2011-2012 წლებში შექმნილი სცენარის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცის გარეშე დარჩენილი ქალები. სწორედ ერთ-ერთ ასეთ წყვილს განასახიერებენ ფილმში მარიამ კიტია და გიორგი მასხარაშვილი. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგის ვესაუბრეთ...
- გიორგი, პროფესიით მხატვარი და რეჟისორი ხარ, თქვენს სამსახიობო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?
- სარეჟისოროზე ლევან ზაქარეიშვილის სტუდენტი ვიყავი და პირველად მის ფილმში '' თბილისი-თბილისი'' ვითამაშე.
- დღეს როგორ ნაწილდება შენი დრო: ხატავთ, სცენარზე მუშაობთ თუ რამე ფილმზე?
- ვხატავ, სცენარზეც ვმუშაობ და კინომხატვრადაც.
- ბევრი ფესტივალი მოიარა შენი მონაწილეობით ფილმმა '' პატარძლები''...
- ჰო, ბოლოს სარაევოში მოიპოვა წარმატება. მე პირადად ამ ფილმთან ერთად ბერლინის გარდა არსად ვყოფილვარ. თინას უნდოდა, დამდგმელი მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ დამეზარა.
- და როგორ აღმოჩნდი მთავარ როლზე?
- ვიღაცები დატესტა, რატომღაც მეც გამსინჯა და მერე როლზე დამამტკიცა. მსახიობობა არ მეზარებოდა, ადვილია, მიდი გადასაღებ მოედანზე, შედი კადრში და წადი სახლში. სულ ყველაფერს ათი დღე დასჭირდა.
- იცოდი, რომ სცენარი რეჟისორის ავტობიოგრაფიული პასაჟებისგან შედგება?
- ვიცოდი, რომ თინა ფილმის გადაღებას აპირებდა. როცა სცენარს გავეცანი, მაშინ მითხრა, რომ ეს მისი ისტორიაა. ვფიქრობ, უფრო საინტერესოა, რომ რეალური ამბავია.
- გადაღებამდე იცნობდი შენს პარტნიორს - მარიამ კიტიას?
- არა, მამაკაცის როლის პარალელურად ქალი მსახიობებიც ისინჯებოდნენ. ბოლოს, მარი კიტია და მე დაგვამტკიცეს. მე მისი მომხრე ვიყავი. მარის '' თბილისი-თბილისშიც'' ჰქონდა როლი შესრულებული და მისი მონაცემები მომწონდა.
- შენი აზრით, საქართველოში რაზე დადის მაყურებელი კინოთეატრებში?
- ქართულ ფილმებზე არ დადის, არც საფესტივალო ფილმებზე. დადის უცხოურ ბლოკბასტერებზე, ან ქართულ, ასე ვთქვათ '' გაბრენდილ'', ტელევიზიით ნაცნობი სერიალის მიხედვით გადაღებულ ფილმებზე. ნუ, ის კინო არ არის, რომელიმე ქართული სერიალის ერთ ფილმად '' მონაყოლია''. მე ქართულ სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ და არც მის '' მონაყოლზე'' დავდივარ. საქართველოში კინოთეატრში თუ მოხვდება რომელიმე საფესტივალო ფილმი, ვნახულობ. დავდივარ საავტორო კინოზე, '' ბეტმენები'' და '' სპაიდერმენები'' აღარ მაინტერესებს.
- ბევრი რეჟისორი ჩივის, რომ ქართულ კინოს კინოთეატრებში არ ჰყავს მაყურებელი. შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- მაყურებელი კინოში მიდის სანახაობისთვის და იხდის 10 ლარს. ქართული კინო კი სანახაობრივი არ არის. ის მცირე სეგმენტი, ვისაც ხელოვნება აინტერესებს, ფილმს ესწრება და ამითი გროვდება მცირე ბიუჯეტი. მათი რაოდენობა, ვისაც შემოქმედება აინტერესებს, ძალიან მცირეა, სულ არსებობდა და იარსებებს, მაგრამ დანარჩენი 98% ორიენტირებულია გართობაზე და ფულს ამაში იხდის. მან იცის, რომ ფილმები '' გრძელი, ნათელი დღეები'', '' გაღმა ნაპირი'' ან '' პატარძლები'' საპოპკორნე ფილმები არ არის და ვერ გაერთობა.
- ანუ მაყურებელი მაინც გაურბის ტრაგედიას, მძიმე ემოციებს, ფიქრს, ისევე, როგორც თეატრებში...
- კი, დამიჯერეთ, თეატრშიც გასართობად დადიან, სალაროში პირდაპირ კითხულობენ, სპექტაკლი სასაცილოა თუ არა. სერიოზული შემოქმედება ყოველთვისაა სეგმენტის '' ხვედრი''. როცა გართობის სხვადასხვა საშუალება არ არსებობდა, რა თქმა უნდა, XIX საუკუნეში ყველა დადიოდა თეატრში, დრამატურგია არ იყო ისე განვითარებული, არც სასცენო ხელოვნება, მაგრამ თეატრში სიარული ერთგვარ კარგ ტონად მიიჩნეოდა. შემდეგ თეატრი დარჩა ხელოვნების იმ ნაწილად, რომელზეც მხოლოდ ამ სფეროს მოყვარული დადის. ეს მსოფლიო ტენდენციაა. ვერაფერს შეცვლი, ყოველთვის ასე იქნება. რაც შეეხება კინოს, უბრალოდ, 60-მილიონიან საფრანგეთში 3 ათასი მაყურებელი ჰყავს '' არტ ჰაუსს'', ხოლო საქართველოში - 30 კაცი. აი, ესაა განსხვავება.
- '' პატარძლებს'' მივუბრუნდები. როგორ შეაფასებ შენს ნამუშევარს, გულწრფელად მითხარი?
- გამოცდილების მხრივ კარგია. სამომავლოდ კიდევ შეიძლება, კინოში ვითამაშო. ჩემი გადმოსახედიდან ცუდი არ არის, ეკრანზე რაღაც შეცდომები დავინახე, ამას გავითვალისწინებ და ვნახოთ. ასევეა თავად ფილმი, ცუდი ნამდვილად არ არის, კარგია, მაგრამ სადებიუტო თანმხლები მცირე შეცდომებიც ახლავს თან.
- როგორ ფიქრობ, მაყურებელი ივლის '' პატარძლებზე''?
- არა, არ ივლის. ისევ და ისევ იმ მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრეთ.
- შენ და თინა ყაჯრიშვილი აქტიურად ხართ გადაღებების პროცესში ჩართული.
- ვანო ბურდულის ფილმზე ვმუშაობთ. მე მხატვარი ვარ, თინა, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერია.
- შეიძლება ითქვას, რა ჟანრი და სიუჟეტია?
- ვერ გეტყვით, არ ვიცი (იცინის).
- ანუ მუშაობ ფილმზე და არ იცი რაზე? უბრალოდ, არ გინდა თქმა...
- ჰო, ნუ, ჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორიაა, თბილისზე. ავტორის სურვილია, რომ მაინცდამაინც ბევრი ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ ვისაუბრო.
- სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის შემდეგ რატომ აირჩიე მეორე სპეციალობად სარეჟისორო?
- როგორ გითხრათ, მხატვრობაში, ასე ვთქვათ, საკუთარ აზრებსა და ქვეცნობიერს ჯეროვნად ვერ გამოვხატავდი. დრამატურგია და ლიტერატურა ყოველთვის მიზიდავდა, განსაკუთრებით სათავგადასავლო ჟანრი. მერე დოსტოევსკის სამყარო მიტაცებდა. კინო ამისთვის ავირჩიე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრის რეალიზებას ვახდენ, მაგრამ სცენარები მიწყვია ასე (ხელს, დაახლოებით მხრის გასწვრივ სიმაღლეზე იშვერს, - ავტ.).
- '' ოთხი ელემენტი'' - ასე ერქვა გადაცემას '' მაესტროზე'', რომლის ერთ-ერთი წამყვანი იყავი. რამდენ ხანს იყო ეთერში? დაიხურა?
- მგონი, არ დახურულა, უბრალოდ, სეზონი დამთავრდა და ზაფხულის არდადეგები იყო. ორი თვე გადიოდა ეთერში. სექტემბერში აღდგება თუ არა, არ ვიცი, წესით, ახალი სეზონი უნდა დაიწყოს.
- ტელეწამყვანის ამპლუა როგორ მოირგე?
- ისე რა, ეს ჩემთვის უბრალოდ დროებითი სამუშაო იყო.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''