- პროექტი ''ზაფხულის კინოსკოლა'' ძალიან წარმატებული აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ისე სხვა ჩემი თანატოლებისთვის. ჩვენი ფილმები სხვადასხვა ფესტივალზე აჩვენეს. კონკრეტულად ჩემი ფილმი, ''სექტემბერი'', მონრეალის კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა. ამის მერე ეს ფილმი შეირჩა საქართველოდან სტუდენტურ ''ოსკარზე'' წარსადგენად. 2011 წელს გადავწყვიტე, სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა. მანამდე თბილისში დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი, დათო ჯანელიძის სახელოსნო. იმავე წელს ნიუ-იორკში შევიტანე საბუთები სამ სხვადასხვა უნივერსიტეტში: UCLA, Columbia da Tish School of arts, NYU. ამ უკანასკნელში დაახლოებით 1500 კაცი აბარებდა, რომელთაგან 36 ადამიანი აიყვანეს და მათ შორის მეც აღმოვჩნდი. იქ სამი წელი ვსწავლობდი და რამდენიმე ფილმი გადავიღე.
- რა ნიშნით მოხდა შერჩევა?
- ნაშრომები გავგზავნეთ. რადგან სამაგისტრო პროგრამაა, არ იყო აუცილებელი ბაკალავრი კინოში ან ხელოვნების სხვა დარგში გქონოდა გავლილი. შემდეგში ჩემი კლასელები იყვნენ ფინანსისტებიც, ლიტერატორებიც, ერთი კოსმონავტი გოგონაც კი სწავლობდა. ნაშრომების დათვალიერების შემდეგ გამოგვიგზავნეს დავალება, რომელიც ითვალისწინებდა სამი ტიპის სცენარის დაწერას. დავწერე და გავგზავნე, რომლის გაცნობის შემდეგ 1500 კაცის ნაშრომს შორის 1000 შეირჩა, შემდეგ 500-მდე დაიყვანეს და ამ რაოდენობიდან 36 გასაუბრების შედეგად დაგვტოვეს. NYU-ში სწავლის პერიოდში გადავიღე ერთი დოკუმენტური ფილმი ''ამერიკა ოთახიდან'' და სამი მხატვრული ფილმი. ერთ-ერთი - ''გამოფენა'' - ნაჩვენები იყო ქიმელის ხელოვნების ცენტრში, ხოლო მეორე ფილმი - ''ოჯახი'' - შეფასდა, როგორც საუკეთესო კინონაწარმი. ამის შემდეგ რამდენიმე რეკლამის გადაღებაზე ვიმუშავე, მათ შორის იყო არმანის, ჰუვერსის და სხვა ცნობილი ფირმების რეკლამები.
- ჯორჯო არმანის საიმიჯო კლიპის გადაღება როგორ მოხდა?
- NYU კომპანია არმანი ყოველწლიურად ატარებს რეკლამის კონკურსს. მისი სათვალის სარეკლამო კლიპის შესაქმნელად NYU-ს ყველა კურსდამთავრებული იღებდა მონაწილეობას. ჩემმა სცენარმა და იდეამ გაიმარჯვა. თავდაპირველად არმანის მხრიდან იყო პრობლემები იმის გამო, რეჟისორი ძალიან ახალგაზრდააო, მაგრამ სცენარი არ დავთმე და იძულებული გახდნენ, კლიპი მე გადამეღო. საბოლოო ჯამში ნამუშევარი ნორმალური გამოვიდა.
- ორიოდე სიტყვით სცენარიც გაგვაცანი...
- არმანის მხრიდან იყო მოწოდებული ერთგვარი მარკეტინგული ხედვა, დაახლოებით რა სურდათ ასახულიყო რეკლამაში და ამის მიხედვით აიგო სცენარი. რეკლამა უნდა ყოფილიყო დახვეწილი, ელეგანტური და მთავარი სათქმელი ის გახლდათ, რომ არმანის სათვალის მეშვეობით უნიკალურად ხედავ. რეკლამის იდეაში იდო შემდეგი რამ, როცა კითხულობ ვთქვათ, ''ანა კარენინას'', ''ხმაურსა და მძვინვარებას'' ან სხვა კლასიკურ ნაწარმოებს, ის იმდენად სრულყოფილია, ფიქრობ, რომ არ არის საჭირო სხვა ახალი ნაწარმოების წერა, ერთადერთი, რაც შეგიძლია ხალხს დაანახვო, შენი ინდივიდუალური თვალთახედვაა. ცოტა მიჭირს რეკლამის სათქმელი გადმოვცე, ეს ტექსტი ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე ქართულად (იღიმის).
- საქართველოში როდის დაბრუნდი?
- ახლახან დავბრუნდი. მცირე ხნის წინ ერთად შევიკრიბეთ შემოქმედებითი ჯგუფი და დავაარსეთ სტუდია film asulum. ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები ვართ, ერთად გა-ვაკეთეთ სადიპლომო ნამუშევრებიც და ბევრ სხვადასხვა პროექტზე მოგვიხდა ერთად მუშაობა.
- ჩამოვთვალოთ ეს ადამიანები და ისიც გვითხარი, რა გეგმები გაქვთ...
- ესენი არიან: გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი, თაზო ნარიმანიძე, ნიკა გუგუშვილი, გივი თუხარელი, გური გოლიაძე და ნოდარ ნოზაძე. დღესდღეობით ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ვიდეონაწარმოებზე, რეკლამებზე, ვიდეოკლიპებზე, დოკუმენტური და მხატვრული ფილმის წარმოებაზე. ახლახან გიორგი ქობალიას სცენარის მიხედვით გუკა გოლიაძემ გადაიღო მოკლე პრომო ''პიტაჩოკი''. ბათუმში ექვსი მეთევზე პატარა გემზე იმყოფება. გემი, რბილად რომ ვთქვათ, შელახულია და ყოველი მათი გასვლა ზღვაში საკმაოდ სახიფათოა. შეიძლება ხმელეთზე ცოცხლები ვეღარ დაბრუნდნენ, მაგრამ იმხელა შვებასა და განტვირთვას პოულობენ ზღვაში, რომ არ ეშინიათ. ეს ერთ-ერთი პროექტია, რაზეც ახლა ვმუშაობთ. ხოლო მეორის რეჟისორი მე ვიქნები, ეს სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმია. სარაევოდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი, ჩასული ვიყავი, რომ იქ კო-პროდიუსერი გვეპოვა. მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით შესაძლებელია რამდენიმე პიროვნებასთან ერთად განვახორციელოთ ეს პროექტი. სამწუხაროდ, საქართველოში დაფინანსების მოპოვება რთულია. კერძო ინვესტორისთვის უინტერესოა ფილმში თანხის ჩადება, თუ რამე კომერციულ კომედიას ან ოჯახურ დრამას არ აკეთებ. ერთადერთი საშუალება ეროვნული კინოცენტრია. ჩვენ გვაქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტები, რომლებსაც გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი და თაზო ნარიმანიძე გადაიღებენ. ამ პროექტების შეტანას კინოცენტრში სექტემბერში ვგეგმავთ და იმედია, ერთ-ერთი მაინც მოიპოვებს დაფინანსებას.
ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''