- ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სამი წელი სანქტ-პეტერბურგში კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ ერთი წელი „ალმა მატერში“ და დიპლომიც ავიღე. სანქტ-პეტერბურგში მშობლები ცხოვრობდნენ და მეც წამიყვანეს. რადგან უცხოელი ვიყავი, ფასიან ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩავირიცხე, მაგრამ შემდეგ უნდა გესწავლა. ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები რადიო „მწვანე ტალღას“ უკავშირდება. თავიდან სტაჟიორად მივედი, შემდეგ შტატში ჩამსვეს. ჯერ საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა და პარალელურად კორესპონდენტი ვიყავი, მოგვიანებით რუსულ ენაზე გარემოს დაცვის თემაზე გადაცემაც მიმყავდა. ორი წლის შემდეგ რადიო „უცნობში“ გადავედი, სადაც ასევე კორესპონდენტად და წამყვანად ვმუშაობდი. ისე დაემთხვა, რომ აქამდე ყველა სამსახურში ორი წელი ვიმუშავე. ორი წლის შემდეგ რადიოდან უკვე ტელევიზიაში გავაგრძელე მუშაობა. მაშინ ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება, ლანგარზე არ ეწყო ტელევიზიები. „კავკასია“ ავირჩიე. ეს იყო ტელევიზია, სადაც, ვფიქრობდი, თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჯერ კორესპონდენტად ვმუშაობდი, ბავშვის შეძენის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა „ცხელი ხაზის“ პროდიუსერობა შემომთავაზა, შემდეგ წამყვანობა.
- გახსოვს, პირველად ტელევიზიიდან გადაღებაზე როდის წახვედი?
- 4 ან 5 იანვარს. ნინო ჯანგირაშვილმა, როგორც ხანდახან ცურვის მასწავლებლები იქცევიან, ხელი მკრა და გადაღებაზე გამიშვა. სიუჟეტი ქართულ ეკონომიკაზე მოვამზადე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ყველაზე კარგად მესმის, შევეცადე, ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამეკეთებინა სიუჟეტი. ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ოპერატორი, რომელიც ძალიან მამხნევებდა.
- ყველაზე მეტად რომელი თანამდებობის პირის ჩაწერის დროს ინერვიულე?
- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, კონკრეტულ მომენტში მაღალი თანამდებობა უკავიათ. უფრო სოციალური თემის გადაღების დროს ვნერვიულობდი. უამრავ ისეთ ოჯახში ვყოფილვარ, სადაც თვეების ბავშვზე დედა მეუბნებოდა, რომ გაჭირვების გამო ეკონომიურად კვებავდა.
- პრეზიდენტისგან თუ აგიღია კომენტარი?
- რამდენიმეჯერ ვიყავი გადაღებაზე აეროპორტში, სადღაც მიფრინავდა, მაგრამ ერთხელ მქონდა პირადი კონტაქტი. მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიყავი და უბრალოდ ვისვენებდი. მოულოდნელად პრეზიდენტი რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მოვიდა. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა, ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვის ინტერვიუ ჩამეწერა. მანამდე მის პრესსამსახურს ვეკონტაქტებოდი ამ თემაზე, მაგრამ რადგან პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, მივსულიყავი და პირადად მეთხოვა. ურთიერთობაში უშუალოა და ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, მარტივად დამთანხმებოდა. მივედი, ავუხსენი საიდან ვიყავი და ინტერვიუ ვთხოვე. ძალიან გულთბილად გადამამისამართა პრესსამსახურთან (იღიმება). შეიძლება, ჩემი მხრიდანაც სწორი არ იყო, რომ ადამიანს დასვენების დროს მივადექი, მაგრამ ბოდიში მოვუხადე და ჩავთვალე, რომ ამ შანსის გამოყენება ღირდა.
- შედგა ეს ინტერვიუ?
- სამწუხაროდ, არა, ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი გავუგზავნეთ და უარი თქვა. მიზეზი არ აუხსნიათ. როდესაც რადიოში ვმუშაობდი, ყოველთვის მივიჩნევდი, რომ პრესისა და რადიოს ჟურნალისტები დაჩაგრულები ვიყავით, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს იწვევდნენ. „კავკასიაში“ რომ გადავედი, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტსაც არ სწყალობენ (იღიმება).
- გადაცემა „ცხელ ხაზზე“ ვისაუბროთ, მახსოვს, ერთხელ შენ და ალეკო კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდით.
- ალეკოს გულახდილობა მაყურებელს ძალიან მოსწონს. ხუმრობით სახალხო ჟურნალისტს ვეძახდით. ბაჩო ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯერ კიდევ აქტუალური თემა იყო მისი მორიგი ბრალდება, რომ ვაშლის თლის პროცესში ერთ-ერთ თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზე ახალაიას თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბაჩო ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და სწორედ ამ თემაზე დაგვირეკა ეთერში მაყურებელმა. ქალბატონმა გვითხრა, რას ჰქვია, ბაჩო ვაშლს არ ჭამდა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ კოლმეურნეობის მოედანზე მოსეირნე ახალაია ყველას თვალწინ საჯაროდ ვაშლს ჭამდაო. მე და ალეკოს გაგვეღიმა, მაგრამ შევეცადეთ, ეთერში თავი შეგვეკავებინა. ქალბატონი რომ დაგვემშვიდობა, ალეკო სკამზე შესწორდა და ამ დროს სავარძელი ჩავარდა - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ - ალეკოს მხოლოდ ნახევარი სახე უჩანდა ლეპტოპის მიღმა. აქ უკვე გაგვიჭირდა თავის შეკავება და მორიგი ინფორმაციის წაკითხვის დროს სერიოზულობას ვეღარ ვინარჩუნებდი (იცინის).

- განსაკუთრებულად რომელი სტუმარი გახსენდება?
- განსაკუთრებულად ერთი ეთერი მახსენდება. „კავკასიაში“ მუშაობის დროს აქტიური წინასაარჩევნო კამპანია იყო და გადაცემის პირველ ბლოკში სტუმრად ჩიორა თაქთაქიშვილი დავპატიჟეთ. მეორე ბლოკში - თინა ხიდაშელი. ჩვენი სურვილი იყო, რომ მათი დებატები შემდგარიყო, მაგრამ უარი გვითხრეს. როდესაც პირველი ბლოკი დამთავრდა და ჩიორა თაქთაქიშვილი წასასვლელად მოემზადა, ამ დროს თინა ხიდაშელი შემოვიდა, მეორე ბლოკში უნდა ესაუბრა. ერთმანეთს შეხვდნენ და თავიდან ეთერს გარეთ დაიწყეს დებატები, რის შემდეგაც ხიდაშელმა შესთავაზა, ღია ეთერში ესაუბრათ. არც თაქთაქიშვილმა დაიხია უკან და საბოლოოდ მეორე ბლოკში მძაფრი დებატები გაიმართა. მთელი გადაცემის განმავლობაში მესიჯები მომდიოდა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ჩიორას მოწვევას ვუთანხმებდი, ჩვენ დებატებზე შეთანხმებულები არ ვიყავითო.
- „კავკასიაშიც“ ორი წელი მუშაობდი, „იმედზე“ გადმოსვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღე?
- გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანს ცვლილებების მოთხოვნილება გიჩნდება. „კავკასია“ დღემდე რჩება ჩემს ცხოვრებაში ისეთ ადგილად, სადაც მისვლა მიხარია. მას შემდეგ, რაც „იმედი“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, გადავწყვიტე, აქ გადმოვსულიყავი.
- ახალ პარლამენტში თუ გიმუშავია?
- ერთი კვირა ვიყავი, მარტში, მაგრამ ძალიან მსუბუქი კვირა იყო. კარგი ამინდები დაემთხვა და ძალიან შეგვაწუხა დახუთულობამ. დარბაზში, სადაც ვისვენებთ და მასალას თბილისში ვგზავნით, მზიანი დღისას შეუძლებელია თვალის გახელა. ამ დროს გარშემო ყველაფერი თეთრია და ცოტა არაადეკვატურად გამოიყურები, მაგრამ მზის სათვალით უნდა იარო.
- შეგიძლია, ყველაზე მძიმე ჩართვა გაიხსენო?
- ყველაზე მძიმე ჩართვა რადიოში მქონდა. 2007 წლის 7 ნოემბერს რადიო „უცნობიდან“ პარლამენტთან ვიყავი ჩართვაზე. ნაცემი ლევან და გია გაჩეჩილაძეები ფეხებთან დამიწყვეს. შემდეგ დაიწყო სპეცდანიშნულების რაზმმა შემოსვლა. იმ მანქანების ხმის შემდეგ შიში დამრჩა. სასწრაფოს სირენებს ვამსგავსებ და როდესაც მესმის, შფოთვა მეწყება. ხალხის დიდი მასა გაურკვეველი მიმართულებით დარბოდა. მსგავსი რამ კიდევ რამდენიმეჯერ ვნახე ამ წლების განმავლობაში. როგორ ურტყამდნენ უიარაღო მომიტინგეებს. მაშინ სულ სხვანაირად დავინახე ადამიანი, თურმე რისი გაკეთება შეუძლია, მაგრამ ვერ მივხვდი, რისი გულისთვის.
2011 წლის 26 მაისს ფეხმძიმედ ვიყავი და „კავკასიიდან“ გადაღებაზე არ გამიშვეს, მაგრამ ტელევიზორის წინ ვიჯექი და ძალიან ვნერვიულობდი, რადგან იქ ჩემი მეუღლე იმყოფებოდა. მე მოვლენებისთვის თვალყურის დევნება მხოლოდ ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით შემეძლო, თუმცა მოვლენების ეპიცენტრიდან მასალის მიწოდება ტელევიზიისთვის პრობლემური იყო და ეს მაინც არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია. თან დარბევაში მოყვა ჩემი მეუღლე, თუმცა სახლში უვნებლად დაბრუნდა. მხოლოდ გაზით მოიწამლა მსუბუქად და ერთი რეზინის ტყვიაც მოიტანა.
ჩემთვის ძალიან მძიმე იყო 2011 წლის ზაფხული, როცა ფოტორეპორტიორები დააკავეს. გიორგი აბდალაძე ჩვენი ოჯახის მეგობარია და ეს ამბავი ჩვენთვის შოკის მომგვრელი იყო. 5 თვის ფეხმძიმეს არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია. შეიძლება ითქვას, აქციაზე მთელი ოჯახით დავდიოდით - მე, დიტო და ნია...

- მეუღლეც ჟურნალისტიკაში იყო. ერთმანეთი მასალის მომზადების დროს ხომ არ გაიცანით?
- დიტო „ალიას“ რედაქტორი იყო, საერთო სამეგობრო წრე გვყავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. განსაკუთრებული ისტორია არ გვქონია, ბანალურად მოგვეწონა ერთმანეთი, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველდღე ვხვდებოდით. ბოლოს დავქორწინდით (იღიმება). შეხვედრების დროს არასოდეს გვავიწყდებოდა პროფესია და დღის და კვირის თემებზეც ვსაუბრობდით. ადრე რჩევებს ვაძლევდით ხოლმე ერთმანეთს. ახლა ის აღარ არის ჟურნალისტიკაში და პროცესი ცალმხრივი გახდა - ხშირად ვსვამ ტელევიზორთან და ვეუბნები, ჩემს სიუჟეტებს უყუროს და მითხრას, რა აკლია. ჩემთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი შემფასებელი სამსახურში ხელმძღვანელია.
- ბავშვზე მოგვიყევი.
- ნია ტიკარაძე წლინახევრის არის. ხშირად ითხოვს ტელევიზორის ჩართვას. ჰგონია, რომ ტელევიზორში სულ მე ვიქნები. 8 თვიდან გამართულად დაიწყო ლაპარაკი. აშკარად ეტყობა, რომ ჟურნალისტების შვილია. ბევრს ლაპარაკობს და უფრო ბევრ შეკითხვას სვამს. მგონი, უკვე ისიც გააცნობიერა, რომ მშობლების სამსახურში წასვლა აუცილებელია. ზოგჯერ ჩემს ჩანთას იღებს, მხარზე იკიდებს და ამბობს, რომ სამსახურში მიდის.
- ყველა ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაზე ოცნებობს, „კავკასიაზე“ წამყვანი იყავი, თუმცა ახლა ისევ რეპორტიორობას დაუბრუნდი.
- ეს ჩემი საყვარელი საქმეა. გადაცემაზე რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ ძალიან მომენატრა გადაღებებზე სიარული და ახლა მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. რაღაც ეტაპზე ალბათ ისევ მომინდება ეთერში დაჯდომა.
ნინო გიგიშვილი




















