- ფოტოგრაფიას პირველად მომავალი მეუღლის გაცნობის შემდეგ შევეხე.

- მოყვარულის დონეზე მაინც არ იღებდი სურათებს?
- თავიდან ძალიან მომწონდა, ირაკლი რომ მიღებდა ფოტოებს, მერე ნელ-ნელა დავიწყე გარკვევა. მისი სახით ოჯახში დიდი კრიტიკოსი მყავდა და მაინც მეშინოდა. ერთ დღეს ირაკლი გადაღებაზე მიდიოდა და ამ დროს მეორე გადაღებაც გამოჩნდა. ვინც გადაღებაზე წავიდოდა, აუცილებლად ირაკლისგან ხელდასხმული და მისთვის სანდო ადამიანი უნდა ყოფილიყო. გადაღებაზე მე გამიშვა, საქველმოქმედო ღონისძიება გახლდათ და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ძალიან კარგად გამომივიდა. ოღონდ წლების შემდეგ მითხრა, რომ მოეწონა (იღიმის).

- ნათია, ამ წლების განმავლობაში შენს საყვარელ ჟანრად რომელი იქცა?
- პაპარაცული კადრები, რადგან როგორც ამბობენ, ამ კუთხით ძალიან სწრაფი რეაქცია მაქვს და ამ მხრივ მუშაობის გამოცდილებაც. ჩემს არქივში ბევრი ისეთი ფოტოა, რომელსაც დღის სინათლე არ უნახავს. იმ პერიოდში ასე ჩავთვალე საჭიროდ, რადგან შესაძლოა, ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანისთვის ჩრდილი მიეყენებინა.

- ოჯახი საქართველოს ფარგლებში ხშირად მოგზაურობთ, ასეთ დროსაც იღებთ ფოტოებს?
- თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს. ''გოუპრო'' - ასე ჰქვია ახალ აპარატს, რომელსაც სპეციალური სამაგრი ჯოხი მოჰყვება. 21-ე საუკუნემ დაგვდო პატივი, რომ ფოტოგრაფი კადრს მიღმა აღარ დარჩეს. ფოტოაპარატი სპეციალურ ჯოხზე მაგრდება, რომელსაც გასწევ, დააყენებ და ისე გადაიღებ სურათს, რომ კადრში შენც ჩანდე. ახლა ვმუშაობთ სპეციალურ პროექტზე, რომელიც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს მოიცავს. შეიძლება, დღეში ათი ტაძარიც გადავიღოთ. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენს თავსაც ვუქმნით კომფორტს და კადრში ვჩნდებით.

- ნათია, ბევრ ცნობილ ადამიანთან გიწევდა მუშაობა და განსაკუთრებულად რომელ შემთხვევას გაიხსენებდი?
- ერთხელ საზღვარგარეთ ყოფილ პირველ ლედის - სანდრა რულოვსს ვახლდი, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის დათვალიერების დროს ფეხზე ბახილებს იცვამდა. სწორედ ამ დროს გამომადგა ჩემი პაპარაცული თვალი, რაც იქვე მდგარმა დაცვამაც ვერ შეამჩნია. მხოლოდ მე შევამჩნიე იქაური ფოტოკორესპონდენტი, რომელიც ჩაიცუცქა და განიზრახა, ამ მდგომარეობაში გადაეღო სანდრა. ამ დროს რაც მოვახერხე, ის იყო, რომ ფოტოგრაფს წინ ჩემი ჩექმიანი ფეხი დავუდე და კადრი გავუფუჭე (იცინის).

- მახსოვს, შენი გახმაურებული პროექტი, ''წელიწადის ოთხი დრო'', როდესაც პატიმარი ქალბატონები გადაიღე.
- გამოფენის შემდეგ ამ ადამიანების ახლობლები გამომეხმაურნენ და მათი სურათები მთხოვეს. რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობდა ფოტოები იმ ბავშვებისა, რომლებიც ციხეში დედებთან სამ წლამდე იზრდებიან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დედებს შვილების ბავშვობა შემოვუნახე და მათ ფოტოები შევუგზავნე. გავა წლები და ეს ბავშვები სურათებზე ნახავენ, როგორები იყვნენ პატარაობისას.

- როგორც ვიცი, შენი საოცნებო პროექტიც ციხეს უკავშირდება.
- საერთოდ, ქალების თემაზე მომწონს მუშაობა. მინდოდა, პროექტი ''წელიწადის ოთხი დრო'' მსოფლიოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების სისტემაში გამეგრძელებინა და პარალელები გამევლო, როგორ ცხოვრობენ ქალები სხვაგან. ვთხოვე სასჯელაღსრულების უწყებას, რომ იქნებ, მოეძიებინათ კონტაქტები და მათ დათანხმებაში დამხმარებოდნენ, სამწუხაროდ, პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''