რატომ იყო დავით კაკაბაძე სიცოცხლის ბოლო წლებში
- მამათქვენს, დავით კაკაბაძეს, ფოტო სად აქვს გადაღებული?
- სურათი ძალიან ძველია. 1923 წელს პარიზში ყოფნისას გადაიღო.

- დედათქვენი, ეთერ ანდრონიკაშვილი, თავადური გვარის წარმომადგენელია. კაკაბაძეებიც თავადები არიან?
- კაკაბაძეები გლეხები არიან. მამაჩემი, დავით კაკაბაძე, ხშირად ამბობდა, თავისუფალი გლეხები ვიყავითო და ამით ძალიან კმაყოფილი იყო. ჩვენი წინაპრები ყმები არ ყოფილან. ქუთაისთან ახლოს არის პატარა სოფელი კუხი, წარმოშობით ამ სოფლიდან ვართ. მომდევნო ფოტოზე მამა ოჯახის წევრებთან ერთადაა.
- მშობლებმა ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
- 1939 წელს ბორჯომში ისვენებდა ორივე. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და მალევე დაოჯახდნენ. ფოტო ახალდაქორწინებულებს აქვთ გადაღებული. დედა გრაფიკოსია. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. წლების განმავლობაში ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. ახლა 93 წლისაა.

- რომელ წელს დაიბადეთ?
- 1941 წელს. უმცროსი და მყავს, რომელსაც მამამ ლარი დაარქვა.
- და-ძმას უცნაური სახელები გაქვთ, ამირი და ლარი.
- ლარი ჩონგურის სიმს ნიშნავს. ჩემი და ლარივით სწორი იყო, რომ დაიბადა და იმიტომ დაარქვა მამამ ლარი. სახელ ამირს კი არაბული ფესვები აქვს. ქალაქის და ქვეყნის მთავარს ნიშნავს.
- კმაყოფილი ხართ მამის არჩეული სახელით?
- პატარა რომ ვიყავი, ამირანს მეძახდნენ, მაგრამ მე ამირი უფრო მომწონს. მეუბნებიან, ეს სახელი უფრო გიხდებაო. მეუღლემ მითხრა, ამირანი რომ გრქმეოდა, ცოლად არ გამოგყვებოდიო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მამის არჩევანით, რასაკვირველია, კმაყოფილი ვარ. თან ისეთი ფუძე აქვს ამ სახელს... სახელიც არაა, წოდებაა.
- მეორე სამამულო ომის დაწყების წელს დაბადებულხართ.
- სექტემბერში დავიბადე. ომი რამდენიმე თვის დაწყებული იყო. ჯვარი რომ დაიწერეს ჩემმა მშობლებმა, ლენინგრადში წავიდნენ სამოგზაუროდ. ომი დაიწყო და წვალებით გამოაღწიეს ქალაქიდან, კინაღამ ლენინგრადის ბლოკადაში მოყვნენ.

- თქვენ თბილისში დაიბადეთ?
- დედაჩემის მამის სახლში ვარ დაბადებული, სადაც დღემდე ვცხოვრობ. ბაბუა ექიმი იყო. ბევრ ექიმს იცნობდა და გადაწყვიტეს, სახლში დავბადებულიყავი.
- ალბათ რთული ბავშვობა გქონდათ.
- 1948 წელს მამა სამხატვრო აკადემიიდან გაათავისუფლეს. არ აძლევდნენ საშუალებას, სადმე დაეწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, ოჯახს გაგვიჭირდა.
- მომდევნო ფოტოზე მამათქვენის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია.
- 1918 წელს მამამ შექმნა ტოლი „იმერეთი-დედაჩემი“ . მაშინ ბევრს არ მოსწონდა მამას ნამუშევრები.

- ბავშვობიდან ხატავთ?
- რადგან მხატვრის ოჯახიდან ვიყავი, კედლის გაზეთებს მახატვინებდნენ. ჩემთვის სახლში არ ვხატავდი. პირველი გიმნაზია საშინელი სკოლა იყო, მეფის რუსეთს გვახსენებდა. რვა კლასის დამთავრების შემდეგ ვერაზე სამხატვრო ტექნიკუმში შევედი, იქ ექვსი წელი ვსწავლობდი. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე ფერწერაზე. მერე ასპირანტურაც დავამთავრე. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ძალიან დიდხანს ვსწავლობდი.
- მგონია, რომ ყველგან კარგად ისწავლიდით.
- მასწავლებლები ჩემ მიმართ მომთხოვნები იყვნენ. რადგან მხატვრების შვილი ვიყავი, კარგად უნდა მესწავლა. ოთხიანზე თუ მქონდა შესრულებული ნამუშევარი, სამს მიწერდნენ. მეუბნებოდნენ, შენ უფრო მეტი მოგეთხოვება და ბევრი უნდა იმუშაოო. იძულებული ვიყავი, კარგად მესწავლა.
- მამა მკაცრი იყო?
- კარგად არ მახსოვს. ათი წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ჰყავდა. მათთან სტუმრად რომ მიდიოდა, მივყავდი ხოლმე. არასდროს დავუსჯივარ. სულ იღიმებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში აღარ ხატავდა. 1944 წელს დახატა იმერეთის პეიზაჟი. მომდევნო ფოტოზე სწორედ ეს ნამუშევარია.
- რატომ აღარ ხატავდა?
- ცუდად გრძნობდა თავს, იმიტომ რომ კომისიები მოდიოდნენ, რადგან ფორმალისტს, პარიზში მოღვაწეს ეძახდნენ. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა. სამსახურიდან რომ გაათავისუფლეს, ნერვიულობისგან ფეხის ტკივილი დაეწყო. ჯოხით დადიოდა. დღე და ღამე ეძებდა თბილისში სამსახურს, მაგრამ ვერ პოულობდა. ოჯახი ჰქონდა სარჩენი და გამომცემლობებში ჩუმად უხდიდნენ ილუსტრაციების დახატვაში ფულს. მახსოვს, ლერმონტოვისა და პუშკინის ილუსტრაციებს ხატავდა. ილია ჭავჭავაძეც ჰყავს დახატული, მაგრამ რატომღაც ყველაზე ხშირად რუს ავტორებს აძლევდნენ დასახატად. ხელისუფლებისგან კი სოც-რეალისტური შეკვეთები ჰქონდა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დახატა. ეს მისი სტილი არ იყო, მაგრამ რას იზამდა, სახელმწიფო შეკვეთა იყო. ყაზბეგის მთის ფონზე მადნეულის დამუშავება აქვს დახატული, ეს ყველაფერი მისთვის უინტერესო იყო, მაგრამ იძულებული იყო, 1944 წლიდან მსგავსი დაკვეთები შეესრულებინა. მის მიერ დახატულ იმერეთის პეიზაჟებსაც აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, არაა რეალისტური. ბურჟუაზიული ხელოვნებააო. ეს ხელოვნება კი ჩვენ არ გვეხება, ჩვენი მტერია და თქვენ არ გაქვთ პედაგოგიური მოღვაწეობის უფლებაო.

- თქვენი დაც ხატავს?
- უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა. მხოლოდ რამდენჯერმე სცადა დაეხატა. მხატვრების ოჯახში რომ იზრდებოდა, ხატვის სურვილი ძალაუნებურად გაუჩნდა.
„პირველად ჩემი ნახატი ელენე ახვლედიანმა შეიძინა“
- აკადემიის დამთავრების შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- საბჭოთა კავშირის დროს მხოლოდ ერთი შემკვეთი - სახელმწიფო გვაფინანსებდა. ჩვენი ნამუშევრები ცისფერ გალერეაში იფინებოდა. თეატრალურ-დეკორატიული ფაკულტეტი დავამთავრე და ამ გზას გავყევი. მარჯანიშვილის თეატრში ბევრი სპექტაკლი მაქვს გაფორმებული.
- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?

- აკადემიაში სწავლის დროს. მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდი და ვსწავლობდი.
- თქვენი ნახატები ალბათ ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს.
- ჩემი პირველი ნახატი ელენე ახვლედიანმა შეიძინა. დედაჩემი და ელენე ახვლედიანი მეგობრები იყვნენ. ელენე ახვლედიანი თავის სახელოსნო-სახლში მხატვრებისა და მხატვრების შვილების გამოფენებს აწყობდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი გამოფენის დროს ჩემი ნახატი შეიძინა და მითხრა, მომავალში გაგახსენდება, რომ პირველი ნახატი მე ვიყიდეო. პატარა პეიზაჟი იყო. მითხრა, შენი ნახატი რომ შევიძინე, ამით არ გათამამდეო. ვფიქრობ, მარტო იმიტომ არ შეუძენია ნახატი, რომ დავითის შვილი ვარ. მოეწონა კიდეც.
„ნატურშიცა“ არასდროს შემყვარებია“
- მგონია, რომ ყველაზე მეტად სალვადორ დალი მოგწონთ, რადგან გარეგნულად მას ჰგავხართ. ულვაშს წლებია ისე ატარებთ, როგორც სალვადორ დალის ჰქონდა.
- საპარიკმახეროში წლების განმავლობაში არ დავდივარ. ერთხელაც ვიფიქრე, ულვაში როგორც გაიზრდება, გაიზარდოს-მეთქი. ხშირად უთქვამთ, იმერელს ჰგავხარო (იცინის). სალვადორ დალი განსაკუთრებულად არ მომწონს.
- ამბობენ, რომ მხატვრებს ბოჰემური ცხოვრება აქვთ.
- ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მხატვრებზე ამბობენ, ბოჰემურ ორომტრიალში ცხოვრობენო. მე ასეთი მხატვრების რიცხვს არ მივეკუთვნებოდი. ჩემი რამდენიმე მეგობრისგან განსხვავებით ქალებთან დაკავშირებით მოკრძალებული ვიყავი. სიმღერა და გიტარაზე დაკვრა არ ვიცოდი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შეგიძლია, მხატვრულად გაუძღვე სუფრას ან ისე იმღერო, რომ თავი დაამახსოვრო ყველას. ასეთი არ ვიყავი.

- „ნატურშიცა“ არასოდეს შეგყვარებიათ?
- ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო მარჯანიშვილის თეატრში რეზო მირცხულავას სპექტაკლი „წმინდანები ჯოჯოხეთში“ . მარტო ამ სპექტაკლის გაფორმებით დიპლომის დაცვა მეუხერხულა და გადავწყვიტე, ნატურაც დამეხატა. ამით ვაჩვენებდი, რა ვისწავლე წლების განმავლობაში აკადემიაში. ქალბატონი სახლში მოდიოდა. სხვათა შორის, მისგან მოდიოდა ფლუიდები. „ნატურშიცები“ შეჩვეულები იყვნენ, მხატვართან სახლში რომ დადიოდნენ, მერე მასთან ერთად პაემანზეც უნდა წასულიყვნენ. ასეთი პრაქტიკა იყო „ნატურშიცებში“ . ეგონა, მერე მეტს გადავუხდიდი. საათი თერთმეტი მანეთი ღირდა. მაგრამ ერთი საათის გასვლის შემდეგ „ნატურშიცასთან“ ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელი და უინტერესო იყო. შესვენების დროს, თუ უნდოდა, ჩაიცვამდა და თუ მოუნდებოდა, წამოწვებოდა. მასთან ინტიმური სიახლოვე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. იმ ქალს თითქმის ერთი თვე ვხატავდი. მერე მიხვდა, რომ არაფერი მოხდებოდა ჩვენ შორის.
- არ მოგეწონათ?
- როგორ არ მომეწონა. მანამდე ხომ ავარჩიე. ჩემთვის საჭირო და საინტერესო ფიგურა უნდა ჰქონოდა, რომ დამეხატა. რომ არ მივეკარე, გაუკვირდა. ალბათ ეგონა, ავადმყოფი ვიყავი. სხვა მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
რატომ ვერ ხატავს მეუღლეს ხშირად...
- მეუღლე როგორ გაიცანით?
- ია კვირიკაძე ამხანაგების წრეში გავიცანი. ია მხოლოდ ერთხელ მყავს დახატული. ძალიან მიჭირს მისი დახატვა. ზოგჯერ სწყინს, ხშირად რომ არ ვხატავ. ვერ ვხვდები, რატომ მჭირს ასე. ალბათ მომავალში უფრო დავხატავ. შემიძლია საკუთარი პორტრეტები დავხატო. შემიძლია, ხუთი ექვსი საათი გაუნძრევლად ვიდგე და სარკეში ჩემს თავს დავაკვირდე.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- კონსერვატორია აქვს დამთავრებული.
- ორი შვილი გყავთ. დავითი და მარიამი.
- პირველი მეუღლისგან მყავს დათო კაკაბაძე. მეორე ქორწინებაში კი მარიამი მეყოლა.
- პირველი მეუღლე ვინ იყო?
- მზია ბადურაშვილი. ისიც მხატვარი იყო.
- მალევე დაშორდით?
- ერთად დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი ვიყავით. რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. 1970 წელს დაიბადა დავითი. 1971-ში გავშორდი მეუღლეს. 1981 წელს მეორედ ვიქორწინე. მე და იას ფოტო 1981 წელს მოსკოვში გვაქვს გადაღებული.
- თქვენი შვილები ხატავენ?
- მარიამი ხელოვნებათმცოდნეა. 18 მაისს ცისფერ გალერეაში დავით კაკაბაძის გამოფენა მისი ორგანიზებით გაიხსნა. შარშან დავით კაკაბაძის გამოფენა ქუთაისში გავაკეთეთ. ცისფერ გალერეაში გამოფენის გახსნის დღეს ძალიან გვეშინოდა, რადგან ჩვიდმეტ მაისს რუსთაველზე არეულობა მოხდა. გალერეაში კი დავით კაკაბაძის ყველა ნამუშევარი გვქონდა გამოფენილი. გვეშინოდა, ხალხი გალერეაში არ შემოსულიყო და ნახატები არ დაეზიანებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- რამდენი შვილიშვილი გყავთ?
- ორი. ელენე სამი წლისაა და ნატალია - ორის.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















