17 ივნისი, 2013
ანრი ღუდუშაური ყოფილ შეყვარებულებს ერთმანეთს აცნობს

ვწერ ლექსებსაც, ჩანახატებს, სცენარიც მიცდია, მოთხრობაც, ესსეც. მუსიკის შესახებ ბევრს ვწერ, ოღონდ უფრო შეგრძნებების დონეზე. ახლა ''მაგთიფანში'' ათწუთიანი ფილმის გადაღება დაგვავალეს. სცენარს მე ვწერ.

ანრი ღუდუშაური ''მაგთიფანის'' ერთ-ერთი პირველი მონაწილეა. პროექტის პირველივე დღიდან მუსიკალურ სახლში ცხოვრობს და საკმაოდ მრავალფეროვან მუსიკას სთავაზობს მაყურებელს. თინეიჯერ გოგონებს პროექტში მისი გამოჩენა უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენიათ, თუმცა ბევრს ანრის ერთ-ერთი ფრაზა ალბათ გულს დასწყვეტს: ''ჩემთვის პირველი ქალი მუსიკააო'' , - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა და მუსიკაზე გაუთავებლად ალაპარაკდა. ანრის გულშემატკივრები ამ ინტერვიუში
მისი ცხოვრების ბევრ აქამდე უცნობ დეტალს აღმოაჩენენ.
- თბილისში დავიბადე საკეისრო კვეთით (იცინის). 4 წლამდე თმა არ ამომდიოდა თავზე და ძალიან განვიცდიდი. 7 წლის რომ ვიყავი, ჩემი ძმა ფორტეპიანოზე დადიოდა და მშურდა, მეც მინდოდა. 10 წლის შევედი ფორტეპიანოზე, მანამდე სპორტითა და ცეკვით ვიყავი დაკავებული. კუნგ-ფუზე დავდიოდი, ეტყობა, ბრიუს ლი მინდოდა ვყოფილიყავი (იცინის), მაგრამ ვერ გავქაჩე. შვიდი წელი ქართულ ცეკვას ვეუფლებოდი, მერე აღარ მეცეკვებოდა და შევეშვი.
- ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას განიცდიდი?
- არა, გემოვნება მალე მეცვლებოდა. მაგალითად, როცა რამეს ვკითხულობდი, მინდოდა, თვითონ დამეწერა ნაწარმოები. ქართულ ცეკვაში ვერ ვიპოვე გზა, რომ თვითონ მომეფიქრებინა რამე ახალი. მუსიკა იძლევა ამის საშუალებას და ვწერ კიდეც. ვწერ ლექსებსაც, ჩანახატებს, სცენარიც მიცდია, მოთხრობაც, ესსეც. მუსიკის შესახებ ბევრს ვწერ, ოღონდ უფრო შეგრძნებების დონეზე. ახლა ''მაგთიფანში'' ათწუთიანი ფილმის გადაღება დაგვავალეს. სცენარს მე ვწერ.
- ერთ-ერთ ტურზე დედას მიუძღვენი ფრანგული სიმღერა.
- ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩემს სახელთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იყო. მერქვა ილია, პატრიარქის პატივსაცემად. ილია ღუდუშაური ვიყავი. დაბადების მოწმობაში მიწერია პაპაჩემის სახელი ანზორი. დედაჩემმა რატომღაც ანრი დამარქვა, მოსწონდა ეს სახელი. ფრანგული სახელია და ამიტომაც მივუძღვენი დედას ფრანგული სიმღერა...
- მუსიკალურ განათლებაზე რას გვეტყვი?
- ფორტეპიანოზე ვიარე ორი წელი. უბანში ბიჭი მუსიკაზე რომ დადიოდა, ტეხავდა, დამცინოდნენ და მალე შევეშვი. ეს ორი წელი ძალიან გამომადგა. ეს იყო ჩემი მუსიკალური განვითარების საფუძველი. მერე ხალხურ სიმღერაზე დავდიოდი, ანსამბლ ''ერქვანში'' ვმღეროდი. ამ პერიოდში სამმა მეგობარმა, რომლებიც ვუსმენდით ''ლედ ზეპელინს'' , ''ნირვანას'' , ბავშვურად ვთქვით, როკჯგუფი გავაკეთოთო და სრული უინფორმაციობით დავიწყეთ სარდაფში დაკვრა. ერთი გიტარაზე უკრავდა, მეორე - დრამზე, მესამე - ბასზე, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ''ამა'' დავარქვით ჯგუფს, რომელიც, ინდური მითოლოგიის მიხედვით, განუხორციელებელ შეგრძნებებს ნიშნავდა. მალე დავიშალეთ, მაგრამ დღეს ის ბიჭები საკმაოდ წარმატებული მუსიკოსები არიან. ილიას უნივერსიტეტში გვქონდა ერთი ძალიან სასაცილო კონცერტი. მოკლედ, მალე ყველაფერს შევეშვი და კონსერვატორიაში ჩავაბარე, კომპოზიციის განხრით, რაც ყველაზე მეტად მინდა ვისწავლო. მინდა, მუსიკა ვწერო. პირველ კურსზე ვარ. სკოლა რომ დავამთავრე, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე. ის ოთხი წელი ფუჭად დავკარგე, დიპლომიც არ ამიღია.
- ''მაგთიფანის'' წყალობით ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა შეიძინე. უკვე დაკავებულია შენი გული?
- ბევრი თაყვანისმცემელი გამიჩნდა თუ არა, არ ვიცი. ჩემთვის პირველი ქალი მუსიკაა. პირველი და ერთადერთი, რომელსაც ვერ ვუღალატებ. ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს, საათებს, წუთებს, ენერგიას, სურვილებსა და ოცნებებს მუსიკას ვუძღვნი. დანარჩენი რა გითხრათ. მყავს მეგობარი გოგონა, პოლონელია, იქ ცხოვრობს. მეც ჩავდივარ ხოლმე და ისიც ჩამოდის ჩემთან. ვერ ვიტყვი, რომ სერიოზულად არის საქმე. უფრო თეორიულ სახეს იღებს ჩვენი ურთიერთობა. 12 იანვრის მერე არ მინახავს.
- თუ გაქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარი?
- მგონი არ შემხვედრია ჯერ ადამიანი, ვის პირველ ნახევრადაც ვიგრძნობდი თავს. ზოგადად ჯიშიანი, ჯანიანი ქალები მომწონს. წონასა და კუნთებს არ ვგულისხმობ. ძლიერ, ჭკვიან ქალებზე მაქვს საუბარი, რომლებიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ. ვინც კი მყოლია, დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. შევკრებილვართ კიდეც ერთად მე და ჩემი ყოფილი შეყვარებულები. ერთმანეთშიც მეგობრობენ.
- რა გენატრება ყველაზე მეტად?
- წიგნი. სახლში თაროდან რამდენიმე წიგნს ვიღებ და ერთად ვკითხულობ. ჩემი წიგნების სუნი მენატრება ყველაზე მეტად. კიდევ ''ვიკიპედია'' და ''გუგლი'' მენატრება. კომპოზიტორების ბიოგრაფიას, მათზე ათასგვარ ინფორმაციას ვეძებ ხოლმე ინტერნეტში და ეს პროცესი ძალიან მიყვარს.
- ფინალისკენ მიდის თქვენი პროექტი, შენი პროგნოზები როგორია, ვინ გაიმარჯვებს?
- მინდა, თორნიკე ყიფიანმა გაიმარჯვოს. ბენდისთვის ბევრ კარგ რამეს გააკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები ან მე ვერ ვწერთ სიმღერებს, უბრალოდ, მე ვიცი, რომ სტაბილური არ ვიქნები. ამ პროექტმა სხვა იდეები მომცა, აქ მივხვდი, რა უნდა ვაკეთო გარეთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლია ღუდუშაური
დიდი მადლობა ჟურნალ ;რეიტინგს' .
23:37 / 21-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
წარმატებას გისურვებ საყვარელო
00:14 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS