10 სექტემბერი, 2014
მორიგი ''პიკანტური'' ფესტივალი ''კაზანტიპის'' შემქმნელებისგან?
ყველამ კარგად იცით სამღვდელოების ნაწილის დამოკიდებულება ''კაზანტიპის'' მიმართ ანაკლიაში ''კაზანტიპი'' დასრულდა. ორგანიზატორები წაგებას ითვლიან. ''კაზანტიპის'' პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი საქართველოდან უკვე გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე დაწერა. ''ანაკლია - კონტრასტების სოფელი. ხედავს ღმერთი, ჩვენ გაძლევდით შანსს. ზოგი სატანის მოციქულად მიგვიჩნევდა, ზოგი - მშვიდობის მტრედად და ზოგიც უცხოპლანეტელად. ჩვენ გტოვებთ სიწყნარეში, იმისთვის, რომ იფიქროთ. რა იყო ეს? შესაძლებელია, ეს კიდევ მოხდეს?
ჩვენ ბევრი რამ გვსმენია ქართულ სტუმარმასპინძლობაზე, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ეს ასე ძვირი
ჯდებოდა''.

როგორც საქართველოში ''კაზანტიპის'' პრესატაშე ნინო სტურუამ გვითხრა, ნიკიტა ზამთარშიც გეგმავს მუსიკალური ფესტივალის გამართვას, თუმცა ეს არ იქნება ''კაზანტიპი''. ნინო სტურუას ''კაზანტიპთან'' დაკავშირებით ვესაუბრეთ.

- ნინო, როგორ შეაფასებდით ''კაზანტიპს''?
- პირადად ჩემს ემოციას გეტყვით. რამდენიმე დღეა, რაც ფესტივალი დასრულდა და ისეთი მოწყენილი ვარ, ვფიქრობ, როგორ შევძლებ ცხოვრებას იმ საგიჟეთის გარეშე. მე თუ მკითხავთ, ეს იყო ყველაზე მაგარი და რევოლუციური პროექტი, რაც საქართველოში განხორციელებულა. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად კიდევ უნდა ჩატარდეს და ''კაზანტიპმა'' ანაკლიაში უნდა დაიდოს ბინა. ჩვენი ერთადერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ რა რაოდენობის ხალხსაც ველოდით, იმდენი არ ჩამოვიდა. გარდა ამისა, ყველაფერი იყო ძალიან კარგი. თბილისიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, რომლებიც მსოფლიოში ბევრ ფესტივალზე არიან ნამყოფი და ისინიც ამბობდნენ, რომ მსგავსი ხარისხის ხმა და განათება არსად უნახავთ. ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ასე იყო. ნიკიტა მარშუნოკს აქვს უდიდესი სურვილი, ''კაზანტიპი'' ანაკლიაში ჩატარდეს და ეს ტერიტორია რამდენიმე წლით იჯარით გადაეცეს. ''კაზანტიპს'' შეუძლია, დროსა და სივრცეში გადაადგილდეს, მაგრამ სურთ, ბინა ჩვენთან დაიდონ, თუმცა პირველ ეტაპზე რაღაცები უნდა დალაგდეს.
- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ორგანიზატორებმა ყველაფერი კარგად ვერ გათვალეს, რადგან ანაკლიაში დამსვენებლების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა გაძნელდებოდა, თუნდაც ტრანსპორტირების გამო.
- ფესტივალის დამსწრეთა რაოდენობის სიმცირე რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას. პირველი პრობლემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია. გარდა ამისა, დარიალის ხეობაში პროექტის დაწყების წინა დღეს ჩამოწვა მეწყერი და ''კაზანტიპი'' რომ დამთავრდა, გზა მაშინ გაიხსნა. ანაკლიისკენ მომავალი რამდენიმე ათასი მანქანა საქართველოში ვერ შემოვიდა. გარდა ამისა, ზუსტად ამ დღეებში რუსეთმა რამდენიმე ჩარტერული რეისი გადადო. 1200-მდე ადამიანი გემით მოდიოდა უკრაინიდან ბათუმში და შემდეგ ანაკლიაში უნდა შემოსულიყო, გემი გაფუჭდა.
- მოკლედ, ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ მოქმედებდა.
- ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით სამღვდელოების ნაწილის დამოკიდებულება ''კაზანტიპის'' მიმართ. მე თავად მორწმუნე ვარ, ჩემთვის მათი პატივისცემის თემა არც კი განიხილება, მაგრამ აქ იყო ეკლესიის მსახურთა ნაწილი, რომლებიც აპროტესტებდნენ იმას, რაც რეალურად არ ჰქონდათ ნანახი. ჯობდა ენახათ და გასაუბრებოდნენ მარშუნოკს, რომელიც მათთან შეხვედრას ითხოვდა, მაგრამ არც ერთი არ შეხვდა, მას არავინ დაელაპარაკა. ნიკიტა მარშუნოკს უნდოდა, მათთვის აეხსნა, რომ ანაკლიაში არანაირი გარყვნილება არ ხდებოდა. პრობლემამ წინ მას შემდეგ წამოიწია, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, წარწერით - ნახეთ, ეს ხდება ანაკლიაშიო. რეალურად გავრცელებული იყო პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები და წერდნენ, რომ ეს მოხდებოდა ანაკლიაში. იმ ფოტოებს საქართველოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ძალიან ბევრი ბიჭი, რომელიც ''კაზანტიპზე'' ჩამოვიდა, ქართველიც და არაქართველიც, განაწყენდა, რომ ფესტივალს ბევრი გოგონა არ ესტუმრა.
- ყირიმში ჩატარებული ''კაზანტიპისგან'' ქართული რით განსხვავდებოდა?
- ბუშტების გაშვების დღეს, გონგის დარტყმის შემდეგ, ბუშტებზე ყველამ საკუთარი სურვილი დაწერა. იყო საღებავების ომი, ცაში ასროლილი ფერები და იყო ნამდვილი ფეიერვერკი.
- სად იყო ნიკიტა მარშუნოკი და რატომ ვერ დაესწრო ''კაზანტიპის'' დახურვას?
- რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.
- ანაკლიის მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ ბიზნესი ჩაუვარდათ, რომლებზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.
- ადგილობრივებს მინდა ვუთხრა, რომ თავიდან დაწესებული ფასები ცოტა რეალობასთან ახლოს რომ ყოფილიყო, უამრავი ადამიანი უკან არ დაბრუნდებოდა. ჩამოსულებს სასტუმროებსა და კვების ობიექტებში არ დახვდათ ის რეალობა, რასაც ელოდნენ. განმუხურში ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლში ერთ სართულზე რამდენიმე ოთახი იყო, ერთი აბაზანით და სასტუმროსთან მიახლოებული ფასები ედო. ნიკიტა მიყვებოდა, თავიდან რომ ჩამოვედი, გადავირიე, ყველაფერი ისე მომეწონა. მაგარი ფასები და კარგი გარემო იყო და მეგონა, რომ გავაკეთებდი ყველაზე მაგარ პროექტს, რაც კი აქამდე გამიკეთებიაო. პირველ დღეებში ჩამოსული სტუმრები მესამე დღეს უკან გაბრუნდნენ. თბილისიდანაც არ ჩამოვიდა ბევრი, რადგან გავრცელდა ხმა, რომ საშინელი ფასები იყო. მერე ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ფასების დაწევა დაგვიანებული აღმოჩნდა.
- შესაძლებელია, ნიკიტამ ამ პრობლემებს თავი გაარიდა და საქართველოში აღარც დაბრუნდეს?
- ნიკიტა სერიოზული ადამიანია. წარმოუდგენელია, ასე მოხდეს. წლების განმავლობაში რომ ასეთი სერიოზული პროექტი გაქვს, მერე ყველაფერს თავს არ აარიდებ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ის საკუთარ თავს არ გაუკეთებს. წარმოუდგენელია, ყველაფერში წარმატებული იყო. რაღაც ეტაპზე შეიძლება, ისე არ გაგიმართლოს, როგორც წლების განმავლობაში. მას ეს თავიდანვე გააზრებული ჰქონდა. სანამ წავიდოდა, შევხვდი. მითხრა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, მე ეს შევძელიო.
- ამბობენ, რომ სახელმწიფო გვერდში არ დაუდგა და ნიკიტა მარშუნოკმა დიდი ფული დახარჯა, რომ გენერატორების წყალობით გაენათებინა ანაკლია.
- არა, რას ამბობთ, ასე არ ყოფილა. ლაზერების მთელი ომი იყო ცაში და ამას გენერატორით ვერ მივაღწევდით. ერთხელ ზუსტად ათი წუთით გამოირთო სინათლე, ჩამრთველი გადატვირთეს და ათ წუთში ჩაირთო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გვედგა გვერდით და დიდი მადლობა მათ, რომ მართლაც შეუძლებელი შეძლეს, ყველა და ყველაფერი ზედმეტი ექსცესისგან აბსოლუტურად დაცული იყო. რეანომობილები ყოველ წუთას მობილიზებული გახლდათ.
- ყირიმის ''კაზანტიპზე'' გადაღებული ბევრად თამამი ფოტოები გვაქვს ნანახი, ვიდრე ანაკლიაში, თუმცა მარშუნოკმა ქართველ ბიჭებს შენიშვნა მისცა, გოგონებს უკანალზე ხელს ნუ ჰკიდებთო.
- ქართველ მამაკაცებში უფრო აზიური სისხლი ჩქეფს, ვიდრე სლავ მამაკაცებში და მოწოლილი სისხლი უფრო მძაფრად გამოხატეს. ამას მიჩვეულები არ იყვნენ უკრაინელი გოგონები, მაგრამ მსგავსი რამ ყველგან ხდება. ყველაფერი დამოკიდებულია ბიჭსა და გოგოზე, თუ გინდა გააკეთებ, თუ არ გინდა - არა. მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, ''კაზანტიპზე'' იყო, რომ რამე უსაქციელობა ჩაიდინო. მაგალითისთვის, უმსგავსო საქციელი ადამიანმა შეიძლება თვითმფრინავში ჩაიდინოს. დაახლოებით იგივე სიტუაციაა საქართველოს ყველა საზღვაო ქალაქში. ღამე ბათუმში ვერ გაივლი, ისეთი რამეები ხდება და რატომ გახდა ''კაზანტიპი'' პრობლემა, ვერ ვხვდები. ბევრი ვიფიქრე, ვის სჭირდებოდა ამის გაკეთება და ვერ მივხვდი. თავიდან რაც იყო გამოცხადებული, მსგავსი არაფერი მომხდარა და პოსტფაქტუმ ყველა დარწმუნდა ამაში. კი, იყო ბევრი ლამაზი უკრაინელი გოგონა. ალბათ, ქართველი ბიჭებისთვის მათი მხოლოდ ცქერა ცოტა რთული გახლდათ, მაგრამ ვაჟკაცურად გაუძლეს.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
v
მარაზმია ეს თქვენი კაზანტიპი ყირიმშიც და აქაც. მუსიკა ყოველთვის შირმად ჰქონდათ, რეალურად გარყვნილი გარემოს და ნარკოტიკების გამო ჩადიოდა ხალხი იქ ყოველთვის. ეს გოგოც და ანაკლიელებიც მორწმუნეები არიან იქამდე, სანამ რწმენის გამო რაღაც შემოსავლის ნაწილზე უარის თქმის საჭიროება დადგება! ეს ანაკლიელები კი იმათი შთამომავლები არიან, თავიანთ შვილებს რომ თურქებზე ყიდდნენ. სწორედ ანაკლია იყო მატი თავშეყრის ადგილი. "ანა" მეგრულად დედას ნიშნავს, "რკიან"-ი კი კივილს. ეს, ის წყეული ადგილი გახლდათ სადაც მონებად გაყიდული ქართველების დიდი ბაზარი იმართებოდა.
15:31 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS