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთ პრემიერას ვგეგმავ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც წარმოვადგენ ჩემს პიესას ადოლფ ჰიტლერის შესახებ - ''1945''.
- რაც შეეხება ''ახალ თეატრს'', განაახლებს ფუნქციონირებას?
- იმედია, არსებული პრობლემები მოგვარდება, ''ახალი თეატრი'' მუშაობას უახლოეს მომავალში განა-ახლებს და იქვე დავიწყებ ახალ მონოსპექტაკლზე მუშაობას.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''